ქარის მოტანილი ენერგია

ქარის მოტანილი ენერგია

ნოემბერში შიდა ქართლის გავლით მგზავრობა სამჯერ მომიწია. ყოველ ჯერზე ქარის ელექტროსადგურის ტურბინებს დავაკვირდი – ფრთები არ მოძრაობდა.

ქარი, განახლებად ენერგიებს შორის, ელექტროენერგიის მისაღებად ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური წყაროა. მას ენერგეტიკოსები ზამთრის ენერგიას უწოდებენ. მსოფლიოში ქარის პირველი ელექტროსადგური 1887 წელს, შოტლანდიაში აშენდა. საუკუნეზე მეტი გავიდა და საქართველომ საერთაშორისო გამოცდილებას უპასუხა. მეტეოროლოგიური ანძის გამოთვლებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის საშუალო სიჩქარე 8.5მ/წმ-ია, რაც ელექტროენერგიის მისაღებად საკმარისზე მეტია (სადგურის ასამუშავებლად ქარის სიჩქარე, მინიმუმ, 3მ/წმ უნდა იყოს), ამიტომ ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ქარის ენერგიის ასათვისებლად ეს ადგილი შეარჩია და განსახორციელებლად პროექტი შვილობილ კომპანიას – შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურს” ჩააბარა.

ეს პირველი ზამთარი იქნება, როცა ქართულ ელექტროსისტემას, 20 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, კვების ახალი წყარო ექნება. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ქართლის ელექტროსადგურს წელიწადში საშუალოდ 18,000 ოჯახის ელექტრომომარაგება შეუძლია, თუმცა ქარის ენერგია რომელიმე კონკრეტული დასახლების უზრუნველსაყოფად გამიზნული არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ელექტროენერგიის გამომუშავების არასტაბილური წყაროა – ქარი ხან არის, ხან – არა. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ განახლებადი ენერგიის ამ სიმძლავრეზე ელექტროსისტემის დამოკიდებულება მხოლოდ 10%-ის ფარგლებშია დასაშვები. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ესკო ამ სისტემის ენერგიას, მისი ამუშავებიდან ათი წლის განმავლობაში, 1 კვტ/სთ-ს 6.89 ცენტად შეიძენს.

განახლებადი ენერგიის ახალი წყაროს ათვისება $34 მილიონი დაჯდა, საიდანაც $24 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტია, $10 მილიონი – ენერგეტიკის განვითარების ფონდის რესურსი.

იმ ფონზე, როდესაც თეორიულად, ჰიდრორესურსების 80% ასათვისებელია, რომელიც ქარის ელექტროენერგიაზე 10-15%-ით იაფი ღირს, ისმის კითხვა – უღირს თუ არა საქართველოს, ენერგეტიკის განვითარების ამ ეტაპზე, ძვირად ღირებულ ელექტროენერგიაში ფულის გადახდა? ამ კითხვაზე დღეს ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებიდან ერთ-ერთის – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის პასუხი ასეთია: ქარის ელექტროსადგური ხარჯებს ამართლებს. მისი მთავარი არგუმენტია, რომ განახლებადი ენერგიების ათვისება არც ევროპაში დაწყებულა მისი ეკონომიკური მოგებიანობის თვალსაზრისით. მარიამ ვალიშვილის განმარტებით, ევროპაშიც ეს, ერთი მხრივ, ვალდებულება და პოლიტიკის ნაწილი, მეორე მხრივ კი ენერგოდამოუკიდებლობით მოტივირებული გადაწყვეტილება იყო – განვითარებულმა სახელმწიფოებმა სწორედ ამიტომ დაუჭირეს მხარი განახლებადი ენერგიის გამომუშავებას.

“ჩვენ დიდი მხარდაჭერის გამოხატვის საშუალება არ გვაქვს, რადგან შედარებით ღარიბი ქვეყანა ვართ, ამიტომ, მიზანშეწონილობის ფარგლებში, სხვა ქვეყნის ენერგორესურსში 5-6 ცენტის გადახდას და სხვა ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების გაზრდას სჯობია, ჩვენს ეკონომიკაში თუნდაც 15%-ით მეტი გადავიხადოთ, თუმცა ვერ შეგპირდებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ქარის ტურბინების წარმოებასაც დავიწყებთ”, – გვიპასუხა მარიამ ვალიშვილმა.

რაც შეეხება უკვე გაწეული ხარჯების ამოღებას, შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი ვარაუდობს, რომ ქარის ელექტროსადგური ამ დელტას ექსპლუატაციაში შესვლიდან შვიდი წლის შემდეგ შეავსებს. გამომუშავებული თანხა ამავე შპს-ის ბიუჯეტში წავა, თუმცა მანამდე, არსებული რესურსებით, ახალი პროექტების მომზადება მიმდინარეობს. თორნიკე ყაზარაშვილის თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ 1000-დან 1100 მეგავატამდე ქარის ენერგია აითვისოს.

“სამომავლოდ, ისევ ამ ტერიტორიაზე, უკვე არსებული ელექტროსადგურის 100 მეგავატამდე გაძლიერებას განვიხილავთ. ამ პროექტზე მუშაობას მომავალი წლის ზაფხულისთვის დავასრულებთ და შემდეგ, ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, მშენებლობას დავიწყებთ. ინვესტორის მოზიდვაზე უკვე ვმუშაობთ”, – ამბობს თორნიკე ყაზარაშვილი. შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან საუბრიდან ირკვევა, რომ პარტნიორ კომპანიებთან ორი პროექტი უკვე არსებობს – ერთი ქართლის, მეორე კი იმერეთის რეგიონში. გარდა ამისა, პარალელურად სხვადასხვა ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს როგორც სატელიტიდან დაკვირვებით, ისე – საველე გასვლებით.

პროექტების ნაწილი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ან განხილვის სტადიაზეა. როგორც ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა დავით შარიქაძემ განგვიმარტა, ქარის ელექტროსადგურების ასაშენებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებისთვის, დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით, ჯამურად 700 მეგავატამდე სიმძლავრის პროექტებზე კერძო კომპანიებთან მემორანდუმები გაფორმებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სადგური აშენდება. დავით შარიქაძის განმარტებით, განხილვის სტადიაშია და ტექნიკური შეფასებები გაკეთებულია 1000 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის პოტენციურ სადგურებზე.

“ყველა ეს პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდება. ინიციატორები ძირითადად თურქული და ევროპული კომპანიები არიან, ასევე – ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც საკუთარი გამომუშავებული რესურსით შეიძლება, რომელიმე პროექტში თანამონაწილედ შევიდეს”, – განაცხადა დავით შარიქაძემ და დასძინა, რომ “სახელმწიფომ ქარის საპილოტე სადგური უკვე ააშენა და ამის შემდეგ თანხა აღარ უნდა დახარჯოს”.

ამ მიმართულებით საბიუჯეტო თანხების ხარჯვას არც Galt & Taggart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე ემხრობა.

“სახელმწიფომ არც ერთი თეთრი არ უნდა დახარჯოს. არ არის საჭირო. ქარის მწარმოებლებს ტარიფი უნდა მისცეს და კერძო ინვესტიციებით აშენდება როგორც ქარის, ისე მზის სადგურები. ორივე მიმართულება ტექნოლოგიური განვითარების იმ ეტაპზეა, რომ პროექტები კომერციულად გამართლებული ხდება. მთავარია, ქსელზე დაერთების კუთხით ხელშეწყობა იყოს”, – აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ. მისი ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობით BGEO ჯგუფიც არის დაინტერესებული.

კერძო სექტორის მიერ დაგეგმილ აქტივობებს ქარის ენერგიის გამოსაყენებლად საჭირო ტექნოლოგიების გაიაფებაც ხელს უწყობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე, რომელსაც სტუდენტებისთვის ლაბორატორიაში 400 ვატი დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აქვს დამონტაჟებული, აღნიშნავს, რომ თუ ხუთი წლის წინ ქა რის ენერგიისგან ერთი მეგავატი დადგმული სიმძლავრის მიღება დაახლოებით $2.5 მილიონი ღირდა, დღეის მდგომარეობით – $1.5 მილიონამდე გაიაფდა.

“ქარის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკვე რენტაბელური და კონკურენტუნარიანია. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით კარგი პოტენციალია გორში, ქუთაისში, ფოთში, სურამის უღელტეხილსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – აცხადებს გია არაბიძე.

ქარის ელექტროსადგურების ასაშენებლად პერსპექტიულ რეგიონებთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია ასეთია:

ამ ციფრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, “ქართლის ქარის ელექტროსადგურმა” ჩვენი ქვეყნის პოტენციალი 1.4%-ის ფარგლებში აითვისა. ეს მაჩვენებელი 2025 წლამდე, სავარაუდოდ, უმნიშვნელოდ შეიცვლება, რადგან როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებულ, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში (2015-2025) ვკითხულობთ, მართალია, ტექნოლოგია თანდათან ვითარდება, მაგრამ ქარის არასტაბილურობის გამო მისი გამოყენება ენერგოსისტემაში დამატებითი სარეზერვო სიმძლავრის მობილიზაციას საჭიროებს, შესაბამისად, ქსელში ქარის ენერგიის მასიურად ჩართვა მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება განვითარებული ქვეყნების ტემპებს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისათვის ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 10%-ს მიაღწევს. 

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. ამ მიმართულებას გაცილებით ჯობია მზის ენერგიის ათვისებაზე ვიზრუნოთ

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *