ლარის მოცულობამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ლარის მოცულობამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მიმოქცევაში არსებული ლარის მასამ (მოცულობამ), ე.წ. ფართო ფულის (M2) აგრეგატით, 6 მილიარდ 375 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ლარის არსებობის ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელია. ლარის მასამ სწრაფი ზრდა აპრილიდან დაიწყო და ბოლო ექვს თვეში დაალოებით 1 მილიარდი ლარით (18%-ით) გაიზარდა. ლარის მასის მაჩვენებელი – M2 მოიცავს ბანკებს გარეთ არსებულ ნაღდ ფულს და ლარში განთავსებულ დეპოზიტებს. ლარის მასის ზრდის ტენდენცია ლოგიკურია, რადგან თუნდაც დაბალი მაჩვენებლით გაზრდილ ეკონომიკას მეტი ლარი ესაჭიროება.

2015 წლის თებერვლიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რისი მიზანიც ინფლაციის მომატებული დონის შემცირება იყო. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ლარის მასაზე უარყოფითად აისახა და მიმდინარე წლის 31 იანვრისთვის ლარის მასა 5 354 მილიონ ლარამდე შემცირდა. ინფლაციური პროცესის შეჩერებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის აპრილიდან ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დაიწყო, რაც ლარის მასის ზრდაზე პოზიტიურად აისახა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ლარის მასის ზრდა უარყოფითად მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე. ეროვნული ბანკი გარკვეული დილემის წინაშე დგას, ერთ მხრივ ეკონომიკას მეტი ფული ესაჭიროება (ამასთან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება) და მეორე მხრივ, დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირების ფონზე, ლარის მასის ზრდა ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითად მოქმეებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *