"ემოჯის" სიმბოლოთა ნაკრებით შთაგონებული საიუველირო ნაწარმი

ნიუ-იორკის მკვიდრ ელისონ ჩემლას “ემოჯით” შთაგონებული საიუველირო ნაწარმის ხაზი სახელწოდებით Alison Lou უკვე არაერთხელ ამშვენებდა ბიონსეს, კარლი კლოსს, ბლეიკ ლაივლისა და რიანას. 28 წლის დამფუძნებელმა ყოველთვის იცოდა, რომ წინ კრეატიული კარიერა ელოდა, მაგრამ შთაგონება მაშინ ეწვია, როდესაც ჩვენი ციფრული ლექსიკონის მაღალხარისხიან სამკაულებად გარდაქმნა სცადა.

“ყოველთვის მიზიდავდა საიუველირო საქმიანობა, მაგრამ თავს ვიკავებდი მანამ, ვიდრე ჩემი ნიში – “ემოჯის” სიმბოლოთა ნაკრები არ ვიპოვე. ეს იყო იდეა, რომელმაც თავდაჯერება შემმატა, – ჰყვება ელისონ ჩემლა. – “ემოჯის” სიმბოლოთა ნაკრები კომუნიკაციის ახალი ფორმაა, რომელიც თითქმის უმალ ცვლის ხმის ტონს ტექსტურ შეტყობინებაში. ჩემთვის კომუნიკაცია და სამკაულები განუყოფელია. სწორედ ამ გზავნილს ატარებს “ემოჯით” შთაგონებული ჩემი პირველი კოლექცია”.

Finn and House of Waris-ის საიუველირო სახლში დიზაინის შექმნისა და ტექნიკური დამუშავების უნარების შეძენის შემდეგ ელისონ ჩემლამ თავისი პირველი კოლექცია – Alison Lou გამოუშვა. მას შემდეგ კომპანია საგრძნობლად გაიზარდა. ჩემლას საიუველირო ნაწარმის შეძენა ახლა შესაძლებელია Net-A-Porter-სა და Moda Operandi-ში, ასევე – მათ საკუთარ საიტზე.

“მე ორ არაჩვეულებრივ საიუველირო დიზაინერთან მუშაობის გამოცდილება მაქვს და მარკეტინგის სფეროშიც ვერკვევი. სწორედ ამ ორი გამოცდილების ერთობლიობა ძალიან დამეხმარა საკუთარი საიუველირო ხაზის გამოშვებაში, – ამბობს ჩემლა. – მე თითქმის ყოველდღე მამას ვეკითხები რჩევებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ორ სრულიად განსხვავებულ სფეროებში ვმოღვაწეობთ, ბიზნესი მაინც ყველგან ბიზნესია”.

ელისონ ჩემლამ პირადად დააფინანსა თავისი საიუველირო ხაზის – Alison Lou-ს გაშვება და პირველი წელიწად-ნახევარი მარტო უძღვებოდა კომპანიას. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მისი საიუველირო ნივთების დასამზადებლად სათანადო მწარმოებლის პოვნა, რადგან ხარჯების გამო მას ხარისხის დათმობა არ სურდა.

“სათანადო მწარმოებლის ძიების პროცესში ბევრი შეცდომა დავუშვით, – ჰყვება ჩემლა. – მე ბევრ ადამიანთან მომიწია მუშაობა, ვიდრე ჩემთვის მისაღებ კანდიდატს ვიპოვიდი. მსურდა, ნაწარმი ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ამავდროულად მთელი წარმოების პროცესი ნიუ-იორკში წარმართულიყო. ჩემმა ყველაზე პირველმა თანამშრომელმა – ლოლა გლაზერმა ასეთი მწარმოებლის პოვნა მიზნად დაისახა და მიაღწია კიდევაც მას. ახლა ლოლას უკვე აღარა აქვს უფლება, ოდესმე მიმატოვოს”.

Alison Lou-ს პირველი კლიენტები ჩემლას მეგობრები იყვნენ. მისმა ბრენდმა თანდათანობით ძალზე ორგანული მიმდევრები შეიძინა.

“Alison Lou-ს გაყიდვებს თავიდანვე ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ ჩემი საიუველირო ნაწარმის ტარება ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს, – ამბობს ჩემლა. – ამას უმალ მოჰყვა დომინოს ეფექტი. თავდაპირველად ჩემი პროდუქცია FiveStory-ს ბუტიკში იყიდებოდა და მე ვერასოდეს მოვახერხე ჩემი კლიენტების გაცნობა, თუ არ ჩავთვლით ჩემს მეგობრებს – მე უბრალოდ აღფრთოვანებული ვიყავი იმ აზრით, რომ ქალაქში ჩემი სამკაულებით მორთული ადამიანები დადიოდნენ!”

მიუხედავად იმისა, რომ Alison Lou-ს ძირითადი ნამუშევრები “ემოჯის” მიხედვით არის შექმნილი, ელისონ ჩემლამ თავის საიუველირო ხაზს განსხვავებული კოლექციებიც შემატა. ერთი ასეთი კოლექციის სახელწოდებაა “ჩემი საიდუმლო ბაღი”, ხოლო დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით მან “მონოპოლიისა” და “ტვისტერის” სამაგიდო თამაშებით შთაგონებული სამკაულები გამოუშვა.

“ჩემთვის ყველაფერი ინსპირაციაა – ამბობს ჩემლა. – ამ ბოლო კოლექციის – ‘ჩემი საიდუმლო ბაღის’ შექმნა დაბადების დღეზე მორთმეული ყვავილის ფორმის ბუშტებმა შთამაგონა, ხოლო სადღესასწაულო კოლექციის – სამაგიდო თამაშებისა და სათამაშოების ნოსტალგიამ... ინსპირაცია ნებისმიერი რამიდან შეიძლება მოდიოდეს”.

Alison Lou-სთან დაკავშირებით ჩემლას შორს მიმავალი გეგმები აქვს, ახლო მომავალში კი ნიუ-იორკში კომპანიის პირველი მაღაზიის გახსნას აპირებს.

“ამ შემოდგომას ჩვენს პირველ საცალო მაღაზიას გავხსნით, – ამბობს ჩემლა. – ჩვენ მუდმივად ახლის შექმნაზე ვმუშაობთ”.

წინა სტატია

ჯანდაცვა გლობალურად და ლოკალურად
20 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

ბოლო ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 9.6 პროცენტით გაძვირდა
20 მარტი, 2017
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა