ლიდერის პოზიციით პრემიუმსეგმენტში

ლიდერის პოზიციით პრემიუმსეგმენტში

“ბანკ რესპუბლიკის” შეძენის შემდეგ, თიბისი ბანკი სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით საქართველოში #1 ბანკია. “სოსიეტე ჟენერალთან” მიღწეული გარიგების შედეგად, მისი აქტივები 8 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო კლიენტების რაოდენობა 2 მილიონს მიაღწევს. ეს ჯერ კიდევ არ არის მაქსიმუმი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებიდან ორი წლის შემდეგ, 23 სექტემბერს, თიბისი ბანკმა ამავე ბირჟის პრემიუმსეგმენტში გადაინაცვლა. შემდეგი სამიზნე FTSE-250-ია – პრემიუმსეგმენტის უმაღლესი საფეხური.

“ბანკრესპუბლიკის”აქციების 93.7 %-იან საკონტროლო პაკეტში, რომელიც “სოსიეტე ჟენერალის” 100 %-იან წილს წარმოადგენს, თიბისი ბანკმა 315 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს. აქედან 70% – ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 30% – ახლად გამოშვებული აქციებით. ტრანზაქცია “სოსიეტე ჟენერალთან” მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი” თიბისი ბანკის აქციების 5.4%-ის მფლობელი გახდება.

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ “სოსიეტე ჟენერალთან” სამომავლო თანამშრომლობის შეთანხმებაც მიღწეულია. ამ შეთანხმების მიხედვით, “სოსიეტე ჟენერალის” მთავარი პარტნიორი საქართველოში თიბისი ბანკი იქნება.

რაც შეეხება “ბანკ რესპუბლიკის” დარჩენილ წილს, 6,36%-ს, რომელიც ჯერჯერობით “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” საკუთრებაა, თიბისი ბანკი მას უახლოეს მომავალში გამოისყიდის. როგორც ბანკში აცხადებენ, ამაზე მოლაპარაკებები EBRD-თან უკვე დაწყებულია.

“სოსიეტე ჟენერალთან” მოლაპარაკებებს 2015 წლის სექტემბრიდან ვაწარმოებდით და შედეგად მივაღწიეთ ორი საკმაოდ სერიოზული ბანკის კონსოლიდაციას”, – განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე, სადაც “ბანკ რესპუბლიკის” შეძენის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

თიბისი ბანკის დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბანკის სამომავლო მიზნების შესასრულებლად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

“ბანკ რესპუბლიკის” შემოერთება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია თიბისი ბანკის სტრატეგიული განვითარების კუთხით. ეს გარიგება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი იმისათვის, რომ თიბისი ბანკი ლიდერად ჩამოყალიბდეს როგორც საქართველოში, ისე კავკასიის რეგიონში. “ბანკი რესპუბლიკა” ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტების სეგმენტში ოპერირებს, რასაც ასევე ემატება ბანკის დიდი გამოცდილება საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მომსახურების მიმართულებით. “ბანკი რესპუბლიკა” ბოლო წლების განმავლობაში მაღალი მოგებიანობითა და ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩეოდა. მისი შემოერთების შედეგად, თიბისი ბანკის ბაზრის წილი სესხებში 7.3%-ით იზრდება და გახდება 35.7%, ხოლო დეპოზიტებში 5.3%-ით და გახდება 34.5%”, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

გამსხვილების შედეგად, თიბისი ბანკი საქართველოს ბაზარზე #1 ბანკი ხდება სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით.

“ბანკ რესპუბლიკის” თიბისისთან შერწყმის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა

ეჭვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ბაზარი ნაკლებკონკურენტული გახდეს, თუმცა, როგორც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, ბანკების კონსოლიდაციით კონკურენტული გარემო არ იზღუდება.

“პირიქით, თიბისი ბანკს უჩნდება მეტი რესურსი და ეს მხოლოდ პოზიტიურ შედეგს მოიტანს საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით. საბანკო ბაზარზე კონსოლიდაციის პროცესი უზრუნველყოფს ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის დონის ამაღლებას. შერწყმის შედეგად, ტექნოლოგიური რესურსების გაერთიანება განაპირობებს კლიენტებისთვის უფრო მრავალფეროვანი და მათზე მორგებული მომსახურებების შეთავაზებასაც. თიბისი ბანკს იმედი აქვს, რომ გაერთიანების შედეგად გაძლიერებული გუნდი კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებელს და უზრუნველყოფს პირობების გაუმჯობესებას”, – განმარტავს ბადრი ჯაფარიძე და ამატებს: “თუ არ გაქვს მასშტაბი, არასდროს არ ხარ საინტერესო ინვესტორისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება გამსხვილების შესახებ სწორედ განვითარების სტრატეგიის ნაწილია”.

თიბისი ბანკის მიერ შეძენილ მასშტაბებს, სავარაუდოდ, სათანადოდ შეაფასებენ ინვესტორები, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმსეგმენტში განთავსებული თიბისი ბანკის აქციებით დაინტერესდებიან. ამ დაინტერესების გაზრდას ელოდებიან ინვესტორების მხრიდან თიბისი ბანკში. მით უმეტეს, რომ ბანკის აქციებზე ახლა უკვე ხელი მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და გავლენიან ინვესტორებს მიუწვდებათ.

“თუ აქამდე ჩვენი ძირითადი ინვესტორები განვითარებადი ბაზრებით დაინტერესებული პირები იყვნენ, პრემიუმსეგმენტში გადასვლა გვაძლევს საშუალებას, ბრიტანულმა ფონდებმაც დაიწყონ ინვესტიციების განხორციელება ჩვენს ბანკში, რაც ხელს უწყობს ჩვენი აქციების ლიკვიდურობის ზრდას. “ბანკ რესპუბლიკის” შეძენის შედეგად ბაზრის უფრო დიდი მოთამაშე ვხდებით. შესაბამისად, უფრო მეტი ეფექტიანობის მიღწევა შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ინვესტორების ინტერესიც გაიზრდება”, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

თიბისი ბანკი დაინტერესებული ინვესტორების ნაკლებობას არც პრემიუმსეგმენტში გადასვლამდე განიცდიდა. მიუხედავად ამისა, ბანკში მიაჩნიათ, რომ ეს ლონდონის საფონდო ბირჟასთან ურთიერთობის ახალი ეტაპია.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე “ახალ ეტაპში” ინვესტორთა ბაზის გაფართოებას, აქციების ლიკვიდურობის ზრდის პერსპექტივას და ზოგადად განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობას გულისხმობს. ყოველივე ეს საქართველოსთვის ავტომატურად ნიშნავს კაპიტალის გაიაფებას, ცნობადობის ზრდას და ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმსეგმენტში კიდევ ერთ ქართულ ბანკს, რომელიც უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ოპერირებს, ანუ კიდევ უფრო სტაბილური და გამჭვირვალეა.

პრემიუმსეგმენტში გადასვლამდე თიბისი ბანკის მენეჯმენტი კვარტალში 50-მდე შეხვედრას მართავდა პოტენციურ ინვესტორებთან და მათ დასარწმუნებლად ყოველ ჯერზე სულ რაღაც ერთი საათი ჰქონდა. ვახტანგ ბუცხრიკიძე გვიყვება, რომ ინვესტორებს ქვეყანასა და რეგიონში შექმნილი სიტუაცია ყველაზე მეტად აინტერესებთ. “ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ ინვესტორები, რომ საქართველოს საბანკო სექტორს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, მაშინ როცა ევროპაში წლიურად 15-20%-იანი ზრდა ამ სექტორში თითქმის შეუძლებელია”.

ბუცხრიკიძე იხსენებს, რომ შარშან, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ლონდონში აქციების ფასი თითქმის განახევრდა, რადგან ინვესტორებმა სასესხო პორტფელების ხარისხის გაუარესების რისკი დაინახეს, თუმცა “ბანკმა შეძლო ძალიან რთული 2015 წელი მოკლევადიანი, სწორი გადაწყვეტილებებით ისე დაეტვირთა, რომ მიმდინარე წელს კვლავ ხელი შეეწყო ეკონომიკური ზრდისთვის”.

ვინაიდან ინვესტორები ყველაზე მეტად მაინც იმას აკვირდებიან, თუ რამდენად შეუძლია ბირჟაზე განთავსებულ ბანკს ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება, ლოგიკურია, რომ თიბისი ბანკის პრემიუმსეგმენტში გასვლის გეგმები არ შეცვლილა და ქართულმა ბანკმა ისეთი უმსხვილესი ბანკების გვერდით დაიკავა საპატიო ადგილი, როგორიცაა Barclays-ი, Lloyds-ი და HSBC-ი.

თიბისი ბანკის 50 მილიონამდე აქციის პრემიუმსეგმენტში განთავსება ბრიტანულმა Barclays-მა უზრუნველყო.

სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით ქვეყნის #1 ბანკი მიღწეულით არ კმაყოფილდება და უახლოეს მომავალში FTSE-250-ის ინდექსშიც სურს დაიკავოს საკუთარი ადგილი, რაც საშუალებას მისცემს, მეტი პრემიუმსეგმენტის ინვესტორი დააინტერესოს და, შესაბამისად, კიდევ

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *