რა სჭირს ლარს?

საქართველოში რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, ახალი არავისთვისაა, მაგრამ როდესაც ეროვნული ვალუტა გაუფასურების მიმართულებით იწყებს “ცურვას” და თან ბოლო ორი წელია, უფრო ხშირად უფასურდება, ვიდრე მყარდება, საზოგადოების დიდი ნაწილი “განგაშის სიგნალს” რთავს. გამომდინარე იქიდან, რომ სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1% შეადგინა, “საზოგადოებრივი შფოთვის” ერთ-ერთ ძირითად მიზეზად შეიძლება დავასახელოთ დოლარიზაციის მაღალი დონე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში საერთო სესხებში დოლარში გაცემული სესხების წილი 63.3%-ზე დაფიქსირდა. უშუალოდ ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის დონემ კი – 55.7% შეადგინა.

იმ ფონზე, როცა ქვეყნის მოქალაქეების მიერ კომერციული ბანკებიდან აღებული კრედიტების ნახევარზე მეტი დოლარშია გაცემული, ბუნებრივია, ლარის გაუფასურებასთან ერთად ყველაზე ხშირად ისმის კითხვა – რა სჭირს ლარს? იგივე კითხვა, ოღონდ სხვა სიტყვებით Forbes Georgia-მაც დასვა: ახდენს თუ არა ფუნდამენტური ფაქტორები გავლენას ეროვნული ვალუტის კურსზე თუ დროებით ფაქტორებთან გვაქვს საქმე?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქცია ლარის კურსის “დაჭერა” არ არის, აგვისტოს შუა რიცხვებიდან გაუფასურების მიმართულებით ეროვნული ვალუტის გახშირებულ რყევებზე მაინც მას მოუწია ოფიციალური განცხადების გავრცელება (28.09.16), სადაც ეწერა, რომ “კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით – რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები”. სებ-ი რომ მსხვილ ტრანზაქციებში “თიბისი ბანკის” მიერ “ბანკ რესპუბლიკის” შეძენას გულისხმობოდა, ამის შესახებ მოგვიანებით, 27 ოქტომბერს, უკვე პირდაპირ განაცხადა მთავარმა ბანკირმა კობა გვენეტაძემ. სებ-ის პრეზიდენტმა სწორედ დროებითი ფაქტორებით გაამართლა 25 აგვისტოდან 12 ოქტომბრის შუალედში 6 სავალუტო აუქციონი, რომელზეც, ჯამში, 180 მლნ დოლარი გაყიდა, თუმცა ლარის კურსს დიდხანს და მყარად ვერ “იჭერდა”. “მაშინ როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები და სებ-ის რეზერვები ამის საშუალებას იძლევიან, ეროვნულ ბანკს აქვს მანდატი, განახორციელოს ინტერვენციები და შეამციროს დიდი მერყეობები”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

წინა ორი წლისგან განსხვავებით, როცა გიორგი ქადაგიძის პრეზიდენტობის პერიოდში ეროვნული ბანკი და ხელისუფლება მუდმივ ღია თუ ფარულ დაპირისპირებაში იყვნენ და ლარის გაუფასურებას სხვადასხვა მიზეზით თუ ფაქტორით ხსნიდნენ, დღეს მდგომარეობა შეცვლილია. როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ცენტრალურ ბანკს ეთანხმებიან, მაგრამ ნაკლებად აკეთებენ აქცენტს საარჩევნო ფაქტორზე.

“სრულად ვენდობი და ძალიან კარგად მუშაობს ეროვნული ბანკი. რყევები გამოწვეულია მოთხოვნა-მიწოდებით და გარკვეული დიდი ტრანზაქციებით, რომელიც ამჟამად ბაზარზე მიმდინარეობს”, – განაცხადა 5 ოქტომბერს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 25 ოქტომბერს იგივე გაიმეორა ფინანსთა მინისტრმა, ოღონდ უფრო ოპტიმისტური ტონით. “ეს ტრანზაქციები დასრულებულია. იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და როგორც არაერთხელ აღინიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება ფისკალური წნეხით არაა გამოწვეული, რასაც ადგილი ჰქონდა 2013 წელს, როცა “ოცნების” მთავრობის მიერ ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვის გამო, ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და აგვისტოდან წლის ბოლომდე ეროვნულმა ბანკმა $220 მილიონი გაყიდა ჭარბი მერყეობების შესაჩერებლად.

ამ დროისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც ლარის კურსზე 2016 წლის ბიუჯეტის მოქმედებისა და გავლენის ძალიან დიდ რისკს ვერ ხედავს.

ახლა დავუბრუნდეთ კითხვის მეორე ნაწილს: ახდენს თუ არა ფუნდამენტური ფაქტორები გავლენას ეროვნული ვალუტის კურსზე?

დავიწყოთ ექსპორტით – საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ცხრა თვეში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ითაა გაზრდილი. თუ C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტს გამოვაკლებთ, რადგან ამისთვის დოლარი ქვეყნიდან არ გადის, ცხრა თვეში იმპორტი 3%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-სექტემბერში შეადგინა $1,51 მლრდ ანუ 8%-ით ნაკლები, მაგრამ თვეების მიხედვით დინამიკა აჩვენებს, რომ წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ექსპორტის მოცულობა იზრდება (მხოლოდ ივნისში იყო მცირე კლება), სექტემბერში კი წლის მაქსიმუმი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერი იყო პირველი თვე, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეტი ექსპორტი განხორციელდა. ამდენად, აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაწყებულ რყევებს ვაჭრობის ფაქტორს პირდაპირ ვერ დავაბრალებთ.

სავალუტო შემოდინების მეორე მნიშვნელოვანი წყაროა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ორი კვარტალის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა FDI-მ $834 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 11%-ით აღემატება.

ლარის სიჯანსაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ფაქტორია შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, რაც ასევე ვალუტის წყაროა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით $868 მლნ შეადგინა, რაც $101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ FDI-ზე და ტურიზმიდან შემოსავლებზე ჯერჯერობით მხოლოდ წლის პირველი ნახევრის მონაცემებია გამოქვეყნებული, ხოლო გაუფასურებისკენ ლარის ჭარბი მერყეობა აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო.

ვალუტის შემოსვლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ფულადი გზავნილებიც. 2016 წლის სექტემბერში ჩვენმა თანამოქალაქეებმა $100.2 მლნ ჩამორიცხეს, რაც 13%-ით მეტია 2015 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ცხრა თვის დინამიკაც აჩვენებს, რომ ტენდენცია იყო ზრდადი ანუ ლარს გაუფასურებისკენ ცალკე აღებული არც ეს ფაქტორი უბიძგებდა, ისევე როგორც სხვები.

ფუნდამენტურ ფაქტორებს, რომელთაც ლარის გაუფასურების ხელშეწყობა შეეძლო, ჯერჯერობით ვერც ეკონომისტი აკაკი ცომაია ხედავს, მაგრამ მისთვის ერთჯერად ტრანზაქციებთან დაკავშირებით არც ეროვნული ბანკისა და მთავრობის განმარტებებია დამაჯერებელი. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის მერყეობა მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია ისეთი მოკლევადიანი ფაქტორებით, როგორიცაა მოლოდინები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

აკაკი ცომაიას აზრით, სებ-ის მიერ 2017 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბებული პოლიტიკა (ლარში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმების შემცირება, დოლარში მოზიდულზე – გაზრდა) რადიკალურად ეწინააღმდეგება აგვისტო-ოქტომბერში განხორციელებულ ქმედებას. ამასთან, მისი აზრით, ისედაც გამძაფრებული მოლოდინების ფონზე, დედოლარიზაციისა და ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკაზე ორიენტაცია ცეცხლზე ნავთის დასხმაა. “ფაქტია, დროის მცირე შუალედში განხორციელებულმა რამდენიმე წერტილოვანმა ინტერვენციამ ვერ მოახდინა გავლენა ლარის კურსის შენარჩუნებაზე, ეს წყალში გადაყრილი რეზერვებია, რადგან ვერ შეანელა ადამიანების გამძაფრებული მოლოდინები”, – აცხადებს აკაკი ცომაია.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებაში ფისკალური წნეხის შესაძლო გავლენას, ეკონომისტის აზრით, მართალია, მთელი წლის განმავლობაში დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ლარი უფასურდება, სასურველია, ბიუჯეტი ყოველთვიურად დაბალანსებულად დაიხარჯოს. “ეკონომიკური ზრდის ტემპი რომ მაღალი იყოს, ის გადაძალავდა იმ მოკლევადიან ფაქტორებს, რომლებიც ლარის წონასწორობის ნიშნულიდან გადახრას იწვევს”, – აცხადებს აკაკი ცომაია.

“თიბისი ბანკის” მიერ “ბანკ რესპუბლიკის” შეძენასთან დაკავშირებით განხორციელებულმა საკონვერსიო ოპერაციებმა სავალუტო ბაზარზე დაძაბულობა შექმნა”, – ასე თვლის საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. მერაბ კაკულიას აზრით, რამდენადაც აღნიშნული ტრანზაქცია სახელმწიფოს მიერ იყო ნებადართული, შეიძლებოდა მისი ისე ორგანიზება, რომ პანიკისკენ მიდრეკილ სავალუტო ბაზარზე ნაკლებად მტკივნეული გავლენა მოეხდინა. ამასთან, სასურველი იყო, შესაბამის ინსტიტუტებს უფრო ნათელი განმარტებები გაეკეთებინათ.

“თავიდანვე არ დასახელებულა კონკრეტულად, რომელ ტრანზაქციაზე იყო საუბარი; როდის დაიწყო და როდის დასრულდებოდა. ამის თქმა შეიძლებოდა და ეს საკმაოდ რაციონალურად იქნებოდა აღქმული ბაზრის ოპერატორების მიერ. ფაქტია, სავალუტო ბაზარზე უარყოფითი მოლოდინები შეიქმნა ანუ ვისაც ჰქონდა ლარის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ოდენობა, სჭირდებოდა თუ არა მისი კონვერტირება, დაუყოვნებლივ მიმართა სავალუტო ბაზარს, რამაც გაზარდა ზეწოლა გაცვლით კურსზე”, – ამბობს მერაბ კაკულია.

რაც შეეხება ფუნდამენტური ფაქტორების შესაძლო გავლენას ლარის კურსზე, სებ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის აზრით, მასზე საუბრისას ცოტა მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ანალიტიკოსები და მთლიანად საზოგადოება არ ფლობენ სათანადო მონაცემებს ფუნდამენტური ფაქტორების შესახებ.

“მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ, როგორიცაა საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ან კიდევ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, გვაქვს მხოლოდ წლის პირველი ნახევრის მონაცემები. სავაჭრო ბალანსისა და ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია კი წინა თვისაა და ვერ ასახავს ვითარებას “დროის რეალურ რეჟიმში”. ამიტომ ძნელია, ცალსახად ვისაუბროთ მოცემულ მომენტში ფუნდამენტური ფაქტორების პოზიტიურობაზე. სახელმწიფო სტრუქტურებს ოპერატიული ინფორმაცია აქვთ. შესაბამისად, მათ ისეთი განმარტებები უნდა გააკეთონ, რომ უარყოფითი მოლოდინები მინიმუმადე დავიდეს. ალბათ მაინც არსებობს კომუნიკაციის პრობლემა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის”, – აცხადებს მერაბ კაკულია.

კითხვაზე – როგორია სამომავლო მოლოდინები, ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა რაიმე პროგნოზის გაკეთებისაგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ენდობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ სულ ახლახან მოწოდებულ ინფორმაციას ბოლო თვეებში ფუნდამენტური ფაქტორების გარკვეული გაუმჯობესების შესახებ. მერაბ კაკულიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მსოფლიო ეკონომიკაში მოვლენები და პროცესები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ გარეშე ფაქტორების ზემოქმედების პროგნოზირება ძალზე ძნელია.

პროგნოზი ნამდვილად უმადური საქმეა, მით უმეტეს ლარის კურსზე, რომლის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე კონკრეტულად არავინ, მაგრამ ამავე დროს ყველაა პასუხისმგებელი ანუ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც 8 თვეში საშუალოდ 2.7%-ით გაიზარდა. ამდენად, მთავარი გამოწვევა ლარისთვის, რომელსაც ეკონომისტები ხშირად “ეკონომიკის თერმომეტრს” უწოდებენ, მშპ-ის ზრდის დაბალი ტემპია.

 

წინა სტატია

საგადასახადო ადმინისტრირების ლიბერალიზაციის შესახებ
08 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

How Azerbaijan Will Change Europe’s Energy Map
09 ნოემბერი, 2016
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა