გადასახადის ზრდის ნამდვილი მიზეზი

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა მოგების გადასახადის ახალი წესი, რომლის მიხედვით მხოლოდ განაწილებული მოგება იბეგრება. შედეგად, 2017 წლის ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან 500 მლნ ლარით ნაკლები შევა, ვიდრე ძველი დაბეგვრის წესის პირობებში შევიდოდა. აღნიშნული დანაკლისის დასაბალანსებლად მთავრობას ან ბიუჯეტის ხარჯები უნდა შეემცირებინა, ან სხვა წყაროებიდან უნდა გაეზარდა შემოსავლები. მთავრობამ ხარჯები კი არ შეამცირა, პირიქით, 2016 წელთან შედარებით დაახლოებით 800 მლნ ლარით გაზარდა. გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად კი აქციზის გადასახადი გაზარდა. თუმცა, მხოლოდ აქციზის ზრდა საკმარისი არ არის და 2017 წელს (2016 წელთან შედარებით) მთავრობა 400 მლნ ლარით მეტ ვალს აიღებს.

2017 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, წელს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 1 627 მლნ ლარი უნდა შემოვიდეს, რაც 615 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის მატებამ ბიუჯეტს დამატებით 200 მლნ ლარი უნდა მოუტანოს და ჯამში თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტში დაახლოებით 700 მლნ ლარი შევა. მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის ზრდა ბიუჯეტს დამატებით 45 მლნ ლარის შემოსავალს მოუტანს (ჯამში 150 მლნ ლარს). საწვავზე აქციზის მატებიდან ბიუჯეტი დამატებით 250 მლნ ლარს მიიღებს (ჯამში 450 მლნ ლარს). მთავრობის პროგნოზით, აქციზის გადასახადიდან შემოსავალი ისეთი პროდუქტებიდანაც გაიზრდება, რომლებზეც აქციზის განაკვეთი არ იზრდება (მაგალითად, ალკოჰოლური სასმელები და მობილური კავშირგაბმულობა).

საწვავზე, სიგარეტსა და ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდამ საქართველოში ცხოვრება გააძვირა. აქციზის გადასახადის ზრდა მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნული გეგმის მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და ლარის კურსის სტაბილურობაა. აქციზის ზრდა ლარის კურსის სტაბილურობისკენ არის მიმართული, ეკონომიკურ ზრდაზე კი პირიქით, ნეგატიურ გავლენას მოახდენს. მთავრობის გათვლებით, გაძვირებული აქციზური პროდუქცია იმპორტს შეამცირებს და, აქედან გამომდინარე, ლარის კურსზე დადებითად იმოქმედებს. აქციზი სწორედ იმ პროდუქტებზე გაიზარდა, რომლებიც ჩვენს შიდა ბაზარზე ძირითადად იმპორტირებულია.

რატომ გაზარდა მთავრობამ აქციზის გადასახადი და არა სხვა გადასახადები? ეს ორმა გარემოებამ განაპირობა: 1. "საქართველოს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" მთავრობას საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების (გარდა აქციზისა) ზრდას და ახალი გადასახადის შემოღებას უკრძალავს, თუ ამას რეფერენდუმის გზით არ გააკეთებს. შესაბამისად, რადგან ეს კანონი გამონაკლისს უშვებს აქციზზე, მთავრობამ გამონაკლისით ისარგებლა. საქართველოში არსებული გადასახადებიდან საერთო- სახელმწიფოებრივი არ არის მხოლოდ ქონების გადასახადი და 2017 წლიდან ქონების გადასახადიც გაიზარდა. ოჯახს თუ წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტი აქვს, ქონების გადასახადს ავტომობილზეც გადაიხდის; 2. აქციზის გადასახადი ძირითადად დაწესებულია ისეთ პროდუქტებზე, რომლებზეც მოთხოვნა არაელასტიკურია. ეს ნიშნავს, რომ აქციზური საქონელი მომხმარებლისთვის აუცილებლობას წარმოადგენს და თუ მნიშვნელოვნად არ გაუძვირეს, მოხმარებას არ მოუკლებს ან ნაკლებად მოუკლებს. სწორედ ასეთი საქონელია საწვავი, ავტომობილი და სიგარეტი (რადგან მწეველს უჭირს მოწევაზე უარის თქმა). რადგან მოსახლეობა გაძვირებული პროდუქციის შეძენას ისევ ძველებურად გააგრძელებს (ან ნაკლებად შეამცირებს), მთავრობის შემოსავალი აქციზის გადასახადიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება. აქციზური საქონლის არაელასტიკურობა იმაზეც მიუთითებს, რომ გადასახადის ზრდა აქციზური პროდუქციის იმპორტს საგრძნობლად არ შეამცირებს (თუ პარალელურად მოსახლეობის შემოსავლებიც არ შემცირდა) და ლარის კურსზე პოზიტიური ეფექტი მინიმალური იქნება.

რადგან აქციზის გადასახადი ე.წ. არაპირდაპირი გადასახადია (რაც ნიშნავს, რომ ის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის) და ამავე დროს უმეტეს აქციზურ პროდუქციაზე მოთხოვნა არაელასტიკურია, აქციზის გაზრდილი გადასახადი თანდათანობით სრულად ან თითქმის სრულად საქონლის ფასში აისახება.

1 კოლოფ (20 ღერი) ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით გაიზარდა, ხოლო უფილტროზე 30 თეთრით. პირველი იანვრიდან ყოველ კოლოფ სიგარეტში 1 ლარი და 70 თეთრი მხოლოდ აქციზის საფასურია. საწვავისა და ავტომობილებისგან განსხვავებით, სიგარეტზე აქციზის ზრდას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიც ავალდებულებს. ერთ-ერთი ასეთი ვალდებულებაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენცია, რომლის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში მოახდინა. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ დანერგოს ევროკავშირის 2011 წლის 21 ივნისის 2011/64/EU დირექტივა (წარმოებული თამბაქოს აქციზის გადასახადის სტრუქტურისა და განაკვეთების შესახებ). დირექტივის მე-10 მუხლის შესაბამისად, სიგარეტზე აქციზურმა გადასახადმა საქართველოში გარკვეული პერიოდის (სავარაუდოდ, 7-10 წელი) შემდეგ უნდა შეადგინოს საშუალო შეწონილი საცალო ფასის არანაკლებ 60%, მაგრამ არანაკლებ 90 ევროსი 1000 ღერ სიგარეტზე (1.8 ევრო 20 ღერზე).

რამდენად გააძვირებს აქციზი ავტომობილის ფასს, ეს ასაკთან ერთად ავტომობილის ძრავის მოცულობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ მომხმარებელი შეიძენს 10 წლის ავტომობილს, რომლის ძრავის მოცულობა 2500 კუბ.სმ–ია, აქციზის გადასახადის სახით 2 750 ლარის გადახდა მოუწევს. გადასახადის ზრდამდე 1250 ლარის გადახდა მოუწევდა. თუ ავტომობილი 15 და მეტი წლის არის, აქციზში 6 000 ლარის გადახდა მოუწევს, ნაცვლად 2 000 ლარისა.

თუ ავტომობილი მარჯვენასაჭიანია, მაშინ აქციზის განაკვეთი მისთვის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება. მაგალითად, 2 000 კუბ.სმ-ის ძრავის მქონე ათი წლის მანქანაზე, თუ მარცხენასაჭიანზე აქციზი 2000 ლარია, მარჯვენასაჭიანზე 6 000 ლარი იქნება.

0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადზე 60%-იანი შეღავათი დაწესდა, ცვლილებამდე 50%-იანი შეღავათი იყო.

აქციზის გადასახადი მცირდება მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებაზე. 2017 წლის პირველი იანვრიდან 8%-ის ნაცვლად 3%-ით დაიბეგრება. მობილურით საუბარზე აქციზი 2010 წელს დაწესდა, რაც სრულ წინააღდეგობაში იყო აღნიშნული გადასახადის მოტივთან - ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დამაზიანებელი საქმიანობის დაბეგვრასთან.

მთავრობა აცხადებს, რომ საწვავზე, ავტომობილებსა და სიგარეტზე აქციზის ზრდით ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას აძლიერებს.

მთავრობის გარემოსდაცვითი არგუმენტები დამაჯერებელი იქნებოდა, ამ მიმართულებით სხვა უფრო სასწრაფო და აუცილებელი ღონისძიებები რომ ტარდებოდეს და/ან უკვე არსებული რეგულაციები ეფექტიანად კონტროლდებოდეს. მაგალითად, გარემოს დაბინძურებით ყველაზე მეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ არ გამოირჩეოდეს, ამავე ტრანსპორტის მძღოლებს მგზავრთა გადაყვანის დროს სიგარეტის მოწევისთვის რომ აჯარიმებდნენ და საჯარო მოხელეები და მათ შორის, ასეთი კანონების ინიციატორი და მიმღები პოლიტიკოსები, მინიმუმ, სახელმწიფო დაწესებულებების შენობებში სიგარეტს რომ არ ეწეოდნენ და ყოველთვის ჯიპებით არ გადაადგილდებოდნენ.

სინამდვილეში, იმპორტის ხელოვნურად გაძვირებასთან ერთად, აქციზის გადასახადის მატებას, მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პრაგმატული მიზეზი ჰქონდა – სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება. 

წინა სტატია

"$1000-იანი შეკითხვა" ევროპას
05 იანვარი, 2017

შემდეგი სტატია

ახალი წლიდან ლარი 12 თეთრით გაუფასურდა
06 იანვარი, 2017
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა