შვიდი შეკითხვა მეგაკომპლექსების შესახებ

ქართული განათლების სისტემისთვის მილიარდი ევრო საოცრად დიდი ფულია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი 2015 წელს დაახლოებით 320 მილიონი ევრო იყო. ანუ, “ქართუს” დაპირებული ინვესტიცია დაახლოებით იმდენია, რამდენსაც სახელმწიფო სამ წელიწადში ხარჯავს.

პირველი შეკითხვა სწორედ აქ ჩნდება:

1. საკმარისად მდიდრები ვართ, რომ ასეთი ძვირი პროექტი შევინახოთ?

“ბიძინა აჩუქებს სახელმწიფოს” წინასაარჩევნო ტრადიციად ყალიბდება. დროა, გავიაზროთ, რომ საჩუქრებს შენახვის ხარჯებიც მოჰყვება. გაგვიხარდეს თუ გვეწყინოს – ამის თქმა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც პროექტის უკუგებასა და ხარჯებს ავწონ-დავწონით.

ინგლისურში არსებობს გამოთქმა “თეთრი სპილო”. ტერმინის წარმოშობის ისტორია ასეთია: თუ ტაილანდის მეფეს რომელიმე ქვეშევრდომი განსაკუთრებით არ უყვარდა, სპილოს აჩუქებდა. უიღბლო ქვეშევრდომს, ცხადია, არ შეეძლო მეფის ნაჩუქრის მოშორება და სპილოს შენახვა აკოტრებდა.

“თეთრი სპილო” შეიძლება გამოდგეს ბევრი რამ: მე-19 საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა მთლიან ქვეყანას გამოაბეს ხორთუმი, დათვალეს რა, რომ ერთ-ერთი აფრიკული კოლონიის - უგანდის მართვა წაგებიანი იყო. ხშირია შემთხვევები, როდესაც მფლობელები ვეღარ ინახავენ საკუთარ უძრავ ქონებას – ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს. შარშან რობინ უილიამსის ქვრივმა სასამართლოში განაცხადა, რომ ვეღარ ინახავს 2014-ში გარდაცვლილი მილიონერი კომიკოსის დანატოვარ სასახლეს.

იქნება თუ არა მოგებიანი ქვეყნისთვის “ქართუს” აშენებული “მეგაკომპლექსები”, როგორც მათ პრემიერ- მინისტრი კვირიკაშვილი მოიხსენიებს? პირდაპირი მოგება სახელმწიფო დანახარჯებს, როგორც წესი, არ მოჰყვება. შესაძლებელია ირიბი - თუ ქართველი სტუდენტები უკეთეს განათლებას მიიღებენ, გაიზარდოს მათი შრომის ფასი მსოფლიო ბაზარზე და ქვეყანა გამდიდრდეს. მაგრამ განათლების გაუმჯობესების ან ქვეყნის გამდიდრების ხელშეწყობის ბევრი გზა არსებობს. საჭიროა ალტერნატივების განხილვა: სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმავე ფასად.

თუ 60,000 სტუდენტის თაობაზე დაპირება განხორციელდა, უნივერსიტეტს, სულ ცოტა, 6,000-იანი პერსონალი დასჭირდება (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურში, MIT-ში, პერსონალის თანაფარდობა სტუდენტებთან ერთი 9-სთანაა, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში - ერთი 8-სთან, კალიფორნიის Caltech-ში, ტოკიოსა და მოსკოვის მთავარ ტექნოლოგიურ სასწავლებლებში - ერთი 7-თან). ტექნოლოგიური განათლების გაუმჯობესებაზე საუბარს აზრი რომ ჰქონდეს, აუცილებელია მაღალი დონის პროფესურა. საქართველოში შედარებით ძლიერი პროფესორის ხელფასი უკვე აღწევს 3,000 ლარს, უცხოეთიდან კარგი სპეციალისტების ჩამოყვანას მეტიც დასჭირდება. პერსონალის საშუალო ანაზღაურება თვეში 2,000 ლარადაც რომ შევაფასოთ, გამოდის, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის ხელფასებს წელიწადში 60 მილიონ ევრომდე (144 მილიონი ლარი)

დასჭირდება. “მეგაკომპლექსების” მთლიანი ხარჯების შეფასება უფრო რთულია. მსოფლიო დონის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების ბიუჯეტები მილიარდ ევროს აღწევს. მეათედიც რომ ვიანგარიშოთ, უაღრესად საფუძვლიანი გათვლების გარეშე ასეთი ხარჯის აკიდების ფუფუნება საქართველოს არა აქვს.

აქედან გამომდინარეობს მეორე შეკითხვაც:

2. რატომ თანხმდება ხელისუფლება უპირობოდ “ქართუს” პროექტების გადმობარებას?

კერძო ფონდს ვერავინ დაუშლის საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ვალდებულია, მათში ჩაებას. “ნაჩუქარი” პროექტი მთავრობამ ისევე უნდა აწონ-დაწონოს, როგორც საკუთარი. სადაა სტრატეგიული ხედვა, რომ სახელმწიფოს სწორედ ამ ფორმით სჭირდება განათლებისა და მეცნიერების განვითარება? სადაა დოკუმენტები შესაბამისი დასაბუთებით?

ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა - ამის მრავალმხრივ დასაბუთებას აქ არ შევუდგები, თუმცა ერთ-ერთი საბუთი სწორედ მთავრობისა და ივანიშვილის სინქრონული ცურვაა მეგაკომპლექსურ ფანტაზიებში. რომ არა ბიძინა ივანიშვილის აზრის უზენაესობა, შეიძლება დავთანხმებოდი ერთ ეკონომისტ მეგობარს – “ბოლო-ბოლო, თუ წაგებიანი იქნება, გაყიდიან ან დევნილებს ჩაასახლებენ”. ივანიშვილის პროექტს ივანიშვილის მთავრობა არ დახურავს. დიდი ალბათობით, ვერც შემდგომი - დიდი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების დახურვა ძალიან რთულია, რაგინდ წარუმატებელი გამოდგეს.

დახურვას რომ თავი დავანებოთ, არც გახსნაა შემდგარი ფაქტი. კვირიკაშვილის განცხადებაშიც ნახსენებია, რომ ივანიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურის მშენებლობა ჯერ კიდევ 2011-ში დააანონსა, ხოლო იდეა ბევრად ადრე გაუჩნდა.

3. რას მოხმარდა გასული ხუთი წელი?

როგორც ირკვევა, მხოლოდ ახლა “იწყება მშენებლობა” და უკეთეს შემთხვევაში 2019-ში დასრულდება. ინსაიდერული ინფორმაციით, ჯერ უნივერსიტეტის კონცეფციაც არაა ჩამოყალიბებული (მაგალითად, რა ენაზე იქნება სწავლება, რასაც ქვევით განვიხილავთ). დავივიწყოთ უამრავი შეუსრულებელი დაპირება - ასეთი ტემპების ფონზე მთავრობის გაპიარებული რიცხვები და თარიღები ორმაგად საეჭვოა.

თუ მთავრობისთვის მართლა პრიორიტეტულია ტექნოლოგიური განათლების განვითარება და ამისთვის ბევრი ფული ემეტება, რა აკავებთ? ახალი შენობები, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად გადამწყვეტი, რომ მათ აშენებას შვიდი (ან მეტი) წელი პირდაღებული ელოდო – 2012-დან დაანონსებულ 2019 წლამდე. განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის კამპუსზე ბევრად მნიშვნელოვანია ძლიერი პროფესორების მოზიდვა, უმაღლესების ეფექტიანი მართვა, სწავლების მეთოდების განვითარება.

გავიხსენოთ ისიც, რომ 2012 წელს მთავრობამ ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის ახალაშენებული კამპუსი ქალაქის მერიას გადასცა.

4. თუ დასავლეთ საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არსებობა მნიშვნელოვანია, რატომ არ მიეცა შანსი ბათუმის პროექტს?

წინა ხელისუფლების მტკიცებით, შენობა უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით დაპროექტდა – ქვედა სართულები ლაბორატორიებსა და აუდიტორიებს უნდა დასთმობოდა, ზედა – პროფესორებისა და სტუდენტების დაბინავებას. რამდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონოდა ბათუმის კამპუსს, რთული დასაჯერებელია, რომ გამოუსადეგარი იქნებოდა, მაგალითად, სტუ-ს (“გეპეის”) შენობების ფონზე. იყო აშშ-ის მრავალმილიონიანი გრანტიც. რომ არა ბიძინას ეგოს მიშას ეგოსთან ჭიდილი, ბუნდოვანია, რატომ არ შეიძლებოდა ახალი ტექნოლოგიურის ოცნების ასრულება 2012 წლის ბათუმიდან დაწყებულიყო (თუნდაც გადაბარგების პერსპექტივით) და არა 2019 წლის ქუთაისიდან დამამშვიდებელი მხოლოდ ის მოლოდინია, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური მაღალი დონის სასწავლებელი გამოვა და ყველა ხარჯს გაამართლებს.

5. რამდენად საფუძვლიანია დიდი მოლოდინები?

მთელ განვითარებულ მსოფლიოში აღიარებულია, რომ მაღალი დონის უნივერსიტეტის პროფესორი ამავდროულად უნდა იყოს პროდუქტიული მეცნიერი. პროდუქტიულობის მიღებული საზომია საერთაშორისო დონის ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები. მაგალითისთვის, კომპიუტერულ მეცნიერებებში საქართველოდან წელიწადში დაახლოებით 30 ასეთი სტატია ქვეყნდება (“დანგრეულ მეცნიერებაზე” მითების საპასუხოდ უნდა აღინიშნოს, რომ 2004-მდე ეს მაჩვენებელი წელიწადში 10 სტატიასაც ვერ აღწევდა. ცოტა მეტი - წელიწადში 40-50 სტატია - ქვეყნდებოდა 2009-2012 წლებში. ამ მცირე რაოდენობაში შედის უცხოელებთან ერთობლივი ნაშრომებიც).

ოპტიმისტური შეფასებით, ქვეყანაში სულ 30-მდე ადამიანია, ვისზეც თამამად ითქმის, რომ კომპიუტერულ მეცნიერებებში საუნივერსიტეტო დონეზეა. ეს სპეციალისტები უკვე გადანაწილებულები არიან რამდენიმე უმაღლესზე. ორი მეგაკომპლექსის დამატების შემთხვევაში, საკადრო შიმშილს კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძნობთ. ამბიციური ტექნოლოგიური სამეცნიერო ცენტრისთვისა და 60,000– (თუნდაც 15,000) სტუდენტიანი უნივერსიტეტისთვის კომპიუტერული მეცნიერებების 30 სპეციალისტი ჯამში აშკარად ცოტაა. მსგავსი სიტუაციაა სფეროების უმეტესობაში: თუ არ გვსურს, მივიღოთ უბრალოდ კარგ შენობაში გადასული “გეპეი”, აუცილებლად მოგვიწევს უცხოეთიდან ბევრი პროფესორის ჩამოყვანა. მაგრამ მხოლოდ უცხოელებით ქართული უნივერსიტეტი ვერ დაკომპლექტდება. შესაძლოა, ქუთაისში სუპერსასწავლებლის შექმნის ოცნებას რამდენიმე ქართული უნივერსიტეტის მოკრძალებული, მაგრამ რეალური განვითარება შეეწიროს, რადგანაც მათი წლობით შეკოწიწებული პერსონალის ნაწილი იმერეთში გადაბარგდება.

პროფესურის შემადგენლობას უკავშირდება შემდეგი შეკითხვაც:

6. სწავლება ინგლისურად უნდა იყოს თუ ქართულად?

ინსაიდერული ინფორმაციით, უცხოელების რეკომენდაციაა ინგლისურენოვანი უნივერსიტეტის შექმნა, მაგრამ ამას ქართველების ნაწილი ეწინააღმდეგება. დიდი ალბათობით, უცხოელმა კონსულტანტებმა უბრალოდ რიცხვებს შეხედეს და მიხვდნენ, რომ ქვეყანაში ნორმალური პროფესორების დეფიციტია (ფიზიკოს გია დვალის ჯგუფისგან განსხვავებით, რომლის 2012 წლის სარეფორმო დოკუმენტშიც არც ერთი რელევანტური რიცხვი არ იყო). რთული სათქმელია, ბოლოს დავუჯერებთ თუ არა რეკომენდაციებს: ჯერ კიდევ გავრცელებულია შიში, რომ ინგლისურის აქტიურმა გამოყენებამ შეიძლება დააკნინოს ან დაგვავიწყოს მშობლიური ენა. გაცილებით საფუძვლიანია შიში, რომ ინგლისურენოვან სწავლებაზე უარის თქმა საკონტროლო გასროლა იქნება ქუთაისური განათლების ბროლის კოშკებისთვის.

თუ მთავრობა ყველაფერს სწორად გააკეთებს - ადგილობრივ პროფესორებსაც სწორად შეარჩევს, უცხოელებსაც მოიწვევს, სტუ-საც (იგივე “გეპეი”) მიუერთებს ქუთაისის ტექნოლოგიურს (რომ ისედაც მწირი რესურსი ორ დიდ ტექნოლოგიურზე არ გაიყოს), დამატებითი ტექნოლოგიური ინსტიტუტების დაარსების დვალისეულ გეგმასაც არ გადაჰყვება და სხვა ყველაფერსაც დიდად არ ჩააფლავებს - ნორმალური უნივერსიტეტის შექმნა შესაძლებელი იქნება. შესაძლებელი იქნებოდა თბილისშიც, არსებული უნივერსიტეტების გაუმჯობესებით, შესაძლებელი იქნებოდა ბათუმშიც და შესაძლებელი იქნება ქუთაისშიც: მთავარი სწორი ხედვაა.

მაგრამ ერთი რამ მაინც გაურკვეველი რჩება:

7. რა 60,000 სტუდენტი?

2015 წელს საქართველოს 75 უმაღლეს სასწავლებელში - მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და კოლეჯების მოსწავლეების ჩათვლით – ჯამში სულ 167 ათასი სტუდენტი იყო. მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - MIT-ში - სულ 11 ათასი სტუდენტია. ქუთაისის ტექნოლოგიურში ყოველმა მესამე ქართველმა სტუდენტმაც რომ ისწავლოს - რაც ავტომატურად გამორიცხავს მის ელიტურობას - 60-ათასიან ტევადობას ვერ შეავსებენ. გაუგებარია, რატომ უნდა დაიხარჯოს ზედმეტი მილიონები ამხელა ტევადობის კომპლექსის აშენებასა და შენახვაზე, როდესაც ექვსჯერ მცირე ტექნოლოგიური უნივერსიტეტიც გვეყოფოდა. საქართველოს მაღალი დონის სასწავლებლები სჭირდება და არა - რეკორდული ზომის. კადრები მცირესთვისაც არ გვყოფნის და წინსართი “მეგა” ამოცანას მხოლოდ ართულებს.

თუმცა, ამდენი კრიტიკული განხილვა საჭირო არ იქნებოდა, რომ არა მთავარი ახირება - ყველაფერი რომ სახელმწიფომ უნდა გადაიბაროს. MIT-ი კერძო უნივერსიტეტია, რაც ეჭვქვეშ არ აყენებს არც მის ხარისხს, არც როლს აშშ- ის განვითარებაში. ივანიშვილს თავისუფლად შეეძლო, ინფრასტრუქტურაში მილიარდის ჩადების დაპირების ნაცვლად, ნორმალური ზომის კერძო უნივერსიტეტის რეალისტური მრავალწლიანი პროექტი დაედო. ამით არც მის საქველმოქმედო იმიჯს დააკლდებოდა რამე, არც ქვეყნის დე ფაქტო მმართველის სტატუსს და ქართული განათლებისთვისაც, ფსონთან ერთად, რისკებიც შემცირდებოდა. 

სტატია ინგლისურ ენაზე.

წინა სტატია

სექტემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 143 მილიონი ლარით გაიზარდა
25 ოქტომბერი, 2016

შემდეგი სტატია

სახაზინო ვალდებულბების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
26 ოქტომბერი, 2016
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა