“გრძელი ლარის” პრობლემა

სამთავრობო, არასამთავრობო თუ ბიზნესსექტორიდან ხშირად გვესმის ფრაზა “გრძელი ლარის პრობლემა” და შედარებით ნაკლებად - “გრძელი დოლარის პრობლემა”. ზოგადად კი ყველა თანხმდება, რომ  “გრძელი ფულის” გარეშე  ბიზნესისა და, შესაბამისად, ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია.

“გრძელვადიანი სახსრები ხმარდება საინვესტიციო პროექტებს და  ხელს უწყობს ეკონომიკის სტაბილურ ზრდასა და დასაქმებას, რაც  მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე აისახება”, - აცხადებს Forbes Georgia-სთან ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2010 წლიდან დედოლარიზაციის ანუ ე.წ. ლარიზაციის პოლიტიკა გამოაცხადა. მისი მიზანი ქვეყანაში დოლარიზაციის დონის შემცირებაა, რადგან ცენტრალურ ბანკში მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის გამოყენების ზრდა და, შესაბამისად, ლარიზაციის მაჩვენებლის მატება მნიშვნელოვანია სტაბილური ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად.

2010 წლიდან დეპოზიტების დოლარიზაცია ნელი ტემპით, მაგრამ ძირითადად მაინც მცირდებოდა - თუ 6 წლის წინ დოლარში დეპოზიტების წილი  75.7% იყო, მიმდინარე წლის სექტემბერში დეპოზიტებში დოლარიზაციამ  69.2% შეადგინა. რაც შეეხება მთლიან სესხებში დოლარიზაციის კოეფიციენტს, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 81.7% იყო, სექტემბრის მონაცემებით კი დოლარში გაცემული სესხების წილი  63.3%-ია.

მართალია, ლარიზაციის პოლიტიკას როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები ჰყავს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - სწორედ დოლარში არსებული ვალდებულებების გამო, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუფასურების მიმართულებით ლარის ჭარბი მერყეობა მტკივნეულია როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესსექტორისთვის და, ფაქტობრივად, დაუძლეველი პრობლემაა ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკისთვის, რადგან კითხვაზე - რა სჭირს ლარს, მათი პასუხი არც ისე კონკრეტულია.

კონკრეტულია საქსტატის მონაცემები - ცხრა თვეში ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა, სექტემბერში კი მხოლოდ - 1.5%-ით. ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპის მიზეზებზე ამ სტატიაში არ ვიმსჯელებთ, ამიტომ ისევ ლარიზაციის პოლიტიკას დავუბრუნდეთ. თითქმის ყველა თანხმდება: რომ არა დოლარიზაციის მაღალი დონე, ლარის გაუფასურება ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა, რადგან ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ამიტომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ცდილობენ, სხვადასხვა ინსტრუმენტით მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ე.წ. ლარიზაციის პროცესს. ამისთვის კი ლარით გაცემული სესხების მოცულობის გაზრდაა საჭირო. ეს, თავის მხრივ, დამოკიდებულია როგორც ლარის “ფასზე” ანუ საპროცენტო განაკვეთებზე, ისე, ზოგადად, ლარის რესურსის არსებობაზე. იმ ფონზე, როცა დეპოზიტების 69.2% დოლარშია, ლოგიკურია, რომ საბანკო სექტორს ლარის არც ისე დიდი რესურსი აქვს,  მით უმეტეს  - გრძელვადიანი ლარის, რადგან  ე.წ. “გრძელი ფულის” მისაღებად ბანკმა მოკლევადიანი ვალდებულება გრძელვადიან აქტივად უნდა აქციოს ანუ დეპოზიტი - სესხად, რასაც ფინანსისტები ვადიანობის ტრანსფორმაციას უწოდებენ და მთავარი სირთულეც სწორედ აქ არის, რადგან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის აზრით, ტრანსფორმაციის პროცესში, საკრედიტო და საოპერაციო რისკების გარდა ბანკებს აქვთ ორი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური რისკი -  საპროცენტო და ლიკვიდობის. [საპროცენტო რისკი  -  როდესაც ბანკი გასცემს გრძელვადიან სესხს გარკვეული პროცენტით და თუკი პროცენტი ამის შემდგომ შეიცვალა,  ბანკი ვეღარ შეძლებს ადეკვატური შემოსავლის მიღებას; ლიკვიდობის რისკი ნიშნავს, რომ ბანკი ვერ შეძლებს სახსრების მოზიდვას საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან მიახლოებული ფასით ანუ თუ ბანკმა გასცა გრძელვადიანი სესხი და, დავუშვათ, ერთი წლის შემდეგ დეპოზიტორებმა სწრაფად შეამცირეს დეპოზიტების რაოდენობა ამ კონკრეტულ ბანკში (მაგ. გადარიცხეს სხვა ბანკში) და იმავდროულად ვერ ახერხებს სხვა ბანკიდან ფული სესხებას, მაშინ ბანკს  ლიკვიდობის პრობლემა შეექმნება.]

“თუ ბანკს ექნება საპროცენტო და ლიკვიდობის რისკების თავიდან აცილების ან მათგან დაცვის საშუალება, ის შეძლებს წარმოქმნას ე.წ. “გრძელი ფული” ანუ გასცეს გრძელვადიანი სესხები საბაზრო საპროცენტო განაკვეთით. რაც უფრო ეფექტიანად შეეძლება ვადიანობის ტრანსფორმაცია, მით უფრო მეტი გრძელვადიანი სესხის გაცემის შესაძლებლობა ექნება, სხვა შემთხვევაში, ბანკი იძულებულია, გასცეს მოკლევადიანი სესხები, რაც სამომხმარებლო ხასიათისაა და ძირითადად იმპორტის დაფინანსებას ხმარდება. იმავდროულად, ზრდის მოსახლეობის დავალიანებას, მცირე რაოდენობით ქმნის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკის ზრდაზე მინიმალურად აისახება”, - განმარტავს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი.  

არჩილ მესტვირიშვილის აზრით,  “ლარის “დაგრძელებისთვის” ბანკებს საკმარისი რაოდენობის “მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები” სჭირდებათ. ასეთ აქტივს კი საქართველოში ლარით დენომინირებული სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები წარმოადგენს”.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლიდან დღემდე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებულია 484 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაცია.  მოზიდული ლარის რესურსი კი საფინანსო სექტორში გადანაწილდა, რათა ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდოს.  (ცხრილი - ბონდები ლარში)

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქვეყანაში “მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივის” დეფიციტია, რადგან  იმის გამო, რომ საქართველოში ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე ძირითადად დონორებისაგან ნასესხები ფულითა და პრივატიზაციიდან მიღებული თანხებით ხდებოდა, მთავრობის ფასიანი ქაღალდების მოცულობა ეკონომიკაში იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს საფინანსო სექტორს სჭირდება.  

სწორედ მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების შემცირებით და ე.წ. “გრძელი ლარის” მეტი რესურსის შექმნით ხსნის სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2014-2015 წლებში “ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის მექანიზმის ფარგლებში”  ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ობლიგაციების ემისიას, რომელმაც ჯამში, დაახლოებით, 272.8 მლნ ლარი შეადგინა, მაგრამ მომდევნო წლებში ნოდარ ხადურის უწყებამ  ემისია შეწყვიტა.

არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, პრობლემა არ აღმოფხვრილა და ამ ინსტრუმენტის საჭიროება კვლავაც არის, მაგრამ სებ-ისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება მისაღებია და ამას ინსტრუმენტის მოქმედების მექანიზმის სირთულით ხსნიან. “ისმოდა მრავალი უსამართლო კრიტიკა, არასწორად ხდებოდა მისი დაკავშირება ლარის კურსთან. ერთობლივად გადაწყდა, რომ მისი დროებით შეჩერება ამ საკითხის გარშემო აჟიოტაჟის ჩაქრობას შეუწყობდა ხელს”, - ამბობს მესტვირიშვილი.

ფინანსთა სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ე.წ “გრძელი ფულის” პრობლემის არსებობაზე მეტყველებს საბანკო სექტორის მიერ მოზიდული დეპოზიტებისა და გაცემული სესხების კომპოზიცია ვალუტის მიხედვით, მაგრამ ირწმუნებიან, რომ “საქართველოს მთავრობა თანამიმდევრულად ახორციელებს საბანკო  სექტორისათვის ლიკვიდობის მიწოდების ხელშეწყობას, რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში გამოიხატება”.

“ბაზრის განვითარებას სჭირდება დრო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის სტიმულირებას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გამოცდილების გაზიარება და დანერგვა, მაგალითად: ხდება ემისიების “გამსხვილება”, რაც ე.წ. “ბენჩმარკ ბონდების” გამოშვების საშუალებას მოგვცემს. მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთავრობის მიერ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის მიღება”, - აცხადებენ სამინისტროში.

თუმცა ფაქტია, მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის არ არის თანამიმდევრული და ამაზე სწორედ “ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის მექანიზმის ფარგლებში” სახაზინო ობლიგაციების მხოლოდ 2 წლით გამოშვებაც მეტყველებს, რადგან, პრობლემის მიუხედავად, ეს მექანიზმი შეჩერდა.

კიდევ ერთი გზა, რამაც ბაზარზე, ხელისუფლების გათვლებით, “გრძელი ლარის” რესურსი უნდა გააჩინოს, კაპიტალის ბაზრის განვითარებაა, რასაც საპენსიო რეფორმას აბამენ. “საპენსიო ფონდს სწორედ გრძელვადიანი რესურსი ექნება, რომელსაც იგი აუცილებლად დააბანდებს უფრო მოგებიან და სტაბილურ გრძელვადიან აქტივებში”, - იმედოვნებენ ნოდარ ხადურის უწყებაში. მსგავსი მოლოდინი აქვთ ეროვნულ ბანკშიც. მათი აზრით, საპენსიო ფონდის მიერ შეძენილ გრძელვადიან სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს საფინანსო სექტორი ლარის დაგრძელვადიანებისთვის გამოიყენებს, რაც  ლარზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

მათგან განსხვავებით, ფინანსისტი ირაკლი ერაძე  პრობლემას არა იმდენად ლარის რესურსის ხელმისაწვდომობაში, არამედ რისკებში ხედავს, რის გამოც ბანკები მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის დაკრედიტებისგან თავს იკავებენ, ამიტომ,  მისი აზრით, საპენსიო ფონდიც იმავე სტრატეგიას აირჩევს, რასაც - საბანკო სექტორი. “ფულადი რესურსის ძირითადი მასა მიიმართება სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებში და არა კერძო სექტორის გრძელვადიანი დაკრედიტებისთვის. ამდენად, იმის თქმა, რომ საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის განვითარება უპირობოდ გააჩენს სამეწარმეო სექტორისთვის “გრძელ ფულს”, გადაჭარბებულია”, - აცხადებს ერაძე.

ფინანსისტის შეფასებით, “გრძელი ლარის” მთავარი “მტერი” არის რისკი და, შესაბამისად, მთავრობაც და ეროვნული ბანკიც მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ ამ რისკების შემცირებას. “მთავრობის ძირითადი ინსტრუმენტი არის ბიუჯეტის თანამიმდევრული ხარჯვა. ასევე, რისკების შემცირების ერთ-ერთ არაპირდაპირ ინსტრუმენტად მიმაჩნია ზოგიერთი გადასახადის შემცირება ან გაუქმება, რადგან ბიზნესში დარჩენილი ყოველი ლარი პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიების ე.წ. “ფინანსურ ჯანმრთელობაზე”. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სებ-ისა და მთავრობის უნისონში მოქმედება, რათა მინიმუმამდე დავიდეს ეროვნული ბანკის რესურსების გამოყენება ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით”, - აცხადებს ირაკლი ერაძე.  

ლარში მეტი გრძელვადიანი რესურსის გაჩენის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად მაღალ ეკონომიკურ ზრდას და სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს  Galt &Taggart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე. ამასთან, იმასაც აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი ლარის არსებული რესურსი “სრულად “დასაქმებულია” ბანკების მიერ”.

“დეპოზიტარებსა და ინვესტორებს უნდა სჯეროდეთ ლარის გრძელვადიანი პერსპექტივის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა სჯეროდეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის. “გრძელი ფული” ძირითადად საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლადაა გათვლილი, რაც კომპანიების ზრდას იწვევს”, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.  მისი შეფასებით, ბოლო წლებში, “გრძელი ფულის” შესაქმნელად, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, თუმცა “მეტის გაკეთება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია”. ლარში გრძელვადიანი რესურსის გასაჩენად უკვე განხორციელებულ ღონისძიებებს შორის ის გამოყოფს ლარში დენომინირებული, კორპორაციული ობლიგაციების გირაოში (რეპო ტრანზაქცია) მიღების შესაძლებლობას. “ასევე არსებობს საკმაოდ გაბედული იდეა, რომ სახელმწიფომ გამოუშვას პირველი საერთაშორისო ობლიგაცია ლარში. ვფიქრობ, ამის გაკეთება  შესაძლებელია, რაც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა”, - აღნიშნავს ბანკირი.

“გრძელი ლარის” რესურსის  არსებობის უმთავრეს საფუძვლად პოლიტიკის განგრძობადობის მიმართ  ნდობა მიაჩნია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსაც. “თუ გვინდა, რომ კომერციულმა ბანკმა გასცეს 5- და 10-წლიანი სესხი, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არსებული საოპერაციო ჩარჩო მომავალში ძირეულად არ შეიცვლება”, - აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეკონომიკის მდგრადი და სწრაფი განვითარებისათვის აუცილებელია ლარის მეტი გრძელვადიანი რესურსის არსებობა.

თუმცა იქნებ პირიქითაა?! – “გრძელი ლარის” პრობლემა ქვეყანაში ხომ იმიტომაც არის, რომ მოქალაქეები ნაკლებად ენდობიან ეროვნულ ვალუტას, ვიდრე - დოლარს და საკუთარ დანაზოგებს ინახავენ უცხოურ ვალუტაში და არა - ლარში. შესაბამისად, ბანკებს გასასესხებლად დოლარის რესურსი მეტი აქვთ, ვიდრე - ქართული ლარის.  ეროვნული ვალუტისადმი ნდობას კი სწორედ  მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა განსაზღვრავს.

 

წინა სტატია

დაკვირვებები მეტად ფაქიზ საკითხზე
05 დეკემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ნოემბერში საქართველოში 14 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა
06 დეკემბერი, 2016
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა