მომავლის ფინანსები

ფორმულა მარტივია, კონკრეტული ფასით. 4finance-მა საქართველოში ფეხი ამ იდეით 2013-ში შემოდგა. ერთ-რთ უმსხვილეს სამომხმარებლო ონლაინდაკრედიტების ჯგუფის რუკაზე საქართველო Vivus.ge-ის პროდუქტით მეთხუთმეტე იყო. სანდოობის, სისწრაფის, სიზუსტისა და კომფორტის უზრუნველყოფით კომპანია ქვეყანაში ლიდერის პოზიციას კონკურენციის პირობებშიც არ თმობს. Forbes Georgia კომპანიის გენერალურ დირექტორს, ლაშა ბზარაშვილს, ესაუბრა.

თავიდან დავიწყოთრა არის Vivus-ი მომხმარებლისთვის?

მომხმარებლისთვის Vivus-ი არის თანამედროვე კომპანია, რომელიც მას საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, მარტივად, იოლად და მისთვის კომფორტულ გარემოში მიიღოს საჭირო თანხა. სხვა ფინანსური ინსტიტუტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ამ სფეროში მეტად კონსერვატიული მიდგომით გამოირჩევიან,

Vivus.ge-ის დახმარებით სესხის მიღება 10 წუთშია შესაძლებელი. არაა საჭირო ფილიალში მისვლა, უამრავი დოკუმენტის მოგროვება და ხელმოწერა. საჭიროა მომხმარებელს ხელი კომპიუტერზე ან სმარტფონზე მიუწვდებოდეს და ონლაინრეგისტრაცია გაიაროს. Vivus.ge მაქსიმალურად იხარჯება იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის, ინოვაციასა და გამჭვირვალობასთან ერთად, სესხის აღების ისეთ ალტერნატიულ პლატფორმასთან ასოცირდებოდეს, რომელიც სისწრაფითა და სიმარტივით გამოირჩევა. გარდა ამისა, ჩვენს კომპანიას ახასიათებს გულწრფელობა და ვცდილობთ, ეს მიდგომა ჩვენს მომხმარებლებამდე მივიტანოთ. განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით მარკეტინგულ მესიჯებს, ვამბობთ მხოლოდ იმას, რაც სიმართლეა. ყველა სიახლის განხილვისას ჩვენი გუნდისთვის ამოსავალი წერტილი მომხმარებლები და მათი ინტერესებია. ჩვენი პროდუქტი მორგებულია მათ მოთხოვნებს. ამ ყველაფრის უკან კი ჩვენი გუნდის მონდომება და პროფესიონალიზმი დგას, რაც, შესაძლოა, გარედან ასე ნათლად არ ჩანდეს.

ეს პლუსია თუ მინუსი?

რა თქმა უნდა, პლუსია, ეს დადებითი მხარეა. შესაძლოა, პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ჯამში კომპანიაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება. მეოთხე წელია, ბაზრის უდავო ლიდერები ვართ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჩვენი სერვისით მომხმარებელთა 95% კმაყოფილია. ჩვენი კლიენტების ერთგულების ხარისხი კი საკმაოდ მაღალია. მომსახურებისას, ყველა ეტაპზე, საიტზე შემოსვლით დაწყებული და სესხის აღებით დამთავრებული, ამ პროცედურებისას იგრძნობა, თუ როგორ იმართება კომპანია. ჩვენ გვინდა, რომ Vivus.ge ცხოვრების პოზიტიური სტილი იყოს. გვსურს, რომ ინოვაციური მიდგომებით და საუკეთესო კლიენტთა სერვისით მომხმარებლისთვის სასიამოვნო გავხადოთ ჩვენთან ურთიერთობა. ზოგადად სერვისის დონე პრობლემაა საქართველოში და ვამაყობთ იმით, რასაც ამ ნაწილში მივაღწიეთ.

ვისთვის არის განკუთვნილი ან გათვლილი სწრაფი კრედიტი? მხოლოდ დაბალშემოსავლიანი მომხმარებლისთვის?

სწრაფი კრედიტი არის ყველასთვის, ვისაც მცირე თანხა დააკლდა კონკრეტული საჭიროებისთვის. ბუნებრივია, ჩვენი სესხით არ არიან დაინტერესებულნი მაღალშემოსავლიანი ადამიანები. ონლაინსესხი პირველ რიგში გათვლილია საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლებზე – მათზე, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს. ძირითადად ეს ეხება კატეგორიას, რომელსაც ხელფასიდან ხელფასამდე ფინანსური გათვლების გაკეთება უწევს და შეიძლება გარკვეული მოულოდნელი, დაუგეგმავი ხარჯი ჰქონდეს. მაგალითად, ავტომობილის შეკეთება, წვეულება ან დღესასწაული. თავის მხრივ, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სესხის მოცულობები ინდივიდუალურ მომხმარებლებს თანდათან გავუზარდოთ. მათი გადახდისუნარიანობა რომ შემოწმდეს, ვიწყებთ ძალიან დაბალი ლიმიტებით. ვებგვერდზეც გვაქვს რეკომენდაციები, რა დროს უნდა აიღოს მომხმარებელმა სესხი და რა დროს – არა. სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ორ მიმდინარე სესხს არ ვამტკიცებთ.

Vivus.ge ქართულ ბაზარზე ჯერ მხოლოდ სამ წელს ითვლის. 2013 წელს, მაშინ როცა ოპერირება დაიწყეთ, ბაზრისთვის ონლაინსესხით მომსახურება უცხო იყო. როგორია ქართველი მომხმარებელი და რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში?

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი სიახლეს დადებითად შეხვდა, პირველი თვეები მოვანდომეთ ახსნას, თუ რა არის ჩვენი პროდუქტი და როგორ უნდა გამოიყენონ ის. რეკლამების ნაწილი ეთმობოდა პროდუქტის არსის ახსნას. დღეს ეს კატეგორია საკმაოდ განვითარებულია. მობილური აპლიკაციითაც ბევრი სარგებლობს. ჩვენს კომპანიას დიდი წვლილი მიუძღვის ამ ბიზნესის განვითარებაში – ის, რომ ხალხი ენდობა ამ პროდუქტს, Vivus.ge-ს წარმატებული და გამჭვირვალე საქმიანობის შედეგიცაა.

რა ეტაპები გაიარა კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე?

დრო არც ისე დიდია, თუმცა Vivus-ის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებისას განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ. იყო დრო, კომპანიაში მხოლოდ მე ვიყავი თანამშრომელი.  კომპანიის დასარეგისტრირებლად იუსტიციის სახლის რიგშიც მარტო ვიდექი და პარალელურად ოფისის მოსაწყობად მუშებს ვადექი თავზე. შემდეგ იყო ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობა, თანამშრომლების აყვანა, განვითარება, პროცესების დახვეწა და ა.შ. კომპანიის განვითარება მუდმივი პროცესია, ის არასდროს სრულდება. არსებობს მხოლოდ ეტაპები, მაგრამ არ არსებობს განვითარების საბოლოო წერტილი. ჩვენც დღემდე წინ მივდივართ. ამჟამად 4finance-ის საქართველოს ოფისში უკვე ორასამდე თანამშრომელი მუშაობს.

ოპერირება საერთაშორისო ჯგუფის ბრენდით დაიწყეთ. დამოუკიდებლად ანალოგის გაკეთება რატომ არ სცადეთ? ფინანსები იყო გადამწყვეტი?

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შექმნისას არც კაპიტალის პრობლემა მდგარა და არც საქართველოს კანონმდებლობა ყოფილა შემაფერხებელი, პრივილეგიაა, როდესაც საერთაშორისო ჯგუფის ნაწილი ხარ. ჩვენი უცხოელი კოლეგების გარეშე Vivus.ge არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ის დღეს არის. ბაზრის ლიდერობა დამოუკიდებლად გაგვიჭირდებოდა. საერთაშორისო გამოცდილება არის ინტელექტის დიდი წყარო. ჩვენ მუდმივად ვიზიარებთ მათ საუკეთესო პრაქტიკას. ვფიქრობ, რომ ჩვენი გლობალური გამოცდილება თავის როლს თამაშობს იმაში, რომ ჩვენი კომპანია უპირობო ლიდერია ქართულ ბაზარზე.

მსოფლიოში 4finance-ის ქოლგის ქვეშ რამდენიმე სწრაფი კრედიტის ბრენდი ოპერირებს და როგორც მის ვებგვერდზე ჩანს, Vivus-ი მათ შორისაა. საქართველოსთვის რა კრიტერიუმებით შეირჩა სერვისი?

თითქმის ყველა ახალ ბაზარზე პირველ რიგში შევდივართ მოკლევადიანი სესხის პროდუქტით. პროდუქტის ვადიდან გამომდინარე, საშუალება გვეძლევა, მოკლე ხანში შევისწავლოთ მომხმარებლის ქცევა და გადახდისუნარიანობა. დაგროვილი ინტელექტისა და გამოცდილების საფუძველზე კი შესაძლებელია სხვა პროდუქტის დაწყება შედარებით ნაკლები რისკით. ჩვენს სესხს არ სჭირდება გირაო ან თავდებობა. მაშასადამე, საკრედიტო რისკებს უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ. ამ შემთხვევაში მომხმარებლის, მისი საკრედიტო ჩვევებისა და გადახდისუნარიანობის შესწავლა უმთავრესი ფაქტორია. ამ მონაცემების შესწავლის შემდეგ, როცა რისკი მცირდება, ახალი პროდუქტების შემოტანაც შესაძლებელია, მათ შორის – გრძელვადიანი და შედარებით მოცულობითი კრედიტების გაცემის სერვისის. ამ ბიზნესში წარმატების ფორმულაა სესხის ისეთი მომხმარებლისთვის გაცემა, რომელიც მას უკან დააბრუნებს.

ეს უფრო მეტად მომხმარებელზეა დამოკიდებული თუ კომპანიის ზრდის ტემპზე?

ასე ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ზრდის ტემპზეც, თუმცა ჩვენ ვუსმენთ ბაზრის მოთხოვნას. ჩვენ არ შეგვაქვს ჰამბურგერი ვეგეტარიანულ კუნძულზე. ზრდაც რაღაც როლს თამაშობს, თუმცა მაინც ბაზარზეა დამოკიდებული. თუ შევნიშნავთ, რომ ბაზარზე გარკვეული მოთხოვნა გაჩნდა, ამ მოთხოვნას აუცილებლად ადეკვატურად ვუპასუხებთ ბიზნესისა და მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ დროისათვის, მაგალითად, ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი, რომ ორი-სამი პროდუქტი დაემატოს, მაგრამ ამისთვის მაინც გარკვეული დროა საჭირო. დღეს მოთხოვნა მაინც მოკლევადიან სწრაფ ონლაინსესხზეა, გრძელვადიანი სესხი კი სრულიად განსხვავებული პროდუქტია.

რამდენად კონკურენტუნარიანია ბაზარი?

ბევრი კომპანიაა, თუმცა რეალური კონკურენტების რიცხვი მაქსიმუმ ათამდე ადის. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კონკურენციამ ჩვენ ვერ გვაზარალა. გააზრებული გვაქვს, რა შეიძლება იყოს კონკურენტული უპირატესობა, ან რამ შეიძლება იმუშაოს კონკურენციის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ვცდილობთ, არ ავცდეთ რეალობას და ეფექტიანად ავუწყოთ ფეხი ბაზრის ევოლუციას.

კონკურენცია პრობლემაა თუ ზრდის საშუალება?

პრობლემაცაა და იმავდროულად ზრდის საშუალებაც – გააჩნია, რომელი მხრიდან შევხედავთ. ჩვენ კონკურენცია არ გვაშინებს და ნამდვილად გვეხმარება ზრდაში. მართალია, თავდაჯერებით ვამბობთ, რომ კონკურენცია ვერ გვაზარალებს, მაგრამ მაინც ვცდილობთ, მუდმივად გავაანალიზოთ ჩვენი პროდუქტი და მუდამ ვზრუნავდეთ მის კიდევ უფრო დახვეწაზე. ვფიქრობ, ნებისმიერი კონკურენციის გასაღები წარმატების საწინდარი ფაქტორების სწორედ განსაზღვრაა. ჩვენ გაანალიზებული გვაქვს, თუ რა არის ეს ფაქტორები და რა განაპირობებს მომხმარებლის არჩევანს. შესაბამისად, წლებია ვმუშაობთ, რომ სწორედ ეს ფაქტორები იყოს ჩვენი კომპანიის ძლიერი მხარე. ჩვენ საკუთარ თავთან ვართ კონკურენციაში. ჩვენი მიზანი, სხვებთან შეჯიბრის ნაცვლად, საკუთარი შედეგების გაუმჯობესებაა. ჩვენი განვითარების რესურსი გვაძლევს საშუალებას, არ ვიფიქროთ კონკურენციაზე, როგორც პრობლემაზე.

ეთანხმებით მოსაზრებას, რომ არ არსებოს ცუდი შეთავაზება, არსებობს ცუდი გამოყენება? ანუ ონლაინკრედიტებთან დაკავშირებული პრობლემა და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს მომხმარებლის არაინფორმირებულობის ბრალია, ან, გნებავთ, დაბალი ფინანსური განათლების?

ქართველ მომხმარებელზე რთულია იმის თქმა, რომ ის არაინფორმირებულია. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი მარტივია. მომხმარებელს შეუძლია, ვებგვერდიდან მიიღოს დეტალური და კონკრეტული ინფორმაცია. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენ რთული ფორმულით არ ვითვლით. არ ვფიქრობ, რომ მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე ინფორმაციის ნაკლებობა მოქმედებდეს. ვერც იმას ვიტყოდი, რომ მომხმარებელი გაუთვიცნობიერებლად იღებს სესხს და შემდეგ უკან არ აბრუნებს. კონკურენტი კომპანიების პორტფელი არ ვიცი, მაგრამ ჩვენი კომპანიიდან გამომდინარე, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ჩვენთან მსგავსი შემთხვევები მინიმალურადაა. პირიქით, იმ 17 ქვეყნიდან, სადაც 4finance-ი ოპერირებს, საქართველოს ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია. ქართველი მომხმარებელი ნამდვილად  გამოირჩევა იმით, რომ კარგი გადამხდელია – თუ იღებს სესხს, აუცილებლად აბრუნებს. ბუნებრივია, არის გამონაკლისებიც. ეს გარდაუვალია, თუმცა ხელოვნურად ხდება იმ იმიჯის შექმნა, რომ ჭარბვალიანობის გაზრდის მიზეზად ონლაინკრედიტები იქცა. ვერ გავიზიარებ იმ პათოსს, რომ ეს კომპანიები რამე პრობლემას ქმნიან. პირიქით, ამ კომპანიებმა ჯამში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს და ასობით ჩვენი მოქალაქე დაასაქმეს. რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია, რომლის წევრიც, ჩვენთან ერთად, კიდევ ცხრა დიდი ონლაინსესხის კომპანიაა. უმეტესობა კომპანიებისა საერთაშორისოა. ასოციაცია აქტიურად მუშაობს ქართულ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისათვის. ასოციაციის დღის წესრიგში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვას. ჩვენ ვგეგმავთ როგორც ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიასთან, ასევე ონლაინსაშუალებებთან ურთიერთობას. ამ შემთხვევაში სტრატეგია მომზადების პროცესს გადის. მზად ვართ, ეს პროექტები ჩვენივე ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ. რამდენიმე მათგანი განხილვის სტადიაშია და შესაძლოა 2016 წლის ბოლოს გაეშვას.

კონკურენტები არის თუ არა პრობლემა საიმიჯო ნაწილში ?

არასაბანკო ონლაინასოციაციის წევრებმა გავაფორმეთ შიდა მემორანდუმი, რომლითაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პროდუქტის გამჭვირვალობის და ა.შ. სტანდარტები შევათანხმეთ. ძალიან ბევრი ნიუანსი გავითვალისწინეთ და მაგალითები საერთაშორისო პრაქტიკიდან ავიღეთ. თითოეული მათგანი მიჰყვება ამ სტანდარტებს და სწორი პრინციპებით მუშაობს. თუმცა ჩვენ გარდა არის კიდევ ოცამდე კომპანია, რომლებიც არ არიან ასოციაციის წევრები და, მაშასადამე, მათი მუშაობის სტანდარტები ჩემთვის უცნობია. ეს პრობლემაა, როცა წარმატებული და წარუმატებელი კომპანიები ერთ ქვაბში იხარშება.

საკმარისია თუ არა ასოციაცია იმისთვის, რომ ბაზარზე თამაშის წესები იყოს დადგენილი? სჭირდება თუ არ ონლაინსესხებს რეგულატორი და ვინ უნდა იყოს ის, ეროვნული ბანკი?

მემორანდუმზე ვსაუბრობდი და თუ ამ კუთხიდან შევხედავთ, ჩვენ დამატებითი რეგულაციები აღარ გვჭირდება. ასოციაციის წევრები ნებაყოფლობით შევთანხმდით სტანდარტებზე, რომლებიც ნამდვილად ყოვლისმომცველია. ამავე დროს, მაგალითად, ჩვენი კომპანია მკაცრი კორპორაციული მმართველობის ქვეშ არის და მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ქვეყანაში მოქმედებს, მუშაობის საერთო სტანდარტი აქვს დანერგილი. ჩვენი კომპანია კი ბევრ ისეთ ბაზარზე ოპერირებს, სადაც, მაგალითად, მომხმარებლის დაცვა უმაღლეს დონეზეა აყვანილი. თუ ჩვენი მუშაობის პრინციპები მოწონებულია ევროპული ქვეყნების სამართლებრივი სისტემების მიერ, ეჭვი მეპარება, რომელიმე სახელმწიფო ორგანომ მოიფიქროს ის სტანდარტი, რომელსაც ჩვენ უკვე ვერ ვაკმაყოფილებთ. ამიტომ ამ ნაწილში ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივესალმებით რეგულაციას. ასოციაციის პოზიცია არის შემდეგი: გონივრული რეგულაცია მისაღებია, სასარგებლოა და ბაზარზე მხოლოდ დადებით ეფექტს მოახდენს. თუ რომელიმე სახელმწიფო უწყება ან თუნდაც ეროვნული ბანკი შესაბამის რეგულაციაზე მუშაობას დაიწყებს, ჩვენგან პროცესში ჩართვის სრული მზაობა იქნება.

რეგულირების როგორი სისტემა წარმოგიდგენიათ უმჯობესად?

ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. კანონმდებლის გადასაწყვეტია, როგორი სისტემა იქნება მართებული. ალბათ შესამუშავებელი იქნება კანონი ონლაინსესხების შესახებ, სადაც გაიწერება სამოქმედო პრინციპები. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებლის ინფორმირებულობას, კონტრაქტის შინაარსს, პასუხისმგებლიან რეკლამებს – ეს ნაწილი მნიშვნელოვან სამუშაოს მოითხოვს. დღეს ამ ბიზნესის დასაწყებად ლიცენზია საერთოდ არ არის საჭირო. მართებული იქნება, რომ დაწესდეს ლიცენზია, არსებობდეს რეგისტრაციისათვის დადგენილი კრიტერიუმები. აუცილებლად უნდა იყოს დაცული მომხმარებელი, მაგრამ დაცვა სჭირდება ბიზნესსაც. ასოციაციას აქვს მოლოდინი, რომ რეგულაციის შემუშავების დროს ჩვენ მოგვეცემა საშუალება, მივაწოდოთ ინფორმაცია კანონმდებელს, როგორ მუშაობს და რა ასპექტებით ხასიათდება ეს ბიზნესი. ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება ჩვენი მოსაზრებების მოსმენა, რათა ახალმა რეგულაციამ ჯანსაღი ბალანსი დაამყაროს მომხმარებლების დაცვასა და ბიზნესის განვითარებას შორის. 

წინა სტატია

თბილისობასთნ დაკავშირებით ჰუავეიმ ქართველ მომხმარებელს სიურპრიზი გაუკეთა
18 ოქტომბერი, 2016

შემდეგი სტატია

სექტემბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 24 პროცენტით გაიზარდა
19 ოქტომბერი, 2016
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ტრადიციული მასპინძელი
კომპანიები | აპრ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა