OptioAI - ქართული ფინანსური ჩეტბოტი

პირადი ფინანსების არარაციონალურად დაგეგმვისა და განკარგვის პრობლემის წინაშე ადამიანები მთელ მსოფლიოში დგანან. “სტარტაპ საქართველოს” მაღალტექნოლოგიურ პროექტებს შორის გამარჯვებული OptioAI-ი ჯერ ქართველ, მოგვიანებით კი საზღვრებს მიღმა მყოფ მომხმარებელს ფულის გონივრულად ხარჯვაში დახმარებას ალტერნატიული გზით გაუწევს. მისი ავტორების - შოთა გიორგობიანისა და გიორგი მირზიკაშვილის - გათვლით, რეგიონში პირველი და თავისი პროფილით მსოფლიო ბაზარზეც ერთ-ერთი პირველი ფინანსური ჩეტბოტი არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მასშტაბის სიახლედ შეიძლება იქცეს და პირადი ფინანსების მართვის ახალი სტანდარტი დაამკვიდროს.

OptioAI-ის მეამბოხე ავტორებს რომ ჰკითხო, დონალდ ტრამპის გამდიდრებაშიც მიუძღვით წვლილი. თავად ამ ორს თუ არა, მათ ამერიკელ კოლეგებს მაინც. ფინანსური მრჩევლის მნიშვნელობაზე ისედაც არავინ დაობს, მაგრამ კითხვას, თავად მათი კაპიტალი როდის გაუტოლდება ტრამპისას, პასუხობენ, რომ ყველაზე ზუსტად სათქმელს მალე OptioAI-ი იტყვის.

OptioAI-ი პირველი ქართული ფინანსური ჩეტბოტია. ჩეტბოტი წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელიც მოსაუბრის სიმულირებას და მომხმარებელთან ტექსტის მეშვეობით ინტერაქციას გულისხმობს. მისი საშუალებით კომუნიკაცია, ამ შემთხვევაში ფინანსურ მრჩეველთან, ანალოგიურია მეგობართან ან რეალურ მრჩეველთან ურთიერთობისა: მას შენი ფინანსური გეგმებისა და სურვილების შესახებ მისწერ, ის კი ამ გეგმების დასახვასა და მიღწევაში დაგეხმარება. თუმცა ჩეტბოტი მხოლოდ გარეგნული ფორმაა, OptioAI-ის მთავარი “ტვინი” ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბირთვია, რომელიც 24/7-ზე მუშაობს მომხმარებლის ფინანსური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

იმისათვის, რომ OptioAI-მა მომხმარებლისათვის ეფექტიანი და პერსონალიზებული რჩევების შეთავაზება მოახერხოს, ის დაცული არხის მეშვეობით მის საბანკო ანგარიშებს უკავშირდება და გასული პერიოდის სრულ ანალიზს ახდენს. ცხადია, პროგრამას ჩვენს საბანკო ანგარიშებთან წვდომა მხოლოდ კითხვის რეჟიმში აქვს. ამდენად, რისკი, რომ მან რაიმე არასასურველი ოპერაცია შეასრულოს, ნულის ტოლია.

შოთა გიორგობიანი და გიორგი მირზიკაშვილი - OptioAI-ის ავტორები - განმარტავენ, რომ ფინანსების მართვა ბიუჯეტის მომზადებითა და შემდგომ ამ ბიუჯეტის მიხედვით მოქმედებით იწყება. თუმცა ეს ფინანსების რაციონალურად განკარგვის მთელ მრავალკომპონენტიან პროცესში მხოლოდ დასაწყისია. მას მომხმარებელი თავადაც, ან ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტების დახმარებითაც მოახერხებს. პროცესის წარმატებით წარმართვაში გადამწყვეტი დატვირთვა ფინანსური მრჩევლის ჩართულობას აქვს. მას, მონაცემების აღრიცხვისა და გაანალიზების პარალელურად, მომხმარებლისთვის ისეთი რჩევების მიცემა შეუძლია, როგორსაც ფინანსური კომპეტენციის მქონე პროფესიონალის დახმარების გარეშე ვერ მიიღებ. თუმცა რამდენადაც პირადი ფინანსური მრჩევლის დაქირავება ძვირად ღირებულისერვისია, იაფი ალტერნატივის როლში ტექნოლოგიები გვევლინება. სწორედ ამაშია OptioAI-ის არსი. მისი შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ სავსებით რეალურია პირადი ფინანსური მრჩევლის სერვისის გაიაფება და ამ სერვისის ყველასთვის ხელსმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩეტბოტისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

გამართული ფინანსური ცხოვრება შემოსავლისა და ხარჯის სწორ მართვაზე დგას. ფინანსური მრჩევლის დახმარებით სწორი გადაწყვეტილებების მიღების საპასუხისმგებლო პროცესი მარტივი, ეფექტიანი და ერთგვარად სახალისოც კი შეიძლება გახდეს.

მსოფლიო პრაქტიკის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ პირადი ფინანსების სწორი განკარგვის უნარი ქვეყნის განვითარების დონესთან პირდაპირ კავშირში არაა. ამ მხრივ საგულისხმოა ამერიკის ფედერალური რეზერვის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები: საშუალო შემოსავლის მქონე ამერიკელების 46% ვერ ახერხებს გაუთვალისწინებელი 400$-იანი ხარჯის გადახდას ისე, რომ სესხი არ აიღოს. ამასთან, ფინანსების არაეფექტიანი მართვა პირდაპირ კორელაციაში არც შემოსავლის მოცულობასთანაა: საშუალო და მაღალი შემოსავლის პირობებში გადამწყვეტი არა ფულის რაოდენობა, არამედ მისი რაციონალურად განკარგვის ჩვევაა.

პროდუქტისთვის ადგილობრივი ბაზრის მზაობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევის ფარგლებში, კითხვას: მიგაჩნიათ თუ არა, რომ ადამიანს დანაზოგი უნდა ჰქონდეს, გამოკითხულთა 100-მა პროცენტმა დადებითად უპასუხა. თუმცა ამავე კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 45%-ს საერთოდ არა აქვს დანაზოგი, 29%-ის დანაზოგი კი 500 ლარს, ან ნაკლებს შეადგენს.

გამოკითხვის თანახმადვე, ის, ვინც ხარჯებს რაიმე ფორმით მაინც აღრიცხავს, თანაბარი შემოსავლის პირობებში 25%-ით მეტად ახერხებს დაზოგვას, ვიდრე ის, ვინც შემოსავალსა და გასავალს საერთოდ არ აკონტროლებს.

გიორგი აზუსტებს: “ხშირად შეიძლება შეხვდე ორ ადამიანს ერთნაირი შემოსავლით და რადიკალურად განსხვავებული ფინანსური მდგომარეობით. ცხოვრების წესთან, ხასიათთან, იმპულსურობასთან ერთად, ამას უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ფინანსების გონივრულად მართვაც განსაზღვრავს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ჯანსაღ ფინანსურ ცხოვრებასა და ნაკლებ სტრესს. ამიტომ ისეთი პროდუქტის შექმნას ვისახავთ მიზნად, რომელიც ჩვენს მომხმარებელს - გეოგრაფიული მდებარეობის, განათლების, შემოსავლისა და სოციალური ფენის მიუხედავად, საშუალებას მისცემს, მისთვის ხელმისაწვდომი ფინანსებით მაქსიმუმს მიაღწიოს”.

OptioAI-ის ავტორები მიიჩნევენ, რომ რამდენადაც მნიშვნელოვანია შემოსავლის კონტროლი ჩვევაში გაჯდეს და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცეს, იმდენად აუცილებელია, ამას დიდი დრო არ მიჰქონდეს. საკითხი ასე დგას: როგორ გავხადოთ ეს პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზებული და მარტივი, ანუ როგორ ჩავანაცვლოთ ცოცხალი მრჩეველი ხელოვნური მრჩევლით?- ტექნოლოგიური “ტიპით,” რომელიც ხედავს შენს ფინანსებს, ცდილობს, დაიჭიროს გარკვეული ტენდენციები მათ განკარგვაში, გააანალიზოს ქცევა, გარკვეულწილად განსაზღვროს, რა პრიორიტეტები გაქვს ფულის ხარჯვის თვალსაზრისით, ერთგვარი შაბლონი ამოიცნოს ამ ხარჯვაში.

შოთა გიორგობიანისა და გიორგი მირზიკაშვილის საქმიანი თუ მეგობრული გზები “სტარტაპ საქართველომდე” გაცილებით ადრე გადაიკვეთა. გიორგი - ბიზნესის ადმინისტრირების, შოთა კი ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრია.

OptioAI-ის ავტორების პირველი ერთობლივი ტექნოლოგიური პროექტი კომპანია GMDesign-ი იყო - ვებდიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის სტუდია. გიორგის მარკეტინგისა და გაყიდვების ნაწილი ებარა, შოთა კი ტექნიკურ მხარეზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი. 2006 წელს დაარსებულმა კომპანიამ ოთხი წლის განმავლობაში, - ვებგვერდებზე გაძლიერებული მოთხოვნის პირობებში - როგორც თავად აფასებენ, “არცთუ ცუდად” იარსება.

პირველი ქართული ფინანსური ჩეტბოტის იდეა პირადი გამოცდილების ფონზე გაჩნდა. შოთა ჰყვება: “არასდროს ვაკონტროლებდი, სად მიდიოდა, რაში იხარჯებოდა ფული, შემოსავლის რა ნაწილი ეკავა მოულოდნელ თუ განმეორებით ხარჯებს. შესაბამისად, როგორც ჩემი ნაცნობების დიდი ნაწილი, შუა თვეში მეც სრულიად უფულოდ ვრჩებოდი”. პროგრამა, რომელიც ადამიანებს პირადი ფინანსების განკარგვაში დაეხმარებოდა, ქართულ ბაზარზე ინოვაციურად ჟღერდა. მით უფრო, რომ დასავლური ანალოგების უმრავლესობა ლოკალური ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებებიდან ზოგი ტექნიკურად მოუხერხებელი იყო, ზოგიც მომხმარებლისაგან დიდ დროსა და ჩართულობას მოითხოვდა. ეფექტიანი არც ხარჯების Excel-ის პროგრამაში აღრიცხვა აღმოჩნდა.

ტექნიკური კომპეტენციისა და ამ მხრივ ათწლიანი პრაქტიკული გამოცდილების ფონზე, შოთამ გადაწყვიტა თავად, საქართველოში პირველს, შეექმნა ამ მიმართულებით უპრეცედენტო ქართული პროდუქტი ადგილობრივი მომხმარებლისთვის. პროექტზე აქტიური მუშაობაც დაიწყო, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ეტაპზე არც ბაზარი იყო ამ სიახლისთვის მზად და პრუდუქტიც უცხოური ანალოგების ასლი გამოდიოდა.

პირადი ფინანსების მართვის სფეროში არსებულ პრობლემებზე შოთა და გიორგი კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ერთობლივად, რამდენიმე წლის შემდეგ დაფიქრდნენ. იმ დროისთვის შოთას პროფესიულ ბიოგრაფიაში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი, მათ შორის, საბანკო სექტორსა და ფინანსთა სამინისტროში განხორციელებული IT- პროექტი ეწერა. გიორგის წამყვან ფინანასურ ინსტიტუტებში მუშაობისა და პროექტების მართვის უკვე ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდა. ვარაუდი, რომ საქართველო მსგავსი პროდუქტისთვის იმ ეტაპზე შედარებით მზად იქნებოდა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, ტექნოლოგიების განვითარებამ, სმარტფონების მასობრივად შემოსვლამ, ინტერნეტბანკინგის მარტივ სამომხმარებლო ინსტრუმენტად ქცევამ გაამყარა.

მსოფლიო ბაზარზე ფინანსური ტექნოლოგიების მასობრივი ბუმის ფონზე, საქართველოსთვის ჭკვიანი ფინანსური მრჩეველი აბსოლუტური ნოვაციაა. მისი ავტორები პროექტის პრაქტიკულ შედეგს ჯერ საქართველოში გამოცდიან, მოგვიანებით კი დასავლეთისა და ამერიკის ბაზრებზე აპირებენ ძალების მოსინჯვას. უკვე არსებული დასავლური კომპანიები მხოლოდ ლოკალურ ბაზრებზე მუშაობს და მხოლოდ ბიუჯეტირების პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული. მათ შორისაა, მაგალითად, 2007 წელს შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული კომპანია mint.com. მას 12 მილიონზე მეტი ადამიანი ანდობს თავისი ფინანსების აღრიცხვას.

მომდევნო, 2017 წელი სწორედ ქართული ბაზრის ათვისებას დაეთმობა. სტარტაპის პირველი სამი-ოთხი თვე კი ფინანსური მრჩევლის პროტოტიპზე მუშაობისთვისაა გაწერილი. “სტარტაპ საქართველოში” გამარჯვებით მოპოვებული 100 000 ლარი საკმარისი არაა პროექტის დასასრულებლად. ავტორებმა თავიანთი იდეა ინვესტორებს კიდევ ერთხელ, ამჯერად კალიფორნიაში უნდა წარუდგინონ. პროტოტიპზე მუშაობა ამ ვიზიტამდე უნდა დასრულდეს. მანამდე კი პროცესი “სტარტაპ საქართველოს” მიერ მიმაგრებული სილიკონის ველის წარმომადგენლების ყოველკვირეული რეკომენდაციების ფონზე მიმდინარეობს. შოთა აღნიშნავს: “პროტოტიპი მოგვცემს საშუალებას, რეალურად შევამოწმოთ და გავაუმჯობესოთ ეს კონცეფცია და თვალსაჩინო გავხადოთ პოტენციური ინვესტორისთვის. ყველაზე სარწმუნო სწორედ მზა პროდუქტია. მობილურს რომ გაწვდი და გეუბნები - დაელაპარაკე”.

კალიფორნიულ ვიზიტამდე გერმანიაა. OptioAI-მა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის განვითარების ფონდის ორგანიზებული Fincluders: The Startup Challenge- ის შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარა და ევროპული ფინტექ-სტარტაპების 15 რჩეულ გუნდს შორის მოხვდა. საუკეთესო სამეულში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მის ავტორებს უკვე ბერლინში მოუწევთ.

საუბრობენ ემოციურად, მაგრამ დამაჯერებლად: ყველაფერს OptioAI-ი იტყვის! თუმცა სანამ OptioAI-ი საკუთარ თავზე და მისი შემქმნელების ფინანსური კეთილდღეობის პერსპექტივებზე რამეს იტყვის, ორივე, შოთაც და გიორგიც, პასუხობენ კითხვას: რა არის, მათი აზრით, ის, რამაც “სტარტაპ საქართველოს” შვიდწუთიანი პრეზენტაციის ფარგლებში ინვესტორს ამ მაღალტექნოლოგიურ წამოწყებაში კაპიტალდაბანდებისკენ უბიძგა. მათი შეფასებით, “იდეა გაბედულად და “თავხედურადაც” კი ჟღერდა. ასევე დიდი როლი ითამაშა სწორად შერჩეულმა მომენტმაც - ტექნოლოგიების განვითარების ადეკვატურმა ნიშნულმა, როცა ის ხელს გიწყობს და უკან არ გხევს იდეის რეალიზებისას. მნიშვნელოვანი იყო თავად პრეზენტაციაც, რომლის წარმატებას ჩვენი მრავალწლიანი შრომა და გამოცდილება ედო საფუძვლად. დაბოლოს, მოვეწონეთ როგორც გუნდი - პოტენციალის თვალსაზრისით”.

ეს თვითშეფასებაა. მსმენელსაც საკუთარი ვერსია უჩნდება: პირველი ქართული ფინანსური ჩეტბოტის იდეა თავისთავად დამაინტრიგებლად ჟღერს. თუმცა, ამის პარალელურად, გიორგი და შოთა ლიდერების პოზიციაში, ვფიქრობ, მათი გაბედული ტიპაჟების, სიახლეების მიმართ გახსნილი, ერთგვარი ლაღი დამოკიდებულების გამოც აღმოჩნდნენ. მათი დამაჯერებლობა და იდეის მიმართ აზარტულობა სკეპტიციზმის შანსს, უბრალოდ, არ გიტოვებს. ისღა დაგრჩენია, მიჰყვე ამ ორს და მესინჯერში ახალი მეგობარი, ჭკვიანი ფინანსური მრჩეველი, OptioAI-ი გაიჩინო. 

სტატია ინგლისურ ენაზე.

წინა სტატია

ლარის ოფიციალური კურსი 2.74 გახდა
19 დეკემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ნოემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 34.4 მილიონი ლარი შეადგინა
20 დეკემბერი, 2016
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა