კუბა ჰავანის მიღმა

კუბა ჰავანის მიღმა

კუბა უფრო მეტია, ვიდრე თავბრუდამხვევი ჰავანა. გადაუხვიეთ ჩვეული მარშრუტიდან და აღმოაჩინეთ კუნძულის აღმოსავლეთი შუაგული, სადაც გამწვანებული ტყეები, საიდუმლო სანაპიროები და გასაოცარი ქალაქები იმალება.

ადგილობრივი მოსახლეობა და ხშირი სტუმრები დიდად ინტერესდებიან და ღელავენ კიდევაც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იცვლება და კიდევ შეიცვლება კუბა ფიდელ კასტროს ძალაუფლების შესუსტებისა და მისი გიგანტი მეზობელი ამერიკისაგან კუნძულისადმი უფრო გახსნილი მიდგომის პირობებში. მე ადრეც ვყოფილვარ კუბის რესპუბლიკაში, მინახავს ჰავანა და კუნძულის შუაგული. ახლა დავბრუნდი, რათა შევისწავლო მისი აღმოსავლეთი პროვინციები, გარე სამყაროსთვის ნაკლებად ცნობილი სანაპიროები და ყურეები, ასევე მთები, რომელთა შესახებაც ბევრი რამ მსმენია, რადგანაც რევოლუცია სწორედ იქ დაიწყო. მოუთმენლად ველი ჩემი მოგზაურობის დაწყებას და ამავდროულად არც სიფრთხილეს ვივიწყებ.

კუნძულზე სტუმრობის ჩემს პირველ ტკბილ და ნოტიო ღამეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ოლგინის სუსტად განათებულ îParque de las Flores-ის მოედანზე გავისეირნე. კუთხეში კავბოის სილუეტები მოჩანს. ოთხმა ახალგაზრდა მუსიკოსმა, ფართოფარფლიანი შლაპებითა და მხარზე გადაკიდებული გიტარებით, ბარში დაკვრა დაასრულა და ახლა ოთხივე სიგარეტს ეწევა. სკამებზე ჩამომსხდარი ხალხი საუბრითა და ფლირტით იქცევს თავს.

ცეკვა და ფლირტი ის ორი რამ გახლავთ, რისი საშუალებაც კუბაში ყველას აქვს და ორივე ძალიან პოპულარულია.

მომდევნო დილას ჩემს ახალ მეგობარსა და გიდს, ჰენრი გარმენდიას მივყავარ გუანტანამოს პროვინციაში მდებარე სანაპირო სასტუმრო Villa Maguana-ში. გზად პალმები, ბანანის ხეები და გამწვანებული საძოვრები გავიარეთ. კუბის აღმოსავლეთი, ორიენტეს ისტორიული რეგიონი, რომელიც ახლა ოლგინის, გუანტანამოს, სანტიაგოს, გრანმასა და ლას-ტუნასის ოლქებად არის დაყოფილი, რევოლუციის შემდეგ შეცვლილია. გზად შემომხვდა ცხენზე შებმული ორთვალები; როგორც ღარიბი და არცთუ სასიხარულო მომავლის იმედების, ასევე სოლიდარობისა და მტკიცე ოჯახური კავშირების მქონე ფერმერები მარტივი ინსტრუმენტებით ამუშავებდნენ მიწას. იმ ცხელ და უმთვარო ღამეს, სანაპიროს წინ მდებარე სასტუმროდან მაღალ და ძალზე კეთილი იერის მქონე ვიქტორს მივყავარ მოტოციკლით თავის სახლში, რომელიც ნახევარი მილის სავალზე მდებარეობს. ამ სახლში ვიქტორი სტუმრებს შინ მომზადებული კერძებით უმასპინძლდება. მისი ოჯახი სამზარეულოში ამზადებს კერძებს და თან ტელევიზორს უყურებს. გარედან ღორების ღრუტუნი ისმის. ნადიმი მზად არის, სუფრაზე გაჩნდა ბანანის ჩიფსები, გრილზე შემწვარი კაპარჭინა, ახალი ლობსტერი, რომი და მარაკუია. აქ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ვიქტორისა და მისი ოჯახის წევრების სტუმართმოყვარეობისა და მზრუნველობის წყალობით სამშობლოსგან ასე მოშორებითაც კი თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ.

დილის მძიმე ცის ქვეშ ალექსანდერ ჰუმბოლდტის ეროვნული პარკის დასალაშქრად მივემართები. ტყიან გორაკებზე კუბური თუთიყუშები, სამეფო პალმები და მარიპოსას ყვავილები აღმოვაჩინე, რომლებსაც გოგონები თმაში იბნევენ. ამბობენ, რომ რევოლუციის დროს მარიპოსას ღეროში საიდუმლო შეტყობინებებს მალავდნენ და ასე გზავნიდნენ. საიდანღაც ტროგონის ხმა გაისმა; მისი ბუმბული ცისფერი, თეთრი და წითელი ფერისაა – სამივე კი კუბის ეროვნული დროშის ფერებია. ფარდულში ქოქოსის რძეს მივირთმევთ. უცებ ცხელი წვიმა წამოვიდა, რომელიც ნელ-ნელა გაგრილდა, მაგრამ არასაკმარისად. ხანგრძლივი ლაშქრობის შემდეგ ჩანჩქერიან მდინარეში გავცურე და სიამოვნებისა და მადლიერების კვნესა აღმომხდა.

ჩემი პირველი და ჭეშმარიტი კუბური განძი პატარა ქალაქ ბარაკოაში აღმოვაჩინე. 1960 წელს ახალი გზის აშენებამდე წვეტიანი მთებით გარშემორტყმული ეს ადგილი სრულ იზოლაციაში იყო. ეს პატარა ზღაპრული ქალაქი გაბრიელ გარსია მარკესის რომანიდან ამომხტარ ადგილს ჰგავს – ღრუბლიანი, გამწვანებული და თვითმყოფადი. ვუყურებ, რა მხიარულად თამაშობენ ბავშვები ქუჩებში. მძღოლები მათ ხელს უქნევენ და მშობლებსაც მოკითხვას უთვლიან. ისინიც ისევე გაიზრდებიან, როგორც სხვა დანარჩენი კუბელები რევოლუციის შემდეგ: ეცოდინებათ თავიანთი მეზობლები, თაობებს შორის დაწყვილდებიან, განათლებას მთელი საზოგადოებისაგან მიიღებენ და ჩვილობიდან მუსიკასა და ცეკვას იქნებიან მინდობილნი.

მომდევნო ორი დღე იუმურისა და დუაბას მდინარეებში ნიჩბოსნობით ვიქნები დაკავებული – ნოტიო ცისა და ნიჩბის მოქნევის ხმით გაბრუებული. იუმურის კანიონზე საპიკნიკედ მოსულ ოჯახს შევხვდი; უფრო ფართო, დუაბას მდინარეს ნაპირზე ჩალით გადახურულ ბარს წავაწყდი. ეჭვი მაქვს, რომ ოდესღაც აქ ასობით ტურისტი მოიყრის თავს დასასვენებლად, საჭმელად, დასალევად და სათევზაოდ. ახლა იქ მხოლოდ ქალები არიან. ისინი მდინარისა და ზღვის შესართავთან სარეცხს რეცხავენ. ძალზე სასიამოვნო გასეირნება იყო, მაგრამ არაფერი შეედრება ქალაქ ბარაკოას ღამით, როდესაც იქ მუსიკის ჰანგები იფრქვევა.

კუბაზე, თითქმის ყველა ქალაქის ცენტრთან ახლოს, ხშირად ცენტრალურ მოედანთან, ყველგან არის îcasa de la trova. როგორც წესი, ეს არის დიდი დარბაზი, რომლის უკან ბარია. პატარა სცენის გარშემო სკამებია დაწყობილი, სცენაზე ერთი, ან რამდენიც დაეტევა ერთ ჯერზე, იმდენი მუსიკოსი გამოდის. ღია ფანჯრებიდან გადმოფრქვეული ჰანგების ხმაზე გამვლელები ცეკვავენ. კუბელი îtrovadores არიან მომღერლები და კომპოზიტორები, რომლებიც გიტარის თანხლებით მღერიან. კასა-დელა-ტროვაში კი ახლა უფრო ხშირად კონგაზე, საყვირზე, ზარებსა და კლავეზე შემსრულებელი ჯგუფები იყრიან თავს, რომელთაც ბექ-ვოკალისტები უკეთებენ აკომპანემენტს. უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებდი იმისგან, რომ ამ წარმოდგენის ნაწილი ვიყავი.

ჩემი შემდეგი გაჩერება ისტორიული რევოლუციური ქალაქის, ბარაკოას დასავლეთით მდებარე სანტიაგო დე კუბაა. “გმადლობთ, სანტიაგო!” – წერია კასტროს საძმოს ფრესკებზე. ორიენტეს პროვინციის მკვიდრნი ისევ სიღატაკეში ცხოვრობენ, მაგრამ იმაზე უკეთ, ვიდრე როდესაც გაღატაკებული შაქრის ლერწმის მჭრელები იყვნენ, თავიანთი ინსტრუმენტები რომ დაყარეს და რევოლუციონერებს შეუერთდნენ მთებში. 1959 წელს სწორედ აქ მოახდინა კასტრომ თავისი პირველი ტრიუმფალური შესვლა სანტიაგო დე კუბაში. კასტროს კუბური სოციალიზმის ფილოსოფიას ჯერ კიდევ ჰყავს ერთგული მხარდამჭერები უფროსი თაობის წარმომადგენლებში.

ნავსადგომების მახლობლად მდებარე მდიდრული სახლები ბაკარდის ოჯახის მემკვიდრეობაა. ბაკარდის რომის შოვნა კუნძულზე შეუძლებელია. მის შეძენას მხოლოდ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ ჰავანის კლუბში თუ მოახერხებთ. აღნიშნული კლუბი კი ამერიკაში აკრძალულია. ქალაქის ისტორიულ ცენტრში ესპანური სტილის ულამაზესი შენობების დიდი რესტავრაციული სამუშაოები მიმდინარეობს. სანტიაგო დაბალ გორაკებზეა გაშენებული და ზღვას გადაჰყურებს. ქალაქში წავაწყდი ადგილობრივ ანსამბლს, რომლის მრავალრიცხოვანი წევრები ფიესტასათვის რეპეტიციას გადიოდნენ, ნოტები კი აფთიაქის ჩამტვრეულ ფანჯრებზე ჰქონდათ გაკრული. ხმამაღალი მუსიკა სულ უფრო მეტ მსმენელს იზიდავს ეს ტრიუმფალური მხიარულება სულაც არ არის დადგმული. მის დადგმაში ფული არავის დაუხარჯავს. ეს არის კულტურა კულტურისათვის. ჩემ გარდა აქ უცხოელები არსად ჩანან.

მაგრამ სანტიაგო მალე აღარ იქნება პერიფერია ჩამოსულთათვის, რადგანაც მდიდარი საერთაშორისო სასტუმროების ქსელები ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ აქ ოპერირების კონტრაქტები ისევე, როგორც ჰავანაში. აქ ახლად დაბეჭდილი ფულის სუნი იგრძნობა.

შენობის სახურავზე მდებარე ბარში, რომელიც პანორამული ხედებით არის ცნობილი, ახალგაზრდა ადვოკატი თავისი თაობის აღშფოთებასა და იმედგაცრუებას ვერ მალავს. მისი სტომატოლოგი დის, მეგობარი ექიმისა და მისი საკუთარი თვიური ხელფასი ერთობლივად £100-ს შეადგენს. იმისათვის, რომ კუბიდან გაემგზავრო, საჭიროა იმ ოდენობის შემოსავალი, რომელიც მხოლოდ უცხოელზე დაქორწინებით შეიძლება მოიპოვო. ფიქტიური ქორწინებები აქ ძალზე პოპულარულია. საბუთებში კუბური სახელი სავალდებულოა იმ უცხოელებისათვის, რომელთაც კუბაზე უძრავი ქონების შეძენა სურთ.

“უცხოელებს შეუძლიათ ბიზნესებში ინვესტირება, მაგრამ არა კუბელებს, – ამბობს ადვოკატი. – შეგიძლია ფლობდე ერთ ბარს, მაგრამ თუ ხუთი გაქვს, მაშინვე ჩამოგართმევენ, რადგან მათ არ სურთ, რომ მათ გარდა კიდევ ვინმეს ჰქონდეს ძალაუფლება”. მეწარმეები თავიანთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს იყენებენ, როდესაც საქმეში ფულის ჩადება სურთ. “მაგრამ კუბელები იდეების სიმცირეს არ უჩივიან. ჩვენ გვაქვს ბევრი უნარი და კრეატიულობა. ჩვენ მხოლოდ გადარჩენა შეგვიძლია. ზოგიერთი ადამიანისათვის ‘განსაკუთრებული პერიოდი’ ჯერ კიდევ არ დასრულებულა”.

“მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და კუბას შეუწყდა ის დაფინანსება და კონტრაქტები, რომლითაც მას საბჭოეთი უზრუნველყოფდა, კუბის ისტორიაში დადგა ეგრეთ წოდებული “განსაკუთრებული პერიოდი”. ხალხი ბალახითა და ფოთლებით იკვებებოდა”, – ჰყვება ჩემი მეგობარი. მე არ მაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს ახლაც გრძელდება – მთავრობა უზრუნველყოფს ძირითად ყოველთვიურ რაციონს – მაგრამ ისტორია კუბის რესპუბლიკაში კვლავ ცოცხალია და დომინანტობს ალბათ ისე, როგორც არსად სხვაგან. საქმე მხოლოდ ძველ მანქანებში, რეკლამის სიმცირესა და შეზღუდულ ინტერნეტში როდია. თუმცაღა ეს ყველაზე თვალსაჩინო ნიშნებია. ის, რომ მაღაზიის ვიტრინებში ძირითადი სამომხმარებლო საქონელი – სარეცხი მანქანები და მტვერსასრუტები ისეა წარმოდგენილი, თითქოს ეს რაღაც უახლესი გამოგონება იყოს და ფასიც ასტრონომიულად მაღალი აქვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კუბა ისევ 1950-იან წლებშია ჩარჩენილი.

სანტიაგოდან ნავით მგზავრობისას შევეჩეხე უზარმაზარ ესპანურ საბრძოლო ხომალდს, რომელიც ამერიკასა და ესპანეთს შორის კუბის გამო მიმდინარე ომის დროს ჩაიძირა. ტალღები ასკდებოდა მის დაჟანგულ, ცისკენ მიმართულ ყუმბარებს.

“ყვინთვა ადვილია! უბრალოდ ისუნთქე”, – ამბობს ჩემი ინსტრუქტორი მანუელი. “ნუთუ ეს უფრო რთული არ არის?”

ცა ჩაბნელებულია, ტალღები – ვეებერთელა, დინება ძლიერია, მე კი მხოლოდ ერთხელ ჩამიყვინთავს, ისიც მშვიდ და არაღრმა წყალში. მანუელი, რომელსაც ყვინთვის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მიხსნის, როგორ დავაბალანსო წნევა. ჩვენ აგორებულ ტალღებში ვეშვებით.

წყლის ქვეშ ცნობისმოყვარეობა შიშის დაძლევაში მეხმარება. მანუელზე ჩაბმული ვარ და მას მივყვები. გზადაგზა იგი ჩემს აღჭურვილობაში ქვებს მილაგებს, რომ ზედაპირზე არ ამოვტივტივდე. დინების მეშვეობით რკინის ნანგრევებისაკენ ვიკვლევთ გზას, სადაც ახლა თევზებისა და მარჯნის სამფლობელოა. ნელ- ნელა ვსწავლობ, როგორ ვიგრძნო თავი კომფორტულად, როდესაც თავდაყირა ვარ. ვგრძნობ ზღვის უსასრულო ძალას – თითქოს ზღვის ურჩხული თავისი ფარფლებით ნაზად გვაწვება და ხომალდის ჩაძირვის ისტორიაში გასეირნებას გვიწყობს. ემოციებითა და მღელვარებით აღსავსე ამოვდივარ წყლიდან. ესეც წმინდა კუბური გამოცდილებაა: უსიამოვნო ნელ-ნელა გადაიქცევა რაღაც ამაღლებულად ისე, როგორც ცხელ ამინდში ტყის დალაშქვრის შემდეგ გრილ მდინარეში ბანაობა. ან კიდევ, როდესაც îcasa de la trova-ს ხის სიმარტივე ხელოვნებისა და სიხარულის თეატრად იქცევა.

მოგზაურის მთავარი გამოწვევა ყველაფრის მიღმა იმ ადგილის აჩრდილებისა და დროის დინების დანახვაა, რამაც აქაური მოსახლეობის იდენტობის ჩამოყალიბება განაპირობა. სანტიაგოდან ერთი დღის სავალზე მდებარე სიერა-მაესტრას მთებში მოვახერხე ამის დანახვა. 1953 წლის მარცხიდან სამი წლის თავზე, როდესაც სანტიაგოს ბარაკებზე მიტანილი იერიში უამრავი რევოლუციონერის დახოცვით, გაქცევითა და დაპატიმრებით დასრულდა, კასტრო დაბრუნდა კუბაში ჩე გევარასა და პარტიზანული ბრძოლის ახლებური გაგებით. მათ ესაჭიროებოდათ უსაფრთხო ადგილი, იარაღი და მოსახლეობის მხარდაჭერა.

მათ ბანაკი ზემოთ, სიერა-მაესტრაში გაშალეს, სადაც შორიდან კარიბის ზღვის ხედი მოჩანს. იქ მისაღწევად ბევრი ძალიან ციცაბო გზა გავიარეთ მანქანით – მწვერვალები და ქვემოთ ჯუნგლები – მათ სამალავამდე და შტაბ-ბინამდე ფეხით სასიარულო კიდევ სამი მილია. ამ დროს უკვე ემოციებისაგან მთელ სხეულზე ჟრუანტელს ვგრძნობ. რევოლუციონერების მიერ დამალვის მიზნით დარგული ჰიბისკუსის ქვეშ ქოხებსა და ბილიკებზე უკვე წარმოვიდგინე მწვანე ფორმებში გამოწყობილი ახალგაზრდა მეამბოხე ქალები და კაცები. ყურში ჩამესმის მათი ჩუმი და ამავდროულად სერიოზული გადაძახილები ბრძოლასთან, ლოგისტიკასთან, ტაქტიკასა და ტრიუმფთან დაკავშირებით. ბატისტამ არაერთხელ გამოიყენა ათასობით ჯარისკაცი და საჰაერო დაბომბვები რევოლუციონერების დასამარცხებლად და მათ გასანადგურებლად. მაგრამ აჯანყებულები ყოველთვის ახერხებდნენ თავიანთი ტაქტიკითა და საბრძოლო შემართებით ბატისტას ჯარების დამარცხებას ამ ხეობებში. თითქმის ყოველთვის ინიციატივა კასტროს მხარეს იყო. დეზერტირი ჯარისკაცები და შეგულიანებული ადგილობრივები კასტროს ჯარებს უერთდებოდნენ. მეამბოხეთა რწმენა, მორალი და საბრძოლო უნარები აშკარად დომინირებდა.

და ახლა სწორედ იქ ვარ, სადაც ეს ყველაფერი მოხდა. ფიდელის ქოხი – საწოლი, წიგნის თარო, საწერი მაგიდა, უკანა კიბე – ეს შეიძლება მწერლის განმარტოებული ადგილიც ყოფილიყო, რომ არა საიდუმლო ხაფანგი-კარები და სამალავი. როგორი გასაოცარი რამ იყო მის ერთ- ერთ თანმხლებ პირად ყოფნა, თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთები მას ძალზე ცოტა ჰყავდა: გასაოცარია მათი საკუთარი თავის რწმენა და მიზანდასახულობა. აქ, სიერა-მაესტრაში კასტროს მიღწევები, რომელთა წყალობითაც იგი ქოხიდან მსოფლიო სცენაზე გავიდა, კიდევ უფრო გასაოცრად მეჩვენება.

გზად შინისაკენ ჯერ ულამაზეს, მაცდურ და მუსიკის ჰანგებზე მოცეკვავე ჰავანაში გავემგზავრე. ოდესღაც მდიდარი ჰავანა. “რევოლუციამდე ქალაქი ისეთივე გლამურული იყო, როგორიც მანჰეტენი, – ამბობს ჰავანის მკვიდრად ქცეული ირლანდიური წარმოშობის ჯონი კონსიდინი. – ავტომობილების კომპანიები და მოდის სახლები თავიანთი ახალი პროდუქციის პრეზენტაციას ჯერ ჰავანაში აწყობდნენ და მოგვიანებით ნიუ-იორკში, – ამბობს იგი. – ამერიკის კონტინენტზე რამდენიმე უმდიდრესი ადამიანი კუბელი შაქრის მეფე იყო”.

“ქალისა და მამაკაცის მარადიული ცეკვა სწორედ ის ძალა და გარკვეულწილად მთავარი აზრია, რომელიც საფუძვლად უდევს რუმბას. კუბას უამრავ ძლიერ მუსიკალურ ფორმებს შორის რუმბა ერთ-ერთი წამყვანია.

ჩემი ცეკვის გაკვეთილი ჰავანის დანგრევის პირას მისული დიდი შენობის ერთ პატარა ოთახში მიმდინარეობს. შენობა დიდი ხანია, პატარ-პატარა ოთახებად არის დაყოფილი. ჩემი ცეკვის მასწავლებლები არიან ვლადიმირ ქუევედო – მაღალი, გამხდარი და საოცრად სახალისო ბალერუნი და არიანე ხიმენესი, ცეკვის მასწავლებელი, გიდი და ასევე გასაოცარი შემსრულებელი. ვლადიმირს და არიანეს რუმბას რიტმებში მივყავარ და სხვადასხვა ტემპის შესრულებისკენ მომიწოდებენ, რომელზეც თავად ცეკვავენ.

“ეს ქუჩიდან მოდის; მოცეკვავე სხვადასხვა პერსონაჟს განასახიერებს: მთვრალს, ბავშვს, ქათამსა და მამალს”, – მიხსნის არიანე. ამისათვის მხოლოდ ორი ჯოხი, დოლი და სანახაობისათვის შეკრებილი ხალხია საჭირო. რა საოცრად ცეკვავენ! ისინი გადაიქცევიან რიტმად და პერსონაჟად. ვლადიმირი მამალია, არიანე კი დედალი. პატარა სივრცე მოიცვა ენერგიამ და მოძრაობამ. მუხლებზე ხელის დარტყმით მუსიკის რიტმს ვიმეორებ და მიხარია, რომ იმ ასეულობით ადამიანთა შორის ვარ, ვინც დღისა თუ ღამის მოცემულ მომენტში ჰავანის მუსიკას ქმნიან.

ვემშვიდობები კუბას და ვხვდები, რომ აქაური ხალხის მიმართ რაღაც განსაკუთრებული მზრუნველობის შეგრძნება მიმყვება თან. მსოფლიოს უმეტესი ნაწილისაგან მიტოვებულ ამ ქვეყანას რაღაც ანტიკური უმანკოება აქვს. მარადიული მოწოდება – “გაემგზავრე კუბაში ახლა, ვიდრე იგი შეიცვლება!” – დიდი სისულელეა. ქვეყანა ამჟამად დიდი ცვლილებების ნელ შუაგულშია. ჩვენ მას ვჭირდებით, მაგრამ არა იმისათვის, რომ დავეხმაროთ მას დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების მსგავსი გახდეს. როდესაც საქმე საზოგადოებას, ოჯახს, გულისა და სულის გახსნილობას ეხება, კუბისაგან უფრო მეტი რამის სწავლა შეიძლება, ვიდრე პირიქით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *