სოფო ჭყონია: „საქმე უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე „შანელის“ ჩანთა“

როგორც შევთანხმდით, მე და ფოტოგრაფი წყნეთში 12 საათისთვის ავედით. ინტერვიუ სოფოსა და მისი მშობლების სახლში უნდა ჩავწეროთ. „სოფო ახლავე ჩამოვა", - გვეუბნება დამხმარე ქალი და ოთახიდან გადის. ლელი, ფოტოგრაფი, ფოტoსესიისთვის ადგილის შერჩევას იწყებს.

სოფო ჭყონიას სახლიდან მართლა არაჩვეულებრივი ხედი იშლება. „ აქ კარგი ფოტოები გამოვა", - ამბობს ლელი და ფოტოგრაფისთვის დამახასიათებელი მზერით ათვალიერებს მიდამოს. სოფოს შავი შარვალი და შავი პიჯაკი აცვია. მის ჩაცმულობაში სხვა ფერს არც ველოდი. ეს მისი საყვარელი ფერია. ამის შესახებ სოფოს არაერთ ინტერვიუში უთქვამს და მოგვიანებით მეც მეტყვის მისი და შავი ფერის განსაკუთრებული სიყვარულის ამბავს. უშუალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ლელისთან ფოტოების საკითხზე თანხმდება და ჩემთან სასაუბროდ ტყავის სავარძელში თავსდება. წინ დატვირთული დღე ელის - დიზაინერების კონკურსისთვის ემზადება. კონკურსი ივნისშია დაგეგმილი. ამიტომ ყოველი წუთი და წამი გაწერილი აქვს. ასეთი ცხოვრების ტემპს დიდი ხანია, მიჩვეულია და ამბობს, რომ ამის გარეშე ვეღარც ძლებს.

პროფესიით კინომცოდნეს ამ დარგში არასდროს უმუშავია, თუმცა ამბობს, რომ კინო მისი განსაკუთრებული სიყვარულია; იმასაც ამბობს, რომ ოდესმე კინოს აუცილებლად დაუბრუნდება: „ბავშვობიდან მინდოდა კინორეჟისორობა, კინომცოდნეობაზეც ამ მოტივით ჩავაბარე. ვიფიქრე, ჯერ კინომცოდნე გავხდები და მერე რეჟისორი-მეთქი, მაგრამ ჩემი სტუდენტობა 90-იანი წლების დასაწყისს დაემთხვა და კინო კი არა, ხალხი სახლიდან გარეთ ვერ ყოფდა ცხვირს", - იხსენებს სოფო.

ჟურნალებში ნაპოვნი მოდა

16 წლის სოფო სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. სწორედ იქ ჩაუვარდა ხელში ჟურნალი „ვოგი". იქ დაბეჭდილმა სტატიებმა თუ ფოტოებმა ცნობილი დიზაინერებისა და მოდელების შესახებ მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სერიოზულად გადაწყვიტა სამოდელო ბიზნესით დაინტერესება: „რომ გითხრათ, მოდელობა მინდოდა-მეთქი, არა. მაშინ ვხვდებოდი, რომ ეს სამყარო ჩემთვის მიუწვდომელი იყო. ვყიდულობდი კოლოსალური რაოდენობით „ვოგს" და ვაგროვებდი. საქართველოში რომ დავბრუნდი, 200-მდე ჟურნალი ჩამოვიტანე. სულ მაინტერესებდა, შესაძლებელი იყო თუ არა ჩვეულებრივი ადამიანისათვის იმ სამყაროში მოხვედრა. იქაურობა ისეთი სრულყოფილი იყო, დიზაინერების ინტერვიუებს რომ ვკითხულობდი, გაოცებული ვიყავი მათი მრავალფეროვანი და ლამაზი ცხოვრებით და ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რომ იქ მოვხვედრილიყავი", - ჰყვება სოფო.

21 წლის იყო სოფო, როცა სამოდელო ბიზნესით დაინტერესება სერიოზულად გადაწყვიტა. „მივხვდი, რომ შემეძლო ლამაზი გოგოებისთვის ისეთი ცხოვრების საშუალება მიმეცა, როგორ ცხოვრებასაც ჟურნალებში ვათვალიერებდი. ერთი პერიოდი ტელევიზიაში ვმუშაობდი, დავაგროვე ფული, ვიქირავე ფართი და შევქმენი სამოდელო სააგენტო „ამსა", - მიყვება სოფო. როგორც ის ამბობს, მისმა მამამ, თემურ ჭყონიამ, საქართველოში ერთ-ერთმა ცნობილმა და წარმატებულმა ბიზნესმენმა, არ იცოდა, რომ ის სამოდელო სააგენტოს გახსნას აპირებდა. „რომც მეთქვა, ვერც კი მიხვდებოდა, რას ვაკეთებდიო", მეუბნება სოფო.

პირველი ღონისძიება - კონკურსი „Metropolitan Top Model" „ამსას" სახელით სოფომ 1999 წელს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გამართა. „ეს იყო საშინელება", - ასე იხსენებს სოფო დებიუტს მოდის ბიზნესში: „იყო სიბნელე, სასტუმროს ფოიეში, სადაც საცურაო კოსტიუმებით გამოდიოდნენ მოდელები, მხედრიონელები ავტომატებით ისხდნენ. არადა, ჩამოყვანილი მყავდა ცნობილი ამერიკული ბრენდის წარმომადგენლები, რომლებიც ნიუ-იორკსა და პარიზში მოღვაწეობდნენ. ისინი თანამშრომლობდნენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მოდელებთან. ჩამოსული იყო ის ადამიანი, რომელმაც კლაუდია შიფერსა და კოსმეტიკურ კომპანია „რევლონს" შორის კონტრაქტი გააფორმა. სტუმრები იმდენად შეშინებულები იყვნენ, რომ სასტუმროს გარეთ არც კი გასულან", - ამბობს სოფო.

სოფოს თქმით, მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებთან ურთიერთობა მან დავით ოქიტაშვილის, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის დახმარებით ააწყო: „მას ფაქსით მიუვიდა შეტყობინება, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო მსგავსი კონკურსის ჩატარება. დათომ მე დამირეკა, რადგან იცოდა, რომ სამოდელო სააგენტო მქონდა. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ დათოს მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი იმაში, რომ მე სამოდელო მიზნესში მოვხვდი. ამ კონკურსის ჩატარების შემდეგ დავდე ხელშეკრულება სამოდელო კომპანია „Metropolitan Top Model"-თან და საქმეც ნელ-ნელა აეწყო".

ქართული მოდის ბიზნესში სოფო ჭყონიამ აქტიურად თითქმის ათი წელი იტრიალა. „ათი წლის თავზე კი მივხვდი, რომ საქართველოში სამოდელო სააგენტოზე გული ამიცრუვდა" , -, მეუბნება ის. ამიტომაც გადაწყვიტა პარიზში გადასულიყო საცხოვრებლად და იქ გაეგრძელებინა მოდის ბიზნესში მუშაობა.

რომანი პარიზთან

პარიზთან კი სოფოს რომანი ჰქონია: „მე ეს ქალაქი ბავშვობიდან მიყვარს. ჩემი სიყვარული 12 წლის ასაკიდან დაიწყო. სამი წლიდან ვსწავლობდი ფრანგულს, 12 წლის ვიყავი, ბავშვების ჯგუფთან ერთად პარიზში რომ აღმოვჩნდი და მივხვდი, ეს არის ქალაქი, სადაც მე უნდა ვიცხოვრო. ახლა უკვე ცხოვრების ნაწილს პარიზში ვატარებ, ნაწილს კი თბილისში. რადგან თბილისსაც აქვს რაღაც მაგნიტი, მიზიდულობის ძალა, რის გამოც ვერ ვეშვები ამ ქალაქს. ვერ გეტყვით, რომ თბილისი მენატრება, რადგა ძალიან ბევრი ცუდი რამ შემემთხვა პირადად მე თბილისში და თბილისთან კარგი მოგონებები ნაკლებად მაქვს, მაგრამ რაღაც მაინც აქვს ამ ქალაქს, რაც უკან გიზიდავს და გინდა, რომ აქ საქმეც აკეთო", - ამბობს სოფო.

როგორ მიგიღო პარიზმა? - ვეკითხები სოფოს. ის კი მპასუხობს: „პარიზი იცით, როგორი ქალაქია? ის ან მიგიღებს, ან არა. ისე კი არა აქვს მნიშვნელობა, პარიზი იქნება, ნიუ-იორკი თუ რომი, ერთი კარგი გამოთქმა გვაქვს, სადაც ჩადიხარ, იქაური ქუდი დაიხურეო. ამას თუ არ გააკეთებ, მაშინ ყველგან გაგიჭირდება ცხოვრება. მე კი ეს შევძელი, იმიტომ რომ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ჩემთვის მოდა ბიზნესი არ არის, ჩემთვის მოდა ხელოვნებაა. ამიტომაც არის, რომ პარიზში ჩასულმა გადავწყვიტე მოდის სამყაროში ხელოვნების სხვა დარგებიც შემეტანა".

სოფომ გადაწყვიტა მოდის ინდუსტრიაში ჩართული ცნობილი ადამიანების შესახებ პატარ-პატარა ფილმები გადაეღო: „პარიზში ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ვიცნობ. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ამ ადამიანებმა ძალიან კარგად მიმიღეს. მათ არ იცოდნენ, ვინ არის მამაჩემი, ისინი ჩემთან იმიტომ არ მეგობრობდნენ, რომ მე მდიდარი ადამიანის შვილი ვარ. (სამწუხაროდ, ასეთი „მეგობრები" თბილისში ხშირად მყავდა). ეს ადამიანები ჩემთან ყოველთვის ძალიან ღიად და გახსნილად საუბრობდნენ და გადავწყვიტე, რატომაც არა, მოდი, მათ შესახებ პატარა ფილმებს გადავიღებ", - და სოფომ ფილმების გადაღება დაიწყო.

სოფო ფილმებს იღებს

პროექტი რთული გამოდგა. არ იყო ადვილი ცნობილი, ხანდახან ზედმეტად თავდაჯერებული და უკარება ადამიანების კამერის წინ ალაპარაკება. უკვე მეორე წელია, სოფო ამ პროექტზე მუშაობს და ამბობს, რომ ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი პროექტია: „პარალელურად ვწერ ინტერვიუებს სხვადასხვა ცნობილი ჟურნალისთვის, მაგრამ ეს პატარ-პატარა ფილმები მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი ფილმების გმირები არიან ცნობილი დიზაინერები, პარფიუმერები, რეჟისორები, მწერლები, რადგან მოდა არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ეს ხომ ყველაფერია... ამ პროექტისთვის ჩაწერილი მაქვს უკვე 36 ინტერვიუ, ვაპირებ ისინი წიგნადაც გამოვცე. ვცდილობ ამ ინტერვიუებით ცნობილი ადამიანების სხვა მხარე წარმოვაჩინო. მე მათ ვესაუბრები სიყვარულზე, ფულზე, ღმერთზე... ეს არის შეკითხვები ყველაფერზე, გარდა მოდისა"...

სოფო ამ პროექტის ერთ-ერთ გმირზე, დაიან პერნეზე, განსაკუთრებული ემოციით საუბრობს. სადაც მაღალი მოდაა, დაიან პერნეც იქაა. ის საფრანგეთში ერთ-ერთი გამორჩეული, ექსტრავაგანტური და ამასთანავე იდუმალი ჟურნალისტია. ის წერს მოდაზე და მის პუბლიკაციებს ჩვენებების, ახალი კოლექციებისა თუ ზოგადად მოდის შესახებ ყველა განსაკუთრებული ინტერესით ელოდება. დაიან პერნე სოფომ ერთ-ერთ ბომონდურ წვეულებაზე გაიცნო: „ის ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა და მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ იმიჯად ქვრივის სახე მოირგო. აბჯარივით აქვს ასხმული შავი სამოსი. ვიფიქრე, ვცდი მასთან დალაპარაკებას, გამოვა - გამოვა, არა და - არა. მივედი, გავეცანი და ვუთხარი, ინტერვიუს ჩაწერა მინდა-მეთქი. შეხვედრა მეორე დღისთვის დამინიშნა. მეგონა, მაქსიმუმ ხუთ წუთს თუ დამითმობდა. ინტერვიუ ერთ-ერთი შენობის სახურავზე ჩავწერეთ და შემიძლია ვთქვა, რომ სასწაული მოხდა, დავიწყეთ საუბარი და დავინახე, როგორ გადასხვაფერდა შავ სამოსში გახვეული ქვრივი. ინტერვიუს ბოლოს მან თვითონვე მითხრა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფსიქოთერაპევტის სეანსზე ვიჯექიო", - იხსენებს სოფო.

ამ ინტერვიუს შემდეგ სოფო და დაიანი დამეგობრდნენ. დაიანი მის მხარდამჭერად იქცა. „როდესაც პარიზში ღონისძიებებს ვაკეთებ, ძალიან მგულშემატკივრობს, ჩემთან ერთად ღელავს, ვინ მოვა, ვინ არ მოვა, წერს ამ ღონისძიებების შესახებ. ყოველთვის გულისყურით ეკიდება ჩემ მიერ გაგზავნილი ქართველი დიზაინერების შესახებ ინფორმაციას. ათავსებს თავის ბლოგზე, წერს მათზე", - ამბობს სოფო.

Art Georgia - პარიზში

ამჟამად სოფო პარიზში კიდევ ერთ პროექტზე მუშაობს - Crazy Paris - ეს არის ფილმი იმ ადამიანებზე, რომლებიც ბოჰემური ტიპის ცხოვრებით ცხოვრობენ და ამით გახდნენ პოპულარულები. თუმცა სოფო განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს მის კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ART Georgia, ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც სოფომ ახალგაზრდა ქართველი დიზაინერებისა და ფოტოგრაფებისათვის პარიზში, მისი თქმით, ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ სახლში იანვრის ბოლოს მოაწყო და მომდევნო მსგავსი ტიპის გამოფენა უკვე პირველი ივლისისთვის არის დაგეგმილი: „უამრავი საინტერესო კონტაქტი მაქვს საზღვარგარეთ. ვმეგობრობ ისეთ ადამიანებთან, რომლებთან ურთიერთობაზეც ბევრი ოცნებობს. ჰოდა, ვიფიქრე, იქნებ ეს ხალხი რამენაირად დავუკავშირო საქართველოს. ერთია, რომ ისინი ინტერვიუს მაძლევენ და მერე ვმეგობრობთ, მაგრამ მინდა, რომ ამ ნაცნობობით ქართველებსაც დავეხმარო".

და მიუხედავად იმისა, რომ სოფოს ამ ყველაფრის ორგანიზება წარმოუდგენლად მიაჩნდა, თანაც მაღალი მოდის კვირეულის დროს, როდესაც პარიზში მოდის სამყაროს ელიტა იყრის თავს, მან მაინც გარისკა: „ვანდომის მოედანთან, სენტ-ონორეს ქუჩაზე, ვიპოვე საოცარი ადგილი - ეს არის ცხრაოთახიანი ბინა, სადაც არავინ ცხოვრობს, მხოლოდ ღონისძიებებისთვის ქირავდება, ამ ბინის პატრონი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, ის გახლავთ ქუდების დიზაინერი, რომელიც აკეთებდა ქუდებს ძალიან ცნობილი დიზაინერების ჩვენებებისთვის. ბინა მართლაც გასაოცარია. ყველა ოთახი ერთმანეთისგან განსხვავდება. ცნობილმა დიზაინერმა კასტელბაჟაკმა მითხრა, მანდ მოჩვენებები ცხოვრობენ და არ გეშინიაო? მე ერთხელ ღონისძიება გავაკეთე და ნამდვილად ვიცი, რომ მოჩვენებები არიანო. სწორედ ამ ბინაში ახალგაზრდა ქართველი დიზაინერებისა და ფოტოგრაფების საოცარი გამოფენა მოეწყო. უამრავი ადამიანი მოვიდა: პოლიტიკოსები, მსახიობები, პროდიუსერები. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა, ახლა პირველ ივლისს ველოდებით, ამჯერად გამოფენა საერთაშორისო ხდება, მასში მონაწილეობას მიიღებენ დიზაინერები უკრაინიდან, პოლონეთიდან, ჩინეთიდან და ისრაელიდან", - ენთუზიაზმით ლაპარაკობს სოფო მომავალ გამოფენაზე.

Be Next

არანაკლები ენთუზიაზმით საუბრობს ის კიდევ ერთ პროექტზე სახელწოდებით Be Next - კონკურსზე ახალგაზრდა დიზაინერებისათვის, რომელსაც სოფო უკვე მესამე წელია, საქართველოში ატარებს და რომელიც დამწყებ დიზაინერებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ნამუშევრები ცნობილი და მსოფლიოში წარმატებული დიზაინერებისა თუ მოდის წამყვანი სკოლების პროფესორების წინაშე. ამჯერად კონკურსს ქობულეთი უმასპინძლებს და მოდის სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის 30 ადამიანი ესტუმრება: „დიზაინის ხუთი წამყვანი სკოლის ხელმძღვანელები გამარჯვებულებს მისცემენ შესაძლებლობას უფასოდ ისწავლონ მათ სკოლებში. დომუს აკადემია, LONDON COLLEGE OF FASHION, მარანგონის ინსტიტუტი, რომის აკადემია - ეს ის სასწავლებლებია, რომელთა წარმომადგენლებიც გამორჩეულ დიზაინერებს გამოავლენენ. წელს კონკურსში ქართველი დიზაინერების გარდა მონაწილეობას მიიღებენ დიზაინერები აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან. ეს კონკურსი ნელ-ნელა საერთაშორისო გახდა და ჩემი მიზანიც ეს არის. მსოფლიოში დიზაინის სულ რამდენიმე ცნობილი კონკურსია და მინდა, რომ ერთ-ერთი Be Next-ი იყოს. ეს ჩემი დიდი ამბიციაა. მინდა, რომ აქ ცნობილი უცხოელი სტუმრები თავისით მოდიოდნენ და შემიძლია ვთქვა, რომ წელს ამას მივაღწიე კიდეც. რამდენიმე ადამიანმა თავისი ინიციატივით გამოთქვა ჩამოსვლის სურვილი", - მეუბნება სოფო ჭყონია.

დიზაინერების კონკურსის მზადების პროცესში სოფო აქტიურად თანამშრომლობს სამხატვრო აკადემიასთან. კონკურსანტების დიდი ნაწილიც სწორედ აკადემიის სტუდენტები არიან. მათზე სოფო გატაცებით საუბრობს და ამბობს, რომ იქ ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები სწავლობენ. სწორედ ამიტომ სოფოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მათს პროფესიულ ზრდაზე და მსგავსი ტიპის კონკურსების ჩატარებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თუმცა სოფოს სამხატვრო აკადემიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გამორჩეული გეგმა აქვს: ვქმნით ფონდს, რომლის მიზანი სამხატვრო აკადემიის შენობის გადარჩენა იქნება. შენობა სავალალო მდგომარეობაშია და ის რომ დაინგრეს, ჩვენი ქვეყნის დიდი შეცდომა იქნება. ეს აკადემია უნდა იყოს ისეთივე, როგორიც არის აკადემიები სხვა ევროპულ ქვეყნებში. სხვათა შორის პარიზში პირველი ივლისის ღონისძიებას სწორედ აკადემიას მივუძღვნით", - ამბობს სოფო ჭყონია.

მდიდარი მამა და სოფო

ერთი შეხედვით, სოფო ჭყონიასთვის წარმატების მიღწევა ძნელი არ უნდა იყოს. მის გვერდით დგას ცნობილი ბიზნესმენი, თემურ ჭყონია, სოფოს მამა, „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი. „არც არასდროს უარვყოფ, რომ მამაჩემი მეხმარება", - მეუბნება სოფო და „ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ", - ამატებს ის: „რატომღაც საქართველოში მიღებულია, რომ ეს თემა უნდა გაკომპლექსებდეს, გაურბოდე და ამბობდე, რომ არა, მე ჩემით მივაღწიე, რასაც მივაღწიე, სისულელე იქნება, რომ ახლა მე დავდგე და ვილაპარაკო, რომ მე ყველაფერს ჩემით, ჩემი წვალებითა და შრომით მივაღწიე. ამას არც არავინ დამიჯერებს. ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომ როცა გამიჭირდება, ვიცი, ვისთანაც უნდა მივიდე და მამაზე ახლობელთან, ვისთან მიხვალ", - მეუბნება სოფო.

სოფოს თქმით, მამა არასდროს ერევა მის საქმეში. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუკი ის თავად გადაწყვეტს, რომ მამას რჩევა უნდა ჰკითხოს: „მამას უყვარს, რჩევას რომ ვეკითხები. მაგრამ არის რაღაცები, რაშიც შეიძლება ვერ დავეთანხმოთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ბიზნესრჩევებს თითქმის არ ვეკითხები და არც ვითვალისწინებ. მე თვითონაც არ ვიცი, რატომ ვიქცევი ასე. ვერ გეტყვით, რომ ეს კომპლექსია, მაგრამ ასე -გამომდის. არადა, ყოფილა არაერთი შემთხვევა, რომ ამის გამო მინანია კიდეც. ის სფერო, სადაც მე ვმუშაობ, მამას არ აინტერესებს, ის, უბრალოდ, მხარს მიჭერს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მამაჩემს ფულით არასდროს გავუნებივრებივარ და არც ახლა მანებივრებს. მამაჩემი სისხლით და ხორცით ბიზნესმენია. ის არ არის ოლიგარქი, რომელიც თავის თავს აძლევს უფლებას ხარჯოს დიდი ფული გასაოცარი სურვილების დასაკმაყოფილებლად ან შვილების ზედმეტად გასანებივრებლად. მას კარგად ახსოვს, რომ წარმატება და ფული თავისი შრომით, წვალებითა და ჭკუით მოიპოვა, ამიტომ ასეთი ადამიანისთვის ძნელია, შენს „მაიმუნობაზე" ფული დახარჯოს. თუ შეატყო, რომ მე რაღაც სისულელეს ვაკეთებ, ის არასდროს დამიჭერს მხარს. თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მეც ასე ვიზამდი. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ალბათ ვერც ვერაფერს გავაკეთდებდი. არც ის მომინდებოდა, რომ საფრანგეთში მარტოს გამეკვლია გზა. შორიდან ყველას ჰქონია, რომ ფული ჩემოდნით დამაქვს, არადა, არის დღეები, როცა ნამდვილად არ მაქვს იმდენი ფული, რომ ყველა სურვილი დავიკმაყოფილო. რაც შეეხება ჩემს შემოსავალს საფრანგეთში, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს შემოსავალი განსაკუთრებული ხელგაშლილობის საშუალებას არ მაძლევს. პარალელურად მამაც მეხმარება. რა თანხასაც ვაგროვებ, იმასაც საქართველოში განსახორციელებელ პროექტებში ვდებ. ხანდახან მშურს იმ გოგოების, რომლებიც, მაგალითად, ფეისბუკში დებენ ხან ფეხსაცმლის ფოტოს, ხან ჩანთის და მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რა ჩაიცვან და დაიხურონ, მე კი ვცდილობ, რომ ის თანხა, რასაც გამოვიმუშავებ, ისევ მომდევნო პროექტებში ჩავდო. არ ვიცი, ეს შეიძლება ჩემი მინუსიც იყოს, რომ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, მიდი, დახარჯე, ისიამოვნე, გაერთე, მაგრამ ამას ალბათ ვერასდროს ვერ ვიზამ. მე ეს მანიჭებს სიამოვნებას. ეს ჩემთვის უფრო დიდი სიამოვნებაა, ვიდრე შანელის ჩანთა", - მეუბნება სოფო და კოკა-კოლას სვამს.

ხუთი წელია, სოფო პარიზში აკეთებს თავის საქმეს. მისი პიარკომპანია Public Image-იმარეში მდებარეობს. სოფო ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან ერთად იმ ადამიანების დახმარებას ცდილობს, ვისაც ევროპასა და ამერიკაში სურს ცნობადობისა და წარმატების მიღწევა. სოფო ამბობს, რომ მისთვის საზღვარგარეთ მუშაობა უფრო ადვილი გამოდგა, ვიდრე საქართველოში: „გარდა იმისა, რომ პროფესიონალებთან გაქვს ურთიერთობა, გავთავისუფლდი უარყოფითი გარემოსგან. იქ ვიპოვე ნაღდი მეგობრები. იქ თუ გიმეგობრდებიან, მთელი გულით გიმეგობრდებიან, თუ სძულხარ, სძულხარ. საქართველოში კი ვერ გავერკვიე, ვინ მეგობარი იყო, ვინ მტერი, კარგად ვიყავი, შურდათ, ცუდად ვიყავი, შურდათ, მივხვდი, რომ აქ წარმატების მიღწევა ძალიან გამიჭირდებოდა, საფრანგეთში კი ვგრძნობ, რომ ყველა თავის საქმეს აკეთებს და სულ არ აინტერესებთ ჩემი პირადი ცხოვრება. იქ მხოლოდ საქმეზე ვფიქრობ",- ამბობს ცოტათი გულდაწყვეტილი სოფო.

მხოლოდ პირადი

საფრანგეთში წასვლა კი მაშინ გადაწყვიტა, როცა აქ, საქართველოში ძალიან გაუჭირდა. ამ თემაზე საუბარი არ უნდა. მაგრამ რამდენიმე სიტყვას მაინც ამბობს. მინდა, რომ ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი საერთოდ დავივიწყო, მეუბნება სოფო: „ეს იყო ყველაზე ცუდი პერიოდი და ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში. ის სამი წელი იმდენად საშინელი იყო, რომ ეს წლები დავბლოკე და ჩემი გონებიდან ამოვშალე. მაშინ 25 წლის ვიყავი. ამ შეცდომას დღმდე ვნანობ, ეს ეხება ჩემს პირად ცხოვრებას. ვერ მივხვდი, როგორ დამატყდა ეს გაუგებრობა თავს, მაგრამ ღმერთმა მიშველა, რომ ამ გაუგებრობიდან ამომათრია. რომ არ წავსულიყავი პარიზში, ალბათ ის, რაც დღეს ვარ, ვერ ვიქნებოდი, ან შეიძლება ცოცხალიც არ ვყოფილიყავი", - ამბობს სოფო ჭყონია.

სირთულეების დაძლევაში სოფოს ისიც დაეხმარა, რომ ის მარტო არ იყო. სოფოს მშობლები და პირველ რიგში შვილი, მარიამი ედგა გვერდით. მარიამი ახლა 16 წლისაა. სოფო 19 წლის იყო, მარიამი რომ გაჩნდა, თუმცა ქმარს მალევე დაშორდა. ამიტომ მარიამის აღზრდა სოფოს მშობლებმა აიღეს საკუთარ თავზე: „რთული გარდატეხის პერიოდი მქონდა. სწორედ იმ პერიოდში გავთხოვდი, როცა შემეძლო მესწავლა და ცხოვრება სხვანაირად წამეყვანა. ახლა ვნანობ ხოლმე. ვფიქრობ, ნეტა ამ ჭკუით ის ასაკი მომცა და რამდენ რამეს გავაკეთებდი- მეთქი. მაგრამ რომ არ გავთხოვილიყავი, ახლა 16 წლის მარიამი არ მეყოლებოდა, მეამაყება, რომ 16 წლის შვილი მყავს", - მეუბნება სოფო.
სოფოს ოთხი წლის ბიჭიც ჰყავს, თემური. სოფოს მეუღლე რუსი მწერალი იგორ ობოლენსკია: „ის საქართველოს დიდი გულშემატკივარია. ქმარზე მეტად ჩემი მეგობარია. სამწუხაროდ, ცალ-ცალკე გვიწევს ცხოვრება. ის მოსკოვშია, მე პარიზში. ერთმანეთს ყველაზე ხშირად საქართველოში ვხვდებით. ჩემზე კარგად იცის საქართველოს ისტორია, ქართული ტრადიციები", - ჰყვება მეუღლეზე სოფო.

თითქმის ორსაათიანი საუბრის შემდეგ ისიც გავარკვიეთ, რომ სოფო ძალიან თვითკრიტიკულია. „არაფერი არ მომწონს საკუთარ თავში, - მეუბნება ის. - პირველ რიგში საკუთარი გარეგნობით ვარ უკმაყოფილო. მაგრამ მომწონს ჩემი ერთი თვისება - პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა".

შეიძლება სწორედ ამ ზედმეტად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობის ბრალიც არის ის, რაზეც ახლა სოფო ისაუბრებს. მას აქვს ბლოკნოტი, სადაც წერს ყველაფერს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: „ჩემი ბლოკნოტი ვინმეს რომ ჩაუვარდეს ხელში, იფიქრებს, სერიოზული სკლეროზი აქვსო, იმიტომ, რომ „ყავა უნდა დავლიოს" გარდა, ყველაფერი ბლოკნოტში მიწერია. აი, მაგალითად, როდესაც შეხვედრაზე მივდივარ, ვწერ, რა უნდა ვუთხრა, როგორ უნდა ვუთხრა. ეს სხვათა შორის მამაჩემმა მასწავლა. მამაჩემი დღემდე წერს ამ ყველაფერს, ყველაზე მნიშვნელოვანი რომ არ დაგავიწყდეს, ის აუცილებლად უნდა დაწეროო, ყოველთვის ასე მეუბნებოდა. მჩუქნიდა ბლოკნოტებს და მეუბნებოდა, დაწერე, დაწერე... ბოლოს მაჩუქა ერთი ისეთი ბლოკნოტი, რომელიც მომეწონა და დავიწყე მასში წერა და ახლა მართლა აღარაფერი მავიწყდება", - იცინის სოფო.

წერილის დასაწყისში, თუ გახსოვთ, ვწერდი, სოფო და ფოტოგრაფი, ლელი, ფოტოგადაღების დეტალებს არკვევდნენ-მეთქი, ჰოდა, სწორედ მაშინ ახსენა სოფომ, რომ კაბები არ უყვარს, უფრო ზუსტად კი თვითონ ვერ იხდენს კაბებს, თორემ ზოგადად კაბების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ხოლო რაც შეეხება ტანსაცმლის ფერს, ის უპირატესობას შავ ფერს ანიჭებს: „სულ ვცდილობ, ფერი შევცვალო, მაგრამ ვერ. საერთოდ მოდის სფეროში ვინც მუშაობს, ყველას უყვარს შავი. თურმე ეს არ ყოფილა თბილისური შავი ფერი. ძალიან მომწონს ექსტრავაგანტური ჩაცმულობა, მინდა, რომ მეც ჩავიცვა ხოლმე ასე, მაგრამ არ გამომდის. მირჩევნია ტანსაცმელში კომფორტულად ვგრძნობდე თავს", - მეუბნება სოფო და იმასაც ამატებს, რომ „ბრენდომანია" არ ახასიათებს: „რაც ლამაზია, იმას ვყიდულობ. ამიტომ შეიძლება ჩავიცვა „ზარაში", რომელიც ძალიან მიყვარს და შეიძლება ვიყიდო „ შანელიც". არა აქვს მნიშვნლეობა, მთავარია მიხდებოდეს. ბევრ გოგოს არასწორად ჰგონია, რომ თუ ბრენდი გაცვია, ე.ი. მოდა გიყვარს და ერკვევი, არადა, ეს მცდარი წარმოდგენაა", - მიაჩნია სოფოს.

აი, რაც განსაკუთრებულად უყვარს სოფოს, ეს ძვირფასი ბიჟუტერიაა: „მაქვს 80-იანი წლების ბიჟუტერია. განსაკუთრებით მიყვარს სამაჯურები. მათ გარეშე სახლიდან არ გავდივარ. თითქოს შიშველი ვარ. სადაც მივდივარ, ყველგან ბიჟუტერიის მაღაზიას ვეძებ. დავდივარ ბაზრობებზე და ხანდახან ისეთ საინტერესო რაღაცას გადავაწყდები და ისე იაფად, რომ გაგიკვირდებათ. რამდენიმე ხნის წინ 80 დოლარად მოხუცი ქალისგან ვიქტორიანული ეპოქის გულსაბნევი ვიყიდე".

სოფოს კიდევ ერთი გატაცება იოგაა. ეს მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. „გარდა იმისა, რომ ამ დროს სულიერად ვისვენებ, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვარ", - მეუბნება სოფო. განტვირთვისა და დასვენების კიდევ ერთი კარგი საშუალება ძილი კი, როგორც ირკვევა, სოფოსთვის არცთუ ისე ადვილი მისაღწევია. ამის მიზეზი კი მარტივია: „ტვინს ვერ ვთიშავ. თავში მთელი განვლილი დღის ამბები და მომდევნო დღის გეგმები მიტრიალებს. ხანდახან დილის 4-5 საათამდე ვწევარ, მაგრამ ვერ ვიძინებ. მაგრამ რომ გითხრა, დასვენება ძალიან მჭირდება და გადაღლილი ვარ-მეთქი, მოგატყუებ. რა ვიცი, რაში მჭირდება განსაკუთრებული დასვენება. მე ხომ იძულების წესით არ ვმუშაობ. რაც მსიამოვნებს, იმას ვაკეთებ. და რაკი საქმე სიამოვნებაზე ჩამოვარდა, რაც ახლა ყველაზე მეტად მსიამოვნებს და მეამაყება, ეს არის ის, რომ სიგარეტს დავანებე თავი. ეს ჩემი წლის მიღწევაა. ახლა ენერგიაც გაცილებით მეტი მაქვს და თავს უფრო კარგადაც ვგრძნობ", - სიამაყით მიყვება სოფო თავის მიღწევაზე.
„არადა, სინამდვილეში, იმდენ რამეს მინდა მივაღწიო, - - მეუბნება ის. - ხუთი წელი მივეცი ჩემს თავს, რომ შევქმა ის კარიერა, რაც მიზნად დავისახე. ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ ამას საიდუმლოდ დავიტოვებ. ამბიციური ვარ ჩემს საქმეში, მაგრამ ამ ამბიციასაც ჯანსაღად ვუყურებ და ვიცი, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოდის. თუ არ იშრომებ, ვერც მხოლოდ ნიჭი და ვერც მშობლის ფული წარმატების მიღწევაში ვერ დაგეხმარება. უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, არავითარი ხვალ გავაკეთებ, ზეგ გავაკეთებ, საქმისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხულია", - მეუბნება სოფო.

ხვალ და ზეგ გასაკეთებელიც ბევრი აქვს სოფოს. წინ უდევს დიზაინერების კონკურსი საქართველოში, შემდეგ გამოფენა პარიზში... თუმცა დღევანდელი დღე მხოლოდ რამდენიმე საათის წინ დაიწყო. დღევანდელი გეგმების ნუსხა ერთ ბლოკნოტშია მოქცეული.

 

 

წინა სტატია

ძალადობის ფინანსური განზომილება
19 აგვისტო, 2013

შემდეგი სტატია

როგორ შევიძინოთ ავტომობილი საქართველოში?
29 აგვისტო, 2013
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა