Moderna-ს იდუმალებით მოცული წამლები

მსოფლიო დონის მეცნიერების შემწეობით, ჩუმჩუმელა ბიოტექნოლოგიურ კომპანიას $1.9 მილიარდი აქვს მოზიდული, სანაცვლოდ კი მედიცინის სამუდამოდ შეცვლას გვპირდება. ახალი სასამართლო საქმე მის საიდუმლოებში შეჭვრეტის იშვიათ შესაძლებლობას გვაძლევს.

ბიოტექნოლოგიის ცეცხლოვან ბაზარზე Moderna Therapeutics-ი განსაკუთრებულად ვარვარებს. კემბრიჯში დაფუძნებული და იდუმალების საბურველში გახვეული სტარტაპი პრეტენზიას წამლის ახალი კლასის შექმნაზე აცხადებს, რომელიც მთლად სიცოცხლის ოპერაციულ სისტემას ემუქრება დაჰაკვით და, თერაპევტული პროტეინების წარმოსაქმნელად უჯრედებისთვის მიმართულების მიცემით, ადამიანის სხეულს წამლის ქარხნებად გარდაქმნის. მის დამფუძნებელთა რიგებში უმაღლესი კლასის სამ მეცნიერს ნახავთ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (MIT) და ჰარვარდიდან. ბიოტექნოლოგიურ საზოგადოებას კომპანიის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმა აქვს ატეხილი, კომპანიის თქმით კი, ისინი 12 ახალ წამალზე მუშაობენ, თუმცა ძალიან ცოტას თუ აქვს წარმოდგენა, კონკრეტულად რაზე მუშაობს ეს ხალხი.

ერთი რამ უდავოა: Moderna-მ თუ წარმატებას მიაღწია, ეს მედიცინაში რევოლუციურ ცვლილებას მოახდენს. მათ ამბიციებს საზღვარი არა აქვს და ეს ამბიციები ისეთი წამლების შექმნას უკავშირდება, რომელთაც კიბოსა და გულის დაავადებებით დაწყებული, ზიკა-ვირუსით დამთავრებული, ყველაფერი შეიძლება, განკურნონ.

ამ დანაპირებმა Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი ინდუსტრიის ისტორიაში ფინანსების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომზიდველად და თითქმის $500-მილიონიანი ქონების პატრონად აქცია. Moderna-მ ისეთი ინვესტორებისგან დააგროვა ფული, როგორიც გახლავთ ანდრეას ჰალოვერსენის Viking Global Investors-ი და Wellington Management-ი. Pitchbook-მა კომპანიის ღირებულება $4.7 მილიარდად შეაფასა – ამდენი არც ერთი ის საჯარო ბიოტექნოლოგიური კომპანია არ ღირს, რომელსაც ბაზარზე ერთი წამალიც კი არა აქვს გამოშვებული. გაყიდვებისა და ოპერაციების გამოცდილებით აღჭურვილი ჰარვარდის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის (MBA), 44 წლის ბანსელის სახელს Moderna-ს მრავალ პატენტზე ნახავთ. საკუთარ სტარტაპთან დაკავშირებით იმხელა ენთუზიაზმითაა განმსჭვალული, რომ თავისი 10%-იანი წილი საწყისი წილის ეტაპობრივი გაბერვით მოიპოვა, ამისათვის კი Moderna-ს ყოველ სპონსორულ რაუნდზე დამატებით წილებს ყიდულობდა.

ფარმაცევტული ინდუსტრიაც რიგში დგას, ბანსელის Moderna-ში რომ ჩაებას. 2013 წელს სტარტაპმა AstraZeneca- სთან დადო ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობდა $240 მილიონ ნაღდ ფულსა და წელს $140-მილიონიან ინვესტიციას. 2014 წლის ხელშეკრულებამ იშვიათი დაავადებების სპეციალისტ Alexion-თან $100 მილიონის ტოლფასი ნაღდი ანგარიშსწორება და $25-მილიონიანი ინვესტიცია გამოიღო შედეგად. წელს Merck-მა $200 მილიონი გადაუხადა Moderna-ს, რათა ეს უკანასკნელი მას კიბოს ვაქცინების შექმნაში დაეხმაროს. ჯამში, მოწადინებული პარტნიორებისა და ინვესტორებისგან, Moderna-მ $1.9 მილიარდი მოიზიდა.

ეს თანხა რეალობაა. აი, იდუმალებით მოცული ნაწილი კი სწორედ ის გახლავთ, რასაც ბანსელი ქმნის. არანაკლებ გასაიდუმლოებული სასამართლო საქმე, რომელიც ოქტომბერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში (კანადა) აღიძრა, გარკვეულ ნათელს ჰფენს Moderna-ს ერთ- ერთ ყველაზე უფრო საკვანძო პარტნიორებს, და ამავე სასამართლო საქმის მეშვეობით, FORBES-ს საშუალება ეძლევა, Moderna-ს გასაოცარ, თუმცა ჯერაც გაუტესტავ ტექნოლოგიას ახადოს ფარდა.

როგორც ჩანს, პირველი ორი პროდუქტი, რომლებიც Moderna-მ კლინიკურ ცდებში ჩაუშვა, ემყარება ვანკუვერში (ბრიტანეთის კოლუმბია) მდებარე პატარა საწარმოს, Acuitas Thecnology-ს, ტექნოლოგიას (Acuitas-ი მართლაც იმდენად პატარაა, რომ მისი გლობალური სათავო ოფისი მისივე აღმასრულებელი დირექტორის სახლშია განთავსებული).

თითქმის ყველა წამალი ან პროტეინებს – სიცოცხლის საშენ აგურებს – ბლოკავს, ან – ძვირად ღირებული ბიოტექნოლოგიური წამლების შემთხვევაში – თავად წარმოადგენს პროტეინებს. მაგრამ Moderna სიცოცხლის რეცეპტის სულ სხვა ასპექტისთვის გვპირდება დარტყმის მიყენებას. რათა დნმ-ში კოდირებული გენეტიკური ინფორმაცია იმგვარ უჯრედოვან მანქანებად გარდაიქმნას, რომლებიც რეალურად პროტეინებს წარმოადგენენ, ცოცხალი ორგანიზმები იყენებენ ე.წ. ინფორმაციულ ქიმიურ ნაერთს, სახელად ი-რნმ–ს (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა).

ი-რნმ- ის წამლების შექმნა დიდი გამოწვევაა არაერთი თვალსაზრისით. წამლებს რომ ეფექტი ჰქონდეთ, Moderna-მ ი-რნმ სხეულის უჯრედებს უნდა მიაწოდოს. ი-რნმ სისხლში დახმარების გარეშე იშლება. Tiny Acuitas-ი ერთ მეთოდში სპეციალიზდება: ლიპიდურ- ნანონაწილაკობრივი მიწოდების სისტემებში. მისი ტექნოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ი-რნმ იმ ცხიმოვან ბურთულებში იფუთება, რითაც წამალია დაფარული, და ამ გზით სამიზნე უჯრედები ადვილად ჩაყლაპავენ მას.

“მართალია, პატარები ვართ, – ამბობს Acuitas-ის აღმასრულებელი დირექტორი თომას მედენი, – მაგრამ მჯერა, რომ ჩვენი შექმნილი ტექნოლოგია უაღრესად ეფექტიანია”.

მედენისა და Moderna-ს პრობლემა ისაა, რომ Acuitas-ს რეალურად არ ეკუთვნის ეს ტექნოლოგია, რომლის ლიცენზიაც მან Moderna-ს მისცა. ტექნოლოგიის მფლობელი მესამე კომპანიაა – საჯარო ბაზარზე ბრუნვადი Arbutus-ი, რომელმაც ამას წინათ Acuitas-ისთვის მინიჭებული ტექნოლოგიის ლიცენზიის შეწყვეტა გადაწყვიტა. ამიტომაა, რომ Acuitas-მა ბრიტანეთის კოლუმბიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა: მან თავისი ხელშეკრულების დაცვა მოინდომა. Arbutus-მა მყისვე კონტრსარჩელით უპასუხა და განაცხადა, რომ Acuitas-თან დადებული ხელშეკრულება Moderna-ს წამლებს არ ითვალისწინებდა.

სამართლებრივი დომხალის ფესვები Moderna-ს დაარსების წელს, 2011-ში, უნდა ვეძიოთ, როცა MIT-ის პროფესორმა, Moderna-ს საბჭოს წევრმა და ათობით ბიოტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელმა, რობერტ ლენგერმა ბანსელს უთხრა, Moderna-ს არასაკმარისი დაფინანსება აქვს და მეტისმეტად პატარაა, საკუთარი მიწოდების სისტემა რომ შექმნასო. ჰოდა, Moderna გულმოდგინედ შეუდგა გარეშე წყაროებიდან მიწოდების მეთოდების მოძიებას და ბოლოს, სულ ცოტა, სამ ასეთ მეთოდზე შეჩერდა. ერთ- ერთი მათგანი Arbutus-ს ეკუთვნოდა, მაგრამ წვდომის მოსაპოვებლად Moderna-მ პაწაწინა Acuitas-ს მიმართა.

Acuitas-ი მედენმა 2009 წელს ჩამოაყალიბა – მას მერე, რაც ორი კომპანიის გაერთიანების გამო, Arbatus-ის წინამორბედში, Tekmira Pharmaceuticals-ში თანამდებობა დაკარგა. ცხარე სასამართლო დავის შემდეგ მედენმა შეძლო თავისი ყოფილი დამქირავებლისგან ახალ ტექნოლოგიაზე ლიცენზიის მოპოვება, რომლის შექმნაშიც თავად მიუძღვოდა წვლილი, ხოლო ბანსელის მტკიცებით, Moderna-მ იმიტომ არჩია Acuitas-სთან თანამშრომლობა, რომ მათ ჰყავდათ “ხალხი და [ჰქონდათ] უნარები”.

მაგრამ ამით მაინც არ აიხსნება, რატომ არ გაარკვია კაპიტალით გატენილმა Moderna-მ, რამდენად უპრობლემოდ შეხვდებოდა Arbutus-ი Acuitas-ის მეშვეობით სუბლიცენზირებას და რატომ დაიწყო ადამიანების მონაწილეობით კვლევებში თავისი ახალი წამლების გამოყენება ამ საკითხის დაზუსტების გარეშე.

ბანსელი FORBES-ს, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ შაბათს, ბრუკლინის ყავახანაში შეხვდა, რათა გაეფანტა სასამართლო დავის შედეგად გამოწვეული საფუძვლიანი ეჭვები. ის ერთგვარი უპატივცემულობით მოიხსენიებს Acuitas-ის ტექნოლოგიას. “ვიცოდით, რომ ძალიან კარგი არ იყო... უბრალოდ, არა უშავდა”.

გვიხსნის, რომ Moderna საკუთარი ნანონაწილაკოვანი ლიპიდების შექმნის პროცესშია. ერთი ასეთი ლიპიდი, N1GEL (რომელსაც შინაურულად Nigel-ს უწოდებენ) თითქოს ნაკლებ ანთებით პროცესებს იწვევს, ვიდრე Acuitas-ის ვერსია. ერთ- ერთის ლიცენზია კი Merck-ისგან აქვთ მოპოვებული. როგორც ბანსელი ამბობს, Moderna-მ შეწყვიტა Acuitas-ის ტექნოლოგიის გამოყენება ახალი წამლებისთვის.

მაგრამ Moderna-ს ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც Acuitas-ის ტექნოლოგიითა შექმნილი, მაინც კითხვის ნიშნებს ტოვებს.

ერთ-ერთი ვაქცინის სინჯებიდან მიღებულ მონაცემებს მომდევნო წლის დასაწყისში ელოდებიან. კარგ შედეგებს, შესაძლოა, თუხთუხა პირველადი საჯარო შეთავაზება მოჰყვეს, თუნდაც რომ კანადურმა სასამართლომ Moderna-ს Arbutus-ისთვის უფრო დიდი საავტორო გადასახადები დააკისროს.

“ჩვენ ისეთ მედიკამენტებზე ვმუშაობთ, რომელთა შექმნა უფრო ძველი ტექნოლოგიით ვერ მოხერხდება. არაა საკმარისი უჯრედებში შეღწევა ან პროტეინების მოთავსება უჯრედების მემბრანებზე, – ამბობს ბანსელი Earl Grey-ს ყლუპებს შორის. – არსებობს დაავადებები, რომელთა სამკურნალო წამლების შექმნის იმედი გვაქვს, არადა დღეს ასეთი პაციენტები სრულიად უიმედონი არიან”. 

წინა სტატია

საქართველო ცუდი ვაჭარია
21 თებერვალი, 2017

შემდეგი სტატია

ახალი საფეხური
22 თებერვალი, 2017
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა