“ქართული ოცნების” ეკონომიკური დაპირებები

“ქართული ოცნების” ეკონომიკური დაპირებები

“ქართული ოცნების” მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული პარტიის საარჩევნო პროგრამის განხილვა. სტატიაში. საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე, განვიხილავთ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით რა მნიშვნელოვანი ინიციატივები და რეფორმები უნდა განახორციელოს “ქართულმა ოცნებამ” 2017-2020 წლებში.

მაკროეკონომიკური სტაბილურობა

მაკროეკონომიკური სტაბილურობის ასამაღლებლად პარტიის გეგმები შემდეგია:

  • გაგრძელდება ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებასა და პრიორიტეტული მიმართულებებით გადანაწილებაზე. შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა;
  • სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებთ შენარჩუნდება იმ დონეზე, რომელიც ქვეყნის სტაბილურ საკრედიტო რეიტინგსა და დადებით საინვესტიციო იმიჯს უზრუნველყოფს;
  • არ გაძლიერდება სახელმწიფოს წნეხი ეკონომიკაზე;
  • გაიზრდება ბიუჯეტის გამჭვირვალობა;
  • ხელი შეეწყობა ლარში დაკრედიტების ზრდას.

მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით პარტიას ძირითადად ზოგადი დაპირებები აქვს და კონკრეტული წინადადების უკან განსხვავებული მიდგომები შეიძლება მოიაზრებოდეს. საუბარია ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის შეზღუდვაზე, მაგრამ არ არის მოცემული კონკრეტული რიცხობრივი პარამეტრები. სახელმწიფო ვალს რაც შეეხება, იგულისხმება ვალის არდაშვება მშპ-ის 60%-ზე მეტად. ეკონომიკაზე წნეხის არგაძლიერება მოიცავს საგადასახადო ტვირთის არგაზრდას, სხვა შემთხვევაში ეს პირობა არ შესრულდება. ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო დღეს მსოფლიოში მე-16 პოზიციაზეა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინსვლა რთული იქნება. ლარში დაკრედიტების გასაზრდელად კი კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები იქნება საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სლოგანში ცენტრალური ადგილი ეკავა ფრაზას “სწრაფი განვითარება”, არ არის მიახლოებითი მინიშნებაც კი მომდევნო 4 წლის განმავლობაში რამდენი იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი. თუმცა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანმხლებ დოკუმენტში – “ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები” – 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-ია, 2018-2019 წლების – 4.5-4.5%, ხოლო 2020 წლის – 5.5%. მომდევნო 4 წლის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 4.6% გამოდის, რაც არ შეესაბამება “სწრაფი განვითარებისთვის” საჭირო ტემპს. ასეთი ტემპით საქართველოს მოსახლეობის რეალური შემოსავლების გაორმაგებას დაახლოებით 15 წელი დასჭირდება.

დასაქმება

დასაქმების ზრდის მიმართულებით “ქართულ ოცნებას” საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს, რაც 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს. პროგრამაში გაშლილია, რომელი ინიციატივა რამდენ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის:

  • მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი;
  • ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად დასაქმდება 40 000 ადამიანი;
  • მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი;
  • დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი;
  • ტურიზმის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად შეიქმნება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი.

სამუშაო ადგილების შექმნა პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპთან არის დაკავშირებული. საშუალოდ 4.6%-იანი ეკონომიკური ზრდა არ არის ისეთი მაღალი მაჩვენებელი, რომ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა უზრუნველყოს. მით უმეტეს, როდესაც ტექნოლოგიური პროგრესი სულ უფრო ამცირებს ადამიანების შრომის საჭიროებას.

ბიზნესგარემო

“ქართული ოცნება” ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით შემდეგ მნიშვნელოვან აქტივობებს დაგვპირდა:

  • უზრუნველყოფილი იქნება საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა – ამოქმედდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული წესი;
  • შეიქმნება ერთიანი სივრცე, სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება კერძო ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება;
  • გამოცხადდება მორატორიუმი ახალი ლიცენზიებისა, ნებართვების შემოღებაზე და ახალი მარეგულირებელი სტრუქტურების შექმნაზე, გარდა იმისა, რომელიც მოთხოვნილია, რომ იყოს ლიცენზირებადი საქმიანობა საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით;
  • მოხდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. 100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი.
  • განხორციელდება სახელმწიფო სერვისების საფასურების ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს ფასიანი მომსახურებების რაოდენობისა და საფასურების ოდენობების შემცირებას;
  • ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით. გაგრძელდება სტარტაპების აქტიური მხარდაჭერა;
  • კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის, მოხდება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვს დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი;
  • უზრუნველყოფილი იქნება საგადასახადო სტიმულები ბიზნესის განვითარებისთვის. 2017 წლიდან ძალაში შევა მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რომლის მიხედვით საწარმოს მიერ მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილებისას.

კაპიტალის ბაზრის რეფორმა

დღეს საქართველოში კაპიტალის ბაზარი დაბალ დონეზეა განვითარებული, რადგან ფასიანი ქაღალდების ბაზარი ძალიან მცირეა. ეს განპირობებულია იმით, რომ არც ბიზნესს და არც კრედიტორებს არა აქვთ სტიმული, ქვეყნის შიგნით ფასიანი ქაღალდებით ივაჭრონ. დაბალია ნდობა აქციონერებსა და კომპანიებს შორის. შესაბამისად, ხელისუფლება გეგმავს, საკანონმდებლო სტიმულებით, ოპტიმიზებითა და კერძო საპენსიო ფონდის განვითარებით ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

  • ხელი შეეწყობა კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, რაც გამორიცხავს ბაზრის ცალკეული სეგმენტების, ინსტრუმენტების ან მონაწილეების დისკრიმინაციას, უპირატეს ან მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებას.
  • დაიხვეწება შესაბამისი საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები;
  • დაიხვეწება მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის გარანტიები. მაქსიმალურად დაცული იქნება წვრილი და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების ინტერესები;
  • კაპიტალის ბაზრის შედარებით ფართო რეფორმის შემადგენელი კომპონენტია საპენსიო რეფორმა. კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება;
  • კერძო დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას;
  • რეფორმის შედეგად, ქვეყანაში ლარში დენომინირებულ სესხებზე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით 2%-ით შემცირდება.

საპენსიო სისტემის შემოთავაზებული მოდელი გადასახადებისა და ბიუჯეტის ხარჯების ზრდას გულისხმობს, რაც თავის მხრივ ეკონომიკისთვის რისკებს შეიცავს. რეფორმის შედეგად, ლარში დომინირებულ გრძელვადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთის 2%-ით შემცირება არ იქნება ის შედეგი, რაც შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს, რადგან საპროცენტო განაკვეთებს ისედაც კლების ტენდენცია აქვს და, მაგალითად, ბოლო 4 წელიწადში 3% პუნქტით შემცირდა.

თავისუფალი საგარეო სავაჭრო ურთიერთობები

თავისუფალი ვაჭრობა ნამდვილად საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ძირითად სავაჭრო-პარტნიორი ქვეყნების უმეტესობასთან უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობა. მალე ამ ქვეყნების რიცხვს შეემატება ჩინეთი, რაც დადებითი მოვლენაა. დაპირებებს რაც შეეხება, ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური დიპლომატიის გააქტიურება სწორია. მთავარია, მთავრობამ ექსპორტის პირდაპირი სუბსიდირება არ დაიწყოს და მხოლოდ საგადასახადო და სხვა შეღავათებით დაეხმაროს. ძირითადი დაპირებები შემდეგია:

  • დაეხმარება ბიზნესს ახალ ბაზრებზე შესვლაში. კერძოდ, მოხდება ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯების შემსუბუქება, აგრეთვე ექსპორტთან ასოცირებული რისკების დაზღვევა;
  • განვითარდება ონლაინ პლატფორმა, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდის ქართველ ექსპორტიორებს მათთვის საინტერესო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ;
  • შეიქმნება კომერციული ატაშეების ინსტიტუტი;
  • არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით განსაზღვრული შესაძლებლობების მაქსიმალურად ასათვისებლად და ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, გაიზრდება შესაბამისი საწარმოების სახელმწიფო მხარდაჭერა (როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური).

ინფრასტრუქტურული განვითარება

2013-2016 წლებში ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაახლოებით 6 მილიარდი ლარი დახარჯა, მომავალ 4 წელში კი დაახლოებით 8 მილიარდი ლარის (3.5 მილიარდი დოლარის) დახარჯვას გეგმავს. კაპიტალური ხარჯების ზრდა დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას, მთავარია, ამ ხარჯების შედეგად, ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი არ გაიზარდოს იმ დონემდე, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას შეასუსტებს. აქამდე განხილული დაპირებებისგან განსხვავებით ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული დაპირებები რიცხვებს შეიცავს, რაც მომავალში გააიოლებს ამ დაპირებების შესრულება/არშესრულების მონიტორინგს.

  • 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის, $3,5 მილიარდის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა.
  • 2020 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 360 ათასი ადამიანი.
  • ნარჩენების მართვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისები, მოხდება არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანა სტანდარტებთან ან დახურვა.
  • აშენდება 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა.

ენერგეტიკა

ბოლო წლებში იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე საქართველოს დამოკიდებულება გაიზარდა, მომავალ 4 წელში კი საპირისპიროს გვპირდებიან. აქაც კონკრეტული რიცხობრივი დაპირებებია 500 მეგავატი სიმძლავრის შექმნასა და 3-მილიარდიან ინვესტიციაზე. თუმცა არ არის დაკონკრეტებული, 500 მეგავატი მოიცავს თუ არა ისეთი დიდი ჰესების მშენებლობას, სადაც მთავრობა მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდება. გაზსაცავის აშენება სწორი მიდგომაა. შესაძლოა, წმინდა ეკონომიკური მიდგომით ეფექტიანი არ იყოს, მაგრამ პოლიტიკურ ფაქტორებსაც თუ გავითვალისწინებთ, ის საქართველოს მეტ ენერგოდამოუკიდებლობას მოუტანს.

  • ხელისუფლება უზრუნველყოფს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას;
  • 2017-2020 წლებში შეიქმნება სულ მცირე 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე;
  • ენერგეტიკის სექტორში ჩაიდება სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიცია;
  • ქვეყანაში აშენდება გაზსაცავი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის აუცილებელი სტრატეგიული მარაგის შექმნას;
  • 2020 წლის ბოლომდე დამატებით 200 ათასი ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს.

სოფლის მეურნეობა

მთავრობა აგრძელებს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, მაგრამ თუ წინა 4 წელში აქცენტი ფინანსურ დახმარებაზე იყო (უფასო ხვნა-თესვა, სუბსიდიები), ახლა ძირითადად ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. საინტერესოა, რეალურად შეძლებს თუ არა ხელისუფლება ამ მიმართულებით არსებული სოციალური ხასიათის პროგრამებიდან გამოსვლას.

  • სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება “ქართული ოცნების” აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება;
  • სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვას – შემნახველი, დამხარისხებელი, შემფუთავი, გადამმუშავებელი და სადისტრიბუციო სექტორების განვითარებას;
  • მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს;
  • 200 ათას ჰექტრამდე გაიზრდება მელიორირებული (წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული) მიწების ფართობები.
  • გაგრძელდება მუშაობა ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით;
  • მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად;
  • გაგრძელდება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება ევროასოცირების მოთხოვნების შესაბამისად;

ტურიზმი

2014-2015 წლებისგან განსხვავებით, 2016 წელს საქართველოში ტურიზმი ნორმალური ტემპით იზრდება და შესაძლოა, წელსვე ვიზიტორების რაოდენობამ 6 მილიონს მიაღწიოს. წინა წლების ჩავარდნა გარკვეულწილად მთვრობის მიერ გამკაცრებული სავიზო პოლიტიკით იყო გამოწვეული, რაც შემდგომში ისევ გაამარტივა. ამ მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია, რაც საშუალებას მოგვცემს, 2020 წლისათვის დასახული 8 მილიონი ვიზიტორის რაოდენობა რეალობად იქცეს. 2015 წელს, საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2 მილიარდამდე შემოსავალი მიიღო, წელს, სავარაუდოდ, $2.5 მილიარდს მიიღებს. ტურიზმის ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2020 წელს $3.5 მილიარდის მიღება რეალურია.

  • მოწესრიგდება და განვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა, კეთილმოეწყობა კულტურულ ძეგლებთან და სხვა ღირსშესანიშნაობებთან მისასვლელი გზები;
  • გააქტიურდება მარკეტინგული აქტივობები მიზნობრივ და პოტენციურ ბაზრებზე;
  • მოხდება დაცული ტერიტორიების გაფართოება და ეკოტურიზმის ხელშეწყობა;
  • განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მომსახურების სფეროში მომუშავე პერსონალის გადამზადებაზე, მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებამდე გაზრდის მიზნით;
  • 40%-ით გაიზრდება და 2020 წლისთვის 8 მილიონს გადააჭარბებს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა;
  • თითქმის გაორმაგდება საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 2020 წლისთვის $3.5 მილიარდს მიაღწევს;

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *