კანაფის ლეგალიზაციის ეკონომიკური სარგებელი

ბოლო თვეებში აშშ-ის კოლორადოს შტატში კანაფის ლეგალიზაციის ეკონომიკურ ეფექტებზე არაერთი სტატია დაიწერა საერთაშორისო პრესაში. 2016 წლის მონაცემებით, ლეგალური კანაფის გაყიდვებმა ამ შტატში 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ ახლად შექმნილი ბაზრიდან მიღებულ შემოსავლებს შტატი ძირითადად საგანმანათლებლო პროექტებზე ხარჯავს, იქნება ეს სკოლების მშენებლობა თუ ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო პროგრამები.

საქართველოში, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნის კონტექსტში, ძირითადად დისკუსია მოიცავს ადამიანის უფლებებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა მნიშვნელოვანია, და ქვეყნის არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ძალზე აქტუალურიც, კანაფის ლეგალიზაციის შესაძლო ეკონომიკურ ეფექტზეც გამახვილდეს ყურადღება.

წარმოვიდგინოთ, რომ საქართველომ მოახდინა რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის კულტივაცია-რეალიზაცია-მოხმარების ლეგალიზაცია ამ ბაზრის დაახლოებით ისეთივე რეგულაციურ ჩარჩოში მოქცევით, როგორითაც ეს კოლორადოს შტატში მოხდა და ვნახოთ, რა ეკონომიკური ხასიათის შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ნაბიჯმა. შედარებისთვის და პარალელების გასავლებად გამოვიყენებ კოლორადოს შტატის შემოსავლების სამსახურის 2014 წლის ანგარიშს.

გავაკეთოთ რამდენიმე დაშვება ქართული რეალობის გათვალისწინებით:

მოქალაქეების წილი მოსახლეობაში, რომლებიც მოიხმარენ კანაფს რეკრეაციული მიზნით – 9% (ზუსტი რიცხვი არ არსებობს, თუმცა მოქმედი ნარკოლოგების ზოგადი გათვლებით ეს მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებში მერყეობს. იგივე მაჩვენებელია კოლორადოშიც).

• 1 გრამი კანაფის სარეალიზაციო ფასი – 25 ლარი (კოლორადოში 10 დოლარია).

საგადასახადო ტვირთი კანაფის ბიზნესზე – 60% (დარეგულირდება აქციზის განაკვეთით).

არსებულ ტურისტებში კანაფის მომხმარებლების წილი – 30% (დაშვება პირობითია).

ერთი მომხმარებლის საშუალო დღიური დოზა – 0.43 გრ (კოლორადოში 0.9 გრამია, მაგრამ გავაკეთოთ კონსერვატიული გათვლა). • უშუალოდ ლეგალიზაციის შედეგად მოზიდული ტურისტების რაოდენობა გავთვალოთ 1, 2 და 4 მილიონზე. 1 მილიონი ტურისტის შემთხვევაში ეკონომიკური ეფექტი იქნება შემდეგი:

გაჩნდება სრულიად ახალი ბაზარი, რომელიც დღევანდელი ნარკოპოლიტიკის პირობებში უბრალოდ არ არსებობს.

ამ ბაზრის ზომა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაახლოებით იქნება 1,318,000,000 ლარი – 25 ლარი (სარეალიზაციო ფასი) X 337,824 (მომხმარებლების რაოდენობა) X 52 (კვირების რაოდენობა წელიწადში) X 3 (მოხმარებული გრამების რაოდენობა კვირაში ერთი მომხმარებლის მიერ).

ბაზრის ზომა ტურისტებისთვის იქნება 420,000,000 ლარი (თუ დავუშვებთ, რომ არსებული ტურისტების 30% 3 დღეს გაჩერდება საქართველოში და დღეში საშუალოდ 2 გრამს მოიხმარს და ამას დავუმატებთ 1 მილიონ ახალ ტურისტს, რომლებიც 2 დღეს გაჩერდებიან საქართველოში და საშუალოდ დღეში 2 გრამს მოიხმარენ).

ჯამში შეიქმნება დაახლოებით 2,138,000,000 ლარის ახალი ეკონომიკა (1,738,000,000 ლარი უშუალოდ კანაფთან დაკავშირებული + 400,000,000 ლარი ლეგალიზაციის შედეგად მოზიდული ტურისტების მიერ შექმნილი (თუ ჩამოსული ერთი ტურისტის საშუალო ხარჯი ვიზიტის დროს იქნება 400 ლარი).

საგადასახადო შემოსავლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს დაახლოებით 1,143,000,000 ლარს (თუ უშუალოდ კანაფთან დაკავშირებული ეკონომიკა დაიბეგრება 60%-ით, ხოლო ახალი ტურისტების მიერ სხვა სექტორებში შექმნილი ეკონომიკა დაიბეგრება საშუალოდ 25%-ით).

შეიქმნება 42,750 ახალი სამუშაო ადგილი (თუ ჩავთვლით, რომ საშუალოდ ჩვენი ეკონომიკის ყოველი 50,000 ლარი ქმნის ერთ სამუშაო ადგილს).

ეს გათვლები, ცხადია, პირობითია და ბევრ ცვლადზეა დამოკიდებული. თუმცა ნათლად ჩანს, რომ ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ეკონომიკური სარგებელი საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო გახდება პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც მოახდენს კანაფის ლეგალიზაციას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი პოლიტიკა ჩვენს რეგიონში არც ერთ სხვა ქვეყანას არა აქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს, არამედ ზოგადად პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზეც.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნად შენელდა. პრაქტიკულად ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი წლიდან წლამდე უარესდება. ეროვნული ვალუტა არასტაბილურიაისე როგორც არასდროს. ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების თვალსაზრისით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა რთულად მოიძებნება რეფორმა, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს. ამ რეალობაში კანაფის ლეგალიზაცია შეიძლება ერთადერთი გამოსავალიც კი იყოს

 

წინა სტატია

რომელი ქვეყნებიდან იზრდება საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა
09 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5 პროცენტით გაიზარდა
10 მარტი, 2017
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა