ადამიანი-ბრენდი

ეკონომიკის ექსპერტებისგან ხშირად მსმენია, რომ ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი თბილისია, რომ რეგიონებში ინვესტიციები იშვიათად იდება და რომ ბიზნესსაქმიანობა თბილისს გარეთ ძალიან მწირია. როცა „შატო მერეზე" ინფორმაციის მოძიება დავიწყე, მივხვდი, რომ ის გამონაკლისია: ცივ-გომბორის სამხრეთ ფერდზე აშენებული შატო თბილისიდან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ის რამდენიმე ბიზნეს ერთეულს აერთიანებს: სასტუმროს, რესტორანს, ღვინის მარანს, საჯინიბოს საუკეთესო არაბული და ინგლისურ-არაბული ცხენებით და ეს ყველაფერი რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის შედეგია.

თუმცა როცა შატოს გზას დავადექი, გადამავიწყდა ეკონომიკაც, ინვესტიციებიც და ყველა სხვა მშრალი რიცხვებიც: უნდა ვაღიარო, რომ ამ გზაზე პირველად ვარ, ჰოდა, პირველი, რაც გავიფიქრე: მარტო იმისთვის ღირს „შატო მერეში" წასვლა, ეს გზა და ბუნება რომ ნახო-მეთქი. ტყეში გაჭრილ, მიხვეულ-მოხვეულ გზას ვერცხლისფერი ფოლკსვაგენი 80 კმ საათში სიჩქარით მიუყვება. ჰო, ბარემ აქვე იყოს ერთი რჩევა ჩემგან მათთვის, ვინც ამ გზას დაადგება: ფანჯრების ჩამოწევა არ დაგავიწყდეთ, ტყის ფოთლების შრიალს ათასი ჯურის ფრინველის ხმა ერევა. მოკლედ, მივიწევ მერესკენ, კიდევ ერთი მოსახვევი, კიდევ ერთი და ჰოპლააა... ეს რა არის? ღრუბლები? არაფერიც, ცხვირწინ კავკასიონის დათოვლილი მთები აისვეტა. აი ზუსტად ისე, რომ გგონია, ახლა ამ მწვანე ტყიდან ხელს გავიწვდენ და თოვლში თითებს მოვიყინავო. უკან მოვიტოვე ახალი და ძველი შუამთის გადასახვევი და გაშლილ ველზე, მარჯვნივ, ოდნავ შემაღლებულზე, „შატო მერეს" ქვის გალავანიც გამოჩნდა. პირველი, რაც ვიფიქრე, იყო, რომ ამის ამშენებელს მოუხერხებია და ეს ნაგებობა ამ ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად უქცევია-მეთქი: გია პირადაშვილის შატო საოცრად ბუნებრივად ერწყმის ირგვლივ გაშლილ ფოთლოვან ტყეს, წინ გაჭიმულ ალაზნის ველსა და კავკასიონის დათოვლილ ქედებს.

ხის მძიმე ჭიშკარში შევდივარ, ზურგს უკან ვიკეტავ კარს და... აქაურობა სადღაც მინახავს. შუა საუკუნეების შესახებ გადაღებულ ფილმებში? თუ ზღაპრების ფერად ილუსტრაციებში? ანუ, იმის თქმა მინდა, რომ შედიხარ ჭიშკარში და კარს უკეტავ რეალურ, ხანდახან მოსაწყენ, მოსაბეზრებელ, რუტინულ ყოფას, ივიწყებ, რა ხდება კარს უკან და აღმოჩნდები სამყაროში, სადაც მოხვედრას იქნებ მთელი ცხოვრებაც ნატრობდი, ოღონდ არ იცოდი, რომ ასეთი სამყარო აქვე, შენ სიახლოვეს, თბილისიდან თითქმის ერთი საათის სავალზე იმყოფებოდა.

უჩვეულოდ მშვიდ განწყობას ეზოს გამწვანებაც უწყობს ხელს: ზეთისხილის პატარა ხე, სამოთხის ვაშლები, ქოთანში ამოზრდილი ლიმონის ხეები, მიწაზე გაფენილი მარწყვი, სხვადასხვა ჯიშის ვარდზე აღარაფერს ვიტყვი. იქვე დარბის კორსიკული ნაგაზი: „როქსი, მოდი, როქსი", - ეზოს სიღრმიდან ხმა ისმის. როგორც ჩანს, როქსის სტუმრები უყვარს, შავად გალაპლაპებული ნაგაზი კუდს აქიცინებს. ანუ შატოს პატრონს სულ ტყუილად გამოუკიდია პატარა დაფა ჭიშკარზე, „ეზოში ავი ძაღლიაო".

განხორციელებული ოცნება შატოზე

ნაირ-ნაირი საქანელები, ფანჩატურები, ღია აუზი - ეზოს კუთხე-კუნჭული ისეა მოწყობილი, ყველა გემოვნების ადამიანს რომ დააკმაყოფილებს. სტუმრებიც ბევრი ჰყოლიათ. როგორც ვატყობ, უმეტესობა უცხოელია. საიდანღაც ზანზალაკების ხმა მოდის. იქით ვიყურები, საიდანაც ზანზალაკების წკარუნი ისმის. ზანზალაკები რძისფერ გაშლილ ქოლგებს ჰკიდია. ნიავის წამობერვაზე წკარუნს იწყებენ. ქოლგების ქვეშ მაგიდებია გაშლილი. თითქმის ყველა მაგიდა დაკავებულია. ერთ-ერთ მაგიდასთან სტუმრებს ხაკისფერ „ბრიჯებსა" და სელის პერანგში ჩაცმული კაცი ემსახურება. ყელზე წითელი შარფი და სათვალე ჰკიდია. ხელში ლურჯი დეკანტერი უჭირავს და, მოდი, ასე ვთქვათ, ღვინოს ურევს. ეს გია პირადაშვილია. შატოს პატრონი. ის დგას მაგიდასთან და როგორც რიგითი მიმტანი, ისე ემსახურება სტუმრებს. უნდა ვაღიარო, მსგავსი რამ არ მინახავს. უცხოელი სტუმრების ფუჟერებს თეთრი ღვინით ავსებს და თან უხსნის: „ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს ჟანგბადი სჭირდება, აი ახლა მე ღვინოს კარგად შევანჯღრევ, ის ამოისუნთქებს, გაიხსნება და უკეთ შეიგრძნობთ არომატებს, სუნს, გემოს"...

მოკლედ, მივხვდი, რომ გია პირადაშვილს ჩემთან ჩამოსაჯდომად და მშვიდად სასაუბროდ არ სცალია. გარშემო უამრავი სტუმარია, ის კი, როგორც აღმოჩნდა, არა უბრალოდ შატოს პატრონი, არამედ ნაღდი მასპინძელია - მიღება-გაცილებით დაწყებული, მაგიდასთან მომსახურებით დასრულებული. არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შატოში მიმტანები ან მზარეულები არ მუშაობენ, მუშაობენ, როგორ არა, მაგრამ, როგორც გია მეუბნება, შატო მერეში იმიტომ მოდიან სტუმრები, რომ აქ ნამდვილ სტუმარმასპინძლობას ხედავენ: „აბა გაიხედ-გამოიხედე, ეს ადამიანები როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობენ თავს. ჩვენ ისე ვეპყრობით სტუმარს, როგორც გვინდა, რომ ჩვენ მოგვეპყრან. ეს ძალიან მარტივი ფილოსოფია, მაგრამ ამავე დროს რთულად განსახორციელებელია. იცი რა, მე მსიამოვნებს, როცა ჩემს სტუმარს ვემსახურები, თეფშის გამოცვლით დაწყებული, კერძის მირთმევით დასრულებული. დარწმუნებული იყავი, მათ ასეთი მომსახურება ძალიან სიამოვნებთ და თუკი შენ ნაღდი მასპინძელი ხარ, არც არაფერი უნდა ითაკილო", - მეუბნება გია პირადაშვილი, რომელმაც „შატო მერე" სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ გახსნა.

შატოს ამუშავებამდე კი მოასწრო და საქართველოში არაერთი ცნობილი ღვინის ბრენდი შექმნა. მათ შორის პირველი „თელიანი ველი" იყო. ის ახლა 45 წლის არის. 90-იან წლებში კი სრულიად ახალგაზრდამ, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ქართული ტრადიციული ღვინისთვის ახლებური ფორმა მიეცა. ეს ფორმა კი ღვინის ხარისხთან ერთად ღვინის ბოთლსაც მოიცავდა: „თელიან ველამდე" ღვინის ბოთლი საბჭოთა წყობილების გადმონაშთს ჰგავდა - ტრაფარეტული და უღიმღამო. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც გავრისკეთ და შევცვალეთ ღვინის ბოთლის დიზაინი. ჩამოვიტანეთ ყველაზე ძვირფასი იტალიური ბოთლი, განსხვავებული, არასაბჭოური ტრადიციებიდან წამოსული. საცობები პორტუგალიაში ვიყიდეთ, შევქმენით ორიგინალური ეტიკეტი და ახლად შექმნილი პროდუქტი ევროპულ სტანდარტებზე გავთვალეთ", - მიყვება გია პირადაშვილი და თან თვალს არ აცილებს სტუმრებს, იქნებ ვინმეს ჩემი დახმარება სჭირდებაო.

შატოს გაკეთების იდეაც იმ წლებში გაჩნდა. თუმცა გიამ კარგად იცოდა, რომ ამ იდეის განხორციელება, პირველ რიგში, საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ, რაკიღა იყო იდეა და მიზანი, მისი განხორციელება გიასთვის განსაკუთრებულად რთული არ აღმოჩნდა.

„თელიანი ველის" შემდეგ შეიქმნა კომპანია „ვაინმენი". ამ წლების განმავლობაში პროფესიით მარკეტოლოგმა გია პირადაშვილმა არაერთი ბრენდი შექმნა. ბრენდინგი ჩემი საქმეაო, მეუბნება ის: „ჯერ ვქმნი ბრენდს, მერე ვაპიარებ და მერე ვყიდი. ეს არის ბიზნესი. ასე შევქმენი „თელიანი ველი", „ვაინმენი", „ვინოტერა", „ვინივერია", „ჯანიანი"...

არაერთი გაყიდული ბრენდის შემდეგ მას და მის მეგობრებს დაუგროვდათ იმ თანხის ნაწილი, რითაც შატოს აშენებას შეძლებდნენ. თუმცა ბანკიდან 2 მილიონ დოლარამდე სესხის აღება მაინც მოუწიათ. ახლა ჯერი ადგილის შერჩევასა და მიწის ყიდვაზე მიდგა. ეს ადგილი რატომ შეარჩიე? ვეკითხები გიას, ის კი დაუფიქრებლად მპასუხობს: „ხომ მოგწონს აქაურობა? მეც ძალიან მომწონს. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მე ისიც გავთვალე, რომ როცა აქაურობის გაყიდვა მომინდება, ის აუცილებლად ადვილად უნდა გაიყიდოს. ვინ იტყვის აქაურობაზე უარს?", - მართალია, ვერ შეეკამათები.

„შატო მერეს" მშენებლობა გიამ წელიწადსა და ოთხ თვეში, 2011 წელს დაასრულა. 2 ჰექტარზე გადაშლილი შატოსა და 1586 კვადრატული მეტრის ფართობის შენობის აგებას 2 მილიონ დოლარზე მეტი დასჭირდა. ქვისგან ნაგებ სამსართულიან სასახლეს, ხის აივნებითა და ოთხი კოშკით, სადაც 15 ორადგილიანი ნომერი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია, ერთი საიდუმლო აქვს. აბა, სასახლე საიდუმლოს გარეშე როგორ იქნება? გიამ საქართველოს რვა კუთხიდან თითო ქვა ჩამოატანინა და მშენებლობისას კედლებში ჩაატანა. სასახლე კი ძველისძველი აგურისგან არის ნაშენები: „კახეთში რამდენიმე სახლი ვიყიდეთ და დავშალეთ. სწორედ იმ დაშლილი აგურებისგან ავაშენეთ აქაურობა. აგურის ხარისხი არაჩვეულებრივი იყო, თან არც დაძველების ეფექტის გამოყენება დაგვჭირდა. აქ ჩამოსული სტუმრები მეკითხებიან ხოლმე, რომელი საუკუნის შენობააო, მე კი ვპასუხობ, რომ სულ რაღაც ორი წლის არის"... ჰო, უნდა ითქვას, რომ „შატო მერეს" ექსტერიერიცა და ინტერიერიც გიას დიზაინით არის აშენებული.

ადგილი, რომელიც სახლს ჰგავს

სიძველე კი მართლა ეტყობა შატოს ინტერიერს: კომოდები, სავარძლები, სკამები, მრგვალი, ოვალური თუ ოთხკუთხედი მაგიდები, ზედ გადაფარებული მაქმანებიანი სუფრები, ძველი როიალი და კიდევ უფრო ძველი შავი პიანინო, პატეფონი, სამოვარი, ქვის ბუხარი, ძველი სახლების დაშლისას აღმოჩენილი გაცრეცილი და ჩარჩოში ჩასმული თამასუქები, ბროლის ჭაღები თუ უბრალო ნათურები, ქვის ბუხარი, აღმოსავლური ბალიშები, წიგნები და კედლებზე ბევრზე ბევრი ფოტო. ფოტოებზე ბევრ ნაცნობ სახეს ვპოულობ, ბევრიც უცნობია. ამდენი ფოტო რატომ არის აქ? - ვეკითხები გიას. იმიტომ, რომ ფოტოების გადაღება ჩემი ჰობია. ამ ფოტოების დიდი ნაწილი ჩემი გადაღებულია. წამს ვაჩერებ და ჩემთან ვიტოვებ, თან აქაურობას უხდება", - მპასუხობს გია და აგრძელებს: „აი ამ დარბაზში რასაც ხედავთ, ყველაფერს ვიყენებთ. ბავშობიდან არ მიყვარდა საოცარ ჭურჭელს რომ გამოდგამდნენ ვიტრინებში და მტვერი ედებოდა"...

რესტორნის ცენტრში ამჟამად ჩუმად მდგარ როიალს შაბათ-კვირას თელაველი სანდომიანი მუსიკოსი ახმიანებს. მეორე ხმას კი მისი მეგობარი ხან გარმონით, ხან კი ჩასაბერი ინსტრუმენტით აძლევს. აქ შაბათ-კვირას სხვადასხვა ჯაზბენდებიც ჩამოდიან და სტუმრებისთვის და მასპინძლებისთვის უკრავენ.

„რესტორანი, სადაც მენიუს არ ითხოვენ"

საათზე მეტია, სასახლის ინტერიერს ვათვალიერებ. ერთ-ერთ მაგიდაზე მენიუს ვპოულობ: კალმახი გამომცხვარი ხიზილალის სოუსით ან ბოსტნეულის რაგუთი, ხბოს ბარკალი გამომცხვარი ეგზოტიკური ხილით, შინაური დედალი ცივად, გოგრის შეჭამადი, მომწიფებული ყველი ნიგვზით და თაფლით, - ეს, რა თქმა უნდა, მენიუს არასრული ჩამონათვალია. „სულ ტყუილად იყურები მაგ მენიუში", - მეუბნება გია. რატომ? - ვეკითხები. „იმიტომ, რომ ეგ მენიუ მხოლოდ და მხოლოდ ჭირვეული სტუმრებისთვისაა. ჩვენ კი სტუმრებს მენიუს არასდროს ვთავაზობთ. შენ რომ სტუმრად მიდიხარ, მასპინძელს შენთვის მენიუ მოაქვს? ასეა ჩვენთანაც. ჩვენ აქ უკვე აღარ გვთხოვენ მენიუს. სტუმარს პირადად ვესაუბრები, ვცდილობ გავიგო, როგორ ხასიათზეა, სიმღერის ხასიათზეა თუ წამოწოლის. ყველაფერი ხომ ურთიერთობაზეა დამოკიდებული, ჩემი მეუღლე ნინო იქნება თუ ჩემი შვილი მარიამი, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მასპინძლები ჩვენ ვართ და ჩვენს სტუმრებსაც ნაღდი მასპინძლობა უნდა გავუწიოთ. ყველანაირი კერძი შეიძლება მოაწონო ადამიანს, თუნდაც ისეთი, რომელიც მის გემოვნებაში არ ჯდება - გააჩნია, როგორ მიუდგები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს კერძი გემრიელი უნდა იყოს", - მიხსნის გია და არც იმ პროდუქტებზე საუბარს ივიწყებს, რა პროდუქტითაც „შატო მერეს" კერძები მზადდება.

„შატო მერეში" ხორცით დაწყებული, მწვანილით დამთავრებული, ყველაფერი ადგილობრივი და ნატურალურია. „აი მაგალითად, ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ ქათმის ფერმასთან, სადაც ფრინველს ნატურალური საკვებით კვებავენ. 28 ოჯახია ჩაბმული იმ ამხანაგობაში, საიდანაც ქათამს ვყიდულობთ. რძეს ვიღებთ სულ ორი ოჯახისგან. რძის თემა კიდევ უფრო რთულია, რადგან დარწმუნებული უნდა იყო რძის სისუფთავეში. იმ ძროხის სახელიც კი ვიცი, რომლისგანაც რძე მოგვაქვს, მას მარლეტა ჰქვია. მარლეტას პატრონი ჩვენი მეგობრის ოჯახი მალე თხების ჩამოყვანას გეგმავს და ცოტა ხანში თხის რძეც გვექნება. თევზსაც აქაური ბიჭისგან ვყიდულობთ. მას პატარა აუზი აქვს და კალმახს აშენებს, ვიცით, რომ ის კალმახი სუფთა, გამდინარე წყალშია გაზრდილი და არის ორგანულ კვებაზე", - მეუბნება გია და თან წინსაფარს ირგებს.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გია სამზარეულოში შედის. გადაწყვიტა, საკუთარი ნახელავით გაგვიმასპინძლდეს: „ზოგადად კაცებს უყვართ სამზარეულოში ტრიალი, უბრალოდ არ უყვართ, როცა უყურებენო", - მეუბნება ის და ხელში მწვანილის საჭრელ დაფას იმარჯვებს: „მე ყოველდღიურად ვტრიალებ ჩვენს სამზარეულოში; უამრავ კულინარიულ წიგნს ვკითხულობ, ვცდილობ გავარკვიო, ქართულ კერძებს რა მოუხდება, ეს ჩვეულებრივი შემოქმედებითი პროცესია. მე ახალს არაფერს ვიგონებ. ეს ყველაფერი არსებობდა. მაქვს ძველი კულინარიული წიგნები, სადაც ისეთი კერძების რეცეპტები წერია, რომლებსაც ახლა ნაკლებად ამზადებენ. მაქვს ხელით გაკეთებული ჩანაწერები, ზოგი შემთხვევით ჩავარდა ჩვენს ხელში, ზოგი ვიყიდეთ. ბევრს ვმოგზაურობ. მთავარია ახალი და ახალი შესთავაზო სტუმარს და არ ჩათვალო, რომ რაკი რამდენიმე განსაკუთრებული კერძი გაქვს, ამით ყველაფერი დამთავრებულია. ამას ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. ხან გამომდის, ხან არა, მაგრამ მთავარია, რომ ვაკეთებ", - მეუბნება გია და თან პომიდორს ჭრის.

„შატო მერეს" ღვინო

სადილი ვერ ჩაივლის ღვინის გარეშე. „შატო მერეში" კი ყოველ წელიწადს 120 000 ბოთლი ღვინო ისხმება. ღვინო 40-45 წლის ვენახებში დაკრეფილი ყურძნისგან იწურება. შატოში ღვინოს აწარმოებენ როგორც ქვევრებში, ტრადიციული ტექნოლოგიით, ისე ევროპული წესით, უახლესი, თანამედროვე დანადგარებით. აქ ისხმება საფერავი, ქისი, ხიხვი, რქაწითელი და მწვანე. ღვინის წარმოებაში კარგად განათლებული დილეტანტი ვარო, მეუბნება გია, თუმცა მას პროფესიონალი მეღვინე, მისი პარტნიორი გიორგი სოლომნიშვილი ღვინის წარმოებაში ეხმარება. „შატო მერეში" ჩამოსხმული ღვინო რვა ქვეყანაში იყიდება: „ვყიდით იაპონიაში, იტალიაში, ინგლისში, ლატვიაში, ამერიკაში, რუსეთშიც კი. განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით ქვევრის ღვინის წარმოებას, რადგან ეს მართლაც არ არის ადვილი, მაგრამ გვინდოდა ნამდვილი ქართული ტრადიცია არ დაგვეკარგა. მსოფლიო სავსეა ღვინით, ძალიან კონკურენტული გარემოა, რთულია იქ ცხვირის ჩაყოფა და ეს რომ შეძლო, რაღაცით გამორჩეული უნდა იყო. რა თქმა უნდა, ქვევრის ღვინით საქართველო ვერ გახდება ღვინის ყველაზე მაგარი მწარმოებელი, მაგრამ ის შეიძლება იქცეს ჩვენს ერთ-ერთ გამწევ ძალად", - მეუბნება გია და ქვევრების მარანს მათვალიერებინებს: „ამ ქვევრებში 55 ტონა ღვინო მზადდება. ქვევრში ღვინოს 6-7 თვეს ვაჩერებთ, ახლა ქვევრები ცარიელია. გვერდებზე კი დამწვარი წალამის ნაცარი აქვთ მიყრილი. ეს კარგი ანტისეპტიკია. ქვევრები მთლიანად გაჟღენთილია თაფლის სანთლით, რომელიც საუკეთესო ორგანული საშუალებაა ჰიგიენის დასაცავად", - მიხსნის გია. წელს „შატო მერემ" ცქრიალა ღვინის ფრანგული ბოთლური მეთოდით წარმოება დაიწყო. ახალი ბრენდი „ნინო გაგუა" გიამ მის მეუღლეს ნინოს მიუძღვნა. ღვინო ძალიან მცირე ტირაჟით და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ღვინის სარდაფთან ძველი საწნახელი დგას. ეს საწნახელი გიას ყვარელში უყიდია. 300 წლის არისო, მეუბნება ის, რომელსაც დღესდღეობით ტურისტებისთვის ამუშავებს.

პარტნიორები

„ვიცი, რომ სტატია ჩემზეა, მაგრამ ჩემი პარტნიორების, ჩემი მეუღლისა და ოჯახის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი", - ამბობს გია. დაწვრილებით მიხსნის, რომ მის პარტნიორებს თანაბარი წვლილი მიუძღვით პროექტის წარმატებაში. მომწონს მისი თავმდაბლობა. „რომ არა გოგა და ზვიადი (გოგა ესიტაშვილი, ზვიად გურაშვილი) აქ შეიძლება არც არაფერი ყოფილიყო". და იცით, რა არის მთავარი? ნდობა! ჩვენი ერთმანეთის აბსოლუტური, 100%-ანი ნდობა გვაქვს". - სიამაყე დავინახე ამ სიტყვებში.

სამი აბზაცი „შატო მერეს" ამბავის დასასრულებლად

ნამდვილი სასახლე თავლის გარეშე ვის გაუგია? „შატო მერე" არც ამით არის გამონაკლისი: ორიონი, პაკო, ალი, ფუფალა და კვიცი პელე - ეს გიას ცხენების სახელებია. პელე ფუფალასა და პაკოს შვილია. გიამ, როგორც ჩანს, კარგად იცის თითოეულის ხასიათი და მეუბნება: „პაკოსთან ახლოს ნუ დადგები, შეიძლება ისე ამოგაცალოს ჯიბიდან რამე, ვერც კი გაიგო, მაგარი ყაჩაღიაო, - გიას მიერ მირთმეულ სტაფილოს ცხენები გემრიელად ახრამუნებენ. - შატოში საჯინიბო და საცხენოსნო სკოლა გვაქვს. ცხენი „ვინივერიის" ღვინოების ლოგოზეცაა გამოხატული. ის ჩვენთვის თავისუფლების, გამარჯვების, წარმატების სიმბოლოა".

კიდევ ერთ შატოს გია ყვარელში სულ მალე გახსნის. იქაურობა თითქმის დამთავრებულიაო, მეუბნება ის. გია იმასაც მეუბნება, რომ „როცა მყიდველი მოდის, ვცდილობ გონივრული მოლაპარაკების შედეგად გარიგება შედგეს, ეს არის ჩვენი ბიზნესი. დარწმუნებული ვარ ხვალ, ზეგ, კიდევ უკეთეს საქმეს შევეჭიდებით და აუცილებლად გავუმკლავდებით"...

შატოს ჭიშკარი უკან მოვიტოვე. უკან მოვიტოვე გომბორის მიხვეულ-მოხვეული გზაც. მაგრამ წამოვიღე ერთი აკვიატებული აზრი: შაბათ-კვირას შატოში მეგობრებთან ერთად დავბრუნდები.
და კიდევ რაღაც შეგრძნება მომყვებოდა უკან მთელი გზა. თბილისის შემოსასვლელში გავაცნობიერე: გია პირადაშვილთან ურთიერთობის შემდეგ გიჩნდება შეგრძნება, რომ ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია.

 

 

 

 

წინა სტატია

ჭიათურის მანგანუმი - ქართული „შავი ოქროს“ ისტორია
10 ივლისი, 2013

შემდეგი სტატია

საფეხბურთო კლუბების ყველაზე მდიდარი მფლობელები
11 ივლისი, 2013
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა