ყაზახეთიდან ბათუმამდე

21 ნოემბერს ყაზახეთის ყაშაღანის საბადოზე ნავთობის კომერციული მოპოვება დაიწყო – მიმდინარე წელს 1.1 მილიონი ტონის მოპოვებას ვარაუდობენ, ხოლო მომავალ წელს მოცულობა რამდენჯერმე გაიზრდება – გეგმა 4-7 მილიონი ტონის შუალედში ექცევა. რატომ ინტერესდება ქართული Forbes-ი ყაზახური ნავთობით? ბათუმის ნავსადგურს სწორედ ყაზახური კომპანია მართავს, რომელსაც სურს, ნავთობსატრანზიტო მარშრუტმა ბათუმში გაიაროს.

ბათუმის ნავსადგურის ისტორია დასაბამს 1878 წლიდან იღებს, როდესაც მას პორტო-ფრანკოს ანუ თავისუფალი ნავსადგურის სტატუსი მიენიჭა. იმ დროს ბათუმში ცნობილი მეწარმეები - როტშილდები, მანთაშევები და ძმები ნობელები მოღვაწეობდნენ.

ძმები ნობელები ნავთობმომპოვებელი საბადოების, ათობით ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის, ნავთობგადამზიდი ტანკერების, კარპაჭების, რკინიგზებისა და სასტუმროებს ფლობელები გახლდნენ. 1878 წელს ბაქოში დაარსდა "ძმები ნობელების ნავთობმწარმოებელი ამხანაგობა", რომელიც ბაქოდან ბათუმის გავლით ევროპაში ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. 1883 წელს ძმებმა ნობელებმა ბათუმში ნავთობტერმინალი ააშენეს. იმავე წელს დასრულდა ბაქო-თბილისი–ბათუმის რკინიგზის ხაზის სამშენებლო სამუშაოები. 1892 წელს ბათუმის ნავსადგურში პირველმა ბრიტანულმა ტანკერმა - Murex-მა ჩაუშვა ღუზა, რომელიც ბათუმის ნავსადგურიდან კასპიის ნავთობის გადასაზიდად სპეციალურად ააგეს.

საბჭოთა პერიოდში ბათუმის ნავსადგურს უმაღლესი, პირველი კატეგორია მიანიჭეს, 1967 წლიდან კი მას უკვე დიდტონაჟიანი გემების მიღების საშუალება ჰქონდა. ბათუმის ნავსადგურის თანამედროვე ისტორია 2008 წელს იწყება - მას შემდეგ, რაც ის ყაზახეთის რესპუბლიკის ნაციონალური კომპანიის - სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსოილის" მფლობელობაში არსებულ შპს "ბათუმის სანავთობო ტერმინალს" გრძელვადიან სარგებლობაში გადაეცა.

დღეის მდგომარეობით ქალაქი ბათუმი კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ამ დროისთვის ბათუმის ნავსადგურის ტვირთბრუნვა საგრძნობლადაა გაზრდილი. ნავსადგური გენერალური, მშრალი, თხევადი და ნაყარი ტვირთების უმსხვილესი სატრანზიტო პუნქტია.

ბათუმის ნავსადგური საქართველოს მთავარი საზღვაო კარიბჭეა და მის სტაბილურობაზე დიდწილადაა დამოკიდებული არა მხოლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ბათუმის ნავსადგური, მისი ლოგისტიკური ადგილმდებარეობისა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის წყალობით, სატრანსპორტო დერეფნის უმნიშვნელოვანეს კვანძად და საერთაშორისო მნიშვნელობის მსხვილ სატრანსპორტო ობიექტად იქცა, რამაც დიდწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის მასშტაბის ზრდა და რეგიონის სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბება, რაც, თავის მხრივ, რეგიონისა და მთელი ქვეყნის გეოეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.

ასევე აღსანიშნავია ბათუმის ნავსადგურის მუშაობის ფისკალური ეფექტი, რადგანაც ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირების შედეგად სახელმწიფო ხაზინაში მნიშვნელოვანი თანხები ირიცხება. ამავე დროს, ბათუმის ნავსადგური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ- ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ბათუმის ნავსადგური სხვადასხვა სახის ტვირთების გადაზიდვას ახორციელებს. ბათუმის ნავსადგური ყველაზე ღრმაწყლიანი ნავსადგურია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ის წარმოადგენს სატრანსპორტო კვანძს, რომელიც საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის სახეობებს აერთიანებს. ნავსადგურის ტვირთბრუნვის სტრუქტურაში სატრანზიტო ტვირთები ჭარბობს.

დღეის მდგომარეობით ბათუმის ნავსადგურის საერთო ფართობი 22 ჰექტარზე მეტს მოიცავს, ამ ტერიტორიაზე ხუთი ტერმინალია განთავსებული: სანავთობო, მშრალი ტვირთის, საკონტეინერო, სამგზავრო და საბორნო. ნავთობტერმინალს ბათუმის სანავთობო ტერმინალი მართავს, საკონტეინერო და საბორანო ტერმინალებს - ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, მშრალი ტვირთისა და სამგზავრო ტერმინალები კი ბათუმის საზღვაო პორტის დაქვემდებარებაშია.

21 ნოემბერს ყაზახეთში ყაშაღანის საბადოზე ნავთობის კომერციული მოპოვება დაიწყო. ყაზახური მხარე მიმდინარე წელს 1.1 მილიონი ტონა ნავთობის მოპოვებას ვარაუდობს, ხოლო მომავალ წელს - 4-7 მილიონი ტონის ფარგლებში. რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ბათუმის ნავსადგურს ყაზახური კომპანია მართავს, რომელსაც სურს, ყაშაღანის ნავთობის სატრანზიტო მარშრუტმა სწორედ ბათუმის ნავსადგურზე გაიაროს.

ბათუმის ნავთობტერმინალი ყაზახეთის პირველი სტრატეგიული ნავთობსატრანსპორტო აქტივია შავ ზღვაზე. ამჟამად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასაზიდად ბათუმის პორტის მომსახურებით ყაზახური, აზერბაიჯანული, თურქმენული, რუსული და რუმინული კომპანიები სარგებლობენ.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკოორდინაციო კომიტეტი ტრანზიტის მოზიდვისა და ქვეყნებს შორის შეთანხმებული პოლიტიკის პირობებში ტვირთის გადაზიდვის ტარიფების დადგენის, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ერთობლივი ინტეგრირებული ლოგისტიკური პროდუქტის შემუშავების მიზნით შეიქმნა. ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებში ტვირთის 10-12 დღეში ტრანსპორტირების შესაძლებლობა სატრანსპორტო დერეფნის მთავარი უპირატესობა გახლავთ.

ბათუმის ნავსადგურის გენერალური დირექტორის, ჟანატ კუსაინოვის თქმით, 2008 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, ყაზახური მხარის მიერ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ნავსადგურში განხორციელებული ინვესტიცია 135 მლნ აშშ დოლარს აღემატება. ამ კაპიტალდაბანდებამ საგრძნობლად გააუმჯობესა მშრალი, გენერალური, თხევადი და ნაყარი ტვირთების დაცლის პროცესის ტექნიკური და საოპერაციო შესაძლებლობები. კერძოდ:

• 5000 კვ.მ-ით გაიზარდა ნაყარი ტვირთის დასაცლელი ღია სასაწყობე ფართობი.

• ჩატარდა ნავმისადგომის N10 სამგზავრო ტერმინალის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.

• მიმდინარეობს ნავმისადგომის მშრალი ტვირთისა და სამგზავრო N9 და N 11 ტერმინალების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.

• 1974 წელს აშენებული მოძველებული ენერგოსისტემის რეკონსტრუირების შედეგად პორტი თანამედროვე სისტემით აღიჭურვა.

• 18-20-32(36) ტონის ტვირთამწეობის ახალი პორტალური ამწეების შეძენის, ასევე მშრალი ტვირთის ტერმინალის კაპიტალური რემონტის შედეგად, დიდტონაჟიანი, 40-დან 50 ტონამდე დედვეიტის გემების დამუშავების დრო 8-9 დღე-ღამიდან 5-6 დღე-ღამემდე შემცირდა, ამასთანავე N 7 ნავმისადგომის გამტარუნარიანობა 700 000 ტონიდან 1 100 000 ტონამდე (57%-ით) გაიზარდა.

• რკინიგზის ახალი სასწორის დადგმამ და საპორტო რკინიგზის ხაზების რეკონსტრუქციამ მნიშვნელოვნად შეამცირა რკინიგზის მატარებლების მომსახურების დრო.

• ორი დიდი ტვირთამწეობის ფრონტალური სატვირთელის შეძენამ გემების დამუშავების (ტრიუმების დაცლის) სიჩქარე 20%-ით, ხოლო სასაწყობე ტერიტორიებზე სატვირთო ოპერაციების სიჩქარე 10%-ით გაზარდა.

ყოველწლიური კაპიტალდაბანდების შედეგად, ბათუმის ნავსადგურის წლიური გამტარუნარიანობა 1,5-დან 2 მლნ ტონა ტვირთამდე გაიზარდა. და რადგანაც პორტის ძირითადი სახსრების ფონდი მოძველებულია, საგრძნობლად მინიმიზებულ იქნა საავარიო შეჩერებებისა და არსებული გამტარუნარიანობის შენარჩუნების რისკები.

სხვა ნავსადგურებთან შედარებით ბათუმის ნავსადგურის უპირატესობები:

ბათუმის საზღვაო ნავსადგური

• ბათუმის ნავსადგური ტვირთების გადაცლის მხრივ უდიდესია საქართველოში.

• ნავსადგურის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 15 მლნ ტონას უტოლდება.

სანავთობო ტერმინალი

• ბათუმის ნავსადგურის სანავთობო ტერმინალი საქართველოში უდიდესია საპროექტო სიმძლავრისა და ნავსადგომების ნაგებობების რაოდენობის მხრივ.

• ნავთობტერმინალის სიმძლავრე წელიწადში 12 მლნ ტონას უტოლდება.

• 2006 წელს ნავთობისა და ნავთობროდუქტების გადაცლის მაჩვენებელი 11 575 000 ტონას უდრიდა.

საკონტეინერო ტერმინალი

• საკონტეინერო ტერმინალს, საქართველოს ყველა სხვა საკონტეინერო ტერმინალთან შედარებით, ყველაზე მაღალი ნავმისადგომის კედელი (283 მეტრი) და ყველაზე ღრმაწყლიანი (12 მეტრი) ნავმისადგომი აქვს.

• დღესდღეობით ერთადერთი საკონტეინერო ტერმინალი საქართველოში, სადაც კონტეინერების მომსახურება და შენახვა პორტის ტერიტორიაზე ხდება.

საბორანო ტერმინალი

• ბათუმის ნავსადგურში დღესდღეობით ყველაზე დატვირთული ტერმინალი.

• ბოლო 10 წლის მანძილზე ბათუმის ნავსადგურში 2015 წელსა და 2016 წლის 6 თვის განმავლობაში გემების შემოსვლის ბოლო 10 წლის მანძილზე დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლები.

მშრალი ტვირთის ტერმინალი

ყველაზე ღრმაწყლიანი მშრალი ტვირთის ტერმინალი საქართველოში (N7 ნავმისადგომის სიღრმე - 11,7 მეტრი), რომელსაც Handymax-ის ტიპის (დედვეიტი - 43 000-50 000 ტონა) დიდი გემების მიღების შესაძლებლობა აქვს.

სამგზავრო ტერმინალი

• ერთადერთი სამგზავრო ტერმინალი საქართველოში. 

წინა სტატია

მშენებლობის 10 წელი
21 დეკემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ბოლო პერიოდში ლარი სხვა ვალუტებზე მეტად გაუფასურდა
22 დეკემბერი, 2016
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა