დიდი მწვანე გზა?

“ჰამილტონი” შესაძლოა, Broadway-ს ბლოკბასტერია, მაგრამ თეატრის ინვესტორთა უმეტესობა ბევრ (ქაღალდის) ბენჯამინს კარგავს.

გასულ ნოემბერს, – მალევე, როცა “ჰამილტონი” პატარა, არაკომერციული Public Theater-ის ჰიტიდან Broadway-ს ჰიტად იქცა და თვეში მილიონებს აკეთებს – ინვესტორ ბრიზა ტრინჩეროს ერთმა ცნობისმოყვარე მილიარდერმა დაურეკა ტექნოლოგიის სფეროდან.

“ჰამილტონის” მომდევნო რაუნდზე მოხვედრა მინდა, – უთხრა პირდაპირ.

“Broadway-ზე ასე არ ხდება... აქ ერთი კაპიტალიზაციაა”, – აუხსნა ტრინჩერომ, რომელსაც თავისი კომპანიის, Make Musicals-ის მეშვეობით, 20 პროდუქციაში აქვს ინვესტიცია განხორციელებული, მათ შორისაა, “ლამაზი” და “პორგი და ბესი”. – Broadway-ს შოუში დაბანდება ერთჯერადად ხდება”.

თავად ტრინჩეროს, მისთვისვე საბედნიეროდ, თავის დროზე არ გაუშვია ეს ერთჯერადი შანსი ხელიდან. ის “ჰამილტონის” ფაქიზად შერჩეულ თითქმის 100 სპონსორს შორისაა (ამ ჯგუფში არიან, მაგალითად, მილიარდერი ლენ ბლავატნიკი და Tony Awards-ის გამარჯვებული პროდიუსერი კევინ მაკქოლუმი), რომელთაც ლინ-მანუელ მირანდას ინოვაციურ ჰიპ-ჰოპ-მიუზიკლის $12.5-მილიონიან კაპიტალიზაციაში კოლექტიურად შეიტანეს წვლილი.

ყოველმა მათგანმა მშვენიერი სარგებელი ნახა. პროგნოზების თანახმად, პირველ წელს Broadway-ზე “ჰამილტონი” სავარაუდოდ $100 მილიონს მოიტანს, მოგება კი დაახლოებით $25 მილიონი იქნება (წინასწარი გაყიდვები თითქმის $100 მილიონს შეადგენს). ინვესტორებს უკვე აქვთ მოგება; შეუძლიათ, თამამად ივარაუდონ, რომ ყოველ წელს, სულ მცირე, გაიორმაგებენ თითოეულ ჩადებულ დოლარს შოუში იმ კაცის შესახებ, რომელმაც ამერიკული ფული შექმნა. გარდა ამისა, თავისი წილი “კრიტიკული” დიდებაც ერგებათ: “ჰამილტონი” ამ თვეში, თავისი 16 Tony Award-ით, რეკორდის მოხსნის გზას ადგას (თუმცა მირანდა, სავარაუდოდ, ივლისში შოუს დატოვებს).

“პირველი აქტი რომ ვნახე, მივხვდი, რომ თამაშის წესის შემცვლელთან გვქონდა საქმე”, – ამბობს ტედ ჩაპინი – Tony-ს დამფუძნებელი American Theatre Wing-ის ყოფილი თავმჯდომარე. “ეს ისეთი რამეა, 50 წელიწადში ერთხელ რომ ხდება”, – ამატებს რონ ჩერნაუ, რომლის დაწერილი ალექსანდერ ჰამილტონის ბიოგრაფია, თავის მხრივ, მირანდას შთაგონებად იქცა.

როცა საქმე Broadway-ში ინვესტიციაზე მიდგება, “ჰამილტონის” მსგავსი წარმატება ისეთივე პროგნოზირებადია, როგორიც, ვთქვათ, უკანონოდ გაჩენილი ობოლი იმიგრანტი აშშ-ის ხაზინის პირველი მდივანი რომ გახდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეეშვით თეატრალურ პროდუქციაში დაბანდებაზე ფიქრს, თუ არ ხართ მზად, დაკარგოთ სხვა დამაარსებელი მამების პორტრეტებიანი უამრავი ქაღალდი. Broadway-ს შოუთა უმეტესობას მოგება არ მოაქვს; გასულ სეზონზე 36-დან მხოლოდ 10-მა ახალმა პროდუქციამ შეძლო თავის გატანა, ყველაზე განთქმულ ჩავარდნათა რიცხვში კი “სპაიდერმენი: გამორთე სიბნელე” (Spider-Man: Turn Off the Dark) გვევლინება, რომლის ინვესტორებმა, ცუდი პრესის ცუნამისა და აურაცხელი ყოველკვირეული დანახარჯების შემდეგ, $60 მილიონის ზარალი იგემეს. და მაინც, ყოველ წელს Broadway-ს ახალი ანგელოზები ღვთაებრივ შედეგებს ელიან.

“ცუდ ინვესტიციებზე თუ მიდგა საქმე, ეს მაინც უკეთესი ინვესტიციაა, – ამბობს Tony-ს გამარჯვებული პროდიუსერი ჯეკ ვირტელი. – ეს უფრო გასართობია, ვიდრე სხვა ცუდი ინვესტიციები, ხოლო ჯეკპოტი, თუ ოდესმე გაგიმართლა, დიდი იქნება”.

მართლაც, “ჰამილტონისებრი” უჩვეულო წარმატებები არსებობს – 1975 წლის “ქოროს ხაზით” დაწყებული, 2011 წლის “მორმონის წიგნით” დამთავრებული. “მეფე ლომმა” მსოფლიო მასშტაბით $6 მილიარდზე მეტი მოიტანა, ხოლო “ბოროტი ჯადოქარი” Universal-ის ყველაზე სარფიანი კუთვნილებაა, რომელიც თვით “იურული პერიოდის პარკისა” და “ტერმინატორის” ფრანშიზებს სჯაბნის. “Broadway-ზე ფულს სტაბილურად თუ ვერა, ერთჯერადად და სწრაფად მაინც იშოვი”, – ამბობს ტრინჩერო.

35 წლის ტრინჩერომ საქმე გამოცდილების გზით ისწავლა. 2005 წელს პორტლენდის უნივერსიტეტში M.B.A. დაამთავრა, რამდენიმე წელიწადში კი უკვე ორეგონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თეატრალურ კომპანიას ედგა სათავეში. 2010 წელს მის ერთ-ერთ დონორს “ბონი და კლაიდი” მოეწონა, შოუ კი იმ დროს უკვე Broadway-ს გზას ედგა. მან ტრინჩეროსთან პარტნიორობით, მიუზიკლს $250,000 შესწირა... მაგრამ მთელი ფული დაკარგა, რადგან თვეც არ იყო გასული, მიუზიკლი მოიხსნა.

ტრინჩეროს ფარ-ხმალი არ დაუყრია. მირანდას პირველი Broadway-მიუზიკლის –”სიმაღლეებში” – სანახავად წავიდა. ისე მოინუსხა, რომ შოუს პროდიუსერჯილ ფერმანთან მივიდა და ცარიელი ჩეკი გაუწოდა. ცხადია, ტრინჩეროს ულიმიტო ფონდები არ ჰქონდა, მაგრამ იცოდა, რომ კაპიტალდაბანდება მირანდაში სურდა. “რაც უნდა გააკეთოს შემდეგი, – თქვა მან, – დავაბანდებ”.

მირანდა მართლაც მუშაობდა შემდეგზე. მას ჩერნაუს 2004 წელს დაწერილი ჰამილტონის ბიოგრაფია წაეკითხა. ტექსტში არა მხოლოდ კლასიკური ამერიკული ისტორია ამოიკითხა, არამედ კლასიკური ჰიპ-ჰოპ-ამბავიც: სიტყვათა ძლევამოსილებით ნაკარნახევი აღზევება სიღარიბიდან. მირანდამ ჩერნაუს სთხოვა, ისტორიული კონსულტაცია გაეწია “ჰამილტონის მიქსტეიპისთვის” (The Hamilton Mixtape) რასაც, იმედოვნებდა, რომ თავის მეორე მიუზიკლად აქცევდა.

“როცა ხალხს დამაარსებელ მამებზე შექმნილ ჰიპ-ჰოპ-მიუზიკლის შესახებ ვეუბნებოდით, დაგვცინოდნენ”, – იხსენებს ჩერნაუ.

მაგრამ მირანდამ თავიდანვე შეძლო გავლენიანი ადამიანების პოვნა, რომელთაც სწამდათ მისი. მათ შორის გახლდნენ ობამები; ისინი პირველთაგანი იყვნენ, ვინც თეთრ სახლში “ჰამილტონის მიქსტეიპი” იხილა. მალე მირანდამ პროექტი სრულმეტრაჟიან მიუზიკლად აქცია და 2013 წელს საკუთარ ქმნილებასთან დაკავშირებით ვორკშოპი მოაწყო Vassar College-ში. რაღაც ხანში, ფერმანმა და კოლეგა პროდიუსერმა, ჯეფრი სელერმა, $1.9 მილიონი გაიღეს და 2015 წელს ნიუ-იორკის Public Theater-ში შოუს დებიუტიც შედგა. მალევე “ჰამილტონის” ჩვენება Broadway-ზე გადაწყვიტეს; იცოდნენ, რომ იქ საუკეთესო ინვესტორებს მოინადირებდნენ.

თავიანთი ვიწრო წრის წევრები რომ შეკრიბეს, ფერმანს უცებ ის ცარიელი ჩეკი გაახსენდა, ტრინჩერომ რომ გაუწოდა, თანაც, ამ უკანასკნელს ის-ისაა, განეხორციელებინა ინვესტიციები “ლამაზსა” და “პორგი და ბესში”, ჰოდა, მოიპატიჟა და კონკრეტული ხუთციფრიანი თანხის დაბანდება შესთავაზა – არც მეტის და არც ნაკლების. შოუს დებიუტი Broadway-ზე 2015 წლის აგვისტოს შედგა და მსოფლიომაც მალე აღიარა, რომ ჩერნოუს წიგნისა და მირანდას რიტმების ტანდემი ბრწყინვალე აღმოჩნდა.

თუმცა, ასეა თუ ისე, როცა ინვესტიციაზე მიდგება საქმე, ტრინჩეროს ღრმა რწმენით, მასალა მხოლოდ ერთი ნაწილია ალქიმიისა. ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტები, მისი თქმით, რაციონალური ყოველკვირეული ოპერაციული ხარჯებია (რაც მიუზიკლებისთვის, ტიპურად, $500,00-დან $800,000- მდე მერყეობს) და ძლიერი მთავარი პროდიუსერები, როგორიცაა, მაგალითად, სელერი, რომლის რეზიუმეში “ ქირა” და “ავენიუ Q” გვხვდება. შოუთა უმეტესობას ასევე რამდენიმე თანაპროდიუსერი ჰყავს, რომელთა სახელები შოუს სათაურის თავზე ეწერება; ისინი პრივილეგიისთვის $500,000-სა და $1 მილიონის ფარგლებში ნებისმიერ თანხას იხდიან და აქვთ უფლება, Tony Awards-ზე გავიდნენ.

გარდა ამისა, უფრო პატარა კონტრიბუტორთა ჯგუფიც გამოდის ასპარეზზე და თითოეული მათგანი ხუთ-ან ექვსციფრიან თანხას სწირავს. Broadways-ს ყველა სპონსორი აკრედიტებული ინვესტორი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, სულ მცირე, წლიურ $200,000-ის შემოსავალს ან ინვესტირებად კაპიტალს, რაც $1 მილიონს საგრძნობლად აღემატება. ბოლო პერიოდის შოუებმა, როგორიცაა, მაგალითად “ღმერთის შელოცვა”, ცოტათი უცვალეს სახე მოთხოვნებს და კრაუდფანდინგს მიმართეს. თეორიულად ეს მშვენიერი გზაა, უფრო მეტი ხალხი ჩართო Broadway-ს გუნდში, მაგრამ პრაქტიკაში, ეს მშვენიერი გზაა, გულანთებულ და გულუბრყვილო ახალბედებს ფული დააკარგვინო შოუებში, რომლებზეც ვეტერანებმა უკვე უარი თქვეს.

“თუ ამ საქმეში ჩაბმა გსურს და თუ ვინმე რაიმე პროექტს მოგიტანს, იცოდე, რომ შესაძლოა, ფული დაკარგო, – ამბობს ტრინჩერო, რომლის შეფასებითაც, თავად თეატრალური ინვესტიციებიდან 60% მოგება ნახა. – მაგრამ ისიც იცოდე, რომ ეს ერთადერთი გზაა იქ შესაღწევად... ამას ნამდვილი ღირსების ორდენი მოჰყვება”.

“ჰამილტონის” მსგავს ძალდაუტანებელ ჰიტში ინვესტირებას ერთი ნაკლიც ახლავს. მეგობრები და ნათესავები გაუთავებლად გირეკავენ, და ადგილების დაჯავშნას გთხოვენ. ტრინჩერო, ამ შემთხვევაში, ფარდას ბოლომდე სწევს ქვემოთ: “ბილეთებისთვის არ დამირეკოთ”.

წინა სტატია

The Danish Hostess of Georgia
03 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ლარის ოფიციალური კურსი 2.44-მდე გაიზარდა
03 ნოემბერი, 2016
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა