პოლიტკორექტული კოლეგია

პოლიტკორექტული კოლეგია

საარჩევნო კოლეგია კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს პოპულარული ხმებით მოუგო, თუმცა მაინც დამარცხდა იმის გამო, რომ ტრამპმა ელექტორალური ხმების უმრავლესობა დამაჯერებლად მოაგროვა. იგივე მოხდა 2000-ში, როცა ჯორჯ ვ. ბუში თეთრ სახლში მოგვევლინა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტმა ალ გორმა მას პოპულარული ხმებით აჯობა. ეს დემოკრატიის დაცინვაა – ამტკიცებენ კრიტიკოსები, და პირდაპირ პოპულარული ხმების გამოყენებისკენ მოგვიწოდებენ.

სინამდვილეში, საარჩევნო კოლეგია უნიკალური ამერიკული ინსტიტუტია, რომელსაც ქვეყნისთვის კარგი სამსახური აქვს გაწეული.

ის აიძულებს გამარჯვების მოსურნე კანდიდატებს, ეროვნული კამპანიები ჩაატარონ. სხვაგვარად, ელექტორალური კოლეგიის უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ. აშშ გამორჩეულად ჰეტეროგენური ერია გასაოცრად მრავალფეროვანი ინტერესებითა და აფილაციებით. აიოვაში, რესპუბლიკელები, როგორც წესი, სოციალურ საკითხებზე არიან ფოკუსირებულნი, მაშინ როცა ნიუ-ჰემპშირში ეკონომიკური თემები მძლავრობს. დავიჯერო, არ შეგიმჩნევიათ კულტურული სხვაობები, ვთქვათ, რურალურ ტეხასსა და ნიუ- იორკის ისტ-ვილიჯს შორის?

აშშ- ის ორი მთავარი პარტია მუდამ მკვეთრად განსხვავებული ხალხისა და ჯგუფების უხერხულ კოალიციებს წარმოადგენდა, რომელთაც არცთუ ბევრი საერთო საქმე და პრინციპი აკავშირებთ ერთმანეთთან. ჯერ კიდევ 1850-იანებში, ახლად შექმნილი რესპუბლიკური პარტიის გამაერთიანებელი ფუნდამენტი მონობის გავრცელების შეჩერება იყო. მათ ამომრჩეველთა ერთ-ერთ დიდ ნაწილს იმიგრაციის შხამიანი ოპონენტები შეადგენდნენ; კიდევ ერთი ასეთი ელექტორალური ჯგუფი გერმანელი იმიგრანტები იყვნენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგების საჭიროება ხშირად არბილებს კანდიდატთა ექსტრემალურ პოზიციებს. ტრამპი, მაგალითად, კამპანიის ბოლოსკენ ერიდებოდა ემოციურ კომენტარებს აშშ-ში უკანონოდ მცხოვრები ხალხის გაყრასთან დაკავშირებით.

საარჩევნო კოლეგიის გარეშე, არაწარმომადგენლობითი პარტიები სოკოებივით მომრავლდებოდნენ. მათ ყველანაირი რესურსი გაუჩნდებოდათ, აზრთა სხვადასახვაობები წაექეზებინათ, ნაცვლად იმისა, რომ ასეთი საკითხების გაუმჯობესებას ცდილიყვნენ.

პირდაპირ პოპულარულ ხმათა გამოყენების შემთხვევაში, ეროვნული არჩევნების მეორე ტურებისთვის კანონმდებლობაში შესწორებების შეტანა გახდებოდა საჭირო, ვაითუ გახლეჩილ ელექტორატს, ვთქვათ, ხმათა 15%-ით პარტია გამარჯვებამდე და თეთრ სახლამდე მიეყვანა. მეორე ტურების კანდიდატები წვრილ პარტიებთან დაიწყებდნენ მხარდაჭერისთვის ვაჭრობას. რადიკალური ჯგუფები უპრეცედენტო გავლენას მოიპოვებდნენ.

როცა ე.წ. მესამე პარტიაში სერიოზული კანდიდატები ჩნდებიან, მათ მიერ დასმულ საკითხებს სწრაფად ითვისებს ხოლმე ერთ-ერთი ან ორივე მსხვილი პარტია. როს პეროს შთამბეჭდავმა კამპანიამ 1992-ში, ის გამოიწვია, რომ არჩევნების შემდგომ დემოკრატებიცა და რესპუბლიკელებიც ბიუჯეტის დეფიციტზე კონცენტრირდნენ. 1990-იანების ბოლოს კი ბიუჯეტი გადაჭარბებულად შეივსო.

ირონიულია, მაგრამ პოპულარულ ხმათა სისტემა უფრო არადემოკრატიული იქნებოდა, ვიდრე საარჩევნო კოლეგია. ის ძირითად ცენტრებს მიღმა მცხოვრებ ამომრჩეველს ხმის უფლებას წაართმევდა. კოლეგია კანდიდატებს აიძულებს, გაიგონ, რა აწუხებთ ამომრჩევლებს მერყევ შტატებში, გინდ დიდი იყოს ეს შტატი და გინდაც – პატარა. როგორც ამ საარჩევნო ციკლმა დრამატულად აჩვენა, მილიონობით ამერიკელს ჰქონდა განცდა, რომ მათ პრობლემებსა და შიშს ვაშინგტონის „ ელიტები“ უგულებელყოფდნენ. საარჩევნო კოლეგია კი ერთგვარი გარანტია იყო, რომ ამ ამომრჩევლთა ხმა ისეთ შტატებში გაისმებოდა, როგორიც პენსილვანიაა.

პოპულარულ ხმათა სისტემა კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების ცენტრალიზებას მოახდენდა ვაშინგტონში. მოგვიწევდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხმის მიცემის ერთგვაროვანი კანონები და პროცედურები გვქონოდა უფლებამოსილებასთან, საარჩევნო საათებთან, ხმის წინსწრებით მიცემასთან, ბიულეტენების გაგზავნასა და ბიულეტენების თვლასა და გამოცხადებასთან დაკავშირებით. გაცილებით მეტი პოლიციელის მიყვანა დაგვჭირდებოდა ქვეყნის თითქმის 175,000 საარჩევნო უბანთან, არჩევნების კეთილსინდისიერად წარმართვაში რომ დავრწმუნებულიყავით. ეს, თავის მხრივ, არჩევნების ბოროტად გამოყენებას შეუწყობდა ხელს, განსაკუთრებით – ვაშინგტონის მხრიდან. ანდობდით არჩევნების მეთვალყურეობას ვაშინგტონში დაფუძნებულ სააგენტოს, რომელიც გარდაუვლად პოლიტიზებულ სააგენტოდ იქცეოდა (გაიხსენეთ IRS-ი და ობამას იუსტიციის დეპარტამენტი)? ასეთ სისტემაში ჰილარი კლინტონი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდა.

საარჩევნო კოლეგია სწრაფად ადგენს გამარჯვებულს. მრავლად გვქონია ისეთი არჩევნები, როცა პოპულარულ ხმათა მარჟა ვიწრო ყოფილა. მიუხედავად ამისა, კოლეგიას მარდად დაუსახელებია გამარჯვებული. გამონაკლისი 2000 წლის არჩევნებია, როდესაც, სულ რაღაც მეორედ აშშ-ის ისტორიაში, პოპულარული და ელექტორალური ხმები უკიდურესად ახლო იყო ერთმანეთთან.

პოპულარულ ხმათა სისტემა ასეთ ახლო-ახლო არჩევნებში უსასრულო სასამართლო დავების გარანტია იქნებოდა და ძირს გამოუთხრიდა საბოლოო გამარჯვებულის ლეგიტიმურობას.

ახალ სისტემაზე გადასასვლელად, საკონსტიტუციო ცვლილება იქნებოდა საჭირო. თუმცა, მოიცადეთ! ჩვენ ხომ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა საკონსტიტუციო სიკეთეები სულ უფრო და უფრო უგულებელყოფილია (განსაკუთრებით, აწ უკვე წაგებული ადმინისტრაციის მიერ). არის ერთი ორგანიზაცია, National Popular Vote-ი, რომელიც ჩვენი ფუნდამენტური დოკუმენტის დივერსიას ლამობს. ეს ორგანიზაცია ახლა შტატებს აქეზებს, ისეთი კანონები მიიღონ, რომლებითაც ამომრჩეველს იძულებელს გახდიან, იმ კანდიდატს კი არ მისცენ ხმა, რომელიც მათი კონკრეტული შტატის ხმებით გაიმარჯვებს, არამედ კანდიდატს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით პოპულარულ ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს. თერთმეტმა შტატმა უკვე მიიღო ასეთი კანონი. ეს შესწორება მაშინ შევა ძალაში, როცა ამ კანონის მიმღები შტატები 270 ან მეტ ელექტორალურ ხმას მოაგროვებენ.

მოდი, შევწყვიტოთ ეს უსინდისო მანევრები და ღია, პატიოსანი დებატი გავმართოთ. თუ ამ ქვეყნის მოსახლეობას ჩვენი პრეზიდენტის შერჩევის ახალი მეთოდი უნდა, მაშინ ეს საქმე წესიერი გზით გავაკეთოთ – საკონსტიტუციო ცვლილებით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *