ბურბონის მარკო პოლო

Jefferson’s-ი ვისკის დამზადების გაუკვალავ გზებზე (უფრო სწორად, წყლებზე) მოგზაურობს და ბურბონს მსოფლიოს ოკეანეებში, მდინარეებსა და ტბებში აძველებს.

ხალი ორლეანის ტბა პონჩარტრეინში პატარა მოტორიანი ნავი დაცურავს - ჭანჭრობებიდან ჩრდილოეთისკენ დაბალი სიჩქარით, 5 კვანძით მიემართება და აგვისტოს გაწებილ ჰაერს მიაპობს. ხომალდს ერთკაციანი ეკიპაჟი მართავს - ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ნავზე გატარებული თითქმის სამი თვის შედეგად, წვერი უწესრიგოდ გაზრდია. საპირისპირო მხარეს რომ მიადგება, კაპიტანი ქალაქის მომზირალი, პალმებჩამწკრივებული ნაპირის გასწვრივ უშვებს ღუზას. ხომალდის გარეგნობა - 23 ფუტის მოძველებული ლითონი - მის ტვირთზე ცრუ შთაბეჭდილებას ქმნის. ეს ტვირთი, სინამდვილეში, ბურბონით სავსე 200-ზე მეტი ლიტრის ტევადობის მუხის კასრებია. ცრუ შთაბეჭდილება შეიძლება, მისმა მარშრუტმაც შეგიქმნათ (და ვერ წარმოიდგინოთ, რომ რაღაც სიახლესთან გვაქვს საქმე): ხომალდი ლუისვილიდან (კენტუკი) მდინარე ოჰაიოთი ჯერ მისისიპიმდე, შემდეგ კი მექსიკის ყურემდე მოგზაურობს.

როცა ნავი ერთი ან ორი დღით პორტში ჩერდება, მისი მფლობელი, ჭაღარაშეპარული სამხრეთელი, ტრეი ზოელერი იქ ჩადის, რათა კაპიტან ტედ გრეისთან ერთად განსაკუთრებული წუთებით დატკბეს. კასრებში, რომლებიც გემბანზე ფოლადის გალიებში უსაფრთხოდაა მოთავსებული, ექვსი თვის დაძველების ვისკი ინახება. ამ ახალგაზრდულ ასაკში, ვისკი, როგორც წესი, წყალივით გამჭვირვალეა, ზედმეტად ტკბილი გემო აქვს და სასას წვავს. მაგრამ კომპრესირებულ ჰაერზე მომუშავე ბურღით ზოელერი კასრიდან ნაცნობ წაბლისფერ სითხეს ამოტუმბავს და ეს სითხე გაცილებით ასაკოვანი ბურბონივით გამოიყურება. როცა დუეტს ამ სითხით სავსე ჭიქები პირთან მიაქვს, კაპიტანი ზოელერის აზრს ასრულებს:

“ის აკლია...”, - იწყებს ზოელერი.

“...პიკანტურობა”, - ამთავრებს გრეი.

48 წლის ზოელერი Jefferson’s-ის დამაარსებელია - ლუისვილში დაფუძნებული ბურბონის მწარმოებლისა, რომელსაც ამერიკის მესამე პრეზიდენტის პატივსაცემად შეერჩა სახელი (“ის დამოუკიდებლობასაც განასახიერებდა და დახვეწილობასაც”) და რომელიც 1997 წელს შეიქმნა - მანამ, სანამ ინდივიდუალურად წარმოებული ვისკი ეროვნულ გართობად იქცეოდა. ოჯახური ლეგენდის თანახმად, ზოელერის ჩაბმა ვისკის ინდუსტრიაში საკმაოდ ბუნებრივი ნაბიჯი იყო: მას დიდი ბებია ჰყოლია, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს ალკოჰოლს ხდიდა. ის გახლდათ “პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც ალკოჰოლის არალეგალური გამოხდისთვის დააკავეს”, - ამაყად ამბობს ზოელერი.

Jefferson’s-ი ჩვენს საუკუნეშიც განაგრძობს წესების მსხვრევას და ინოვაციურ გემოებში ოსტატდება, რაც ალკოჰოლის კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინდუსტრიის მოჭარბებულ კონკურენციას რომ გადაურჩნენ. კარგი ბურბონი კარგად დაძველებული ბურბონია, ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც, ზოელერმა დაძველებაზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო: სავსე კასრებს (მას Napa Valley-ს განთქმული Groth Vineyard-ის Cabernet-ს კასრებიც მოსწონს) იხვებზე მონადირეების სახიზნავებში ათავსებდა, რომ ცვალებადი ამინდის გავლენას დაჰკვირვებოდა. მისი ბურბონით დატვირთული ნავებიც ამ ფილოსოფიის კიდევ ერთი განშტოებაა.

თითქმის ყველა ვისკი - იქნება ეს სკოჩი, ბურბონი თუ ჭვავის ვისკი - შენობაში, კასრებში ძველდება. ამ პროცესს წლები სჭირდება და რაც მეტი, მით უკეთესი. დაძველებისთვის დიდი სახდელები უფრო გამოდგება, თავისი საწყობებითურთ, რომ მწარმოებელი დიდ ოდენობას გაუმკლავდეს და საუკეთესო შედეგებისთვის, პატარ- პატარა ელემენტები (მაგალითად, ტენიანობა და ტემპერატურა) იოლად არეგულიროს. ამდენად, თუ Jefferson’s-ის ტიპის უფრო პატარა ბრენდებს სურთ, გამორჩეულები იყვნენ, შემოქმედებითად უნდა მიუდგნენ საქმეს.

როგორც ალკოჰოლის ინდუსტრიაში ბევრ დიდ იდეას სჩვევია, ვისკის წყალზე დაძველების კონცეფციაც სმის რამდენიმე რაუნდის შედეგად წარმოიშვა. უფრო კონკრეტულად, ეს მე-40 დაბადების დღის აღნიშვნისას მოხდა, იახტაზე, რომელიც ზოელერის მეგობარს, ზვიგენთა მკვლევარს, კრის ფიშერს ეკუთვნოდა, და რომელსაც კოსტა- რიკისკენ აეღო გეზი. გემი ირწეოდა, ზოელერი კი აკვირდებოდა, როგორ ბზრიალებდა ვისკი ჭიქაში. თვალწინ კასრში ჩასხმული ვისკი დაუდგა, რომელიც მსგავს სიტუაციაში მსგავსადვე მოიქცეოდა. თეორიულად, გემის რწევას შეეძლო დაძველების დაჩქარება, რადგანაც ბურბონი არაერთხელ შევიდოდა კასრთან კონტაქტში... და ელემენტებთანაც (ნებისმიერ მაღალ ტემპერატურას იგივე სუპერდამაძველებელი ეფექტი ექნებოდა). საბოლოოდ კი ეს მეთოდი დროს საოცრად დაზოგავდა. და არაპროგნოზირებად ბუნებაში და სხვადასხვა მარშრუტზე მოხვედრილი ბურბონის წყალობით, ზოელერს ახალი ექსტრაქტების სტაბილური წყარო გაუჩნდებოდა.

თავიდან ფიშერი სკეპტიკურად განეწყო იდეის მიმართ, რაც გემით ამდენი აალებადი სითხის გადატანას გულისხმობდა. “მაგრამ რაც უფრო მეტს სვამდა, - იხსენებს ზოელერი, - მით უფრო მოსწონდა ეს იდეა”.

Jefferson’s-ის Ocean-ის დებიუტი 2012 წელს, 10,000-ზე მეტი ზღვის მილის დაფარვის შემდეგ შედგა. ზოელერმა 300 ბოთლი $200-ად დააფასა და მისივე თქმით, მალე ათჯერ უფრო ძვირადაც ჰყიდდა. მეცხრე Jefferson’s Ocean-ის გამოშვებას წლის ბოლოს აპირებს. ახალი ვერსიის პირველად გასინჯვა “შობის დილასავითაა. არასდროს ვიცი, როგორი იქნება”.

ზღვის ჰაერი Jefferson’s Ocean-ს ბოლოში მარილიანი კარამელის გემოს აძლევს, არაფერში რომ არ შეგეშლება, ისეთს. ზოელერმა ნაკლებად მლაშე ვარიანტის შექმნაც მოისურვა, ოღონდ არ უნდოდა, საზღვაო დაძველებისთვის ეღალატა. ჰოდა, აბა, რატომ უნდა ეთქვა ლუისვილიდან ახალ ორლეანამდე მარშრუტზე უარი - მარშრუტზე, რომლითაც მე-19 საუკუნეში ამერიკის პირველმა გამომხდელებმა გადაზიდეს ბურბონი?

მეგობარმა ზოელერს 27 წლის გრეი გააცნო, ყოფილი Eagle Scout-ი, რომელიც დისკომფორტსა და სირთულეებში ცხოვრებით იყო გატაცებული. “მის კაბინაში შევიხედე, - ამბობს გრეი და უფანჯრო, 6 ფუტის სიგრძისა და 2 ფუტის სიმაღლის კაიუტის პატარა კარს აღებს, - და ვიფიქრე, მაგარია, ათი თვე კარავში ძილივით იქნება- მეთქი”.

მოგზაურობისთვის ზოელერმა პატარა ხომალდი შეარჩია. უფრო დიდი უფრო მყარად იცურებდა წყალზე და ბურბონიც ნაკლებად იმოძრავებდა კასრში.

გრეი მდინარე ოჰაიოდან ივნისში დაიძრა და მალევე იგრძნო, სიცხე რომ კარამელად აქცევდა ბურბონს და ხანდახან ფუტკრების გუნდებსაც რომ იზიდავდა. მოგზაურობას კიდევ რამდენიმე სათავგადასავლო მომენტი ახლდა. “სამჯერ კინაღამ ამოვყირავდით”, - იხსენებს გრეი, და სანამ ჰენდერსონთან (კენტუკი) ახლო, გრიგალისგან თავშესაფარს ეძებდა, “არ მეგონა, რომ გემი გაქაჩავდა”.

ახლა, როცა ახალ ორლეანში უსაფრთხოდ ჩაუშვა ღუზა, გრეი თავდაჯერებულად აცხადებს, რომ მისი ტვირთი “მსოფლიოში უიშვიათესი ბურბონია”. რადგან ეს ბურბონი უკვე საგრძნობლად კარგად და საგრძნობლად მალე დაძველდა, კიდევ ორი გზის გავლა მოუწევს.

ზოელერი მის გადატანას თავად აპირებს, თავის მეგობართან, ახალი ორლეანის რესტორატორსა და შეფ ჯონ ბეშთან ერთად. ეს გაცილებით მოკლე მარშრუტი იქნება: ახალი ორლეანიდან ფლორიდამდე. მერე ბურბონს ნიუ-იორკში გაუშვებს (სავარაუდოდ, გრეი კვლავ დაბრუნდება კაპიტნის რანგში). ბურბონს საშობაოდ გამოუშვებენ და მას Jefferson’s Journey ერქმევა, თუმცა ზოელერს ფასი ჯერ მოსაფიქრებელი აქვს. სადღაც $70-ს უტრიალებს - 200-მილილიტრიანი ბოთლისთვის.

თუ Jefferson’s-ი მეორე ასეთ მოგზაურობაში წავა, მის კაპიტანს გარკვეულ გაუმჯობესებათა ნუსხა აქვს მზად. “ალბათ კაპიტნის თანაშემწე დაგვჭირდება, - ამბობს გრეი და ხომალდის საჭეს ეყრდნობა, - და კონდიციონერი”.

ზოელერი კვერს უკრავს. “ჰო, და ალბათ უფრო დიდი ნავი უნდა ვიშოვოთ”. 

წინა სტატია

ილიაუნის ფორბსის კლუბი
28 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ლარის ოფიციალური კურსი 2.51-ს მიუახლოვდა
28 ნოემბერი, 2016
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა