მთავარი ბანკირი

მთავარი ბანკირი

შვიდი თვე არც ბევრია და არც ცოტა იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობასა და მიდგომებზე საზოგადოებასა თუ საბანკო სექტორში გარკვეული წარმოდგენები შეიქმნას. თავად კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას lifetime opportunity-ს უწოდებს და არ ნანობს, რომ ეს პასუხისმგებლობა იტვირთა, თუმცა, არაერთ სერიოზულ გამოწვევასთან ერთად, მისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, კვლავ აღადგინოს ბალანსი, რაც მის ოჯახურ ცხოვრებასა და სამსახურს შორის არსებობდა მანამ, სანამ ეროვნულ ბანკს ჩაიბარებდა შვიდი წლის ვადით.

სავალუტო ფონდში მუშაობა უფრო საინტერესო იყო? – ეს ჩემი პირველი კითხვაა კობა გვენეტაძესთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ცოტა ხანს ფიქრობს.

“ორივეს აქვს თავისი მიმზიდველობა”, – მპასუხობს ბოლოს და განმარტავს, რომ ფონდში მუშაობისას მისი ყურადღების არეალში გლობალურად ექცეოდა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, საგადამხდელო ბალანსი… აქ ჩერდება: “ვერაფრით დავადგინე საგადასახდელო ბალანსი ჰქვია ქართულად, თუ საგადამხდელო?”

საუბრისას განსაკუთრებით იგრძნობა, რომ 15 წელი საქართველოში არ ცხოვრობდა და კომუნიკაცია ძირითადად ინგლისურად უწევდა. შესაბამისად, ბევრი სიტყვის გახსენება უჭირს. შეიძლება ვერაფრით გაიხსენოს ტერმინი “მრავალგანზომილებიანი”, თუმცა ჩემდა გასაკვირად და ბევრისთვის შესაშურად, ზუსტად ამბობს სიტყვა “მყისიერის” გრამატიკულად სწორ ფორმას – “მეყსეულად”.

მისი საქმიანობა საერთაშორისო სავალუტო ფონდში უფრო მრავალფეროვანი და მრავალგანზომილებიანი იყო ეროვნულ ბანკთან შედარებით, სადაც უფრო ვიწრო მიმართულება აქვს: “თავისთავად მრავლისმომცველი, მაგრამ მაინც ერთი სექტორი, რომელიც გავლენას მთელ ეკონომიკაზე ახდენს”.

“ვერ დავმალავ, ზოგჯერ ისევ გლობალურად ვუყურებ საკითხებს და უფრო უცხოეთის ქვეყნების მაგალითების მოყვანა მიყვარს ხოლმე – ჩინეთის ეკონომიკური ზრდის, არგენტინის, საუდის არაბეთისა და მისი რეზერვების… ალბათ დროთა განმავლობაში საბოლოოდ საქართველოსა და რეგიონისაკენ გადმოვინაცვლებ”, – მიზიარებს დაკვირვებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია ეროვნული ბანკის გადაბარება, იმედი აქვს, რომ შვიდი წელი, რომელსაც მისი პრეზიდენტის რანგში გაატარებს, საბანკო სექტორის ზრდისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცების პერიოდი იქნება.

“საგარეო შოკები ალბათ ყოველთვის იქნება. შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც. მთავარია, ჩვენ როგორ შევხვდებით გამოწვევებს”, – მიაჩნია კობა გვენეტაძეს.

გამოწვევები კი საკმარისზე მეტი აქვს და ალბათ არც მომავალში მოაკლდება. ჯერ კიდევ ახალი დანიშნული იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, როცა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა რეგულატორის მიმართ “შერყეული ნდობის აღდგენა” იქნებოდა.

“ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა გარკვეულწილად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ საჭიროა, ის უფრო გაძლიერდეს, რათა კიდევ უფრო უკეთ შეასრულოს საკუთარი ფუნქცია”, – ამბობს კობა გვენეტაძე.

კიდევ ერთი milestone, ანუ დაბრკოლება, რომლის გადალახვაც, ფიქრობს, რომ მოუწევს, დოლარიზაციაა და უკვირს, რომ ზოგიერთი ექსპერტისათვის ეს “ყურით მოთრეული” საკითხია. ყბადაღებული საგარეო შოკებისგან მიღებული გაკვეთილების შემდეგ ეს მისი ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი იქნება, თუმცა საბოლოო შედეგის მიღებას დრო დასჭირდება.

მეტი ბერკეტი რეგულატორს

ივნისის დასაწყისში კომერციულ ბანკებთან პირველი გაფართოებული შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, რადგან “მარეგულირებელი კარგად უნდა გრძნობდეს იმ გამოწვევებს, რაც კომერციულ ბანკებს აქვთ”. მას შემდეგ, რაც წაიკითხა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნებული ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ბოლო ანგარიში და სხვა რამდენიმე დოკუმენტი, ჩათვალა, რომ შეხვედრისთვის მზად იყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ მაინც ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ბანკები “ბოლომდე გახსნილები არ იყვნენ”.

“ალბათ არ უნდოდათ, ერთმანეთის პრობლემები და შიდა საკითხები გაეგოთ, ამიტომ დავიწყეთ ცალ- ცალკე, ინდივიდუალური შეხვედრებიც, რადგან აუცილებელია, პულსზე მეჭიროს ხელი: ვიცოდე, რა სურთ მათ და რას ელიან ჩვენგან”, – ამბობს კობა გვენეტაძე.

ქართული საბანკო სექტორის გამოწვევებს მათი მარეგულირებელი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ხედავს.

“არ არის კარგი, როდესაც გყავს უკმაყოფილო მსესხებლების არმია, რომლებმაც ვერ შეძლეს სესხების დაბრუნება და გამოსავალს იმაში ეძებენ, რომ სესხები ჩამოიწერონ”, – მიაჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც ეროვნულ ბანკს დამატებითი ბერკეტები უნდა გაუჩინოს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, უკვე კარგა ხანია, მომზადებულია და მათ, სავარაუდოდ, მომავალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს. დამატებითი ბერკეტები გულისხმობს ეროვნული ბანკის შესაძლებლობას, უფრო სრულყოფილად შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად ასრულებენ ფინანსური ინსტიტუტები სხვადასხვა პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას.

“სიახლეების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა ერთი საერთო აქვს: ეს ცვლილებები ეროვნულ ბანკს მისცემს საშუალებას, უფრო ქმედითი იყოს, მოითხოვოს გამსესხებელი ორგანიზაციისაგან, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს პროდუქტებისა და მათგან მომავალი შესაძლო რისკების შესახებ”, – განმარტავს კობა გვენეტაძე და ჩემს კითხვას – არის თუ არა ინიციატივა იმის გამოძახილი, რომ მსგავსი პრობლემები რეალურად შეინიშნება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, დადებითად პასუხობს.

სხვა საკითხია, რამდენად კმაყოფილები იქნებიან ამ ცვლილებებით ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები.

“ისინი ყოველთვის არ არიან ბედნიერები მსგავსი ცვლილებებით, მაგრამ ჩემი მხრიდან პასუხი ასეთია: უმჯობესია, მსესხებელმა წინასწარ იცოდეს ყველა რისკი და ბოლოს არ აღმოჩნდეს სიურპრიზების წინაშე. არის ასეთი გამოთქმა – “ინფორმირებული კლიენტი საუკეთესო კლიენტია”. ბანკების შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც უკეთ არის ინფორმირებული მსესხებელი, მით უფრო ნაკლებად რისკიანია ის. ამიტომ მომხმარებელთა დაცვა ორივე მხარის ინტერესშია, ამბობს კობა გვენეტაძე და დასძენს, რომ საბოლოო ჯამში, მისი სურვილია “ორივე მხარე ბედნიერი იყოს”.

ბოლო დროს აქტუალური გახდა ბანკების გამსხვილების საკითხი. “შევხედოთ სექტორს – ბანკებს შორის არის ჯანსაღი კონკურენცია და ეს კარგია, თუმცა, ჩვენი ზომის ეკონომიკის ქვეყნისათვის, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ ბანკების გამსხვილება მოხდება, რათა მეტი და თანაბარი კონკურენცია იყოს სექტორში. ეს პროცენტების შემცირებასაც გამოიწვევს და საბანკო პროდუქტებისა თუ მომსახურების ხარისხიც კიდევ უფრო დაიხვეწება”, – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანა საფინანსო სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაა, ბანკების გამსხვილების შედეგად მიღებულმა მასშტაბის ეფექტმა და სინერგიამ, სავარაუდოდ, ხელი უნდა შეუწყოს მათ ეფექტიანობას.

შესაძლოა თუ არა, პირდაპირ აიკრძალოს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა? მისი პასუხია, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში ამას ბევრი ქვეყანა აკეთებს იმ მოსაზრებით, რომ თუკი ირიბ მექანიზმებს გარკვეული დრო სჭირდებათ ბაზარზე გავლენის მოსახდენად, პირდაპირი მექანიზმები უფრო სწრაფად მოქმედებენ. არ მალავს, რომ ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს იმის ანალიზი, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს უცხოურ ვალუტაში გასესხების გარკვეულ მარჟამდე შეზღუდვას. თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

“აქ მთავარი ფაქტორია, რა იქნება ამ გადაწყვეტილების თანამდევი შედეგი. ვთქვათ, რაღაც ზღვრამდე აიკრძალა სესხის გაცემა დოლარით – რა მოხდება ამ სეგმენტში? ხომ არ გადაინაცვლებს ეს სესხები სხვა, არარეგულირებად სექტორზე? ასეთი გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად არ შეიძლება”, – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ზოგადად კი კობა გვენეტაძე მაინც ამ სფეროს რეგულირების “ირიბი, თუმცა გრძელვადიანი და თანამიმდევრული მეთოდების” მომხრეა.

ზუსტად ასეთი ირიბი ინსტრუმენტია ბანკებისათვის სავალდებულო რეზერვების ცვლილება, რომლის ბოლოდროინდელ გაზრდას უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე ბევრი კომენტარი და შეფასება მოჰყვა. მას “დამსჯელი მექანიზმიც” კი უწოდეს. ცვლილების საბოლოოო მიზანი კი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

“როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ცვლილებით ბანკებს ჭარბი დოლარის რეზერვები შეუმცირდათ, მაშინ როცა უცხოური ვალუტით სესხების განაკვეთები პრაქტიკულად არ შეცვლილა. ამავე დროს შემცირდა ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები, თუმცა ამის მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შერბილებაა, და არა სარეზერვო მოთხოვნების ცვლილება”, – ამბობს კობა გვენეტაძე და დასძენს, რომ დედოლარიზაცია არ შეიძლება მალე მოხდეს, ეს ხანგრძლივი პროცესია და რაც უფრო გვიან დაიწყება ამაზე ზრუნვა, მით უფრო ხანგრძლივი იქნება გზა დოლარიზაციის შემცირებისაკენ. თავად კობა გვენეტაძეს დეპოზიტები თითქმის მთლიანად უცხოურ ვალუტაში აქვს, “სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან 14 წლის განმავლობაში ხელფასს დოლარში იღებდა და, შესაბამისად, თანხასაც უცხოურ ვალუტაში ზოგავდა”.

“გასაკვირი ის იქნებოდა, საქართველოში მუშაობის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე ეროვნულ ვალუტაში რომ მქონოდა დეპოზიტების უმეტესობა”, – დასძენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ მისი ძირითადი აქცენტი ახლა სესხების დედოლარიზაციისკენ არის მიმართული. უკვე მერამდენედ იმეორებს, რომ ჯობს, მომხმარებელმა სესხი იმ ვალუტაში აიღოს, რომელშიც შემოსავალი აქვს და რომ თავად ყოველთვის ამ პრინციპით მოქმედებდა.

“არის არჩევნის თავისუფლება და ყველამ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მომხმარებელს სიფრთხილისკენ მოვუწოდო, – დანარჩენი უკვე მოქალაქეთა უფლება და, ამასთანავე, რისკია”.

არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც რეგულატორი და კომერციული ბანკები საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ ვერ მივიდნენ – დეპოზიტების დაზღვევა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სისტემის დანერგვა დეპოზიტების ზრდას შეუწყობს ხელს, თუმცა ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საბანკო სექტორი საკმაოდ წარმატებულია და კომფორტული ნდობითაც სარგებლობს.

“პირდაპირ რომ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, არ მიმაჩნია, რომ დღეს საბანკო სექტორს აქვს დეპოზიტების მოზიდვის პრობლემა, მაგრამ შეიძლება არსებობდეს უფრო დაბალი მოცულობის თავისუფალი სახსრები, რომელთა მფლობელებს მაინც ჰქონდეთ მათი დაკარგვის შიში”, – მიაჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც არ ელის, რომ დაზღვევის შემოღება ძალიან გაზრდის დეპოზიტების მოცულობას, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს მაინც დადებით განწყობას შეუქმნის “დაბალთანხობრივ, არა ეს ქართული სიტყვა არ არის, მცირეთანხიან დეპოზიტარებს”.

ვინაიდან კანონზე მთავრობა მუშაობს და ეროვნული ბანკი “მხოლოდ მრჩეველია”, საბოლოო გადაწყვეტილებასაც მთავრობა იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც, ისევე როგორ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს, უკეთეს ვარიანტად მიაჩნიათ, თუ დეპოზიტების დაზღვევა მხოლოდ ეროვნული ვალუტით განთავსებულ ანაბრებს შეეხება, “არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სავალუტო დეპოზიტების დაუზღვევლად დატოვება არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და შეიძლება ის შედეგი არ მოიტანოს, რასაც მისგან ველით”.

მონეტარული პოლიტიკა და ლარი

7 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა კობა გვენეტაძის დანიშვნის შემდგომ ტრადიციას არ უღალატა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.5%-მდე შეამცირა, რადგან ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად საჭიროდ მიიჩნია “გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესის გაგრძელება”.

“ყველა პირობა არსებობდა, რომ დაგვეწყო გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა, რათა ეკონომიკა დეფლაციაში არ გადასულიყო, რაც კიდევ უფრო არასასურველია, ვიდრე მაღალი ინფლაცია. ველოდებით, და გარკვეულწილად ვხედავთ კიდეც, რომ საპროცენტო განაკვეთები დაიწევს და ფეხს აუწყობს ჩვენს ქმედებებს”, – ამბობს კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იხსენებს, რომ იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს გადაწყვეტილებაც არ მოუწონა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შესაძლებელი იყო, პროცენტი კიდევ უფრო აგრესიულად შემცირებულიყო. ამ ორგანიზაციის შეფასება კი მისთვის – სხვების მიმართ დიდი პატივისცემის დაფიქსირებითა და მათთან ბოდიშის მოხდით – ყველაზე მნიშვნელოვანია.

ეროვნული ბანკი მუდმივად აკვირდება კომერციული ბანკების პორტფელების ხარისხს და მისი პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ ჯერჯერობით მათ გაუარესებას ვერ ხედავს – უმოქმედო სესხები დაბალ მაჩვენებელზე, მთლიანი პორტფელის 7.8%-ზეა (3.7% სსფ–ის მეთოდოლოგიით) შენარჩუნებული.

“ვინაიდან უმოქმედო სესხები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ თავს მწვავედ იჩენს ხოლმე, არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, რათა ეს მაჩვენებელი არ გაუარესდეს”, – განმარტავს კობა გვენეტაძე.

ყურადღების მოდუნების საშუალებას რეგულატორს არც ეროვნული ვალუტა აძლევს. ზაფხულის დასაწყისში გარკვეულპერიოდიანი გამყარება ისევ საპირისპირო ტენდენციამ შეცვალა და ზედიზედ რამდენიმე ინტერვენციის შედეგად, ჯამში $270 მილიონზე მეტის შესყიდვის შემდეგ, ეროვნულ ბანკს აგვისტო- ოქტომბერში (4 ოქტომბრის მონაცემებით) მხოლოდ $120 მილიონის გაყიდვა მოუწია. რატომ გახდა საჭირო ინტერვენციები, მაშინ როცა ადრე ეროვნული ბანკი არ ერეოდა თუნდაც კურსის უფრო მკვეთრი ცვლილებების დროს?

“მოკლედ თუ ვიტყვით, ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესების პირობებში ჩარევა კონტრპროდუქტიულია, მაგრამ ჩარევა შესაძლებელია, თუ ბაზარზე ცალკეული ერთჯერადი ფაქტორები ახდენს გავლენას”, – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მისი განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ საგრძნობი საგარეო შოკი გადაიტანა, რომელიც უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსზე და თუ ახალი მოცულობითი შოკი არ წარმოიქმნა, ფუნდამენტური ფაქტორებიდან გაცვლით კურსზე ზეწოლა ამოწურულია. “

თუმცა ამჟამად არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს. ამას ემატება წინასაარჩევნო პერიოდი, რაც სავალუტო ბაზარზე გაურკვევლობას ზრდის. ნაკლებად განვითარებული ფინანსური ბაზრის პირობებში, როგორიც ამჟამად საქართველოშია, დასაშვებია ეროვნული ბანკის ჩარევა კურსის ზედმეტი მერყეობის შემცირების მიზნით. მომავალში, ბაზრის განვითარებასთან ერთად, ეროვნული ბანკის მსგავსი ინტერვენციების საჭიროება შემცირდება და ბაზარი თვითონ დააბალანსებს ასეთ შემთხვევებს”, – მიხსნის კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დადებით ფაქტორად მიიჩნევს იმას, რომ ფინანსთა სამინისტრომ გააგრძელა ფასიანი ქაღალდების გამოშვება. მეტიც, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ რაც შეიძლება მეტი ობლიგაცია უნდა იყოს ბაზარზე ხელმისაწვდომი, რაც ცალსახად კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან მოდის თანაკვეთაში და რომელმაც ბანკებს მიღმა, ალტერნატიული ფინანსური რესურსები უნდა შექმნას ბაზარზე.

“ცხადია, ბანკებიც, როგორც ბაზრის მოთამაშეები, დაინტერესებულნი არიან ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებით, რადგანაც ეს მათთვის დამატებითი ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის. როდესაც არსებობს კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდების საშუალება, ამ სეგმენტშიც იზრდება კონკურენცია ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებს შორის. ამას ხელი უნდა შევუწყოთ”, – ამბობს კობა გვენეტაძე მიუხედავად იმისა, რომ სმენია მოსაზრება ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ფიქრის მიზანშეუწონლობის შესახებ. მისი პასუხი სკეპტიკოსებისთვის ასეთია: “მოდი, ვცადოთ. რატომაც არა?! ჩვენი მიზანია, ისე ავაწყოთ კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურა საქართველოში, რომ ბაზრის ოპერირების დანახარჯები მინიმალური იყოს. თუ ამას შევძლებთ, მაშინ ქართულ კომპანიებს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე აქციებისა და ობლიგაციების განთავსების შესაძლებლობა მიეცემათ”.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სჯერა, რომ ტექნოლოგიების განვითარების გამო საქართველოში დღეს უკვე შესაძლებელია შედარებით მცირე დანახარჯებით ისეთივე უსაფრთხო და მოქნილი ფასიანი ქაღალდების სავაჭრო და ანგარიშსწორების სისტემების შექმნა და ოპერირება, როგორიც არის განვითარებულ ბაზრებზე. “ჩვენ ამ გზით მივდივართ კერძო სექტორთან და მთავრობასთან ერთად”.

საბოლოო მიზნამდე მისასვლელად, აუცილებელია საკანონმდებლო გარემოს საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება. მცდელობა კი “რევოლუციური ცვლილებებით” უნდა დაიწყოს – ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონიდან საინვესტიციო კანონამდე. ზოგადად, კობა გვენეტაძე გეგმავს კაპიტალის ბაზრის კონცეფციის განვითარებაში ეროვნული ბანკის მხრიდან ჩართულობა გააძლიეროს, რადგან “რასაც უყურებს, ეს საკითხი ჯერჯერობით საკმაოდ ნედლია და მას კარგად დამუშავება სჭირდება”.

რეგულირების მიღმა

“მე მოვისმინე ასეთი მოსაზრება – როგორ შეიძლება ონლაინსესხებთან შეწინააღმდეგება – ეს ხომ ინოვაციაა”, – იხსენებს კობა გვენეტაძე ჩემი კითხვის პასუხად, თუ როგორ აპირებს ბოლო დროს გამწვავებული საკითხის გადაწყვეტას.

ყველანაირად მიესალმება ინოვაციებს, თუმცა სიტუაცია გარკვეულწილად “ზღვარს გადასულად” მიაჩნია ისევ და ისევ იმის გამო, რომ ხშირად მომხმარებლები ვერ აცნობიერებენ იმ რისკს, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ასეთი გარიგების შედეგად.

“ალბათ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ასეთ სესხებზე პროცენტი ძალიან მაღალია. ამასწინათ წავიკითხე BBC-ის სტატია ანალოგიურ პრობლემებზე ბრიტანეთსა და კანადაში. ფაქტია, ეს არის არაბუნებრივად მაღალპროცენტიანი სესხები და ხშირად არ ხდება ინფორმაციის გამჟღავნება – ყველაფერი ისეა შენიღბული, რომ ადამიანს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არა აქვს, ამის გაგება უჭირს”, – მიაჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რომლის გათვალისწინებაც ხდება ონლაინსესხებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტისას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეკუთვნით, სადაც დაწესებული რეგულაციების შედეგად პროდუქტი ბაზრიდან არ გამქრალა, თუმცა სეგმენტი საგრძნობლად ფრთხილი გახდა და ტრანსფორმირდა.

“სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც – პროდუქტი არსებობდეს, მაგრამ გახდეს მომხმარებლისათვის მაქსიმალურად გამჭვირვალე და აღარც ზღვარს გადასული საპროცენტო განაკვეთის რისკის აღება იყოს დაშვებული”, – განმარტავს კობა გვენეტაძე და არ გამორიცხავს, ეროვნულმა ბანკმა ისეთ გამოსავალს მიაგნოს, რომელიც სულაც არ გულისხმობს ონლაინსესხების კომპანიების ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებას.

მიუხედავად უამრავი კითხვისა, რაც ინტერვიუს განმავლობაში დავუსვი, საპასუხოდ “ყველაზე რთული” მაინც სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის არსებული სარეზერვო დაფინანსების მექანიზმთან, იმავე Stand by Agreement-თან დაკავშირებული აღმოჩნდა.

პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა ჯერაც დაუსრულებელია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა იყო.

“ორჯერ ვერ მოხერხდა მიმოხილვის დასრულება და შეიძლება უმჯობესი იყოს ახალი პროგრამის ორიენტირებზე ფიქრი და მოლაპარაკებების დაწყება”, – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რამდენადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრაქტიკაში არაერთი მაგალითი იყო, როდესაც მიმდინარე პროგრამა შეწყდა და ახალი დაიწყო, “თუმცა ამას კარგი დასაბუთება სჭირდება”.

კობა გვენეტაძე, როგორც ამ ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომელი, სავალუტო ფონდთან პროგრამაში ყოფნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და იმედი აქვს, რომ მალე ამ პროგრამის ჩარჩოში მუშაობა გაგრძელდება.

ორი კარიერა და ოჯახი

კობა გვენეტაძეს სამი შვილი ჰყავს, ხოლო მისი მეუღლე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში მუშაობს (IFC). ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ოჯახში “ორი კარიერა” ძალიან რთულია, მით უფრო, როცა ბავშვების აღზრდაში მაქსიმალური ჩართულობა უკონკურენტო პრიორიტეტია, ხოლო მისი და მეუღლის მივლინებების დაგეგმვა და სინქრონიზება თვიდან თვემდე უფრო და უფრო რთული ხდება.

ოჯახთან ურთიერთობის დეფიციტი ერთ-ერთია, რის გამოც საქართველოში დაბრუნებამ იმედი გაუცრუა. არც ის მოსწონს, რომ მისი ცნობადობა დროთა განმავლობაში სულ იზრდება და მედიასთან ურთიერთობაც სულ უფრო ხშირად უწევს. “ჯერ ვერ შეეჩვია, მაგრამ მოუწევს” – აკი თვითონ გადაწყვიტა, რომ წელიწადში მონეტარული პოლიტიკის რვა კომიტეტიდან, ოთხჯერ კონფერენციას გამართავს, თავად გამოაცხადებს კომიტეტის გადაწყვეტილებას და სხვა კითხვებსაც უპასუხებს. “სხვათა შორის, ეს კონფერენციები მხოლოდ თბილისში არ ჩატარდება – “თუ სად, ამას მალე გაიგებთ”.

“მეგონა, ჩამოსვლის შემდეგ მეგობრებთან მაინც მოვახერხებდი მეტად ურთიერთობას, მაგრამ ესეც არ გამოდის. აღმოჩნდა, რომ მეც ძალიან დაკავებული ვარ და ისინიც”, – ამბობს კობა გვენეტაძე და ძალიან ადარდებს ის ფაქტი, რომ მის ოჯახურ ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობამ საგრძნობლად დაარღვია.

“ყოველთვის ძალიან ჩართული ვიყავი ჩემი ოჯახის ცხოვრებაში და ახლაც მინდა, რომ ბალანსი აღვადგინო. ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ისე, როგორც საჭიროა. ალბათ ეს საწყისი პერიოდია და მერე დარეგულირდება”, – იმედოვნებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგულირება კობა გვენეტაძის პირდაპირი მოვალეობაა, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში და თანაც ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების, როგორიცაა საბანკო სექტორი და მონეტარული პოლიტიკა, სავარაუდოა, რომ მას არც ოჯახსა და სამსახურს შორის დროის დაბალანსება გაუჭირდება. ყოველ შემთხვევაში, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეა, რადგან, როგორც თავად ამბობს, “თუ ადამიანი მთლიანად არის შთანთქმული სამსახურით, მისი ნაყოფიერება მცირდება”. ქვეყანას კი რა რა და, ძალიან სჭირდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნაყოფიერი შრომა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *