“ნებულა” ქმნის ვარსკვლავებს

ახალი ქართული საგანმანათლებლო ინტერნეტსტარტაპი ინდივიდუალურად მორგებული პროგრამებით, დაბალი ფასებითა და ხულიგნური იმიჯით აბიტურიენტთა მომზადების ბაზარს რევოლუციით ემუქრება. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 40,000 აბიტურიენტია, მაგრამ “ნებულა” გაცილებით მეტს ყიდის, ვიდრე ცოდნაა, გაცილებით ხელუხვი სეგმენტისთვის, ვიდრე აბიტურიენტებია.

პირველ ცდაზე კარი ამერია და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი: დაფასთან შემოკრებილი სამი ბიჭი და ერთი გოგონა გაცხარებულ კამათში იყვნენ ჩართულები. რადგან ჩემმა შეჭრამ არავინ შეაწუხა, მეც იქვე დავდექი.

მინდოდა მეკითხა, “ნებულას” ოფისი საით არის-მეთქი, მაგრამ სიტყვის ჩაგდების მომენტი არ დადგა და სულ ცოტა ხანში მათი ინტერესი ჩემზეც გადმოვიდა. ბრეინშტორმის საგანში ვერკვევი:

დაფაზე “კრესწიკ-ნოლიკის” 16-უჯრიანი ცხრილი ხატია. ახალგაზრდები ეძებენ “წაუგებელ ალგორითმს ნოლიკისთვის”.

“ნებულა” სხვადასხვა ბექგრაუნდის მქონე ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტებული ციფრული სტარტაპია, რომელიც განათლების ინდუსტრიის რადარზე 2016 წლის აპრილში გამოჩნდა. იდეა საჯარო განათლების სავალალო მდგომარეობამ დაბადა. “ნებულას” შემქმნელები სკოლებში არსებული პრობლემებიდან თავის დაღწევის გზას თანამედროვე მიდგომებსა და Big Data-ში ხედავენ.

მოძრაობა უკვე დაწყებულია: 12 ახალგაზრდა და ერთი ხელოვნური ინტელექტი უფროსკლასელებს გამოცდებისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი გზით ამზადებს: საიტი აანალიზებს აბიტურიენტის სუსტ მხარეებს და ამის მიხედვით უდგენს ინდივიდუალურ, ყველაზე ეფექტიან ვიდეოკურსს. “ნებულა” პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ციფრული განათლების გლობალურ ტრენდში აპირებს ჩაბმას. “როცა სასკოლო ჩანთის წონა იზრდება, ხოლო განათლების დონე ეცემა, უნდა მივხვდეთ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ”, – ამბობენ “ნებულას” შემქმნელები.

მათი მოქმედების არეალი ამ ეტაპზე საქართველოთია მკაცრად შემოსაზღვრული. ამ გადაწყვეტილების დადებითი მხარეებიც ესმით და რისკიც: ერთი მხრივ, მათი პროდუქტი კონტექსტსაა მორგებული – ჩვენი საგამოცდო მოდელისთვის ზედგამოჭრილ პროდუქტს ქმნიან. ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეა სამომხმარებლო ქცევის ნაკლებობა. საიდუმლო არაა, რომ ქართველებს ციფრულ ნაწარმში ფულის გადახდა ჯერ დიდად არ უყვართ. საქსტატის მონაცემებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვას ინტერნეტის მეშვეობით მოსახლეობის მცირე ნაწილი, მხოლოდ 19,7% ახორციელებს.

ინტერნეტის მეშვეობით საქონლისა და მომსახურების შეძენა-შეკვეთა ქალაქში 3-ჯერ უფრო ხშირად ხდება, ვიდრესოფელში. კვლევის თანახმად, ივნისში ქალაქში მცხოვრებთა 24,7%-მა ისარგებლა ამ შესაძლებლობით, სოფელში კი ეს მაჩვენებელი 8,1% იყო.

ბრეინშტორმის სიღრმიდან ნაცნობი სახე გამოჩნდა და მომესალმა. გიორგი ჭილაია “ნებულას” დამფუძნებელია, 22 წლის ანტრეპრენიორი და, როგორც მისი ფეისბუკის პროფილი იუწყება, “ნებულას” გენერალური კოსმოკოვბოი. სანამ მან მაგიდა რუბიკის კუბებისგან, კონუსებისგან, საჭადრაკო დაფისა და საკანცელარიო ნივთებით აწყობილი გაჯეტებისგან გაათავისუფლა, ოფისში კომპანიის CEO, სანდრო დოლიძეც შემოვიდა.

“ჩვენ იარაღით მოვაჭრეები ვართ”, – მპასუხობს გიორგი პირველ კითხვაზე. “ცოდნა ხო იარაღია?” – ამატებს სანდრო.

კომპანიის ამ ორ ძრავასრადიკალურად განსხვავებული წარსული აქვს:

სანდრო პროექტამდე არაბული ენისა და ლიტერატურული ტრამალების კვლევით იყო დაკავებული. აზია-აფრიკის ფაკულტეტის დამთავრებამდე ბევრ სკოლაში უმუშავია პროზისა და პოეზიის მოხალისე მასწავლებლად. გიორგის აკადემიური გზაც თავისუფალი უნივერსიტეტიდან დაიწყო, თუმცა მალევე მორჩა. კლასიკური გაგების “დროპაუტმა” საყვარელ საქმესა და საუნივერსიტეტო კარიერას შორის პირველი აირჩია.

“ნებულა”, თავის პირველ დღეებში, იატაკქვეშა ორგანიზაციას ჰგავდა. დუეტს შენობის გამქირავებელი ღამღამობით საკუთარ საბჭოურ ოფისს უთმობდა. “ფერარის” პოსტერებითა და რუსი სამხედროების პორტრეტებით გაწყობილ კედლებში იქმნებოდა ავანტიურისტული გეგმა და განათლების ახლებური ხედვა.

ამას მოჰყვა რამდენიმე კონკურსზე გამარჯვება, გრანტები და სპონსორები. 2015 წლის დეკემბერში იატაკქვეშა ორგანიზაცია ნამდვილ კომპანიად გადაიქცა და მალე ბიჭების ნააზრევმა მზის სინათლეც იხილა. სამთვეში “ნებულამ” 40 000 არსებული აბიტურიენტიდან 14,000-ის დარეგისტრირება შეძლო. სატესტო გაშვების შემდეგ აკუმულირებულმა სასტარტო კაპიტალმა 100 000 ლარს გადააჭარბა, წილის გასხვისების გარეშე. თუ გავითვალისწინებთ ბაზრის მზაობას ციფრული პროდუქტების, და მით უმეტეს ციფრული განათლების მიმართ, სტარტი შთამბეჭდავია.

ამჟამად კომპანიაში 11 კაცი მუშაობს და პროცესები სტაბილურდება, თუმცა პარტნიორების სამუშაო რეჟიმი დიდად არ შეცვლილა.

“წარმოგიდგენიათ მშობელი, რომელიც მარტო თერთმეტიდან ექვსამდე ფიქრობს თავის შვილზე და ისიც სამუშაო დღეებში?” – რიტორიკულ კითხვას მისვამს სანდრო დოლიძე.

“ნებულას” Facebook-ის გვერდზე ყოველ საღამოს ლაივ-ჩართვა იყო, სადაც გუნდი საკუთარ მოსწავლეებთან ერთად არჩევდა პრობლემურ სავარჯიშოებს და ტესტთან მუშაობის ტაქტიკებს. მოსწავლეებთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგად “ნებულა” საკუთარ სეგმენტში ერთგვარი “ლავმარკი” გახდა. მოსწავლეები ხედავდნენ ადამიანებს, რომლებიც წარმატებულები და ბედნიერები იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გულწრფელად უყვარდათ სწავლა. სეზონის ბოლოს, უნარების გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ოფიციალური პასუხების ლოდინის ნაცვლად, უბრალოდ, “ნებულას” ეკითხებოდნენ გამოტანილი ამოცანების სწორ პასუხებს.

“გამოცდების შემდეგ მოსწავლეებს შედეგების გასაგებად ვურეკავდით. სიხარულით გვესაუბრებოდა ყველა, თუმცა ერთი ზარი იყო განსაკუთრებული. ერთ- ერთმა მოსწავლემ გვითხრა, “ნებულას” ყურებისას მივხვდი, რომ სწავლითაც შეიძლება როკსტარი გამოხვიდეო, – ამბობს სანდრო დოლიძე. – სწორედ ეს არის “ნებულა” – ვარსკვლავების, სუპერგმირების სამჭედლო, რომელთა სუპერძალა – ცოდნაა”.

ალბათ მაშინ მოაფიქრდათ კომპანიის ახალი სლოგანი: “ნებულა ქმნის ვარსკვლავებს”. ფრაზას ორი ახსნა აქვს – ერთი ის, რომელიც იფიქრეთ, ხოლო მეორე – ფაქტობრივი: კოსმოსური სხეული ნებულა მართლაც ქმნის ვარსკვლავებს.

ბევრი კონსერვატორი მარკეტოლოგი დაიწუნებდა “ნებულას” საკომუნიკაციო სტრატეგიას. გუნდი გათვლას თავად აბიტურიენტებზე აკეთებს, არადა, პროდუქტის მყიდველი აშკარად აბიტურიენტის მშობელია. პირველი პასუხი კითხვაზე “რატომ” გახლავთ “იმიტომ, რომ სხვანაირად მოსაწყენია”. “ჩვენ საქმეს ისე ვაკეთებთ, როგორც ჩვენ გვიყვარს. ხალხს კი ჩვენ ვუყვარვართ ამის გამო”. პრინციპში, ეს მიდგომა კურსსაც ძალიან ეტყობა. თავისი საყვარელი გაკვეთილები მაჩვენეს და მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სხვაგან არსად მომისმენია სამკუთხედის ფართობის ფორმულაზე ასე აღფრთოვანებით მოსაუბრე ადამიანებისთვის. მათ ენთუზიაზმსა ან გულწრფელობაში ეჭვის შეტანა ძნელია და ალბათ სწორედ ეს გამოარჩევს “ნებულას” სხვა მასწავლებლებისგან. “ნებულა” ფსონს სიყვარულზე დებს – თუ გიყვარს ის, რასაც სწავლობ, ეწაფები და სრულად ითვისებ იმ საკითხებს, რომლებიც მანამდე არასდროს დაგაინტერესებდა.

ბაზარზე, სადაც ყველაზე პოპულარული დაპირებაა, რომ სწავლის პროცესი უმტკივნეულოდ და სწრაფად ჩაივლის, “ნებულა” კიდევ უფრო ხმამაღალი განცხადებით გამოდის. მათ სურთ, რომ ერთი შეხედვით მოსაწყენ საკითხზე საუბარში ისე შეგიყოლონ, რომ მეორე დღეს შენ თვითონ უყვებოდე მეგობრებს, რა ლამაზად მტკიცდება არითმეტიკული პროგრესიის ჯამის ფორმულა.

საკომუნიკაციო სტრატეგიის არჩევნის გასამყარებლად სანდროსა და გიორგის ფიქციური სიტუაცია მოჰყავთ: ამბობენ, რომ წარმოუდგენელია, სწავლის სურვილით აღფრთოვანებული შვილი მშობელთან მივიდეს და მშობელმა უარით გაისტუმროს.

კომპანიის გაყიდვას არ აპირებენ, გადაწყვეტილება პრინციპულია. AGBC-ის დაჯილდოებაზე მათი ბიზნესგეგმის “Exit” გრაფაში მხოლოდ ექვსი სიტყვა ეწერა: “We’re a family business. Like Mafia.” (“ჩვენ საოჯახო ბიზნესი ვართ. როგორც მაფია.”).

საკუთარ თავს ხან მაფიოზებად მოიხსენიებენ, ხან – კოსმოსურ მეკობრეებად. ასეთი, გარკვეული გაგებით, თავხედური კომუნიკაცია შეიძლება შეცდომადაც ჩაითვალოს, თუმცა, მეორე მხრივ, საინტერესო სტრატეგიის ამოკითხვაც შეიძლება. მაგალითად, ასეთ სარისკო პოზიციას არასდროს დაიჭერდა კაზინო, ბანკი ან სადაზღვევო კომპანია. უმეტეს შემთხვევაში ლუდის კომპანიები თრობაზე საუბარსაც კი ერიდებიან, რადგან მათს ბრენდში ასეთი ნარატივის გაჩენა უკიდურესად სარისკოა.

“ნებულას” გუნდი კი, შესაძლოა, იაზრებს, თუ რამდენად “პატიოსან საქმეში” არის ჩართული და ბრენდის სივრცეს სათავგადასავლო ელემენტებით ამდიდრებს. მათი კეთილშობილი პროდუქტი შეფუთულია რომანტიკული, რობინ ჰუდისეული კრიმინალის იერით, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს ადამიანებს. არადა, თითქოს პირიქით, ბრენდინგი იმისთვის მოიფიქრეს, რომ სათაკილო საქმიანობები კეთილშობილურად წარმოეჩინათ.

მიუხედავად იმისა, რომ “ნებულაზე” მომზადება ფასიანია, ისინი მუდმივად აჩენენ ახალ-ახალ საგრანტო თუ სოციალურ პროექტებს. მოკლევადიან მიზნად ექსპანსია აქვთ აღებული. მათთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს გააცნონ თავი, ყოველგვარი მონეტიზაციის გარეშე. გუნდის მოსაზრებით, მხოლოდ ამ სტრატეგიით შეიძლება ციფრული მომზადების სამომხმარებლო ჩვევის გაჩენა.

ფული სხვა მხრიდან მოდის – B2B. ასოცირების მსურველი ბევრია, როგორც ჩანს, დაკვირვებულ მარკეტოლოგებს არ გამოჰპარვიათ განათლების ინდუსტრიაში პერსპექტიული მოთამაშის გაჩენა.

“ნებულა” ტალანტის მაგნატობას აპირებს. მას სურს, ერთგვარი გზაგამტარი იყოს, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს აგროვებს და ამზადებს. ამ შემთხვევაში კომპანია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად გვევლინება – ოქროს საბადო უნივერსიტეტებისა და ინტელექტუალური ბიზნესების ჰედჰანტერებისთვის.

“ნებულას” კოსმოსური გეგმების მხოლოდ ნაწილი გავიგე. შეთავაზებული კურსების რაოდენობა წელს სამჯერ გაიზრდება, გამოვა “ნებულას” ციფრული და მყარი წიგნები. ზამთარში როკსტარული ბანაკი Nebula Supernova იგეგმება. სანდრო და გიორგი, სხვა საგნების სპეციალისტებთან ერთად, სტეროიდულ სასწავლო კურსს გამართავენ. იმ საღამოებზე, როდესაც მსოფლიო კორპორაციიდან მოწვეული ადამიანები ხელოვნურ ინტელექტსა და მაგიაზე არ ისაუბრებენ, აბიტურიენტების საყვარელი ქართული ბენდები დაუკრავენ. ამავე სასწავლო წელს აპირებენ ღია სივრცის – Nebulab-ის გახსნას. წარმოიდგინეთ სივრცე, რომელიც სწავლის მძებნელთათვის ღიაა 24/7, სავსეა წიგნებით, გაჯეტებით, ტელესკოპებით და, რაც მთავარია, ადამიანებით, რომლებიც ნებისმიერ კითხვაზე სიამოვნებით გაგცემენ პასუხს.

ბიჭების თქმით, მათი მიზანია, მოსამზადებელ და საგამოცდო სივრცეში არსებული შავი ხვრელის ადგილი “ნებულამ” დაიკავოს. ფაქტია, რომ ერთად დაგროვებულ ვეება ენერგიასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ითქვას, რომ განათლების ინდუსტრიაში დიდი აფეთქებაა მოსალოდნელი. 

სტატია ინგლისურ ენაზე.

წინა სტატია

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა
20 დეკემბერი, 2016

შემდეგი სტატია

TRAVELXP 4K უერთდება SES ULTRA HD მიმართულებას ჩრდილოეთ ამერიკაში
21 დეკემბერი, 2016
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა