ჩვენი უკმაყოფილების წყაროები

ჩვენი უკმაყოფილების წყაროები

სამყარო კოლაფსის პირასაა და მხოლოდ აშშ-ს აქვს ძალა და მორალური სტატუსი, ეს მეწყერი შეაჩეროს – მეწყერი, რომელსაც კატასტროფული შედეგები შეიძლება, მოჰყვეს. ლამის ერთი დღეც არ გაივლის საზიზღარი, შემაძრწუნებელი მოვლენის გარეშე – ისლამისტთა მორიგი ბარბაროსული ტერორისტული თავდასხმა; შეჩერებული გადატრიალება თურქეთში, რომელიც ამ ქვეყნის ისლამისტი ლიდერისთვის საბაბად იქცა, საკუთარი თავი დიქტატორად აქციოს (მხოლოდ ოფიციალური სტატუსით არაა ასეთი); ჩინეთის მზარდი აგრესია, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე უკანონო კონტროლის მოპოვებისკენაა მიმართული; პუტინი, რომელიც ყოფილი საბჭოთა იმპერიის ქვეყნებს ებღაუჭება. გლობალური ეკონომიკა დაქუცმაცებას განაგრძობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კიდევ ერთხელ ჩამოაქვეითა თავისი პროგნოზები დარჩენილი წლისა და 2017-ის ზრდის ტემპთან დაკავშირებით. ხანგრძლივი ეკონომიკური სტაგნაცია უფრო მძვინვარე პოლიტიკურ შუღლს აღვივებს და ევროპაში რადიკალი, ავტორიტარი პარტიები იკრებენ ძალებს.

ამ გლობალურ გასაჭირს ორი ძირითადი წყარო აქვს.

ეკონომიკა. დაივიწყეთ უაზრო ყბედობა არარსებული ზრდის ან იმის შესახებ, რომ „სეკულარული სტაგნაცია“ და სხვა, ვითომდა ავბედითი, ძალები მაჩანჩალობისთვის გვწირავენ. ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკის შეცდომათა გამო მიგვდის ცუდად საქმე – ჭარბი გადასახადები, რეგულაციები და ხარჯვა. ყველაზე დიდ მიზეზს – მონეტარულ პოლიტიკას – პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში საერთოდ არ ახსენებენ, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები და დამკვირვებლები თვლიან, რომ ეს ზრდის ინსტრუმენტია. ცენტრალური ბანკის პოლიტიკა, რომელიც რაოდენობრივ შემსუბუქებასა და ნულოვან საპროცენტო განაკვეთებს ეხება, უზნეოდ ამახინჯებს საკრედიტო ბაზრებს, რაც ეკონომიკებს კი არ ასტიმულირებს, არამედ დეფლაციას ახდენს. მთავრობებსა და კორპორაციებს იაფ ფულზე აქვთ წვდომა მაშინ, როცა ეკონომიკის ყველაზე უფრო დინამიკურ, შემოქმედებით წარმომადგენლებს – პატარა და ახალ საწარმოებს – ულუფები დეფიციტურად ერგებათ.

ზრდაზე ორიენტირებული სტრუქტურული ცვლილებები ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაში გახევებულ ეკონომიკებს სწრაფად გამოაცოცხლებდა.

ამგვარი რეფორმები არ გულისხმობს გლობალური სავაჭრო სისტემის გაჯერებას ახალი ტარიფებითა და სხვა სავაჭრო ბარიერებით. დღეს ბლომად წამალია, რეალურ სავაჭრო ტრავმებს რომ მოვუაროთ.

იზოლაციონიზმი. ბარაკ ობამას ღრმად სწამს მემარცხენე ყბედობის, რომლის თანახმადაც, აშშ (და ჩვენამდე ევროპული იმპერიალისტური სახელმწიფოები) სამყაროს ყველა განსაცდელის წყაროა. შეეშვი მსოფლიოს – დანარჩენი პლანეტა თავად მიხედავს თავს. შესაძლოა, რთული პროცესი იყოს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, დასრულდება და ხალხიც უფრო ბედნიერი გახდება.

მაგრამ 1930-იანებმა გვაჩვენა, რა ხდება, როცა აგრესიას ძალით არ უპირისპირდები. ამიტომაა, რომ მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, აშშ თავისუფალი სამყაროს ლიდერად გვევლინება. არც ერთ სხვა დემოკრატიას არა აქვს საკმარისი ძალა და საერთაშორისო მასშტაბურობა, ეს საქმე რომ გააკეთოს. ძვირი ჯდება? რასაც დღეს თავდაცვაზე ვხარჯავთ, გახლავთ წილადი იმისა, რაც დიდ ომში ბრძოლა დაგვიჯდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ საზარელ ადამიანურ დანაკარგზე. მტრული ან პოტენციურად მტრული ძალისათვის მსოფლიოს რომელიმე რეგიონზე დომინირების ნების არმიცემა გლობალური კეთილდღეობის უჩვეულო ექსპანსიის საფუძველი გახდა 1945 წლიდან, რასაც საერთაშორისო ვაჭრობაც უნთებდა ცეცხლს. თუ ობამას იზოლაციონისტურ პოლიტიკას გავაგრძელებთ, მსოფლიო კიდევ უფრო სახიფათო და კიდევ უფრო ნაკლებწარმატებულ ადგილად იქცევა.

ამ საკითხს დონალდ ტრამპის მოსაზრებებამდე მივყავართ NATO-ს შესახებ – ისტორიისა და თავისუფლების გასაოცრად წარმატებული პროექტის შესახებ. მთავარი არსი სიმარტივეში მდგომარეობს: თავდასხმა მის ერთ წევრზე ყველა მათგანზე თავდასხმაა. NATO საბჭოთა კავშირის შემაკავებლად რჩებოდა და ამიტომაა, რომ პუტინმა კიდევ უფრო დიდი აგრესია ვერ გამოიჩინა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიმართ, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ყოფილ საბჭოთა სატელიტებზე და დღეს უკვე NATO-ს წევრებზე, როგორიცაა მაგალითად, პოლონეთი. NATO-ს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, ევროპა აყვავებულ, საკუთარ თავზე ორიენტირებულ კონტინენტად იქცა და არა დიდი ძალმომრეობითი პოლიტიკის საბრძოლო ველად. ომი გერმანიასა და საფრანგეთს შორის დღეს წარმოუდგენელია.

დიახ, ჩვენმა მოკავშირეებმა თავდაცვაზე ბევრი უნდა დახარჯონ. მაგრამ ღრმა, ფუნდამენტური საკითხი ასე ჟღერს: მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. აშშ გლობალური მფარველობის რაღაც სააგენტო არ არის, მისი სერვისი რომ იქირაო.

როგორც აშშ ამას რონალდ რეიგანის მმართველობის დროს, 1980-იანებში აკეთებდა, ახლაც უნდა დავიწყოთ ზრდაზე მომართული რეფორმები, როგორიცაა გადასახადების მასიური შემცირება და ცენტრალური ბანკის უზნეობათა შეჩერება, ჩვენს საკრედიტო ბაზრებზე რომ ახორციელებს. სხვა ერებიც აიღებენ მაგალითს, ზუსტად ისევე, როგორც ამას სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ აკეთებდნენ.

და ჩვენც აქტიურად უნდა ჩავებათ მსოფლიოში – კი არ უნდა ვცადოთ მისი გადაკეთება ჩვენი წარმოდგენებისამებრ, არამედ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ცუდი აქტორები თამაშგარე არიან. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *