10 შეცდომა, რომელთაც ჭკვიანი ადამიანები მეორედ არ უშვებენ

შეცდომებს ყველა უშვებს – ეს ბუნებრივი მოვლენაა – მაგრამ საკუთარ შეცდომებზე სწავლა ყველას როდი ეხერხება. ზოგიერთი ადამიანი ერთსა და იმავე შეცდომას გამუდმებით უშვებს, ვერ აღწევს რაიმე რეალურ პროგრესს, და თან ვერ ხვდება, რატომ ხდება ასე.

"შეცდომები ყოველთვის საპატიოა, თუკი ადამიანს აქვს იმის გამბედაობა, რომ საკუთარი შეცდომები აღიაროს". როდესაც შეცდომას ვუშვებთ, ძალიან გვიჭირს მისი აღიარება, რადგან შეცდომის აღიარება საკუთარ თვითშეფასებაზე თავდასხმის ტოლფასია. ამგვარი ტენდენცია დიდ პრობლემებს გვიქმნის, რადგან ახლახან ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც საღი აზრი დიდი ხანია, გვკარნახობდა – საკუთარი შეცდომების აღიარება ამ შეცდომების არგამეორების ერთადერთი გზაა. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოფიზიოლოგიური ლაბორატორიის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შეცდომების დაშვების საკითხში ადამიანები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვისაც ფიქსირებული აზროვნება აქვს („უნდა დავივიწყო – მე ეს მაინც არასოდეს გამომივა”) და ადამიანები, რომელთაც მზარდი აზროვნება აქვთ („ეს კარგი გაკვეთილია! მოდი, ვნახავ ერთი, რა შემეშალა, რომ ეს შეცდომა აღარ გავიმეორო”).

„როდესაც შეცდომებს ყურადღებას ვაქცევთ, ჩვენ უფრო მეტ დროსა და ძალისხმევას ვანდომებთ მათ გამოსწორებას, – ამბობს კვლევის ავტორი ჯეისონ მოსერი. – შედეგი კი ის არის, რომ საბოლოო ჯამში ამ შეცდომებს ჩვენს სასარგებლოდ ვიყენებთ”.

მზარდი აზროვნების ადამიანები წარმატებას აღწევენ, რადგან ისინი აცნობიერებენ საკუთარ შეცდომებს, ამ შეცდომებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ და უკეთესობისაკენ მიისწრაფვიან. ფიქსირებული აზროვნების ადამიანებს ახასიათებთ შეცდომების გამეორება, რადგან ისინი ყველანაირად ცდილობენ ამ შეცდომების იგნორირებას.

ნუ იფიქრებთ, რომ ჭკვიანი, წარმატებული ადამიანები შეცდომების დაშვებისაგან დაზღვეულნი არიან; მათ, უბრალოდ, საკუთარი შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა იციან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მაშინვე პოულობენ საკუთარი შეცდომის ძირს და არასოდეს უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ.

"როდესაც იმავე შეცდომას ხელმეორედ უშვებ, ეს უკვე შეცდომა აღარ არის. ეს უკვე გადაწყვეტილებაა". (პაულო კოელიო).

ზოგიერთი შეცდომა ისეთი მაცდურია, რომ ყველა ჩვენგანი უშვებს ამ შეცდომებს ცხოვრების რაღაც ეტაპზე. ჭკვიანი ადამიანები ასე არ იქცევიან.

1. როდესაც უპირობოდ გჯერა ვინმესი ან რამის

ზოგიერთი ადამიანი იმდენად ქარიზმატული და თავდაჯერებულია, რომ დიდია ცდუნება, გავაკეთოთ ის, რასაც ისინი გვეუბნებიან. ისინი გაუთავებლად საუბრობენ იმაზე, თუ როგორი წარმატებულია მათი ბიზნესი, როგორ მოსწონთ ისინი ხალხს, რამხელა სანაცნობო წრე ჰყავთ და რამხელა შესაძლებლობების შეთავაზება შეუძლიათ მათ თქვენთვის.

მართალია, ზოგიერთი ადამიანი მართლაც წარმატებულია და გულწრფელად სურს თქვენი დახმარება, მაგრამ საკმარისია, ჭკვიანები ერთხელ წამოეგონ ამ ანკესზე და მეორედ უკვე კარგად დაფიქრდებიან ისეთ გარიგებაზე, რომელიც ძალზე კარგია საიმისოდ, რომ ნამდვილი იყოს. გულუბრყვილობისა და დაუდევრობის შედეგი შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს. ჭკვიანი ადამიანი სვამს სერიოზულ შეკითხვებს, რადგან კარგად ხვდება, რომ არავინ, მათ შორიც არც თვითონ, არ არის ისეთი კარგი, როგორიც ჩანს.

2. როდესაც ერთსა და იმავეს აკეთებ და განსხვავებულ შედეგებს მოელი

ალბერტ აინშტაინმა თქვა, რომ სიგიჟეა, აკეთებდე ერთსა და იმავეს და განსხვავებულ შედეგებს ელოდებოდე. მიუხედავად აინშტაინის პოპულარობისა და ესოდენ გამჭრიახი გონებისა, ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ორისა და ორის ჯამი საბოლოოდ ხუთის ტოლი იქნება. ჭკვიანი ადამიანებისათვის საკმარისია, ერთხელ გამოსცადონ ეს და მეორედ აღარ დაუშვებენ ამ შეცდომას.

ფაქტი კი ძალზე მარტივია: თუ თქვენ მუდმივად ერთსა და იმავე მიდგომას იყენებთ, შედეგი ყოველ ჯერზე იგივე იქნება, როგორც არ უნდა ოცნებობდეთ განსხვავებულ შედეგზე. ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ თუკი მათ განსხვავებული შედეგი სურთ, შესაბამისად, თავიანთი მიდგომაც უნდა შეცვალონ, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს.

3. როდესაც შედეგიდან მიღებული სიამოვნება სწრაფად გინდა მიიღო

ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც წიგნები მომენტალურად ელექტრონულ რიდერში ჩნდება, ამბები მთელი მსოფლიოდან ძალიან სწრაფად ვრცელდება და ნებისმიერი გამოწერილი ნივთი შეიძლება სულ რაღაც ერთ დღეში ჩვენი კარის ზღურბლზე აღმოჩნდეს.

ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ შედეგისაგან მიღებული კმაყოფილება სწრაფად არ მოდის და ხშირ შემთხვევაში მას წინ უძღვის ძალიან მძიმე და ხანგრძლივი სამუშაო. მათ ასევე იციან, როგორ გამოიყენონ ეს მოტივაცია ამ მძიმე პროცესის ყოველ ნაბიჯზე, რაც თავისთავად უკვე წარმატების ტოლფასია, რადგან მათ კარგად ახსოვთ ის ტკივილი და იმედგაცრუება, რომელიც საკუთარი თავის არასაკმარისად კარგად წარმოჩენას ახლავს თან.

4. როდესაც ბიუჯეტის გარეშე ოპერირებ

ვერასოდეს მიაღწევთ ფინანსურ თავისუფლებას, თუკი არ ისწავლით გაწერილი ბიუჯეტის პირობებში მუშაობას. როდესაც ბიუჯეტის შესაბამისად მოქმედებთ, პიროვნულადაც და პროფესიულადაც უფრო გააზრებულ არჩევანს აკეთებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გსურთ და რა გჭირდებათ. ჭკვიანი ადამიანებისათვის საკმარისია, გადასახადების დიდი დასტა იხილონ და მაშინვე მოიკრებენ მთელ ყურადღებას იმისათვის, რომ ხარჯების დეტალური დათვლა დაიწყონ. ჭკვიან ადამიანებს კარგად ესმით, რომ სწორი გადაწყვეტილებების დანახვა უფრო ადვილია, როდესაც გესმის, თუ რამდენს და რაზე ხარჯავ. დილის ლატე არც ისეთი მაცდურია, როდესაც იცი, თუ რა ხარჯებთან არის იგი დაკავშირებული: წელიწადში საშუალოდ $1,000. ბიუჯეტის ქონა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გადასახადების გადახდა მოახერხო; ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ მკაცრად გაწერილი ბიუჯეტით ცხოვრება ნიშნავს, არასოდეს გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ძვირფასი ბიუჯეტი არასაჭირო ხარჯებზე წავიდა. ბიუჯეტი დისციპლინის საფუძველია, ხოლო დისციპლინა ხარისხიანი მუშაობის გარანტია.

5. როდესაც სრულ სურათს ვერ ხედავ

როდესაც თავიდან ბოლომდე საქმეში ხართ გადაშვებული, ხედავთ მხოლოდ იმას, რაც ცხვირწინ არის და არა მთელ სურათს. ჭკვიანი ადამიანები კი ყოველდღიური პრიორიტეტებისა და წინასწარ გათვლილი მიზნის დაბალანსებას ახერხებენ. საქმე ის გახლავთ, რომ მათ არ აინტერესებთ ყოველდღიური საქმეები, უბრალოდ, მათ აქვთ სათანადო დისციპლინა და ხედვა, რომ თავიანთი გეზი ყოველდღიურობას საჭიროებისამებრ მოარგონ. ამ ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია სრული სურათის დანახვა და როდესაც იგი თვალთახედვიდან ქრება, ყველაფერი ზიანდება.

6. როდესაც საშინაო დავალებას არ ასრულებ

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას უცდია იოლი გზის გამონახვა, იქნება ეს ბიოლოგიის დავალების გადაწერა მეგობრის რვეულიდან თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მოუმზადებელი მისვლა. ჭკვიანი ადამიანები ხვდებიან, რომ შესაძლოა, ზოგჯერ იღბალი მათ მხარეს იყოს, მაგრამ ამგვარი მიდგომა ხელს შეუშლის მათ სრული პოტენციალის გამოვლენაში. ასეთ შემთხვევაში, ჭკვიანი ადამიანები არ რისკავენ. მათ კარგად იციან, რომ შრომასა და სიბეჯითეს ვერაფერი შეანაცვლებს. მათ იციან, რომ თუ საშინაო დავალებებს არ შეასრულებენ, ვერასოდეს ვერაფერს ისწავლიან, ეს კი ნამდვილად იქნება მათი კარიერის დასასრული.

7. როდესაც ცდილობ იყო ის, ვინც სინამდვილეში არ ხარ

დიდია ცდუნება, ასიამოვნო ადამიანებს და მათი სურვილებისა და შეხედულებების შესაბამიად მოიქცე.მაგრამ გახსოვდეთ, არავის უყვარს სიყალბე და საკუთარი თავის სხვა ადამიანად წარმოჩენა არასოდეს მთავრდება კარგად. ჭკვიანი ადამიანები ამას ხვდებიან მაშინვე, როდესაც მათი ფარისევლობა გამომჟღავნდება, დაავიწყდებათ წინასწარ მომზადებული ტექსტი ან როლიდან გადაუხვევენ. სხვებს კი სჯერათ, რომ მათ სიყალბეს ვერავინ ამჩნევს. ისინი ვერ ან არ აცნობიერებენ, თუ რამდენი ურთიერთობა, სამსახური და შესაძლებლობა ემსხვერპლა მათ მცდელობას, თავი მოაჩვენონ სხვა ადამიანად. მეორე მხრივ, ჭკვიანი ადამიანები მაშინვე ხედავენ ამ კავშირს და აცნობიერებენ, რომ გულწრფელობა ბედნიერებისა და წარმატების საწინდარია.

8. როდესაც ცდილობ, ყველას გული მოიგო

თითქმის ყველა უშვებს ამ შეცდომას რაღაც მომენტში, მაგრამ ჭკვიანი ადამიანები მალევე ხვდებიან, რომ უბრალოდ შეუძლებელია, ყველას გული მოიგო. თანაც, როდესაც ყველას გულის მოგებას ცდილობ, საბოლოო ჯამში ვერავის გულს ვერ იგებ. ჭკვიანმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ თუ წარმატების მიღწევა გსურს, აუცილებელია, მოიკრიბო გამბედაობა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო და მიიღო მხოლოდ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც თავად მიგაჩნია სწორად (და არა ის გადაწყვეტილებები, ყველას რომ მოეწონება).

9. მსხვერპლის როლის თამაში

საინფორმაციო გამოშვებები და სოციალური მედია სავსეა ამბებით ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც წარმატებას აღწევენ მსხვერპლის როლის თამაშის წყალობით. ჭკვიანმა ადამიანებმა შესაძლოა ეს ერთხელ სცადონ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ მსხვერპლის როლის შესრულება მხოლოდ მანიპულაციის ფორმაა და მისგან მიღებული ნებისმიერი სარგებელი მაშინვე შეწყდება, როდესაც ხალხი მიხვდება, რომ ეს მხოლოდ თამაშია. მაგრამ ამგვარ სტრატეგიას აქვს ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტად ჭკვიანი ადამიანები ხვდებიან: იმისათვის, რომ მსხვერპლის როლი ითამაშო, უარი უნდა თქვა საკუთარ ძლიერებაზე, რომელიც ფასდაუდებელია.

10. როდესაც ცდილობ, ვინმე შეცვალო

ერთადერთი გზა, რომ ადამიანი შეიცვალოს, არის მისი საკუთარი სურვილი და შესაძლებლობა, რომ შეიცვალოს. და მაინც, რა მაცდურია სურვილი, შეცვალო ის, ვისაც არ სურს შეცვლა. თითქოს თქვენი სურვილი და მზაობა საკმარისია იმისათვის, რომ ეს ადამიანი შეცვალოთ (ისევე როგორც საკუთარ თავს შეცვლიდით). ზოგიერთი ადამიანი აქტიურად ირჩევს მათ, ვისაც პრობლემები აქვს და სჯერა, რომ შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ჭკვიანი ადამიანები ასეთ შეცდომას მხოლოდ ერთხელ უშვებენ, მაგრამ შემდეგ ხვდებიან, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავის გამოსწორებას ვერ შეძლებენ. ამის ნაცვლად, ისინი გარშემო გულწრფელ და პოზიტიურ ადამიანებს შემოიკრებენ და ყველანაირად ცდილობენ, თავი აარიდონ პრობლემურ ადამიანებს, რომლებიც მათზე უარყოფითად მოქმედენ.

დასკვნა

ინტელექტუალური ადამიანები ყოველთვის წარმატებულნი არიან, რადგან ისინი მუდმივად სწავლობენ. ისინი სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე, საკუთარ წარმატებებზე და ყოველთვის უკეთესობისაკენ იცვლებიან.

წინა სტატია

"ვირუსული" სტარტაპი
15 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

თებერვალში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 18 პროცენტით გაიზარდა
16 მარტი, 2017
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა