ინვესტიცია განვითარებაში

$6.4-მილიონიანი ინვესტიცია მარტო 2016 წელს, 30%-იანი ზრდა ბოლო 5 წლის მანძილზე, 770 მილიონი ლარი ქვეყნის ბიუჯეტში 2008 წლიდან და 700-ზე მეტი დასაქმებული – ასეთია კაირატ კაბილოვის ხელმძღვანელობით “რომპეტროლ საქართველოს” მიერ მიღწეული მაჩვენებლები. ამ ბიზნესის ძრავის კარგ მუშაობას ხარისხიანი საწვავი განაპირობებს.

“რომპეტროლ საქართველო” – შავი და ხმელთაშუა ზღვების აუზის ქვეყნებში ერთ–ერთი მსხვილი ნავთობკომპანიის, Rompetrol Group N.V.-ის წარმომადგენელია ევროპისა და აზიის გასაყარზე. ეს ჯგუფი რუმინეთში ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე ქარხანას – Petromedia-ს ფლობს, რომელიც ქალაქ ნავოდარიში მდებარეობს.

სტრატეგიული ადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწრაფად გადაზიდვის საშუალებას იძლევა. ქარხანა წელიწადში 5 მილიონ ტონა ნედლეულს ამუშავებს. ამდენად, Petromedia მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს წარმოადგენს. გარდა ამისა, ეს ჯგუფი მართავს მეორე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას – Vega-ს, რომელსაც 110-წლიანი ისტორია აქვს და Petromedia-ს მიერ მოწოდებულ ნედლეულს ამუშავებს. ევროპაში Rompetrol-ი ფლობს 1000-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი, მოლდოვა, ბულგარეთი და საქართველო.

2007 წელს “რომპეტროლ ჯგუფი” ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულმა კომპანია KazMunayGaz-მა შეიძინა. სწორედ ყაზახეთიდან არის “რომპეტროლ საქართველოს” გენერალური დირექტორი კაირატ კაბილოვი, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლამდე ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს სს “ნავთობისა და გაზის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრში” ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაასრულა მუშაობა. 2016 წლის 3 იანვარს ახალი გამოწვევა ოფიციალურად გაფორმდა და კაირატ კაბილოვი თბილისურ დღეებს “რომპეტროლ საქართველოს” გენერალური დირექტორის სტატუსით ატარებს. “2016 წელს ჩვენი მიზანი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გაუმჯობესება და განვითარება იყო.

2016 წელს 45 სადგურის რებრენდინგი განვახორციელეთ, რაც ქსელის 60%-ია”, – ამ ციფრებით შეაჯამა გასული წლის შედეგები Forbes Georgia-სთან საუბრისას კაირატ კაბილოვმა და 2017 წლის გეგმებს შორის ქსელის სრული განახლების პროცესის დასრულება დაასახელა.

როგორც გენერალური დირექტორი აღნიშნავს, საინვესტიციო ხაზის უწყვეტობას საქართველოში არსებული საინტერესო ბაზარი განაპირობებს. გარდა ამისა, ყაზახი მენეჯერისთვის საქართველო კავკასიის რეგიონში სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენს, ევროკავშირის სტრუქტურებთან აქტიურად თანამშრომლობა კი მისგან ამ პროცესების პულსზე ხელის დადებას მოითხოვს. მისივე თქმით, თავად ბაზარი და მომხმარებელიც არ დგას ერთ ადგილზე, ის კომპანიისგან მუდმივ სიახლეებსა და საკუთარ საჭიროებებზე ადაპტაციას ელის – ამ მახასიათებლებში გაცნობიერებული კომპანია კი სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ- ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია.

როგორც “რომპეტროლ საქართველოს” მესაჭე ითვლის, 2008 - 2016 წლებში რუმინეთიდან საწვავის იმპორტიორთა ჯგუფმა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით 770 მილიონი ლარი შეიტანა. “ეს ყველაფერი მზარდი ინვესტიციების შედეგია. მაგალითად, გასულ წელს 13 ახალი სადგური დაგვემატა, რისთვისაც 2 მილიონი დოლარი დაიხარჯა. საერთო ჯამში, 2016 წელს კომპანიამ 6.4 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა”, – ეს ციფრები კაირატ კაბილოვმა საქართველოში Rompetrol-ის მყარ პოზიციებზე საუბრისას არგუმენტებად მოიყვანა. რაც შეეხება ბაზარზე კომპანიის პოზიციებს, ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 20%-მდე “რომპეტროლ საქართველოზე” მოდის, კომპანიის გაყიდვები კი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა.

გაყიდვების მზარდ მაჩვენებლებს პროდუქციის ხარისხი განაპირობებს. Rompetrol-ის პროდუქციის შესამოწმებლად Petromedia-ში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ლაბორატორია მუშაობს, სადაც “ევრო-5” სტანდარტის საწვავი იწარმოება. რუმინეთში შემოწმების შემდეგ კი საწვავი ხარისხის კონტროლის პროცესს ბათუმში მდებარე ლაბორატორიაში გადის. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნებადართულია შედარებით დაბალი ხარისხის საწვავის იმპორტი, Rompetrol-ის ბენზინგასამართ სადგურებში მხოლოდ “ევრო-5” სტანდარტის საწვავის რეალიზაცია  ხდება”, – აცხადებს ხარისხზე მთავარი პასუხისმგებელი პირი და ასევე, ხაზგასმით ამბობს, რომ Rompetrol-ი პირველი იყო, რომელმაც ქართულ ბაზარზე Fill&Go სისტემა დანერგა.

აღნიშნული სტანდარტების პროდუქციის საქართველომდე ტრანსპორტირებისთვის, Rompetrol-ის ლოგისტიკური ხაზი ასეთია – საწვავი Petromedia-ს რეზერვუარებიდან პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროზე განთავსებულ ტანკერებზე იტვირთება, შემდეგ კი ბათუმის ნავთობტერმინალში ინაცვლებს და ქსელში ნაწილდება. “ამ გამართული სისტემის შედეგად, საწვავის წარმოების, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების პროცესზე სრული კონტროლი გვაქვს”, – ამბობს კაირატ კაბილოვი.

ლოგისტიკა, ხარისხის უზრუნველყოფა, ინვესტიცია – ეს ყველაფერი, სხვა ფაქტორებთან ერთად, პროდუქტის ღირებულებას განსაზღვრავს, რაზეც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილებაც ახდენს გავლენას.

“2016 წლის დასაწყისში ერთ ბარელ ნავთობზე ფასებმა რეკორდი მოხსნა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 50 დოლარამდე დაეცა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ნავთობის ფასები Rompetrol Group-ის საქმიანობის შედეგებზე ძლიერ გავლენას არ ახდენს, რადგან კომპანია ნავთობს თავად არ მოიპოვებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ნავთობის ფასებს დიდი გავლენა აქვს ყველა იმ ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე, სადაც ჩვენ ვოპერირებთ”, – განმარტავს “რომპეტროლ საქართველოს” გენერალური დირექტორი.

მსოფლიო ბაზრის მახასიათებლების ცვლილებას დინამიკაში ხანდახან არც საქართველო ჩამორჩება – 2017 წლის პირველი იანვრიდან საწვავზე აქციზის გადასახადი გაიზარდა – 1 ტონა ბენზინსა და დიზელზე 250 ლარით. კაირატ კაბილოვის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კომპანიის პროდუქციის ფასზე თებერვლიდან აისახება. რაც შეეხება გაყიდვებს, ფიქრობს, რომ ეს მაჩვენებელი გაზაფხულამდე შემცირდება, მაგრამ რადგან საქართველო ტურისტული ქვეყანაა, ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად გაყიდვები ისევ გაიზრდება. მით უმეტეს, იმ წამახალისებელი მექანიზმებით, რასაც კომპანია მომხმარებლებს ინტენსიური განვითარების გზაზე შესთავაზებს, მაგალითად, ფასდაკლების ბარათების დანერგვით.

რაც შეეხება “რომპეტროლ საქართველოსა” და მისი გენერალური დირექტორის სამომავლო გეგმებს, 2017 წლის განრიგში ნავთობტერმინალის რეკონსტრუქცია და იმ ახალი რეალობის გათვალისწინებაა, რაც 2016 წელს დადგა – გასული წლის 15 დეკემბერს KazMunayGaz–სა (KMG) და მსხვილ ჩინურ ენერგოკომპანიას (China CEFC Energy Company Limited) შორის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ჩინური კომპანია შეიძენს KMG International-ის აქციების 51%–ს, რაც უზრუნველყოფს KMG-ის ოპერაციების გასაუმჯობესებლად მომდევნო 5 წლის განმავლობაში სამი მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. ამ შეთანხმების ფარგლებში CEFC საკუთარ თავზე მთელ რიგ ვალდებულებებს იღებს, რაც ევროპისა და “აბრეშუმის გზის” პროექტის მონაწილე ქვეყნებში ინვესტიციებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს ნავთობგადამუშავებისა და ბენზინგასამართი სადგურების ქსელების განვითარების მიმართულებით.

Rompetrol-ის განვითარების ხაზს საქართველოში, როგორც კაირატ კაბილოვი ამბობს, გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა და მაღალკონკურენტული ბაზარი ეხმარება.

“საქართველო განვითარებადი ბაზარია, რომელიც მუდმივად იცვლება. ეს ეხება როგორც სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნებს ბაზარზე თამაშის წესებთან დაკავშირებით, ისე თავად სამომხმარებლო ქცევებს”, – ასე ჩამოაყალიბა კაირატ კაბილოვმა ერთწლიანი დაკვირვება ჩვენი ქვეყნის ბაზრის მისთვის საინტერესო სეგმენტზე – იქ, სადაც “რომპეტროლ საქართველო” ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, შრომის ბაზარზე 700-ზე მეტი თანამშრომლის კონტრიბუციით. Rompetrol Group-ის მიერ საქართველოში დაქირავებული კადრების 90% ქართველია. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს შორის კი აღსანიშნავია, რომ “რომპეტროლ საქართველო” ხელს უწყობს ქართული სპორტის განვითარებას და უკვე ორი წელია, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური სპონსორია. “ეს თანამშრომლობა ლაშა ტალახაძის ოლიმპიური, მსოფლიო ტრიუმფით და უდიდესი აღიარებით დასრულდა”, – სიამაყით აცხადებს კაირატ კაბილოვი. 

წინა სტატია

ლარი დოლარის მიმართ 3 თეთრით გამყარდა
22 თებერვალი, 2017

შემდეგი სტატია

მყარად ანაგები
24 თებერვალი, 2017
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმა საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 04, 2017
Golden Fleece Token - პირველი ქართული კრიპტოვალუტა!
ინტერვიუ | აგვ, 15, 2017
პიარი "ჰაი ჰილსებზე"
Forbes Woman | ივლ, 06, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა