ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

პირველად როდის ირწმუნეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტობა შეგიძლიათ?

არ დაგიმალავთ და ეს განცდა პირველად მაშინ გამიჩნდა, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებდი. 2003 წელს ნამდვილად გავართვი თავი ძალიან მძიმე ამოცანას, რათა მშვიდობა შენარჩუნებულიყო და არსებული მდგომარეობა სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მოვახერხეთ თავიდან აგვეცილებინა ძალიან მძიმე მოვლენების განვითარება, მე მაინც მიმაჩნდა, რომ კიდევ უფრო მეტი რამ არის საჭირო პრეზიდენტობისათვის და 2007 წელსაც არ მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი მეყარა პრეზიდენტად. მე ძალიან მიკვირს ხოლმე იმ ადამიანების, რომლებიც თვლიან, რომ როგორც კი პოლიტიკაში მოვლენ, მაშინვე პოლიტიკოსები არიან და მზად არიან ნებისმიერი თანამდებობისთვის, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მესმის, რომ პრეზიდენტობა, რა თქმა უნდა, დიდი პრივილეგიაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი ქვეყნის წინაშე.

რა მოლოდინი გაქვთ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, ხმების რამდენი პროცენტის მიღებას ვარაუდობთ?

დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს გამარჯვების. სავარაუდოდ, იქნება მეორე ტური, რომელშიც ერთი სახელისუფლებო კანდიდატი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ დღეს კლასიკური ორხელისუფლებიანობა გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლებაშია „ნაციონალური მოძრაობაც" და „ქართული ოცნებაც". ვფიქრობ, მეორე ტურში ვიქნებით გიორგი მარგველაშვილი და მე და დღევანდელი დინამიკითა და რეალობით მე ნამდვილად მაქვს დიდი უპირატესობით გამარჯვების შანსი.

პრემიერ-მინისტრის ციტირება მინდა მოვახდინო და შეკითხვაც მის ციტატაზე დაყრდნობით დაგისვათ: ,,საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მარგველაშვილს დღეს არ ჰყავს რეალური კონკურენტი და ის პირველსავე ტურში დიდი შედეგით გაიმარჯვებს". რა კომენტარს გააკეთებდით?

მე არ ვეთანხმები ბატონ პრემიერ-მინისტრს და შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის და დღეს უკვე ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ხშირად ხელისუფლების გადმოსახედიდან ბევრი რამ ისე არ ჩანს, როგორც ეს სინამდვილეში არის, მით უმეტეს, თუ არ გაქვს დიდი გამოცდილება, მათ შორის - ოპოზიციაში ყოფნის. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი ძალიან ცდება, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არასწორია მისი მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები, რადგან საქართველოში არ არის მყარი დემოკრატიული სტრუქტურები და პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ასეთი განცხადება ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს, როგორც დირექტივა და დაკვეთა, რომ რადაც უნდა დაუჯდეთ, მარგველაშვილი გავიდეს.

პიროვნულად მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ბატონი გიორგის, პირიქით, ჩვენ ვმეგობრობდით და ნამდვილად პოზიტიურად შემიძლია ის დავახასიათო, მაგრამ ასევე შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტობისათვის ძალიან ბევრი რამ არის საჭირო და მხოლოდ კარგი ადამიანობა და კეთილსინდისიერება არ კმარა.

თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია და თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ ენდობით ვლადიმირ პუტინს. რა არის ამ ნდობის საფუძველი და თუკი ეს საფუძველი და ნდობა გამართლდა, როგორ ხედავთ თქვენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ამ ნდობის გამართლების შემთხვევაში?

რამდენადაც მე მსმენია და ვფიქრობ, რომ ეს თქვენც გსმენიათ, ვლადიმირ პუტინს აქვს რეპუტაცია ადამიანის, რომელიც ან არ იძლევა დაპირებებს, ან თუ მოხდება შეთანხმება და პოზიციათა შეჯერება, შემდეგ ის ამ პოზიციებს, როგორც წესი, იცავს ხოლმე. მე შემიძლია გითხრათ, რომ მქონდა გამოცდილება მასთან ურთიერთობის გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, თუნდაც 2003 წელს, როდესაც მე მას პირველად შევხვდი, ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე და სერიოზული მოლაპარაკებები. მე მაშინ პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებდი. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, საკმაოდ რთული, თუმცა კონსტრუქციული და შემდგომში ვხედავდი, რომ ყველა იმ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მაშინ მივაღწიეთ, პუტინი მიჰყვებოდა და არ არღვევდა. გარდა ამისა, ასევე ერთ-ერთი მაგალითი იყო თუნდაც 2004 წლის აჭარის ეგრეთ წოდებული რევოლუციის მოვლენები, როდესაც ვლადიმირ პუტინი შეგვპირდა, რომ არ ჩაერეოდა ნეგატიურად ამ პროცესში და რომ რუსული ბაზა არ იმოქმედებდა, ასე ვთქვათ, საქართველოს დესტაბილიზაციის მიმართულებით და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ- მან ეს პირობა აბსოლუტურად პირნათლად შეასრულა. მე არ მაქვს არც ერთი მაგალითი პუტინის მხრიდან შეთანხმების დარღვევისა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი არ ვიცი, მაშინ როდესაც შემიძლია რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო სააკაშვილის მხრიდან არასწორი ნაბიჯების და მათ შორის იმ შეთანხმების დარღვევის, რომელიც არსებობდა, თუმცა ახლა ამაზე ბევრი საუბარი ნამდვილად არ მინდა. რაც შეეხება იმას, რომ მე აგვისტოს ომის შემდეგ შევხვდი ვლადიმირ პუტინს, ვნანობ, რომ უფრო ადრე არ შევხვდი მას, იმიტომ რომ, რუსეთსა და საქართველოს შორის სხვაგვარი ურთიერთობა რომ ყოფილიყო, შესაძლოა, აგვისტოს ომი თავიდან აგვეცილებინა, და შევხვდი სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში აღარასდროს გამეორდეს ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოს, რომ არასოდეს ქართველი დედები არ უშვებდნენ შვილებს წინასწარ წაგებულ ომში და მე დავინახე, რომ არის საკითხები, რომლებიც გასაგებია პუტინისთვის და მას ძალიან კარგად ესმის, რომ ჩემთვის, როგორც საქართველოს შვილისათვის, ქართველი პოლიტიკოსისათვის და ალბათ ყველა პოლიტიკოსისათვის საქართველოში, არსებობს წითელი ხაზი, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როგორიც არის საქართველოს სუვერენიტეტი, რაც ჩვენი უზენაესი ღირებულებებია, იგივე ის, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს დასავლური ღირებულებების პატივისმცემელ ქვეყნად და ასე შემდეგ. ანუ ამ ადამიანს ძალიან კარგად ესმის ობიექტური რეალობა. მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ვინმე საქართველოს აჩუქებს, ასე ვთქვათ, იმავე აფხაზეთს. ეს არასწორი ტერმინია, რადგან იქ ხალხი ცხოვრობს, ადამიანები ცხოვრობენ და ეს არ არის უსულო საგანი, რომელიც შიძლება გადასცე ან გადმოსცე ვინმეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში სწორი პოლიტიკის წარმართვის შემთხვევაში, თუ რეალურად შევძლებთ, რომ ეს ურთიერთობები ავაგოთ ერთმანეთის კანონიერი, მე ამას ხაზს ვუსვამ, კანონიერი ინტერესების პატივისცემის საფუძველზე, შევძლებთ გამოსავლის პოვნას, რომელიც გამოგვიყვანს იმ ჩიხიდან, რომელშიც აღმოვჩნდით. ამავდროულად, როდესაც ვლაპარაკობთ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული ოსეთის პრობლემის მოგვარებაზე, ბუნებრივია, ძალიან კარგად მესმის, როგორც პოლიტიკოსს, რომ უპირველესი ამოცანა არის აფხაზ და ოს ხალხთა ნდობის აღდგენა, იმ ჩატეხილი ხიდების გამთლიანება, რომლებიც, სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს კიდევ უფრო სერიოზულად ჩატყდა. მე ვიმედოვნებ და ვფიქრობ, რომ არ ვცდები, როდესაც მაქვს იმედი, რომ პუტინი და რუსეთი ამ პოზიტიურ მოლაპარაკებებს ხელს არ შეუშლის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორი და ერთმანეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე აგებული პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში.

რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების შემთხვევაში საქართველო კვლავ ისწრაფვის ნატოსკენ?

გავყოთ ეს ორი კითხვა. პირველი, რაც შეეხება ურთიერთობების მოწესრიგებას, დალაგებას თუ ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას- ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა, თუნდაც ყველაზე მძიმე და რთული, საკითხის მოგვარების დროს, ილაპარაკებენ დიპლომატები და არა ქვემეხები. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა, რომელიც ყველა ნორმალური პოლიტიკოსისათვის უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს ძალიან სერიოზული ინვენტარიზაცია იმ პრობლემებისა, რომლებმაც თავი მოიყარა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და ვფიქრობ, რომ სრულმასშტაბიანი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, რომლებშიც ყველა მხარე წარმოადგენს თავის ხედვას ამ პრობლემის მოგვარების საკითხზე და უნდა მოხდეს მათი შეჯერება. პირველ ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით მოგვარება და ამ ძალისმიერ მეთოდებში მე ვგულისხმობ თუნდაც სოფელ დიცთან საზღვრის გადმოწევას, როდესაც ცალმხრივად იქნა გადმოწეული ეგრეთ წოდებული საზღვარი საქართველოს ტერიტორიაზე და ყველა სადავო საკითხის მოგვარება უნდა დაიწყოს ეტაპობრივად.

ნორმალური ურთიერთობები რუსეთთან ნიშნავს იმას, რომ თანდათანობით აღდგება პოლიტიკური დიალოგი, ყველა პრობლემა განხილული იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან, პარალერულად აღდგება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გაიხსნება რუსული ბაზარი საქართველოსთვის - არა ისე, როგორც ახლა, ფრაგმენტულად, არამედ ეს უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.

ჩვენი მოსახლეობისათვის ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მოსავალი ადამიანებს ხეებზე ულპებათ, ისინი მთელი წლის განმავლობაში შრომობენ და მათ არა აქვთ საშუალება, რომ მათ მიერ მოპოვებული პროდუქცია გაასაღონ, იმიტომ რომ რუსული ბაზარი დღევანდელი მდგომარეობით პრაქტიკულად შეუცვლელია საქართველოსთვის და ბუნებრივია, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგება აუცილებლად გულისხმობს, როგორც მინიმუმ, ნეიტრალური, სასურველია, პოზიტიური როლის თამაშს რუსეთის მხრიდან ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პრობლემის მოგვარებაში.
ამავდროულად, რა თქმა უნდა, არც რუსებს და არც არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ საქართველო დათმობს თავის სუვერენიტეტს და არც მგონია, რომ ვინმეს ამის ილუზია აქვს.

ყოველ შემთხვევაში, მე იმავე ვლადიმირ პუტინთან საუბრის დროს სულაც არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მას აქვს რაიმე ტიპის ილუზია საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და არც მგონია, რომ რომელიმე გონიერ პოლიტიკოსს, გნებავთ რუსეთში, გნებავთ სადმე სხვაგან, XXI სააუკუნეში არ ესმოდეს, რას ნიშნავს დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოების ურთიერთობები.

ასე რომ, რთულად, მაგრამ არის შესაძლებლობები და რამდენადაც ეს უცნაურად უნდა ჩანდეს, არის ინტერესების თანხვდენაც, მაგალითად, იგივე მშვიდობა და სტაბილურობა მთლიანად კავკასიის რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის სახელმწიფოსათვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსათვის და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს როლი კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის და ასევე ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი რუსეთი იმ თვალსაზრისით, რომ კავკასიაში იყოს მშვიდობა და არ იყოს, ასე ვთქვათ, ფეთქებადსაშიში ვითარება.

არის ბევრი სხვა მიმართულება, სადაც ასევე შეიძლება ჩვენი ინტრესების თანხვდენა მოხდეს.

თქვენ დასვით მეორე საკითხი, როდესაც ლაპარაკობდით ნატოსაკენ სწრაფვაზე. საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს არჩეული ევროპული დემოკრატიული კურსი, ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენ თავს ვხედავთ ევროპის ნაწილად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატული პოლიტიკოსები და იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, ძალიან კარგად უნდა დავინახოთ, რა შანსი აქვს დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების.

მე ვფიქრობ, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება ზოგ შემთხვევაში სპეკულაციის საგნად და რაღაც პრობლემების მოუგვარებლობის გამართლებად უფრო იქცა, ვიდრე რაიმე რეალურად.

მე ვიყავი და ვარ ის ადამიანი, რომელსაც დღესაც მიაჩნია, რომ საქართველოსათვის იქნებოდა დიდი წარმატება და მიღწევა, თუ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ რეალობაში, როდესაც აი ამ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, თქვენ ძალიან კარგად იცით, დაახლოებით 20 წუთის ავტომობილით სავალ გზაზე რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული.
მე დავსვამ კითხვას და ჩვენმა მკითხველმა თავად გადაწყვიტოს: აქვს თუ არა საქართველოს შანსი დღეს ან უახლოეს პერსპექტივაში ნატოში გაწევრიანებისა, ვიდრე რუსული ბაზა საქართველოს დედაქალაქიდან 20 წუთის გზაზე დგას.

რა თქმა უნდა, არა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გამოვეთიშოთ ნატოს პროცესებს, ნატოსთან თანამშრომლობის პროცესებს.

თქვენ იცით, რომ ნატოსთან ძალიან აქტიურად თავად რუსეთიც თანამშრომლობს, ზოგ შემთხვევაში უფრო აქტიურადაც კი, ვიდრე საქართველო. ჩვენ უნდა ვიყოთ ღრმად ჩართული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში, ვითანამშრომლოთ ამ ორგანიზაციებთან, ვისწრაფოდეთ მათი სტანდარტების მიღწევას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ რეალიზმიდან უნდა ამოვიდეთ: დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი არა აქვს, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსული ჯარი და ჩემი ამოცანა კი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ნამდვილად იქნება, რომ რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს, ჩვენ შევძლოთ აფხაზებსა და ოსებთან საერთო ენის გამონახვა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს, როგორც სუვენერული სახელმწიფოს, გაძლიერება.

თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც 7 ნოემბრის ამ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვენ განაცხადეთ, რომ ცხოვრების ნორმალური რეჟიმის აღდგენით ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო შედგა. რა განსხვავებას ხედავთ თქვენ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებს შორის? არსებობს თუ არა თქვენი მხრიდან სხვადასხვა ინტერპრეტაციის საფუძველი და თუ არსებობს, რატომ?

მე ძალიან ბევრი ადამიანი მაყვედრის ამ სიტყვებს, თუმცა არავინ არ უწევს ანგარიშს იმას, რომ როდესაც მე ვთქვი, რომ სახელმწიფო შედგა, მე არ მითქვამს, რომ კარგი სახელმწიფო შედგა, მაგრამ სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ შემდგარი სახელმწიფოა. 7 ნოემბერს რეალურად მართლაც იყო ძალიან დიდი საშიშროება, სხვათა შორის, ასევე ძალიან ბევრი ჩემი ოპონენტი არ იხსენებს იმას, რომ 7 ნოემბერს, საბედნიეროდ, არ დაღუპულან ადამიანები და 7 ნოემბერს ეს იყო, ასე ვთქვათ, პოლიციის მიერ განხორციელებული აქცია, რომელიც იყო მიტინგის დაშლისაკენ მიმართული, მართალია, იყო ძალიან მძიმე შემთხვევები ძალის გადამეტებისა, მაგრამ ეს იყო შედარებით ერთეული შემთხვევები და მათ არ მოჰყოლია ტრაგიკული მსხვერპლი. ამავდროულად ჩემი პოლიტიკური ოპონენტები არასდროს არ იხსენებენ იმას, რაც ალბათ თქვენი მკითხველისთვისაც უპრეცედენტო სიახლე იქნება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ, მასობრივი არეულობის დროს სტრატეგიული ობიექტის, პარლამენტის კარები გავაღე და გააფთრებული ხალხი შემოვუშვი პარლამენტის შენობაში, რომ ისინი გაზისან და გაავებული სპეცნაზელებისგან მეხსნა და ვფიქრობ, რომ გარკვეული წვლილი ამანაც შეიტანა, რომ 7 ნოემბერს მსხვერპლი არ იყო. რაც შეეხება 26 მაისს, მე თქვენ მოგართმევთ აუცილებლად იმ ჟურნალს, რომელიც ჩვენ 26 მაისთან დაკავშირებით გამოვუშვით. ამ ჟურნალში არის მოყვანილი სქემა, რომელშიც ძალიან ნათლად ჩანს, რომ, განსხვავებით თუნდაც 9 აპრილისგან, 1989 წლის 9 აპრილის აქციის დარბევისაგან, როდესაც დაიღუპნენ ადამიანები რუსთაველზე და როცა აქცია დაგეგმილი იყო საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებისა და სპეცდანიშნულების რაზმების მიერ, მაშინ ხალხს გასასვლელი და გასაქცევი დაუმატეს, ხოლო 26 მაისს ადამიანები მოაქციეს ალყაში, ადამიანებს არ მისცეს გაქცევის საშუალება, ეს არ იყო აქციის დასარბევი ან დასაშლელი ქმედებები, ეს იყო საგანგებო და სამაგალითო დასჯა აქციის მონაწილეებისა, როდესაც ათასამდე ადამიანი იქნა დაპატიმრებული, როდესაც ბორკილებდადებულ ადამიანებს ორი და სამი კაცი სცემდა, როდესაც ადამიანებს, ასე ვთქვათ, სასიკვდილოდ იმეტებდნენ, და მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ესკორტს, რომელიც ნამდვილად არ გაქცეულა და არც პოლიციელი არ მოუკლავს, როგორც ამას გვაბრალებდნენ და ამის ოფიციალური დასკვნები არსებობს, რომ ეს იყო ცილისწამება და შავი PR ჩემ წინააღმდეგ, ესროლეს ნამდვილი ტყვიები, ეს საქმე დღემდე არ არის, სამწუხაროდ, გამოძიებული. ანუ 2007 წლის 7 ნოემბერს სახელმწიფომ გამოიყენა ძალა, გადაჭარბებული, და მოიქცა არასწორად, ხოლო რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისს, სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. აი ეს არის განსხვავება.

ამჟამინდელი ეკონომიკური ვარდნის მიზეზებად რას დაასახელებდით?

ყოველ შემთხვევაში, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ვარდნის მიზეზი იყოს. მე მგონია და ყოველ შემთხვევაში მე ასე ვისწავლე, რომ თუ ახორციელებ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, იღებ სწორ შედეგს. ის, რომ დღეს არის ეკონომიკური ვარდნა, ის რომ მაისში იყო ეკონომიკური ზრდა 0 %, შემდეგ ივნისში იყო უკვე მინუსებში წასული, ივლისშიც - ეს, ჩემი აზრით, არის ძალიან სერიოზული შეცდომების შედეგი, რომლებიც ალბათ დაშვებული იქნა მთავრობის მხრიდან. მე ვშიშობ, რომ, ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანას შეიძლება ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნას. ასე რომ, გადაწყვეტილებები მისაღებია.

თქვენ როგორ ფისკალურ პოლიტიკას ემხრობით დღევანდელი საქართველოსთვის? გვაინტერესებს თქვენი პარტიის იდეოლოგიური ვექტორი ეკონომიკური თვალსაზრისით.

იცით, საერთოდ ჩვენი პარტია არის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია. თუმცა თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თქვენ იცით ქართული რეალობა და თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური ვითარება და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ჩვენთვის უფრო მისაღებია მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგია, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში თვალს ვერ დავხუჭავთ იმ უმძიმეს სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში არის. იმიტომ რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოსახლეობასა და საკუთარ მოქალაქეებზე, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება პრეზიდენტის რანგში, რომ მე დავეხმარო მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირებაში და მე იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობა მთავრობასთან ნამდვილად შედგება, იმიტომ რომ სამთავრობო პროგრამაში ძალიან ბევრი არის პოზიტიური, მაგრამ არარეალისტური. მე ვთვლი, რომ ჩვენი მომავალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და მაქსიმალური შეღავათები უნდა მივცეთ მცირე და საშუალო ბიზნესს იმისათვის, რომ ბიზნესმა შეძლოს თვითგანვითარება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას საშუალო ფენა, რასაც არც ერთი ხელისუფალი პრაქტიკულად ბოლო პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, ხელს არ უწყობდა, ალბათ, როგორც მე ახლა ვხვდები, პრაგმატული პოლიტიკური მოსაზრებით, იმიტომ რომ საშუალო ფენის მართვა არის გაცილებით უფრო ძნელი, ვიდრე არაფრის მქონე ადამიანების. ჩემი ამოცანა იქნება სწორედ ის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, ადამიანებს ჰქონდეთ ნორმალური დაზღვევა, საყოველთაო დაზღვევა არსებობდეს ქვეყანაში, ადამიანებს ჰქონდეთ ის პენსია, რომელიც შეესაბამება საარსებო მინიმუმს, ხოლო შრომისუნარიან ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იმუშაონ და შეძლონ თავიანთი ოჯახების გამოკვება. ასევე მე ვფიქრობ, რომ ალბათ იმ ადამიანებმა, ვისაც ძალიან მაღალი შემოსავლები აქვს, გარკვეულწილად უფრო მეტი თანხა უნდა შეიტანონ სახელმწიფო ბიუჯეტში. ჩვენ ახლა ვფიქრობთ და საბოლოოდ ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, გადასახადები გარკვეულწილად აიწიოს თუ არა, მაგრამ აქაც გონივრული ზღვარი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, და არა 70% და თუნდაც 50 %, მაგრამ ან წახალისება იმ საწარმოებისა, რომლებიც ძალიან დიდ თანხას საქველმოქმედო ან ეკონომიკის გაძლიერებაში შეიტანენ, ან დაბეგვრა გარკვეული წესით, ეს პოზიცია აუცილებლად უნდა შეჯერდეს და გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ვერ განვითარდება. შრომის კოდექსიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ამასთან დაკავშირებითაც, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული კონსულტაციები გვექნება მთავრობასთან.

გადასახადების აწევა არ უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას და ამ მიმართებით რამდენად მემარჯვენე-ცენტრისტულია თქვენი პოზიცია?

მე არ ვლაპარაკობ მცირე და საშუალო ბიზნესზე, მე ხაზი გავუსვი, რომ ლაპარაკია იმ გარკვეულ ზღვარს ზემოთ შემოსავლის მქონე საწარმოებზე, რომლებსაც მაღალი ან ძალიან მაღალი შემოსავლები აქვთ.

რა კომენტარს გაუკეთებთ პრემიერის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით?

იცით რა? ეს პრემიერის გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ, ისევე როგორც ნებისმიერი დამოუკიდებელი ადამიანის გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, რომ მის წასვლას ამ ეტაპზე მოჰყვება გარკვეული სირთულეები ქვეყნისათვის, იქიდან გამომდინარე, რომ გუნდი, რომელიც პრემიერის მიერ არის შექმნილი და რომელიც არის დღეს ხელისუფლებაში, არ არის მონოლითური გუნდი, ეს გუნდი შედგება სრულიად სხვადასხვა იდეოლოგიის, სრულიად სხვადასხვა ფასეულობის, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებებისაგან და ძალიან დიდი ალბათობით ეს გუნდი დაიშლება პრემიერის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. ბუნებრივია, პრემიერი, დარწმუნებული ვარ, რომ არ ფიქრობს, რომ ის პოლიტიკიდან წავა, მაგრამ პოლიტიკაში მაინც დარჩება. ანუ თუ ის მართლა მიდის, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მას პოლიტიკურ პროცესებზე პირდაპირი ზეგავლენა აღარ ექნება, ასეთ შემთხვევაში მისი გუნდი ძალიან დიდი ალბათობით დაიშლება.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფო უნდა იყოს?

საქართველო უნდა იყოს სახელმწიფო, სადაც ყველას და ყველაფერს ექნება თავისი ადგილი. საქართველოსათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი რელიგიური შემწყნარებლობა, რითაც ქართველი ხალხი და ქართველი ერი ყოველთვის ძალიან ამაყობდა და ჩვენ შეგვიძლია უნიკალური მაგალითები მოვიყვანოთ საქართველოს ისტორიიდან შემწყნარებლობისა, ამავდროულად ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რომ საქართველოში ძალიან ძლიერია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი, და იმ ვითარებაში, როდესაც ეკლესია არ ჩაერევა სახელმწიფოს საქმიანობაში და არ ერევა, ეს მისი უწმინდესობის ძალიან დიდი დამსახურებაა, მე ვფიქრობ, რომ აქ საგანგაშო და პრობლემური ნამდვილად არაფერია. ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია ერთმანეთისაგან საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ ის, რომ ქართულ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში დასაბამიდან დღემდე, ეს არც დასამალია და არც, ასე ვთქვათ, ცუდი, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ეკლესიას კვლავ შეუძლია საზოგადოებაში, ხალხში განამტკიცოს ის პოზიტიური ფასეულობები, როგორიც არის ოჯახის ფასეულობა, როგორიც არის აუცილებლობა იმისა, რომ ახალგაზრდა პატივს სცემდეს და უყვარდეს საკუთარი სამშობლო, იყოს ტოლერანტული სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ, იმიტომ რომ, თავისთავად მართლმადიდებლური რწმენა ნიშნავს იმას, რომ შენ ტოლერანტი უნდა იყო ყველა სხვა განსხვავებულის მიმართ.

არ ფიქრობთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ხანდახან თავისი კომპეტენციის საზღვრებს სცილდება და ერევა ისეთ საკითხებში, რომლებიც ცალსახად სახელწიფო საკითხებია?

არა, არ ვფიქრობ. მე როცა ვლაპარაკობ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, მე უპირველეს ყოვლისა ვსაუბრობ მის უწმინდესობა პატრიარქზე. თუ სადმე, რომელიმე მღვდელმსახურმა რაიმე ზედმეტის უფლება მისცა თავის თავს, ეს არ მიმაჩნია მე ტრაგიკულ მოვლენად, ამის კორექტირებას ყოველთვის გააკეთებს ეკლესია. მე კი არ მახსოვს, რომ საქართველოს პატრიარქი ზედმეტად ჩარეულიყო პოლიტიკურ პროცესებში.

თქვენი საპრეზიდენტო კამპანიის სპონსორი ვინ არის?

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ - ეს არის ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული. ასევე არის გამოქვეყნებული ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და კონტროლის პალატის ვებგვერდზეც - შემოწირულებები, რომლებიც ჩვენს პარტიაში შემოდის. დღეს ჩვენი პარტიის წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინეს იმ 80 ათასი ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც მხარს უჭერენ ჩემს პრეზიდენტობას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, საპრეზიდენტო ფონდში გარკვეულ შემოწირულებებს შემოიტანს.

დღეს საქართველოში არის უფრო მარტივი სიტუაცია, ვიდრე იყო წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ნებისმიერი პარტიისთვის შემოწირულება ბიზნესმენს შეიძლებოდა არა მარტო საკუთარი ბიზნესის ფასად დასჯდომოდა, არამედ მას შეიძლება ციხეში ამოეყო თავი, ამიტომ ადამიანებს აღარ ეშინიათ და ადამიანები გარკვეულწილად გვეხმარებიან. თუმცა ეს არ არის იმ რაოდენობის თანხა, რომელიც ჩვენ გარკვეული ხელგაშლილობის საფუძველს მოგვცემს.

რატომ მიგაჩნიათ, რომ სწორედ თქვენ უნდა მოგცეთ ამომრჩეველმა ხმა არჩევნებზე?

ძალიან ძნელია, საერთოდ, საკუთარ თავზე ლაპარაკი ჩემნაირი ტიპის ადამიანისათვის და მე ვამბობ ხოლმე, რომ ერთადერთი, რის გამოც არჩევნები არ მიყვარს, არის ის, რომ შენ უნდა ილაპარაკო, რომ შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე კარგი, საუკეთესო და ამით დაარწმუნო, ასე ვთქვათ, ამომრჩეველი შენს სისწორეში.

იცით რაშია საქმე? - მე ვთვლი, რომ დღევანდელი კანდიდატებიდან, ვინც დღეს არის დასახელებული და უკვე ვეღარ დასახელდება სხვა კანდიდატები, მე გამომარჩევს ძალიან ბევრი რამ. მათ შორის უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც მე მაქვს და რაც ჩემთვის დღეს ძალიან ფასეულია - ეს პოლიტიკური გამოცდილება მოიცავს როგორც ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილებას, ასევე ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილებას და მე ვიტყვი, რომ არასოდეს ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპოზიცია აღარ დაიჩაგრება და ოპოზიციის უფლებები შელახული არ იქნება. მე შემიძლია გითხრათ, რომ მე მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. ბუნებრივია, ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს იყო დაშვებული შეცდომები ჩემი მხრიდანაც და სხვების მხრიდანაც და მე მაქვს უნარი, რომ ამ შეცდომებზე - საკუთარ შეცდომებზეც და სხვის შეცდომებზეც - ხმამაღლა ვილაპარაკო და აქედან დასკვნები გამოვიტანო. მე მაქვს ძალიან სერიოზული საერთაშორისო კონტაქტები, რომლებიც ჩემს ქვეყანას ნამდვილად გამოადგება და ეს კონტაქტები, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება რომელიმე ერთ ქვეყანაში არსებული კონტაქტებით. მე მაქვს ძალიან სერიოზული კონტაქტები როგორც რუსეთში, ასევე აშშ-ში, როგორც ევროპაში, ასევე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, იქნება ეს უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანზე და სომხეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ და თურქეთზე. ვთვლი, რომ მაშინ, როდესაც მაქვს, პრაქტიკულად, პირადი ნაცნობობა ამ სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობის ლიდერებთან, ეს ძალიან სერიოზულად წაადგება ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთოდ გასატარებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

მე შემიძლია აღვადგინო ის დიალოგი, რომელიც აუცილებელია ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის აღდგეს. მე ნამდვილად მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავიწყო ჩატეხილი ხიდის აღდგენა და ამავდროულად, ვთვლი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს.

ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ შეცდომა, როდესაც ყველა ინსტიტუცია იქნება თავმოყრილი ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, როდესაც არ იქნება დაბალანსებისა და ურთიერთკონტროლის სისტემა. მე ნამდვილად ვარ ის ადამიანი, რომელიც - თუნდაც შეზღუდული საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში - რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერითა და ხალხის მაღალი ნდობით აღჭურვილი, შეძლებს იმას, რომ მთავრობა აკონტროლოს, მთავრობას არ დააშვებინოს შეცდომა და, ამავდროულად, ბუნებრივია, მეც მზად ვარ მივიღო ნებისმიერი წინადადება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მეც თავიდან ავირიდო რაიმე შეცდომის დაშვება.

მე ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო არჩევანი იქნება საქართველოსთვის.

 

წინა სტატია

საქართველოს სატრანზიტო დერეფანი
09 ოქტომბერი, 2013

შემდეგი სტატია

ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან
18 ოქტომბერი, 2013
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა