საგადასახადო ადმინისტრირების ლიბერალიზაციის შესახებ

დიდი ხანი არ არის, რაც მივეჩვიეთ, რომ გადასახადები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვახსოვს 2006 - 2009 წლებში ქართული ბიზნესის გათეთრების ტალღა, როდესაც ბიზნესის დიდი ნაწილი გამოვიდა ჩრდილოვანი ეკონომიკიდან, მიატოვა დავთრებისა და შავი ბუღალტერიის პრაქტიკა, დაიწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სააღრიცხვო სისტემაზე გადასვლა და გადასახადების გადახდა. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი იყო, რომელსაც თან ახლდა მკაცრი საგადასახადო ადმინისტრირება და ხშირად იძულების უხეში მეთოდები. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ გადასახადების სწორად გამოანგარიშება და გადახდა ბიზნესის კეთების განუყოფელი ნაწილია.

ბოლო დროს უფრო და უფრო ლიბერალური ხდება როგორც კანონმდებლობა, ასევე უშუალოდ საგადასახადო ორგანოების მიდგომები დაბეგვრისა და გადასახადის ადმინისტრირების საკითხებზე. უკანასკნელი ცვლილებებიდან უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მოგების გადასახადის რეფორმა, ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლა, რაც 2016 წლის მაისში იქნა შეტანილი საგადასახადო კოდექსში. ასევე ამავე წლის აპრილში მიღებული ცვლილება, რომლის შესაბამისადაც საგადასახადო ორგანოებს შეეზღუდათ საგადასახადო დავის წარმოების პერიოდში გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების უფლებამოსილება და ანგარიშის დაყადაღება დასაშვები გახდა მხოლოდ სასამართლოს ნებართვით და განსაკუთრებულ შემთხვევებში. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში ყოველწლიურად მრავალი ცვლილება შედის, რომლებიც აზუსტებს გარკვეულ ტექნიკურ საკითხებს ან ადგენს ამა თუ იმ სფეროსათვის ლოკალურ, მაგრამ მნიშვნელოვან შეღავათებს, ფინანსთა სამინისტრო და საკანონმდებლო ორგანო ცდილობენ დახვეწონ კანონმდებლობა და მიუსადაგონ იგი არსებულ რეალობას, გაითვალისწინონ პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები და შეუსაბამობები.

იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად ხორციელდება პრაქტიკაში საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, გარკვეულ წარმოდგენას იძლევა საგადასახადო დავების შესახებ სტატისტიკა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წელს შემოსავლების სამსახურმა განიხილა 10,000-მდე საგადასახადო საჩივარი, რომლებითაც ბიზნესმა მასზე დარიცხული 1,300,000,000 ლარი გაასაჩივრა, რაც ბიზნესის მიერ ამავე 2015 წლის ბიუჯეტში გადასახადების სახით შესატანი ჯამური თანხის დაახლოებით 17%-ს შეადგენს. აქედან შემოსავლების სამსახურშივე სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 4,900-მდე საჩივარი, ჯამური ღირებულებით დაახლოებით 790,000,000 ლარის ოდენობით. პარალელურად ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ 2015 წელს 990 საჩივარი განიხილა ჯამური დარიცხვებით 668,000,000 ლარის ოდენობით, საიდანაც სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება მიიღო 420-მა მომჩივანმა, რაც ჯამურად 322,000,000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აქ 2015 წელს პირველ ინსტანციაში განხილული 335 საქმიდან 135 (40%), სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილული 130 საქმიდან 77 (60%) ხოლო უზენაეს სასამართლოში 99 საქმიდან 81 (81%) სრულად ან ნაწილობრივ გადამხდელთა სასარგებლოდ დასრულდა.

2014 წელსაც მსგავსი სურათი იყო, როდესაც შემოსავლების სამსახურმა 9,000-მდე განხილული საჩივარიდან 9%-მდე დააკმაყოფილა სრულად, 31% – ნაწილობრივ, საჩივრების 47% არ დააკმაყოფილა, ხოლო 13% დატოვა განუხილველად.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ კონტროლის შედეგად დარიცხული და გასაჩივრებული გადასახადების 85%-ზე მეტი საგადასახადო დავების წარმოების შედეგად ანულირებულ იქნა. მიუხედავად ამ დადებითი სტატისტიკისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგადასახადო დავის წარმოება გადამხდელისათვის საკმაოდ რთული და ძვირად ღირებული პროცესია, ამისათვის საჭიროა დამატებითი მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზება, რაც ხშირად მრავალი თვისა და ზოგჯერ რამდენიმე წლის განმავლობაშიც გრძელდება. იმ პირობებში, როდესაც გადამხდელთა დიდი ნაწილი საგადასახადო დავის პერიოდში ვერ ახერხებს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, გადაიარაღებას, წარმოების, გაყიდვების ბაზრების გაფართოებას, არამედ უწევს თავი დაიცვას და იზრუნოს არსებული საგადასახადო დარიცხვების ფინანსურ უზრუნველყოფაზე, ადვილი წარმოსადგენია, თუ რამხელა დარტყმას აყენებს ბიზნესს საგადასახადო ორგანოების მხრიდან განხორციელებული არასწორი დარიცხვები, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 17%-მდე შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ დავების უდიდესი ნაწილი გადამხდელთა წარმატებით სრულდება, ხშირ შემთხვევაში ვიღებთ უკვე წელში გატეხილ ბიზნესს, რომლის ფეხზე დაყენებაც ჩამოთვლილი მიზეზების გამო ზოგჯერ შეუძლებელი ხდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის ცოდნა, გამოცდილება, მიდგომები და პრაქტიკა, რაც წლების განმავლობაში დავების განხილვის შედეგად არის დაგროვილი, გადატანილ იქნეს ქვედა რგოლზე და შემოწმების ეტაპზევე განხორციელდეს კომპანიებთან უკვე აპრობირებული დაბეგვრის მიდგომების იმპლემენტაცია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არასწორი შემოწმების შედეგების უდიდესი ნაწილი, დარიცხული 790,000,000 ლარი, თავად დარიცხვის განმახორციელებელ ორგანოში, შემოსავლების სამსახურშივე უქმდება და ფინანსთა სამინისტროს სისტემას დიდი ოდენობით საქმეები აღარ ხვდება. ბაჟის, მოუქნელი და დროში გაწელილი პროცედურების გამო სასამართლოს მოდავე გადამხდელთა მხოლოდ მცირე ნაწილიღა მიმართავს. ის, რომ თავად ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სისტემაშია ასეთი წინააღმდეგობრივი სურათი დაბეგვრის მიდგომების გარშემო, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ჯერ კიდევ არასაკმარის კვალიფიკაციაზე ან/და საკუთარ თავზე გადაწყვეტილების აღების ერთგვარ შიშზე. ფაქტია, რომ აუდიტორებისა და დავის განმხილველი ორგანოს ხედვები უმეტეს სადავო საკითხებზე ეწინააღმდეგება ერთმანეთს და მიუხედავად მუდმივი ტრენინგებისა და კადრების გადამზადების პროგრამებისა, სიტუაცია წლიდან წლამდე არსებითად არ იცვლება.

წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ კანონმდებლობა, რომელსაც ეყრდნობა როგორც სამინისტროს სისტემაში არსებული დავების განმხილველი ორგანოები, ასევე სასამართლო, უფრო ლოიალურია გადამხდელის მიმართ, ვიდრე უშუალოდ შემოწმებათა პრაქტიკა.

ამ დროს გადასახადის გადამხდელებს სჭირდებათ პირველ რიგში: ა) რაც შეიძლება ნაკლები რესურსების დახარჯვა გადასახადების ადმინისტრირებაზე. ბ) მშვიდ და დაცულ გარემოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობა, რაც თავიდან აარიდებს მათ უკანონო საგადასახადო დარიცხვების შედეგად რესურსებისა და შესაძლებლობების კარგვას (საგადასახადო შემოწმება, ყადაღა / გირავნობა, საგადასახადო დავა).

აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ისევ და ისევ საგადასახადო შემოწმებათა მკაცრი რეგლამენტაციით. პირველ რიგში აღსანიშნავია საგადასახადო შემოწმებათა და ხანდაზმულობის ვადების შესამცირებლად ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები. 2017 წლიდან საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა უკვე 3 წელს შეადგენს, რაც წლების განმავლობაში მოქმედ 6–წლიან ვადასთან შედარებით ორჯერ ამცირებს ბიზნესის რისკებს. ასევე იზღუდება საგადასახადო შემოწმებების განხორციელების ვადები, რასაც მტკივნეულად აღიქვამდა ბიზნესი, რადგან კომპანიები მრავალი თვისა და ზოგჯერ წლების განმავლობაში იყვნენ დაუსრულებელი შემოწმების ობიექტები, რაც უკანონო დარიცხვის მსგავსად იწვევს იმავე უარყოფით ეფექტებს, როგორიცაა ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და შეფერხება ბიზნესის ზრდაში. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ შემმოწმებლებმა სიღრმისეულად გააანალიზონ გადამხდელის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შეადარონ იგი დავების განმხილველი ორგანოების გამოცდილებასა და მიდგომებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო დასაბუთებული და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.

სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც 2015 წლიდან გაჩდა კანონმდებლობაში, თუმცა, ვფიქრობთ, არ არის სათანადოდ გამოყენებული, ეს არის ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილება. საჯარო გადაწყვეტილება მინისტრის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ გამოიცემა დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. ეს სწორედ ისაა, რის თაობაზეც ზემოთ გვქონდა მსჯელობა, რომ დავების განმხილველი ორგანოების მიერ დაგროვილი გამოცდილება ნორმატიული აქტის სახით უნდა იქნეს განზოგადებული და ერთიან გადაწყვეტილებებში სტანდარტიზებული. ეს კი საშუალებას მისცემს შემოსავლების სამსახურს, შემოწმებისას დაეყრდნოს ამ პრაქტიკას, რამაც მისი სწორი გამოყენების შემთხვევაში თავიდან უნდა აგვარიდოს ამ მოცულობის დავების წარმოება, რადგან პირველადი და ეფექტიანი ფილტრაცია სწორედ შემოწმების ეტაპზე განხორციელდება და დავების განმხილველ ორგანომდე მხოლოდ ცალკეული რთული კაზუისტიკით დახასიათებული შემთხვევები იქნება მიტანილი, რაც ასევე კიდევ უფრო მეტად გაზრდის დავის განმხილველი ორგანოს ეფექტიანობას და კვალიფიკაციას. სამწუხაროა, რომ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო 2015 წლიდან დღემდე არც ერთი მსგავსი საჯარო გადაწყვეტილება არ გამოცემულა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საგადასახადო სფეროში საკანონმდებლო მოწესრიგებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხდება ამ ნორმების ინტერპრეტაცია ან რამდენად ეფექტიანად ახდენს მათ გამოყენებას სახელმწიფო.

რაც შეეხება მომავალში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, ეს უკვე ახალი პარლამენტის პრეროგატივა იქნება და დიდწილად პარლამენტის შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული. წინასაარჩევნო პროცესში ჩვენ თვალს ვადევნებთ პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებსა და დაპირებებს. ყველა მათგანი შეიცავს მნიშვნელოვან ინიციატივებს საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციის კუთხით. უკვე კარგია, რომ ახლო წარსულისაგან განსხვავებით, პოლიტიკოსები აანალიზებენ, რომ ბიზნესის მხარდაჭერის მოპოვება არჩევნებში აუცილებელი წინაპირობაა და საამისოდ მისთვის საგადასახადო წნეხის გონივრული შემსუბუქება ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზებაა. პოლიტიკურ პროგრამებზე თვალის ერთი გადავლებით ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიების დაპირებები ბევრად უფრო რადიკალური ხასიათით გამოირჩევა, ხოლო სახელისუფლებო პარტიის ინიციატივები შედარებით მოზომილ ცვლილებებს გულისხმობს თავის თავში. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების პროგრამები შეიცავს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის საერთოდ გაუქმების შესახებ ინიციატივებს და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის დაპირებას, ასევე გვხდება დაპირება განაწილებული მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის 10%-მდე დაწევაზე, ხოლო გადასახადებისაგან თავის არიდებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვარი 500,000 ლარს უნდა გადასცდეს. მრავლადაა ასევე დაპირებები მიკრო- და მცირე ბიზნესის შეღავათების დაწესების კუთხით, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის 100,000-ლარიანი ზღვარის აწევის შესახებ. სახელისუფლებო პარტია ბიზნესს ჰპირდება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, რაც გულისხმობს 2013 წლის 01 იანვრამდე საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულის ამნისტირებას, ხოლო მომავალში გადასახადების გადაუხდელობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვარის 100,000 ლარამდე აწევას დღეს მოქმედი 50,000-ლარიანი ნიშნულის ნაცვლად. ასევე არის მინიშნება საგადასახადო დავების განხილვის წესის რეფორმირებაზე, მაგრამ ამ რეფორმის უფრო დეტალურ აღწერილობას საარჩევნო პროგრამა არ შეიცავს. თუმცა უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც მომავალი ხელისუფლების გამოწვევა იქნება, ასევე საგადასახადო დავების განხილვის სისტემის რეფორმაა, რის შესახებაც უკვე არაერთი კვლევა განხორციელდა. ის, რაზეც ექსპერტებისა და ბიზნესმენთა უმრავლესობა თანხმდება, არის: დავების განხილვა უნდა გადავიდეს დამოუკიდებელ ორგანოებზე, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება პროფესიონალებით, ვისთვისაც დავების განხილვა არის ძირითადი საქმიანობა, რაც საშუალებას მისცემს ამ პროფესიონალებს, რომ მთელი მათი ინტელექტუალური რესურსის ფოკუსირება მხოლოდ დავების განხილვაზე მოახდინონ, ამან კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო უნდა გაზარდოს მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი. ასევე აუცილებელია სასამართლო სისტემაში ამ სპეციფიკური ცოდნით აღჭურვილი პირების მონაწილეობის გაზრდა დავების განხილვაში, რის შესახებაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, კონსტიტუციით დადგენილი შეზღუდვის გამო, სპეციალური სასამართლოს (მაგალითად, საგადასახადო სასამართლო) დაუშვებლობის შესახებ.

საბოლოოდ, პარლამენტის შემადგენლობაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ამ სფეროში გატარებული რეფორმების შინაარსი და ვფიქრობთ, იგი უფრო პოლიტიკურ პარტიათა კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შედეგად იქნება მიღებული.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციის კუთხით მუშაობას ახალარჩეული პარლამენტი აქტიურად გააგრძელებს და დაპირებათა მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურად განხორცილდება, რამაც პირველ რიგში მეტი მოტივაცია და თავისუფლება უნდა მისცეს ადგილობრივ ბიზნესს და ასევე კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უცხოელი ინვესტორებისათვის. ამიტომ წლიდან წლამდე ბიზნესი თუნდაც არც ისე დაჩქარებული ტემპით, მაგრამ მაინც უფრო ლიბერალურ კანონმდებლობასა და მიდგომებს უნდა ელოდოს სახელმწიფოსაგან.

დავით გელაშვილი BDO-ს პარტნიორია, ლეგალის მიმართულებით. იგი ასევე გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

წინა სტატია

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია
08 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

რა სჭირს ლარს?
09 ნოემბერი, 2016
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა