"ვირუსული" სტარტაპი

ის, რაც საქართველოში კარგად იციან, მაგრამ სიახლეა დასავლეთისთვის. ანუ როგორ იყენებს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რატი ღოლიჯაშვილი ბაქტერიოფაგებსა და ვირუსებს გლობალური ბაზრისთვის ძირის გამოსათხრელად.

1900-იანებში აგებული სამედიცინო შენობის მაღალი ჭერი, მძიმე, ლითონის კარი და ძველი ქართული და რუსული წიგნები ფაგების თერაპიისა და ბაქტერიოფაგული კვლევების შესახებ, ერთი შეხედვით, შესაძლოა, სულაც არ ჰგავდეს ადგილს, სადაც მაღალი ტექნოლოგიების სტარტაპი უნდა გვეგულებოდეს. ასეა თუ ისე, სწორედ აქ უდევს სწრაფად მზარდ Phage Nutraceuticals-ს ბინა.

სტარტაპის დამფუძნებელს, რატი ღოლიჯაშვილს Forbes-ი ბაქტერიოფაგების საუკუნოვან კვლევით ცენტრში ხვდება, რომელიც თბილისში, სააკაძის მოედანთან ახლო მდებარეობს. რატი კაბინეტში შემორბის – ოდნავ გახშირებულად სუნთქავს, თუმცა ენერგიითაა სავსე. კაბინეტში კი ჩვენ ველოდებით. ბოდიშს გვიხდის დაგვიანებისთვის, მაგრამ საქმე ისაა, რომ წინა ღამეს თბილისში მოსულმა თოვლმა მისი აგარაკიდან (საგურამოდან), რომელსაც თბილისს 30 კმ აშორებს, მგზავრობა ცოტათი რთული გახადა.

რატი ბიოტექნოლოგიური ანტრეპრენიორების ოჯახშია დაბადებული: ადრეულ 1990-იანებში მამამისმა საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანია დააარსა. ამდენად, რატისთვის არაა უცნობი სფერო, რომელშიც არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, ხოლო აშშ-ის ბაზარზე კონცენტრირებით, მას აშკარა კონკურენტული უპირატესობა აქვს: არავინ იცის, რას წარმოადგენს ფაგები, ასე რომ, კონკურენცია, ფაქტობრივად, არც არსებობს, სულ რომ არაფერი ვთქვათ ახალგაზრდა შემოქმედებით ანტრეპრენიორებზე ქვეყნიდან, სადაც ფაგებზე კვლევები თითქმის საუკუნეა, ტარდება.

რატი ფაგებს “დედამიწის შავ მატერიას უწოდებს, რომლებიც პლანეტაზე ყველაზე  უხვად და ბუნებრივად აღმოცენებადი მიკროორგანიზმებია”. ბაქტერიოფაგები ან, გნებავთ, შემოკლებით ფაგები, უმიზნებენ და ანადგურებენ ბაქტერიულ უჯრედებს. ფაგები ზღვის წყალში, მტკნარ წყალში, მიწასა და გამდინარე წყლების ჰიდრონარევში ცხოვრობენ. ბიოსფეროში დაახლოებით 1030 – 1032 ფაგია და ყოველ 48 საათში ერთხელ ისინი მსოფლიოს ბაქტერიათა ნახევარს აინფიცირებენ და ანადგურებენ. ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ფაგების სამიზნეები ბაქტერიათა მხოლოდ ის კონკრეტული სახეობებია, რომელთანაც ისინი არიან დაკავშირებულნი.

მაგრამ შეერთებულ შტატებში,მას მერე, რაც მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ანტიბიოტიკები აღმოაჩინეს, ბაქტერიოფაგების კვლევა შეჩერდა: ანტიბიოტიკები უფრო მარტივ და უფრო ხარჯეფექტიან მიდგომად ითვლებოდა. ასე იყო თუ ისე, რკინის ფარდის მიღმა კვლევა და მკურნალობა გრძელდებოდა. ეს კვლევები აქტიურად იბეჭდებოდა არაინგლისურენოვან (უმეტესად, რუსულ, ქართულ და პოლონურ) ჟურნალებში.

და სწორედ ამ დარგში აკეთებს Phage Nutraceuticals-ი ნახტომს, თანაც -ძალიან ჭკვიანურად. ის ბაზარს კარგად ნაცადი ანტიბიოტიკების ჩამნაცვლებელ ფარმაცევტულ პროდუქტებს კი არ სთავაზობს, არამედ პრევენციულ დანამატებსა და ნუტრაცევტიკებს მოგზაურთათვის – Travelphage™-ს, და ჯანმრთელობის ზოგად გაუმჯობესებას.

რატი წლების განმავლობაში ფიქრობდა, ფარმაცევტიკის გარდა, კიდევ რა სფეროებში შეიძლებოდა ფაგების გამოყენება. მამამისის კომპანიაში, Biochimpharm-ში მუშაობისას, მან უკვე იცოდა, რომ ფაგების გამოყენების დიაპაზონი პოტენციურად უზარმაზარი იყო. და სწორედ აქ შემოდის სცენაზე ინოვაცია.

ერთ-ერთი პროდუქტი, რომლის შექმნაზეც რატი მუშაობს, გახლავთ დანამატი, რომელიც ნაწლავის კარგ ბაქტერიას ანაზღაურებს. ეს კარგად ნაკვლევი საკითხი იყო და ამდენად, ათწლეულებია, ცნობილია, რომ ბაქტერია კუჭში თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. მის გასანეიტრალებლად პრობიოტიკები შემოიღეს. სამწუხაროდ, პრობიოტიკები მხოლოდ ჯანმრთელ ბაქტერიას ამატებს ნაწლავში, მაგრამ არ შეუძლია მავნე ბაქტერიის გაქრობა. და ზუსტად აქ ეკისრებათ ფაგებს დადებითი როლი. მავნე ბაქტერიაზე იერიშის მიმტანი რამდენიმე ფაგის კომბინირებით, ალბათობა იზრდება, რომ პრობიოტიკებმა წარმატებული შედეგები აჩვენონ და ჯანსაღი მიკროფლორა შეიქმნას.

“ეს არის კარი თქვენი იმუნური სისტემისკენ და ზოგადი ჯანმრთელობისკენ, მენტალური ჯანმრთელობისკენაც კი, – ამბობს რატი ნაწლავის მიკროფლორაზე. – და თუ არ ხდება დაბალანსება, ზოგადი ჯანმრთელობაც ვერ დაბალანსდება, ბალანსი კი კარგ და ცუდ ბაქტერიებზეა დამოკიდებული; ამ ცუდი ბაქტერიების გაქრობა ან კონტროლი ფაგებით ადვილია”.

როცა 2016 წლის გაზაფხულის მიწურულს რატიმ თავისი სტარტაპი დააარსა, ვერც კი წარმოედგინა, როგორი “ამერიკული მთები” ელოდა წინ. 2016 წლის ივლისში, Phage Nutraceuticals-მა სტარტაპების შეჯიბრში, GITA-ს “სტარტაპ საქართველოში” გაიმარჯვა და, წინასწარი ინვესტიციის სახით, 100,000 ლარით დაჯილდოვდა; ამასთან, ის მონაწილეობას იღებდა ინტენსიურ ინკუბატორულ პროგრამაში სილიკონის ხეობის მენტორ-მრჩეველთან ერთად და, დიდი ალბათობით, სტარტაპთა მექაში – თვით სილიკონის ხეობაში გაემგზავრება და შეეცდება, თავისი პროდუქტები ადგილობრივ ინვესტორებს მიჰყიდოს.

“როგორც ყველა სტარტაპი, ჩვენც მომდევნო საინვესტიციო რაუნდს ველოდებით, ადრეული ინვესტიციის რაუნდს, – ამბობს რატი, – მაგრამ 2017 წლის მეორე ნახევრისთვის ჩვენი პირველი პროდუქტები უკვე მზად გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ახალი სტარტაპი ვართ”. პროდუქტების გაყიდვას აშშ-ში, ონლაინ დაიწყებენ. პროდუქტებზე როცა მიდგება საქმე, რატი თავდაჯერებულია. “პროდუქტები, რომელთა შექმნაზეც ჩვენ ვმუშაობთ, რეალურ პრობლემებს აგვარებს და თანაც ეს ახალი, ინოვაციური სახით ხდება”. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ მისი სტარტაპი უცხოელი ინვესტორების ყურადღებას მიიპყრობს.

იმის გათვალისწინებით, რომ ფაგები უცხო სამკურნალო მეთოდია დასავლეთში, ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება, რომლის გადალახვაც Phage Nutraceuticals-ს მოუწევს, ნდობის ნაკლებობაა. რატის ვეკითხები, ხომ არ ღელავს, რომ შეერთებული შტატების – სტარტაპის უმთავრესი ბაზრის – მომხმარებლებს გაუჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ვირუსები ყოფილი საბჭოთა კავშირიდან მათ ჯანმრთელობას გააუმჯობესებენ?

“გვეშინია ყველაფრის, რაც არ ვიცით”, – თავდაჯერებულად ამბობს რატი და ამატებს, რომ ფაგების შესახებ “ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ, სულ უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, რომ ეს უსაფრთხოა. იმიტომ რომ, არის”.

ამან კი, ონლაინმარკეტინგის სტრატეგიულ გეგმასთან ერთად, უნდა გაფანტოს ნებისმიერი უნდობლობა მომხმარებელში.

თავისი სტარტაპისთვის რატი ოჯახის კომპანიის ოფისიდან მუშაობს და ხელშეკრულების თანახმად, სრული წვდომა აქვს Biochimpharm-ის მთელ გუნდზე. რატისთვის კი ეს უმთავრესი აქტივია.

“ეს იმდენად უნიკალური პროდუქტია... და მთელი ცოდნა აქაა. ამას უპირატესობად აღვიქვამ”, – განმარტავს რატი და ამატებს, რომ, მისი ღრმა რწმენით, ამას პოტენციური ინვესტორებიც გაიგებენ. ჩემს კითხვაზე, თუ გადაიტანდა მთელ სტარტაპს, პერსონალის ჩათვლით, აშშ-ში, თუკი ინვესტორი ამას წინაპირობად მოითხოვდა, მპასუხობს, რომ ნამდვილად არ იცის და ყველას მაგივრად ვერ ილაპარაკებს.

“ეს საკითხი ჩვენს მრჩევლებთან ერთად რამდენჯერმე განვიხილეთ და როცა იმ კონკურენტულ უპირატესობებს ვაანალიზებთ, რაც საქართველოს აქვს ფაგების დარგში, ვფიქრობ, ინვესტორებს არ შეეშინდებათ აქ კაპიტალის დაბანდება”.

ინტერვიუს დასასრულს, როცა ლაბორატორიასა და ქარხანაში პატარა ექსკურსიას ვაწყობთ, რატი კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას ავლენს თავის პროდუქტებსა და მათ წარმატებასთან დაკავშირებით. თავდაჯერებულობა კი, თავის მხრივ, ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად. 

წინა სტატია

ინვესტიცია ვნებებში
14 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

10 შეცდომა, რომელთაც ჭკვიანი ადამიანები მეორედ არ უშვებენ
15 მარტი, 2017
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა