ბედნიერების "ფაბრიკა"

Adjara Group-ის გენერალურ დირექტორ ვალერი ჩეხერიას სურს წარსულის “ფაბრიკა” მომავლის პროექტად აქციოს. პრემიუმკლასის სასტუმროების შემდეგ სასტუმროების მენეჯმენტის ლიდერი Adjara Group Hospitality ჰოსტელების ბიზნესში შედის - რწმენით, რომ მის სოლიდურ ნაკვალევს მსუბუქი ახალგაზრდული კულტურა მიჰყვება.

ისტორიული უბნების გავლით, ძველი თბილისის პატარა ქუჩებით, “იტალიური” ეზოების ჩავლით - “ფაბრიკამდე” მისასვლელ გზაზე ყველაფერია, რაც თბილისურ არქიტექტურასა და კულტურას გაგრძნობინებს. დანიშნულების ადგილამდე მეც ამავე გზითა და შეგრძნებით მივედი.

ნინოშვილის რვა ნომერი - ამ შენობას საკუთარი ისტორია აქვს, ისევე როგორც მის სახელს. ერთ დროს, საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში, ქსოვილების ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც დღემდე მხოლოდ საბჭოთა წარსულს ინახავდა, ხვალიდან ევროპული მომავლის ეპიცენტრი უნდა გახდეს.

ძველი “ფაბრიკა” ახალ სიცოცხლეს იწყებს. საკერავ დაზგებს კომფორტული ავეჯი ანაცვლებს, გუგუნს - მუსიკა, ნაჭრებს - ტილოები, ნაცრისფერს - ფერადი, მუშაობას - დასვენება. ეს უფრო მეტია, ვიდრე თბილისისთვის არნახული მასშტაბების ჰოსტელი. ეს ადგილი მალე სტუდენტებსა და ახალგაზრდა მოგზაურებზე გათვლილ, მათ სურვილებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ კულტურულ ცენტრად უნდა იქცეს.

“ფაბრიკის” გრავიტაცია მისი ეზოდან მოდის. იგრძნობა, რომ ახალმა მფლობელებმა ისტორია არ წაშალეს, სახელიც შეინარჩუნეს და პირვანდელი იერსახეც, თუმცა ბეტონის კედლებიდან საბჭოთა სუნი თანამედროვე სტრიტარტს მაინც გაფანტული აქვს. შესვლისთანავე ხედავ, რომ აქ უკვე რაღაც ახალი და საინტერესო ხდება, თუმცა ისიც ეტყობა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და “რაც მერე მოხდება, ყველას გაგვაკვირვებს”.

ჩემი მასპინძელი Adjara Group Hospitality-ს გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერიაა. უკვე ხუთი წელია, კომპანიას მართავს, თუმცა ჰოსპიტალიტი ბიზნესში მისვლამდე პროფესიით იურისტმა ბევრი იარა. არასამთავრობო სექტორიდან სამთავრობოს (ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები) გავლით სხვა მთავრობის იურისდიქციამდე, ნიუ- იორკამდე ჩააღწია. ამერიკულ უნივერსიტეტში მიღებული განათლებით დაბრუნებულმა კი პირველი შეთავაზება სწორედ იმ ბიზნესმენისგან მიიღო, ვის ბიზნესსაც დღეს მართავს. თემურ უგულავასა და ვალერი ჩეხერიას პირველი თანამშრომლობა Holiday Inn-ის პროექტზე მუშაობისას შედგა.

ახალბედა კომპანიაში ვალერი ჩეხერია საკუთარი სტრატეგიით მივიდა. ჰოსპიტალიტი სფეროში გამოუცდელს, ამერიკაში მიღებული კარგი განათლება, ბევრი მოგზაურობა და ცხოვრებისეული გამოცდილება ისე დაეხმარა, რომ Forbes Georgia-ს დღეს უკვე იმას უმხელს, როგორ შეიძლება საბჭოთა ფაბრიკა ევროპულ ჰოსტელად იქცეს.

“ეს არის საბჭოთა დროს აშენებული შენობა, თავისი ისტორიით, თუმცა დიდი მომავლით. ჩვენი მიზანია, აქ ახალი სული გაჩნდეს, ისე რომ არც ისტორია წავშალოთ და არც საბჭოთა მძიმე წარსულმა შეგვაწუხოს”, - ამბობს იგი. ეზოს შესაძლებლობების დამტკიცების შემდეგ შენობის უპირატესობის ჩვენებას ცდილობს და ასე იწყებს მოყოლას ამბისა, რომელსაც ისტორიად ქცევა აუცილებლად უწერია.

არქიტექტურულმა კომპანია MUA-მ ნინოშვილის ქ. N8 ერთი წლის წინ სულ სხვა თვალით დაინახა - მომავლის ჰოსტელი წარსულიდან ინერციით ჩამომდგარი საწარმოო რუინების ნაცვლად. მზა ინდუსტრიული კონსტრუქცია, მონუმენტური ბარელიეფი ფასადზე და 1300-კვ. მეტრიანი შიდა ეზო ახალი არქიტექტურული ჩანაფიქრის ხიმინჯად იქცა. იდეა და სურვილი Adjara Group Hospitality-ს გაანდვეს და თანამშრომლობაც მალევე შედგა.

წლების მანძილზე მიტოვებულ “ფაბრიკაში” არც ისეთი სიჩუმეა, თავიდან რომ წარმომედგინა. ხარაჩოებიანი კედლების მყუდროებას ეზოს მარცხენა კუთხიდან წამოსული მუსიკა არღვევს - “ფაბრიკაში” პირველი ბარი უკვე სრული დატვირთვით ამუშავებულა.

“’ფაბრიკა’ გამორჩეული ადგილია. ეს სამეზობლო ისაა, რაც ბრუკლინი იყო ნიუ-იორკის- თვის 15 წლის წინ, - ამბობს ქორი გრინბერგი, Dive Bar-ის მფლობელი, რომელიც ხუთი წლის წინ, “მშვიდობის კორპუსის” მოხალისის სტატუსით ჩამოვიდა საქართველოში და შემდეგ დარჩა, რათა საკუთარი მცირე ბიზნესი განევითარებინა. - როცა “ფაბრიკის” გუნდს შევხვდი, მივხვდი, რომ აქაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემი ბარი. საერთოდ, ეს ბიზნესი სწორედ იმიტომ წამოვიწყე, რომ საქართველოსთვის “ამერიკული გართობა” შემეთავაზებინა, რომელიც ახალ ადამიანებთან მეტი სოციალური ინტერაციით და ნაკლები იზოლაციით ხასიათდება. ‘ფაბრიკაც’ ასეთია”.

ვალერი ჩეხერია სასაუბროდ ეზოს ირჩევს, აშკარაა - უნდა ამ ეზოს ხიბლი მეც მასსავით შევიგრძნო. შეძლო - ხმაურიან ეზოში საჭირო და სასურველი მყუდრო ადგილიც გამოიძებნა, ბარიდან წამოსული მუსიკა ჩემს ხმის ჩამწერს აღარ ემუქრება.

როცა დიდ ზურგჩანთაში პატარა საფულე გიდევს და როცა სურვილები “ჯიბეს უნდა გასწვდეს” თბილისში ჩამოსულს დიდი არჩევანი არა გაქვს. მართალია, გარეთ არ დარჩები, რამეს იპოვი, თუნდაც Google-ის საძიებო სისტემით, რომელიც რამდენიმე ათეულ თბილისურ ჰოსტელს უკვე იცნობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომკლასის სასტუმროებს შორის ხარისხზე კონკურენცია დღემდე თითქმის არ არსებობდა, ჰოსტელის ცნება თბილისში მეტწილად რიცხობრივად და არა ხარისხობრივად იზრდება.

Adjara Group Hospitality-ს ამ ბაზარზე საკუთარი უპირატესობის დამტკიცება მოუწევს. ხარისხის ნიშანი ძნელი დასამსახურებელი არ უნდა იყოს - ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის სფეროში საქართველოში ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი კომპანიის ბალანსზე ამჟამად სამი მოქმედი და უფრო მეტი მშენებარე პრემიუმკლასის სასტუმრო ირიცხება. მაგრამ არის რისკიც: ,,ლაქშერი’’ ბრენდების შემდეგ “ეკონომკლასის” ჰოსტელი კომპანიისთვის უჩვეულო სტარტაპია. Holiday Inn Tbilis-ის, Rooms Hotel Tbilis-ისა და Rooms Hotel Kazbegi-ს შემქმნელებმა ახლა თითქმის თავისუფალი ნიშის დაკავება მაინც გადაწყვიტეს. ბაზრის კვლევამ პერსპექტივა გაამყარა, ლისაბონში საგანგებოდ მოწყობილი “ჰოსტელიადა და ოდისეა” კი მშვენიერ ემოციურ ფონად გამოდგა.

“ეს უნდა გახდეს ახალგაზრდული ჰაბი - ადგილი, სადაც ახალი ურთიერთობები დაიბადება, სადაც ქართველი და უცხოელი მოგზაურები თუ სტუდენტები ერთად შეიკრიბებიან და მომავალს დაგეგმავენ”, - ამბობს ვალერი ჩეხერია.

მიზიდულობა სამმა რამემ უნდა განაპირობოს: “მომსახურებამ, სისუფთავემ და დაბალმა ფასმა”. 400 ვიზიტორზე გათვლილი 90 ოთახი ფასითა და სერვისით განსხვავებული იქნება. ჰოსტელში თანაცხოვრების ხიბლის - 4- 6-8-12-ადგილიანი ნომრების გარდა, იქნება უფრო ექსკლუზიური შეთავაზებებიც - 2-ადგილიანი აპარტამენტები საკუთარი გასასვლელით ტერასაზე, რომელთა ფასიც 10 დოლარიდან დაიწყება და მომსახურების შესაბამისად გაიზრდება.

“დარწმუნებული ვარ, “ფაბრიკა” ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილი გახდება თბილისში, ეს იქნება ბედნიერების, გემოვნების, განვითარების, კულტურისა და ქართული მომავლის ფაბრიკა”, - ამბობს ვალერი ჩეხერია. მას გამიზნული აქვს, ევროპა საქართველოს შეახვედროს და პირიქით, საქართველო - ევროპას. განსხვავებით ქვეყნის სოციალურ ქსოვილში ჩაქარგული ჰოსტელებისგან, ბრენდ- -სასტუმროები პარიზში, ლონდონსა თუ რომში ერთნაირი იერითა და ხელწერით გამოირჩევა. ყველგან “welcome from home to home” (“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლიდან - სახლში”) გხვდება ნომერში და თუ ხშირად მოგზაურობ, ახალგაღვიძებულს, კარგად გამოფხიზლებამდე, ქალაქის იდენტიფიცირებაც კი გიჭირს. დადიხარ, მაგრამ მაინც ერთ ადგილას ხარ.

“ფაბრიკა” მსგავსი ერთფეროვნების ანტიპოდია. “ფაბრიკის” სტუმრებს ნამდვილად ეცოდინებათ, სად არიან. ისეთი ბიზნესქალაქიც კი, როგორიც ახლა ბერლინია, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ახალგაზრდა მოგზაურებისთვის მიმზიდველი სწორედ “ჰოსტელური” ცხოვრების მომხიბლაობის გამო გახდა. Adjara Group-ის მიზანია, ნომადური სულისა და თანამედროვე ფასეულობების მქონე ახალგაზრდათა საყვარელი ქალაქების არაფორმალურ სიას თბილისიც შეჰმატოს.

იმისთვის, რომ “ფაბრიკა” იგრძნო, ჰოსტელში დარჩენა აუცილებელი პირობა არ არის. თბილისის მომავალ ახალგაზრდულ ცენტრში შესაძლებლობები მოთხოვნებზე მეტია. აქ ყველა კუთხეს საკუთარი დატვირთვა აქვს. ეს არის მულტიფუნქციური სივრცე ყველასთვის, თანამედროვე კომუნიკაციებით, კაფეებით, არტსტუდიოებით, ვორკშოფებით, ე.წ. “კო-ვორკინგ” სივრცეებით. გარემო, რომელიც დამწყებ ბიზნესს - განვითარების, ტურისტებს - დასვენების, სტუდენტებს კი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

“‘ფაბრიკაში’ ყველაფერია იმისთვის, რომ იცხოვრონ, იმუშაონ, გაერთონ და დაისვენონ”, - მიდასტურებს ვალერი ჩეხერია. მისი აღტაცება იმდენად გადამდებია, რომ დამფუძნებლების ნდობის $5.5-მილიონიან კრედიტსაც იმსახურებს. სწორედ ამდენია პროექტის სრული ღირებულება, რომლის ნაწილი კომპანიამ სესხად აიღო. აქ კი თამაშში უკვე “საქართველოს ბანკი” შემოდის. Adjara Group-მა ჰოსპიტალიტი ბიზნესი საქართველოს ბანკთან ერთად დაიწყო. ახლაც ისე, როგორც წლების წინ, როცა Adjara Group-ი პირველ პროექტს, Holiday Inn Tbilisi-ს, იწყებდა, იდეის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა თავის თავზე აიღო და მას შემდეგ ასეა. ძველ და გამოცდილ პარტნიორს უარი არც ახალ, გამოუცდელ პროექტზე უთხრა და სასესხო ხელშეკრულებაც კიდევ ერთხელ გაფორმდა. “რეალურად ეს მართლაც სტარტაპია. ბანკიც ასე მიუდგა. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი თითით საჩვენებელი იქნება საქართველოს ბანკის პორტფოლიოში”, - ამბობს ვალერი ჩეხერია.

საქართველოს ბანკი პირველი ბანკია ქვეყანაში, რომელმაც სასტუმროების სექტორის დაფინანსება დაიწყო. ამ მიმართულებით გაცემული სესხების პორტფელმა თითქმის 120 მილიონი ლარი შეადგინა.

“ფაბრიკის” ფერადმა ნათებამ შესაძლოა, მომავალში სხვა პარტნიორიც მოიზიდოს. EBRD-ი პროექტით უკვე დაინტერესდა, მაგრამ ამ დღეისათვის ინვესტიციის სრული მოცულობა მხოლოდ საქართველოს ბანკისაა.

სწორედ საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან ერთად ვისხედით ეზოში გაბნეულ ოთხ კაფეს შორის და ვცდილობდით წარმოგვედგინა იგივე ადგილი, როცა ჩვენ გარდა აქ კიდევ 1,497 ადამიანი იქნებოდა - ზოგი თავის გასანიავებლად, ზოგიც ინტელექტუალური ბაგაჟით დასატვირთად. აქ ყველა მოიჯარე ხელოვანია და ყველა ხელოვანი - მოიჯარე. ამავე პერიმეტრში სოციალური პროექტების დაწყება- განვითარებაზე “კო-ვორკინგ” სივრცეების მმართველი საერთაშორისო კომპანია იზრუნებს. ახალბედა მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი ბიზნესით ფეხის ადგმისთვის “ფაბრიკაში” შესაფერისი კუთხე იპოვონ, ადგილი იქირაონ და ოფისის ნაცვლად აქ იმუშაონ. მხოლოდ ორწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში კვადრატული მეტრის დაქირავება გამაოგნებელ 3-5 დოლარად არის შესაძლებელი. “გვინდა, დამწყებ ენთუზიასტ ბიზნესებს ხელსაყრელი პირობები შევუქმნათ ფეხზე დასადგომად, რათა გაზრდილებმა საკუთარი გზა იპოვონ, - განმარტავს ვალერი ჩეხერია. - ერთადერთი პირობაა, პროდუქტების ან სერვისის იმავე ასორტიმენტს არ სთავაზობდეს, როგორსაც მეზობელი ობიექტი. მრავალფეროვნება აუცილებელია”.

სტუდენტებისთვის ეს ადგილი დამატებით მნიშვნელობასაც შეიძენს. უნივერსიტეტები, რომლებსაც საერთაშორისო სტუდენტები ჰყავთ, საორიენტაციო კვირეულებს სწორედ ამ სივრცეში ჩაატარებენ. სტუდენტებს კი განაცხადების შევსება, ფაკულტეტის არჩევა და გამოცდებისთვის მომზადება ადგილზევე შეეძლებათ.

“ფაბრიკა”, გარდა უკვე არსებული 180 თანამშრომლისა (რიცხვი აუცილებლად გაიზრდება), დასაქმების შესაძლებლობას თავად ვიზიტორებსაც აძლევს. ამისთვის ჰოსტელი მათ ბარტერს შესთავაზებს. “იმუშავე და იცხოვრე უფასოდ” შესაძლოა, ამ პროექტის სავიზიტო ბარათიც კი გახდეს.

Adjara Group-ის დირექტორმა საუბრისას რამდენჯერმე მითხრა, რომ “ფაბრიკა” კომპანიისთვის ბიზნესინტერესთან დამატებით სენტიმენტსაც ატარებს. ასეთი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, რესპონდენტის რწმენით, სიგნალი იქნება, რომ “ჩვენ ნამდვილი ევროპელები ვართ”. ვალერი ჩეხერია კიდევ ერთ ჩანაფიქრს მიმხელს. “მანქანიდან დანახული თბილისის” ნაცვლად “ფაბრიკელებს” საშუალება ექნებათ, ქალაქი ველოსიპედით, სკეიტბორდით ან სკუტერებით შემოიარონ. გასვლით ტურებს კი Adjara Group-ის ახალი წამოწყება, საჰაერო ტაქსები უზრუნველყოფს. საჰაერო ტაქსი საქართველოში ნოემბერში გამოჩნდება და პირველ ეტაპზე ყაზბეგის, ბათუმისა და სვანეთის მიმართულებით იფრენს. Adjara Group-მა ორი რვაადგილიანი Beechcraft-ი შეისყიდა. მოთხოვნის პროპორციულად მოიმატებს საფრენი აპარატების რაოდენობაც. კომპანია ახლა ფრენის ლიცენზიას ელოდება და ფასებიც ამის შემდეგ დაითვლება, თუმცა ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ ფრენის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება.

როდესაც ეს ტექსტი თქვენამდე მოვა, ჰოსტელში უკვე სტუმრები იცხოვრებენ. ცოტაც და ყველაფერი მზადაა. “ფაბრიკას” მეც ამ დღემდე ვემშვიდობები, რათა კიდევ მრავალჯერ მივესალმო, როგორც სულიერი სიახლოვის გამოისობით ახალშეძენილ მეგობარს, რომელთან ერთადაც უბრალოდ ვერ მოიწყენ. “ჩვენი ბავშვობისგან განსხვავებით, ჩვენს შვილებს აღარ უნდა ახსოვდეთ, რომ თბილისში იყო ომი, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ თბილისში არის ჰოსტელი, რომელიც არის ბედნიერება - ბედნიერების ‘ფაბრიკა’”,- Adjara Group-ის გენერალური დირექტორი ამ სიტყვებით მაცილებს. 

წინა სტატია

Georgia’s Position in the Global Energy Game
27 ოქტომბერი, 2016

შემდეგი სტატია

ერთი ნაბიჯით წინ
28 ოქტომბერი, 2016
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა