საქართველო ცუდი ვაჭარია

საქართველო ცუდი ვაჭარია

საქართველო მცირე ეკონომიკის მქონე, სტრატეგიულ სავაჭრო გზებზე მდებარე ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ მისი განვითარებისთვის გახსნილობა აუცილებელი პირობაა. რამდენად ღიაა ეკონომიკურად ქვეყანა, პირველ რიგში, ეს საგარეო ვაჭრობის მოცულობაში გამოიხატება. საგარეო ვაჭრობაში ვგულისხმობთ მხოლოდ საქონლით საგარეო ვაჭრობას C ჰეპატიტის წამლების იმპორტის გამოკლებით, რადგან C ჰეპატიტის წამლები საქართველომ გრანტად მიიღო და მასში ფული არ გადაგვიხდია. ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვაჭრობას ზრდის ტენდენცია აქვს. 2016 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) დაახლოებით 67%-ია. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო ჯერჯერობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მაღალგანვითარებული, შედარებით პატარა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. ჰონკონგის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ქვეყნის მშპ-ის მიმართ 346%-ია, სინგაპურის – 221%, სლოვაკეთის – 171%, ბელგიის – 170%, ჩეხეთის – 161% და ა.შ.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ანუ იმპორტი აღემატება ექსპორტს. 2016 წელს საქართველოს იმპორტმა მშპ-ის მიმართ 52% შეადგინა, ხოლო ექსპორტმა – 15%. ნომინალურ გამოსახულებაში, 2016 წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5.1 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 36%) იყო. ეს ნიშნავს, რომ საქონლით საგარეო ვაჭრობის შედეგად, საქართველოდან 5.1 მილიარდი დოლარით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ასეთი მაღალი მოცულობის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს წინაშე დღეს არსებული მწვავე პრობლემის – ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, პოპულარული გახდა აზრი იმპორტის ხელოვნურად შემცირების შესახებ, რაც მცდარი მიდგომაა. პრობლემა ის კი არ არის, რომ იმპორტი საქართველოს მშპ-ის 52%-ია, პრობლემა ისაა, რომ ექსპორტი არის მცირე – მშპ-ის 15%. იმპორტის ხელოვნურად შემცირება (მაგალითად, იმპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადების ზრდით) ნიშნავს, რომ ფასის მატებით, მომხმარებელს ვაიძულებთ, ნაკლები იმპორტირებული პროდუქცია შეიძინოს, რაც მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს. ქვეყნის ეკონომიკის მიმართ იმპორტის 52% რომ ეკონომიკური პრობლემების სათავე არ არის, ამას მოწმობს თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები. ესტონეთში იმპორტი ქვეყნის მშპ-ის 85%-ია, ლიტვაში – 79%, ლატვიაში – 63%.

ზოგადად, რაც მეტია მშპ-ის მიმართ იმპორტი და ექსპორტი, მით მაღალია ქვეყნის ეკონომიკაში სპეციალიზაციის დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ეფექტიანად იყენებს საწარმოო რესურსებს.

საქართველოს უარყოფითი ბალანსის შემცირება ექსპორტის ზრდით უნდა მოხდეს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ეროვნული წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზეა დამოკიდებული. დღეს საქართველოს მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ექსპორტი აქვს: ფაქტობრივად, გაგვაქვს მხოლოდ ბუნებრივი რესურსები და სოფლის მეურნეობის ნაწარმი. ანუ გაგვაქვს მხლოდ ის, რაც ჩვენს ტერიტორიაზე მოიპოვება ან რასაც ჩვენი კლიმატი განაპირობებს. საქართველოდან უმნიშვნელო რაოდენობით გადის ის არასასოფლო-სამეურნეო მზა პროდუქცია, რომელიც კონკურენციას უწევს სხვა ქვეყნების წარმოებას. ეს ხდება იმიტომ, რომ არ გვაქვს ცოდნა, როგორ ვაწარმოოთ. არ გვყავს კადრები, ვისაც შეუძლია, აწარმოოს.

საქართველოს ექსპორტში პირველ ადგილზე (312 მლნ დოლარით) სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რაც რეალურად რეექსპორტია. ასევე რეექსპორტია მეოთხე (167 მლნ დოლარით) ადგილზე მყოფი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი და მეექვსე ადგილზე (107 მლნ დოლარით) მყოფი სამკურნალო საშუალებების ექსპორტი. ადგილობრივი წარმოების პროდუქტებიდან პირველი ადგილი თხილისა და კაკლის ექსპორტს უჭირავს 179 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის ფეროშენადნობები 169 მლნ დოლარით და ღვინო 113 მლნ დოლარით.

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ნომინალურ დოლარებში გამოსახული ექსპორტი 4%-ით შემცირდა და 2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. რეალურად, ექსპორტის კლება რეექსპორტის შემცირებამ გამოიწვია. რეექსპორტის გარეშე ექსპორტმა გასულ წელს 1,658 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1%-ით აღემატება 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2016 წელს ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველომ რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციისგან მიიღო – 206 მლნ დოლარი, რაც 43 მლნ დოლარით მეტია 2015 წელს მიღებულ შემოსავალზე. მეორე ადგილზე თურქეთია 174 მლნ დოლარით, მესამეზე – ჩინეთი 170 მლნ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ბულგარეთიდან მივიღეთ – 167 მლნ დოლარი. ევროკავშირის 28 ქვეყანაში ჯამურად 571 მლნ დოლარის (მთლიანი ექსპორტის 27%) ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2.8-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში რუსეთში განხორციელებული ექსპორტის ღირებულებას. სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია აზერბაიჯანი და სომხეთი, სადაც 2016 წელს საქართველოდან, შესაბამისად, 153 და 151 მლნ დოლარის პროდუქცია შევიდა.

გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღვინო (56 მლნ დოლარის), ფეროშენადნობები (39 მლნ დოლარის), მინერალური და მტკნარი წყლები (35 მლნ დოლარის) და სპირტიანი სასმელები (13 მლნ დოლარის).

თურქეთში ექსპორტირებული პროდუქციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტრიკოტაჟის ნაწარმი (37 მლნ დოლარის), არმატურა და ფოლადის ნახევარფაბრიკატები (24 მლნ დოლარის), ფქვილი და ხორცის გრანულები (14 მლნ დოლარის) და ელექტროენერგია (13 მლნ დოლარის).

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ნომინალურ დოლარებში გამოსახული იმპორტი 1%-ით შემცირდა და 7.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმპორტის შემცირება ძირითადად ნავთობში, ბუნებრივ აირსა და ხორბალში გადახდილი თანხის შემცირებამ გამოიწვია, რაც აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების კლებითაა განპირობებული.

საქართველოს იმპორტში პირველ ადგილზე (619 მლნ დოლარით) ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. მეორე ადგილზე (473 მლნ დოლარით) მსუბუქი ავტომობილების იმპორტია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი რეექსპორტზე გადის. მესამე ადგილზე (318 მლნ დოლარით) ბუნებრივი და სხვა აირების იმპორტია.

გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია თურქეთიდან შემოვიდა – 1 351 მლნ დოლარის. მეორე ადგილზე რუსეთია 675 მლნ დოლარით, მესამეზე – ჩინეთი 547 მლნ დოლარით, მეოთხეზე – აზერბაიჯანი 495 მლნ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი იმპორტი გერმანიიდან განხორციელდა – 419 მლნ დოლარის. ევროკავშირის 28 ქვეყნიდან ჯამურად 2.2 მილიარდი დოლარის (მთლიანი იმპორტის 30%) იმპორტი განხორციელდა, რაც 3.2-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში რუსეთიდან შემოსული პროდუქციის ღირებულებას. სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია უკრაინა და სომხეთი, საიდანაც 2016 წელს საქართველოში 417 და 218 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეტალოკონსტრუქციები (57 მლნ დოლარის), სამკურნალო საშუალებები (51 მლნ დოლარის), მილები (41 მლნ დოლარის), კაბელები (38 მლნ დოლარის) და ჰიგიენური ნაწარმი (35 მლნ დოლარის).

რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები (102 მლნ დოლარის), ხორბალი (86 მლნ დოლარის), აირები (31 მლნ დოლარის), მზესუმზირის ზეთი (28 მლნ დოლარის) და თამბაქოს ნაწარმი (23 მლნ დოლარის).

2016 წელს საქართველომ სავაჭრო ურთიერთობა სულ 137 ქვეყანასთან დაამყარა. აქედან, 93-თან – უარყოფითი, ხოლო 44-თან დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა. ყველაზე მაღალი უარყოფითი ბალანსი თურქეთთან (1,178 მლნ დოლარი), რუსეთთან (469 მლნ დოლარი) და ჩინეთთან (378 მლნ დოლარი) დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსი კი უზბეკეთთან (62 მლნ დოლარი), შვეიცარიასთან (40 მლნ დოლარი) და ერაყთან (39 მლნ დოლარი) ჰქონდა.

2014 წელთან შედარებით, 2015-2016 წლებში საქართველოს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი დაახლოებით 630 მლნ დოლარით შემცირდა. ეს მნიშვნელოვანწილად ლარის გაუფასურებამ განაპირობა, რადგან როდესაც ლარი უფასურდება, საქართველოს ექსპორტი იაფდება (თუ იმ ქვეყნის ვალუტა, სადაც ექსპორტს ვახორციელებთ, ლარზე მეტად არ უფასურდება) და საქართველოში იმპორტი ძვირდება. თუ საქართველოს ექსპორტის ღირებულებას ლარებში გადავიყვანთ, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ექსპორტი დაახლოებით 7%-ით არის გაზრდილი. ასევე გაზრდილია იმპორტიც, დაახლოებით 10%-ით.

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით საქართველოს სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული. ეს გამოიხატება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებსა და დაბალ საბაჟო გადასახადებში. ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქართულ პროდუქციაზე 2 მილიარდზე მეტ მომხმარებელს ექნება წვდომა – ფაქტობრივად, საბაჟო გადასახადის გადახდის გარეშე. ეკონომიკის სიმცირიდან და სტრატეგიული სავაჭრო მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ჩვენს ტერიტორიაზე თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას. ეს საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შედარებითი უპირატესობა საგარეო ვაჭრობაში და საქართველო რეგიონის ძირითად სავაჭრო ცენტრად ვაქციოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები, ფაქტობრივად, თანხმდებიან, რომ თავისუფალი ვაჭრობა უფრო მოგებიანია ქვეყნისთვის (რადგან იზრდება ეროვნული დანაზოგი, რაც ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა), ვიდრე პროტექციონისტური ვაჭრობა, პოლიტიკოსების მხრიდან (საქართველოშიც და მის გარეთაც, მაგალითად, ტრამპის დაპირებები ვაჭრობის შეზღუდვის თაობაზე) უცხოური პროდუქციის შემოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით დაპირებები პოპულარულია. ეს ცალსახად პოპულისტური დაპირებებია, რომლებიც გათვლილია მოსახლეობის ემოციებსა და ლობისტური ჯგუფების გულის მოგებაზე. საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს არჩეულ გზას და რაც შეიძლება მეტად უნდა გააფართოოს საქართველოს თავისუფალი სავაჭრო სივრცე.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით კი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ დღეს ჩვენ ევროკავშირში 2.8-ჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში და ევროკავშირიდან 3.2-ჯერ მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე რუსეთიდან. ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ ევროპაზე უფრო მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე რუსეთზე, ევროპასთან ვაჭრობით მეტ სარგებელს ვნახულობთ, ვიდრე რუსეთთან. შესაბამისად, ევროპის ბაზრის დაკარგვა სამჯერ უფრო მეტად დაგვაზარალებს, ვიდრე რუსული ბაზრის დაკარგვა, თუ ამ ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთის არჩევის წინაშე დავდგებით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *