მომხმარებელი, როგორც ენერგიის წყარო და მთავარი ორიენტირი

საქართველოს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, დაამონტაჟოს განახლებად ენერგიებზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური და გამოიმუშაოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისათვის, ხოლო ჭარბად გამომუშავების შემთხვევაში, ელექტროენერგია მიაწოდოს ქვეყნის ელექტროსისტემასაც. მართალია, “ნეტო აღრიცხვის” ძირითად პრინციპად აღებულია ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილება და, შესაბამისად, ხარჯების შემცირება, თუმცა ის, ვინც წლის განმავლობაში დადებით ბალანსს შეინარჩუნებს ქსელიდან მიღებულ და გაცემულ ელექტროენერგიას შორის, წლის ბოლოს ფინანსური სარგებლის მიღებასაც შეძლებს.

“ნეტო აღრიცხვა” განახლებადი ენერგიის გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა მთელ მსოფლიოში. კონცეფციის ფარგლებში, წყლის, მზისა და ქარის განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე ირინა მილორავა განმარტავს, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებელი არ არის კვალიფიციური საწარმო და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ბაზარზე კვალიფიციური საწარმოსთვის დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის - ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა.

“ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ ისეთი სახის რეგულაციები, რომლებიც გაამარტივებს მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას. დაიცავს მის, როგორც მომხმარებლის, უფლებებს და უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის მაღალ სტანდარტებს”, - ამბობს ირინა მილორავა.

სემეკმა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელთათვის ქსელზე მიერთების პროცედურა გაამარტივა. შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს არ სჭირდება დამატებითი ნებართვების აღება ან ავტორიზაციის გავლა. საჭიროა მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის ინფორმირება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და ქსელზე მიერთების მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენილი სპეციალური განაცხადის ფორმის საშუალებით. მომხმარებელი იხდის მხოლოდ არსებული მრიცხველის ორმიმართულებიანი მრიცხველით შეცვლის საფასურს, რომელიც დადგენილია კომისიის მიერ სხვადასხვა სიმძლავრესა და ძაბვის საფეხურზე.

დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 1,5 მილიონი მომხმარებელია და ნებისმიერ მათგანს შეუძლია იქონიოს სარგებლობაში 100 კვტ-მდე სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საშუალება, რომელიც განახლებად ენერგორესურსებს იყენებს.

სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ საუბარია მომხმარებლის საკუთრებაში არსებულ ისეთ წყაროზე, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის ქსელზე იმავე წერტილში, საიდანაც ელექტროენერგიის მოხმარება ხდება.

“შესაბამისად, წარმოებული ენერგიის ძირითადი ნაწილის მოხმარება ხდება თავად მფლობელის მიერ, ხოლო ჭარბი ენერგია მიეწოდება ქსელში”, - განმარტავს ნუგზარ ბერიძე.

იმის გათვალისწინებით, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს წლის განმავლობაში 200-250 ათასი კილოვატსაათი ენერგიის გამომუშავება შეუძლია, ნუგზარ ბერიძე მის გამოყენებას კომერციულად მიზანშეწონილად მიიჩნევს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, საჯარო- ადმინისტრაციული დაწესებულებებისთვის, წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის წელიწადში 1 მლნ კვტ.სთ-მდე მოხმარებით, ანუ რაოდენობრივად მომხმარებელთა მთლიანი მაჩვენებლის 95-98%-სთვის.

“ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველ ეტაპზე, მიკროგენერატორების დაშვებული ჯამური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელი კომპანიების პიკური დატვირთვის 2%-ს, ანუ დაახლოებით 25,000-30,000 კილოვატს, რაც რაოდენობრივად შეიძლება შეადგენდეს 1500-დან 2000-მდე მომხმარებელს. ასეთი მაჩვენებლები ელექტროენერგიაში შეადგენს დაახლოებით 65-75 მილიონ კილოვატსაათს, ანუ ქვეყნის მოხმარების 0,7- 0,8%-ს”, - ამბობს ნუგზარ ბერიძე.

თავად მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟი და ქსელთან მიერთება შესაბამის კომპეტენციას მოითხოვს, რაც ცალსახად სადისტრიბუციო კომპანიის პრეროგატივაა და ხორციელდება “ერთი ფანჯრის” პრინციპით. ამასთან, ვინაიდან კომისიის ინტერესში შედის, მოსახლეობა “ნეტო აღრიცხვაში” აქტიურად ჩაერთოს, სემეკი მზად არის, საკონსულტაციო მომსახურება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუწიოს.

ამ ეტაპზე, ერთი ვატი მზის ფოტოვოლტური პანელების მოწყობის ხარჯი საქართველოში $1.4-1.8-მდე მერყეობს, თუმცა ბაზრის განვითარებასთან ერთად სემეკი ფასის მნიშვნელოვან კლებას ვარაუდობს. რაც შეეხება მიკროჰესს, მისი მოწყობის ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებსა და ადგილობრივ გეოგრაფიულ რესურსზე.

“ზოგადად, ქარის მიკროელექტროსადგურის მოწყობის ხარჯი იმავე სიმძლავრის მზის პანელების 50-60%-ის ტოლია. ქალაქის შემთხვევაში ქარის მიკროსადგურების მასობრივად განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია, გარდა ისეთი პერიფერიული რაიონებისა, სადაც ამ ენერგიის რესურსი არსებობს”, - ამბობს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზვიად გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, საზღვარგარეთ ფართოდაა გავრცელებული მზის პანელებისა და ქარის კომბინირებული მიკროელექტროსადგურები, რომლებიც ზრდის ელექტროენერგიის დღეღამური წარმოების ეფექტიანობას, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირ შემთხვევაში, ქარი ღამით ძლიერდება, როდესაც მზის პანელები ელექტროენერგიას არ გამოიმუშავებენ. საქართველოში კი მზის ენერგია მასობრივად ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის, მაშინ როდესაც ქარისა და წყლის რესურსზე ხელმისაწვდომობა ნაკლებია.

რაც შეეხება სარგებელს, რომელიც შეიძლება მიიღოს სტანდარტული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მქონე პირმა წლიურად, ზვიად გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ “ნეტო აღრიცხვის” ძირითად პრინციპად აღებულია არა პირდაპირი ფინანსური სარგებლის მიღება, არამედ მოხმარებული ელექტროენერგიის დაზოგვა და, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯების შემცირება.

“წლის ბოლოს ფინანსური სარგებლის მიღება გამანაწილებელი კომპანიებისგან არის დამატებითი შესაძლებლობა, რომელიც უჩნდება მომხმარებელს იმ შემთხვევაში, თუ იგი წლის ჭრილში დადებით ბალანსს შეინარჩუნებს ქსელიდან მიღებულ და გაცემულ ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის”, - ამბობს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

სემეკის გათვლებით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მოწყობის შესაძლებლობა და პერსპექტივა თანაბარია როგორც ქალაქებში, ისე რეგიონებში. თუმცა, მათი შესაძლებლობების გამოყენებას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, სადაც ელექტროენერგიაზე წვდომა ნაკლებია ან ტექნიკურ- ეკონომიკურად არამიზანშეწონილია ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მიყვანა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში, ეკონომიკურად გამართლებულ ალტერნატივად მიიჩნევა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე დეცენტრალიზებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მოწყობა.

მომხმარებლისთვის ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯების შემცირების პარალელურად, “ნეტო აღრიცხვის” ერთ-ერთი მთავარი სარგებელი გარემოზე მავნე ნივთიერებათა ემისიების შემცირებაც არის, ვინაიდან მიკროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ენერგია არის სუფთა ენერგია, რომელიც ჰაერში ნახშირორჟანგის გაფრქვევას ამცირებს. შესაბამისად, თუკი საქართველოში მიკროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიაღწევს გამანაწილებელი კომპანიების პიკური დატვირთვის 2%-იან ზღვარს, რაც დაახლოებით 25-30 მეგავატია, ნახშირორჟანგის გაფრქვევა ქვეყანაში წლიურად დაახლოებით 18,000 ტონით შემცირდება.

არსებობს კიდევ ერთი დაშვება, რომ თბოელექტროსადგურების და იმპორტის გამომუშავება შემცირდება იმავე მოცულობით, რა გამომუშავებაც ექნებათ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებს. ეს დაშვება ეყრდნობა გათვლას, რომ ენერგიის მოთხოვნა გამანაწილებელ კომპანიებში შემცირდება იმავე მოცულობით, რა ოდენობის ელექტროენერგიასაც აწარმოებენ მიკროელექტროსადგურები, ანუ გამანაწილებელ კომპანიას საბითუმო ბაზარზე სწორედ ამ მოცულობით ნაკლები ელექტროენერგიის შესყიდვა მოუწევს.

“იქიდან გამომდინარე, რომ დეფიციტის დასაფარად ქვეყანა იყენებს თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას და იმპორტს, სავსებით ლოგიკურია ასეთი დაშვების გაკეთება. იმ შემთხვევაში, როდესაც მიკროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დაემთხვევა ქვეყნის ჰიდრორესურსების პიკს, შედეგად საექსპორტო პოტენციალის ზრდას მივიღებთ”, - განმარტავს ზვიად გაჩეჩილაძე.

“ნეტო აღრიცხვის” დანერგვის პარალელურად, სემეკი ახალ რეგულაციებს ამკვიდრებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიებისთვისაც.

ახალი სტანდარტების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია, მომხმარებლის მიერ შერჩეული ფორმით (ელექტრონული ფოსტის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით) აცნობოს მას დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ მათ დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე. გარდა ამისა, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. ასევე, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მიწოდების გაუფრთხილებლად შეწყვეტის შემთხვევაში, მიწოდება აღადგინოს 6 საათის განმავლობაში, ხოლო თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. გარდა ამისა, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქოლ-ცენტრის მუშაობა 24-საათიან რეჟიმში, რომლის პასუხის გაცემის დრო განისაზღვრება ზარის დაფიქსირებიდან 60 წამის განმავლობაში. ახალი წესები არეგულირებს გადაუხდელობის მიზნით გათიშული აბონენტების ჩართვის სტანდარტებსაც. კერძოდ, გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს დავალიანების გადახდის ასახვიდან, ან მომხმარებლის მიერ ქვითრის წარდგენიდან არა უმეტეს 3 საათის განმავლობაში.

დადგენილი სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს მომხმარებლისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწევთ სააბონენტო ბარათზე დარიცხვის გზით 10 კალენდარული დღის ვადაში. ახალი წესების საერთო სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების მონიტორინგს სემეკი განახორციელებს და წლიური მაჩვენებლების შეფასების შედეგად, კომპანიის მიმართ ფინანსურ მექანიზმებს გამოიყენებს მისი წახალისების ან დაჯარიმების მიზნით, რაც აისახება კომპანიისათვის შესაბამის მომსახურებაზე დადგენილ ტარიფში.

“რეგულირებად სექტორებში კომპენსირების, დაჯარიმებისა და წახალისების მექანიზმების განსაზღვრა შესაბამისობაშია დარგების განვითარების ევროპულ სტანდარტებთან”, - ამბობს კომისიის წევრი გიორგი ფანგანი. მისი თქმით, ჯანსაღი ტარიფების არსებობის პირობებში, მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს პროდუქტს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის სახით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ხარისხიანი მომსახურებით.

“კომპანია ვალდებულია, შეასრულოს ის სტანდარტები, რაც წესების მიხედვითაა გაწერილი და რომლებიც უზრუნველყოფს კმაყოფილ, ლოიალურად განწყობილ მომხმარებელს”, - დასძენს გიორგი ფანგანი.

იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული მომსახურების წესები წარმატებით მუშაობს ელექტროენერგეტიკის სექტორში 2012 წლიდან, კომისიაში ვარაუდობენ, რომ ისინი დადებით ასახვას ჰპოვებენ ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებზეც და, რაც მთავარია, დადებით შედეგს მოიტანენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. 

წინა სტატია

Heal - ექიმის გამოძახების სერვისი კალიფორნიაში
14 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ოქტომბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 14 პროცენტით გაიზარდა
15 ნოემბერი, 2016
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა