დამფუძნებლის გულისწყრომა

დამფუძნებლის გულისწყრომა

მილიარდერი ჩიპ უილსონი, Lululemon-ის შემქმნელი და ყველაზე დიდი მეწილე, მისი ყველაზე ხმაურიანი კრიტიკოსიც არის. ამჟამინდელ მენეჯმენტს ისღა დარჩენია, მხრები აიჩეჩოს.

Lululemon Athletica-ს დამფუძნებელი ჩიპ უილსონი ვანკუვერის ქვაფენილიან უბანში მდებარე დაბინდულ კაფეში ზის და თავისი შექმნილი კომპანიის ბედზე ვიშვიშებს. “არავითარი ინოვაცია არაა, – ხვნეშით ამბობს და კრუასანს შუაზე ხლეჩს. – ინოვაცია ისაა, რაც ადამიანების ჩაცმის მანერას ცვლის. ხალხს სიტყვა, ‘ინოვაცია’ ეტაპობრივი ცვლილება ჰგონია. არადა, ეს ორი სრულიად განსხვავებული რამეა”.

ეს ყავახანა მისი პერსონალური ელბაა. 2013 წელს კომპანიამ უილსონი გადასახლებაში გაუშვა; ეს Lululemon-ის აქციათა 30%-იანი ვარდნის შემდეგ მოხდა, რასაც საჯარო უხერხულობათა სერია, მათ შორის, ხარვეზიანი პროდუქტების მასობრივი უკან დაბრუნება და ქალების სხეულის შესახებ მის მიერ გაკეთებული უმეცარი კომენტარები დაემთხვა. Lululemon-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი მოევლინა – იმხანად Toms Shoes-ის პრეზიდენტი ლორენ პოტდევინი, რომელმაც სწრაფად შეცვალა Lululemon-ის მენეჯმენტის გუნდი, პროდუქტთა ნუსხა და გაფართოების სტრატეგია. ორ წელიწადში გაყიდვები თითქმის 30%-ით, $2.1 მილიარდამდე, გაზარდა და გაზარდა თითო აქციის ფასიც: თუ 2014 წლის ივნისში ერთი აქციის ღირებულება უდაბლეს ნიშნულზე, $37-ზე, იყო ჩამოსული, ახლა $55 გახდა. მაგრამ მოგების მაჩვენებლები, პრაქტიკულად, არ იძვრვის და არც აქციის ფასია პიკური $82, 2013 წელს რომ იყო. ეს უკანასკნელი მთელი შემოდგომა ბარბაცებდა და სექტემბრის შემდეგ ღირებულების, სულ მცირე, მეოთხედი დაკარგა.

ეს ყოველივე კი გაძევებულ დამფუძნებელს პრეტენზიების გამოთქმის უფლებას აძლევს, მით უმეტეს, კომპანიაში საკმაოდ დიდ წილს (15%) ფლობს საიმისოდ, რომ აქტუალური დარჩეს, და ერთი ისეთი თვისებაც აქვს, რაღაც კარგის წამომწყებ ადამიანებს რომ აერთიანებთ: საკუთარი შვილის თავის ნებაზე მიშვების უუნარობა.

უილსონს ამ შვილისადმი დიდი გრძნობა აქვს. ველოსიპედით ვანკუვერის პორტის გასწვრივ რომ სეირნობს, საძუნძულოდ გამოსულ უცნობს მოჰკრავს თვალს. “ეს Lululemon-ია… ეს შარვალი”. მეორე ადამიანსაც ამჩნევს. “ეს შორტებიც”. და მესამესაც. “და ეს ზურგჩანთაც”.

1998 წლიდან მოყოლებული, როცა უილსონმა Lululemon-ი დააარსა, კონტროლი მისთვის უმთავრესი ფასეულობა იყო. ის გულმოდგინედ მეთვალყურეობდა იოგასთვის გამიზნული ლიკრისა და ნეილონის ქსოვილის – ბამბასავით რბილი წელვადი მასალის – შექმნის პროცესს, რამაც კომპანია აამოქმედა და სპორტულ-ყოველდღიური ტანსაცმლის ინდუსტრიის რუკაზე მიუჩინა ადგილი. უილსონს დაჟინებული ჰქონდა, რომ Lululemon-ს საკუთარი მაღაზიები აემუშავებინა, ეს კი უფრო მაღალ მარჟებსა და ყველაფრის კონტროლს გულისხმობდა. მისი მომთხოვნი ხედვა კომპანიის კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც, გარკვეულწილად, ვერნერ ერჰარდის “თვითაქტუალიზაციის” EST თეორიებითა და აინ რენდის ობიექტივისტური პრინციპებითაა შთაგონებული.

მაგრამ მისი კონტროლის გადამეტებული სიყვარული კონფლიქტში მოვიდა Lululemon-ის ზრდასთან. აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობები უილსონმა ჯერ კიდევ 2007 წლის პირველად საჯარო შეთავაზებამდე გადააბარა სხვას, მაგრამ თავის ერთ-ერთ ადგილმონაცვლესთან ისეთ ყოფით საკითხებზე გააჩაღა შუღლი, როგორიც საყიდლების ჩანთებია, ხოლო ხარვეზიანი (გამჭვირვალე) შარვლების პარტიის უკან დაბრუნება იმას დააბრალა, რომ ქალები ზედმეტი ძალით უხახუნებდნენ ერთ ბარძაყს მეორეს… ამას მისი უხერხული მობოდიშებაც მოჰყვა. “ჩიპის საზოგადოებასთან ურთიერთობა კოშმარული იყო”, – ამბობს Barclays-ის ანალიტიკოსი მეტ მაკქლინტოკი.

სწორედ ამ დროს მოექცა მენეჯმენტის სათავეში იმხანად 46 წლის პოტდევინი, რომელიც ამბობს, რომ “პროდუქტის გარშემო ალიაქოთი, დამფუძნებლის გარშემოც ალიაქოთი” იყო ატეხილი. უილსონისთვის ლაგამის ამოდებით, საბჭომ სასუნთქი სივრცე გამოუთავისუფლა პოტდევინს. საბჭომ დაარწმუნა დამფუძნებელი, თავისი წილის რაღაც ნაწილი კერძო სააქციო ფირმისთვის მიეყიდა, დათანხმებოდა ღირსების შენარჩუნების ორწლიან ხელშეკრულებას და საბჭოში თავის სკამზე უარი ეთქვა. უილსონი, ბოლო-ბოლო, დანებდა და მეტოქე კომპანია Kit and Ace-ის მრჩევლობას მიჰყო ხელი, რომელიც მის ცოლსა და ვაჟიშვილს დაეარსებინათ.

ამასობაში პოტდევინი ახალი ლეიტენანტების ძიებას შეუდგა. “მენეჯმენტის გუნდი თავიდან უნდა დამეკომპლექტებინა; სხვაგვარად ვერ შევძლებდი ახალი ფურცლის გადაშლას”, – ამბობს ის. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი “შენაძენი” სტიუარტ ჰეიზელდენი გამოდგა. ფინანსური დირექტორი ჰეიზელდენი მომარაგების ქსელსაც მეთვალყურეობს, რაც ნიშნავს, რომ კომპანიას მორიგი გამჭვირვალე შარვლებისგან იცავს… მასალების უფრო დროულ შეკვეთებს ახორციელებს, ზრუნავს უფრო ეფექტიან კალენდარსა და უფრო მკაცრ საცდელ პროცედურებზე ქარხნებში. ჰეიზელდენი და დანარჩენი ოთხი მთავარი აღმასრულებელი Lululemon-ს პოსტუილსონისეულ ხანაში შეუერთდნენ.

პოტდევინმა ერთობ ლოიალური ჯგუფი შექმნა, რომელსაც, ფაქტობრივად, არაფერი აკავშირებს დამფუძნებელთან. თუმცა ერთი რამ უცვლელია: უილსონის ჯიუტი, თავის თავში ჩაკეტილი კულტურა (“ატლანტმა მხრები აიჩეჩა” კვლავაც ამშვენებს კომპანიის წიგნების თაროს). ადამიანური რესურსების ახალი შეფი, Nike-ის ყოფილი აღმასრულებელი, ლამის ჩურჩულით მოსაუბრე ჯინა უორენი თანამშრომლებს “კოლექტივად” მოიხსენიებს.

ახალი თანამშრომლების იდეოლოგიური წვრთნა მეტისმეტად დამქანცველი, ინტენსიური შეხვედრების დროს ხდება, რაც 60 დღეს გასტანს. კომპანიის თანამშრომლები კორპორაციულ სტრუქტურას შეისწავლიან, რაც მენეჯერებისგან ითხოვს, სრულად ენდონ უშუალოდ მათი დაქვემდებარებულების უნარს, მიაღწიონ წარმატებას საშუალო რგოლს მოკლებული მენეჯმენტის სტრუქტურაში.

“ეს ქმნის პირობებს სიცხადისათვის, სადაც შემდეგ ადამიანებს თამაშის ნებას რთავ, – ამბობს მარკეტინგის ახალი დირექტორი, დიუკ სტამპი, რომელიც აღიარებს, რომ გარკვეული მსგავსებები Zappos-ის სკანდალურ “ჰოლაკრატიასთან” არსებობს. ,- ხანდახან მთლად გეგმის მიხედვით არ მიდის ყველაფერი, მაგრამ ხალხი საქმეს აკეთებს”.

და ჩანს, რომ ასეთი მიდგომა მუშაობს. ანალიტიკოსების ვარაუდით, 2016 წელს Lululemon-მა შეიძლება, $2.3 მილიარდს აარტყას შემოსავლების სახით. პოტდევინის ერთ-ერთი წარმატება კაცის ტანსაცმელს უკავშირდება – სფეროს, რომელსაც უილსონი, დიდწილად, თავს არიდებდა, პირიქით – მან Lululemon-ი არაორაზროვნად ფემინური ორიენტაციით გაჟღინთა (კომპანიის ლოგო “A”, მაგალითად, ქალის თავისა და თმის სილუეტს ჩამოჰგავს). კაცის ტანსაცმლის გაყიდვები ბოლო სამი წლის მანძილზე, სულ ცოტა, 20%-ით, თითქმის $330 მილიონამდე, იზრდება და ეს ისეთი პროდუქტების ხარჯზე ხდება, როგორიცაა ელეგანტური ABC-შარვლები; ეს უკანასკნელი ისეა შექმნილი, რომ განსაკუთრებულად კომფორტული კაცის წელს ქვემოთა ზონისათვის იყოს (ABC “anti-ball-crushing”-ის – “კვერცხების ანტიგამჭყლეტის” – აბრევიატურაა) მაღაზიებში პოტდევინმა მამრობითი “განმანათლებლები” დაამატა (ორველისეული ტერმინი ადგილზე მომუშავე გაყიდვების წარმომადგენელთათვის) და მამრობითი “ელჩებიც” (კომპანიის ტერმინი ადგილობრივი ტრენერებისა და იოგას ინსტრუქტორებისთვის, რომლებიც Lululemon-ის პრომოუშენის სანაცვლოდ, ტანსაცმელსა და მხარდაჭერას იღებენ).

მაგრამ ღირსების შენარჩუნების ხელშეკრულებას ვადა უკვე გაუვიდა და 61 წლის უილსონს კვლავ ხსნილი აქვს ლაპარაკზე. Wall Street-ს, თავის მხრივ, ეს საკითხი, როგორც ჩანს, დიდად არ ადარდებს. “ვხედავთ სტაბილური მენეჯმენტის შედეგებს და შევხედავთ, რას გააკეთებს ეს კომპანია სტაბილური კომპანიის რანგში”, – ამბობს Barclays-ის ანალიტიკოსი მაქკლინტოკი.

ყველაზე მარტივი ახლა უილსონისთვის ლაპარაკის საქმით, გნებავთ – ფულით, განმტკიცებაა: მას შეუძლია Lululemon-ი გამოისყიდოს. ამისათვის კერძო სააქციო ფირმასა ან რაიმე სხვა სახის ინვესტორთან პარტნიორობაა საჭირო, თორემ მისი $2-მილიარდიანი ქონება ნამდვილად არ ეყოფა Lululemon-ის $7.6-მილიარდიან საბაზრო კაპიტალიზაციას. მაგრამ კომპანიის სადავეების ხელში ჩაგდების იდეა მაინცდამაინც ენთუზიაზმით არ ავსებს. გარდა ამისა, შეუძლია, მთელი თავისი დრო დაუთმოს Lululemon-ისებრი ბრწყინვალე დღეების განმეორებას Kit and Ace-ში, რომლის გაყიდვები $70 მილიონადაა შეფასებული.

ამის ნაცვლად, თითქოს მხოლოდ შარის მოდებით კმაყოფილდება. რამდენიმე თვის წინ უილსონმა ვანკუვერში, Lululemon-ის სათავო ოფისთან, ავტობუსის გაჩერებაზე დიდი რეკლამა იყიდა, რომელიც მგზავრებს ElevateLululemon.com-ზე შესვლისკენ მოუწოდებს. ვებგვერდზე უილსონი კომპანიის მართვის მისეულ ხედვას განმარტავს. “ეს ჩემებური გზაა კომპანიასთან სალაპარაკოდ, იმიტომ რომ, ახლა ისეთი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავთ და ისეთი მიმართულებით მიდიან, გრძელვადიან პერსპექტივაზე ვერ ექნებათ პრეტენზია”.

სტარტაპის წამოწყება ახალბედა ინდუსტრიაში, როგორც ირკვევა, მნიშვნელოვნად განსხვავდება მოწიფულ ინდუსტრიაში მსხვილი კომპანიის მართვისაგან. ზოგიერთ დამფუძნებელს ეს ესმის, უმეტესობას – არა. და ამიტომაა, რომ უილსონს ის ჯოჯოხეთი ემუქრება, ყველა მშობელს რომ აფრთხობს: უარყოფა შვილის მიერ.

“ჩიპი დამფუძნებელია, მსხვილი მეწილეც, ამიტომ, ნამდვილად აქვს უფლება, საკუთარი აზრი გამოთქვას, – ამბობს პოტდევინი მხრების ჩეჩით. – ეს ყურადღებას არ გვიფანტავს… ეს, უბრალოდ, ხმაურია”. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *