ბრწყინვალე გონება

ბრწყინვალე გონება

დაივიწყეთ 30 30-წლამდელი. 8 80-ს გადაცილებული რომ არსებობდეს, იქ აუცილებლად მოხვდებოდა ფილიპ ფროსტი,– ექიმი, ინვესტორი, გამომომგონებელი, – რომელმაც გენერიკული მედიკამენტების ბიზნესის გლობალიზება მოახდინა და, ბაფეტისებრი ეფექტიანობით, მილიარდების შოვნასა და გაცემას განაგრძნობს.

ფლორიდელთა უმეტესობისთვის პალმებს იგივე სტატუსი აქვთ, რაც მტრედებს – ნიუ-იორკის მკვიდრთათვის. პალმები იქ ყველგანაა, მაგრამ ძლივს თუ ამჩნევ.

თუმცა დოქტორ ფილიპ ფროსტს ეს არ ეხება. როცა მის თეთრი BMW 7 Series-ით მისი ოფისისკენ მივდივართ, მაიამის უმდიდრესი კაცი, რომელიც იქ 50 წელია, ბინადრობს, თავს ვერ იკავებს, ლექცია რომ არ წამიკითხოს პალმების ათზე მეტი ნაირსახეობის შესახებ, რომლებიც ქვაფენილის ღრიჭოებიდან სარეველებით ამოზრდილან.

„ხედავთ ნაყოფს? ყვითელია. ეს ქალბატონი პალმაა. ლამაზია, არა? წინ კი ფინიკის პალმაა. აი, ეს ჩინური მარაოა – სპილოს ყურის მსგავსად, მარაოსავით იშლება, ხოლო ეს, რომელიც ყვავის, საბალის სახეობისაა. სიმპათიურია, არა?“ შემდეგ ფროსტი ჩემი მეხსიერების უნარის შემოწმებას გადაწყვეტს: „აბა, ეს მოკაკულები რომელია?“ რამდენიმე წამში საკუთარ შეკითხვას თავადვე პასუხობს: „ქოქოსის პალმები. გახსოვთ, რომ გითხარით, ქოქოსის პალმები მოკაკულად იზრდებიან-მეთქი? სამეფოები კი… აი, ეს სამეფო პალმებია“.

ამ დახუთულ ქალაქში, სადაც მომხმარებელთა მადა თვალში საცემია და თითქმის ყველა კონდიციონერჩართული და რადიოახმაურებელი ფანჯრებაწეული მანქანებით დადის, ფროსტი, თავისი ბოტანიკური გატაცებებითა და სწავლის უშრეტი წყურვილით, ერთგვარი ანომალიაა. ის არის ბიზნესმენი და ინვესტორი, მაგრამ ამასთან, მკვლევარი, გამომგონებელი და ხელოვნებისა და მეცნიერების გულმხურვალე მფარველიც გახლავთ. და ნებისმიერი, ვინც ამ თავმდაბალ 80 წლის კაცთან ატარებს დროს, ადვილად მიხვდება, რომ სწორედ ასეთი ფაქიზი ყურადღება, ერთი შეხედვით, მეტად ყოფითი დეტალების მიმართ (როგორიც, მაგალითად, პალმების ჯიშებია) განსაზღვავს მის ზებუნებრივ უნარს, უმალ შენიშნოს შესაძლებლობები და კაპიტალიზდეს მათზე.

ფროსტი სერტიფიცირებული დერმატოლოგი და დაუდგრომელი ანტრეპრენიორია; არის ასევე Opko Health-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. Opko ფარმაცევტული და სამედიცინო დიაგნოსტირების საშუალო ზომის კომპანიაა იმედისმომცემი წამლებით არაერთ ისეთ სფეროში, როგორიცაა, მაგალითად, თირკმლის ქრონიკული დაავადება და პროსტატის კიბოს დროული იდენტიფიცირება. მართალია, ამ კომპანიის შემოსავლები $1.2 მილიარდს შეადგენს, 2016-ში კი თითქმის $50 მილიონის ზარალს იწვნევს, ფროსტის მტკიცებით, Opko გაცილებით დიდ როლს შეასრულებს მედიცინაში, ვიდრე მისი ნებისმიერი უწინდელი მცდელობა, რომელთა შორისაც ნახავთ წამლის ინდუსტრიის ისეთ პიონერებს, როგორიცაა Key Pharmaceuticals-ი, Ivax-ი და Teva Pharmaceuticals-ი. ეს თამამი განაცხადია კაცისგან, რომელსაც წამყვანი როლი აქვს ნათამაშები თანამედროვე გენერიკული ფარმაცევტული ბიზნესის შექმნაში; ამასთან – თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ბოლო 18 თვეში Opko-ს აქციები 39%-ით დაეცა – მის ამ განაცხადში ცოტა მეტიც იკითხება, ვიდრე მხოლოდ პირადი ინტერესები.

„რეალურად, ჩვენ ვქმნით კომპანიას, რომელსაც ხუთი-ექვსი პროდუქტი ექნება, თითოეული მათგანი კი უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს, ვიდრე გაყიდვების მილიარდი და რამდენიმე მილიარდი დოლარი“, – ამბობს ის და ამობეჭდილ გრაფიკზე მიგვითითებს: აქ ერთმანეთის გადამფარავი ხუთი წრეა გამოსახული, რომლებიც Opko-ს ხუთ მთავარ ბაზარს აღნიშნავს; ესენია: უროლოგია, ნეფროლოგია, გენეტიკა, ბიორეფერენსი და დაბერების/მეტაბოლური სინდრომი. „ადამიანის ზრდის ჰორმონის შემთხვევაში, – და ჩვენი პარტნიორი აქ Pfizer-ია, – შეგვიძლია, $3.5-მილიარდიან ბაზარზე ვილაპარაკოთ“.

ფარმაცევტიკაში თავის კოლეგათა უმრავლესობისგან განსხვავებით, ფროსტი იმგვარი გამჭრიახი ინვესტორია, რომელიც არასათანადოდ შეფასებულ აქტივებზე ნადირობს, თუმცა ეს ყველაფერი მოლეკულური ბიოლოგიის ღრმა ცოდნითა და ოპორტუნისტული გარიგებების სწრაფად გაჩარხვის ჟინით არის გამძაფრებული. მისი სამუშაო მაგიდა გადავსებულია მარკეტინგული პრეზენტაციებითა და შეთავაზებებით, ისევე როგორც Bloomberg-ის ორმაგი თხელპანელიანი ეკრანებით, სადაც ათობით აქციებს ადევნებს თვალს – ზოგი მათგანი მწვანედ ციმციმებს, ზოგი კი წითლად. „ფილს არაჩვეულებრივი ხედვა აქვს, თუ სად უნდა მოახდინოს საკუთარი თავის პოზიციონირება ჯანდაცვის სფეროში, – ამბობს Oracle Partners-ის ლარი ფეინბერგი – ჰეჯ-ფონდის ვეტერანი მენეჯერი, რომელიც ფროსტის კომპანიებში, 1990-იანებიდან მოყოლებული, წილებს ფლობს. – Opko-ს თავის ჰოლდინგ-კომპანიად განიხილავს. ეს ჯანდაცვის Berkshire Hathaway-ა“.

Opko-სა და სხვა ორგანიზაციების საშუალებით, ფროსტს ჯანდაცვისგან მოშორებითაც უჭირავს თავი. მას დიდი წილები აქვს ათობით საჯარო და კერძო კომპანიაში, დაწყებული თამბაქოს კომპანია Liggett-ისა და კომერციული უძრავი ქონების ბროკერ Douglas Elliman-ის მფლობელი Vector Group-ით, პრემიუმ-სასმელების კომპანია Castle Brands-ითა და საინვესტიციო ფირმა Ladenburg Thalmann & Co-თი დამთავრებული. მას არაერთ პერსპექტიულ სტარტაპშიც დაუბანდებია ფული, მაგალითად, მონაცემთა ინტეგრირების კომპანიაში, დრონების სერვისსა და BioCardia-ში – ბიოტექნოლოგიურ სტარტაპში, რომელიც მისმა კოლეჯისდროინდელმა ოთახის მეზობელმა, სტენფორდის სამედიცინო სკოლის განთქმულმა კარდიოლოგმა საიმონ სტერცერმა დააარსა და რომელიც ცდილობს, მიაგნოს ღეროვანი უჯრედების გამოყენების გზას გულის შეტევით დაზიანებული გულების გასაახალგაზრდავებლად.

ფროსტი, დაუღალავი 80 წლის ასაკში, თავის მეხუთე მილიარდზე მუშაობს, თუმცა თანხებს თითქმის ისევე სწრაფად გასცემს, როგორც შოულობს. ფროსტებს შვილები არ ჰყავთ, მაგრამ მასა და მის ცოლს, პატრიშიას, ქველმოქმედებაში აქტიური თანამონაწილეობითა და ასობით მილიონიანი დაფინანსებით, აქვთ მისია, გარდაქმნან მაიამი და ის პლაჟებით, გოლფის მოედნებითა და მოდური ლათინურ-კარიბული სამზარეულოთი განთქმული ქალაქიდან ხელოვნებისა და სერიოზული მეცნიერების მექად აქციონ.

ფროსტის ნაყოფიერების ისტორია ჯანსაღი დოზით იღბალსაც შეიცავს. სამხრეთფილადელფიელი ფეხსაცმლის მაღაზიის მფლობელის მესამე ვაჟი, ფილ ფროსტი, 1936 წელს დაიბადა, გაგანია დიდი დეპრესიის დროს. თავიდანვე ვარსკვლავი მოწაფე იყო და ფილადელფიაში რჩეულ მოსწავლეთა სკოლაში, Central High School-ში, მოხვდა, შემდეგ პენსილვანიის უნივერსიტეტში ფრანგული ლიტერატურის ფაკულტეტი აირჩია. სწავლის მესამე წელი პარიზში, სორბონაში გაატარა, უკან დაბრუნებული კი პენსილვანიის უნივერსიტეტის კაფეტერიაში შემთხვევით ყოფილ კლასელს შეხვდა, რომელმაც მას ერთი სტიპენდიის შესახებ ამცნო: სტიპენდია მისი სკოლის კურსდამთავრებულებს ნიუ-იორკის ახალ სამედიცინო კოლეჯში, Albert Einstein-ში აძლევდა სწავლის საშუალებას. ფროსტმა სტიპენდიაზე განცხადება შეიტანა და სრული დაფინანსებაც მიიღო, ხოლო Einstein-მა მალევე მოიპოვა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო სკოლის რეპუტაცია.

მისი გადაწყვეტილება, დერმატოლოგიაში სპეციალიზებულიყო, ასევ შეიცავდა შემთხვევითობის ელემენტს. სტუდენტებოსისას იდაყვზე შეუხედავი მეჭეჭი გამოეზარდა, რის გამოც პენსილვანიის უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრთან მივიდა, რომელიც კვლევას ატარებდა კანტარიდინზე (ასევე ცნობილი, როგორ ესპანური ბუზი), რათა ეს შხამი შემდეგ მეჭეჭების მოსაშორებლად გამოეყენებინა.

„ისეთი სპეციალობა მაინტერესებდა, რომელიც ფიქრის და [სხვა] საქმის კეთების საშუალებას მომცემდა. ვიცოდი, რომ ქირურგია ვერასდროს გახდებოდა ჩემი, ვინაიდან დროის უმეტესობა საოპერაციო ოთახებში ხარ გამოკეტილი. მე კი თავისუფლება მჭირდებოდა სხვადასხვა რამის საკეთებლად“, – ამბობს ფროსტი. აქაც ბედმა გაუღიმა და პროფესორმა, ვინც მოგვიანებით მის მეჭეჭს უმკურნალა, სწავლის დამთავრების შემდეგ პენსილვანიის უნივერსიტეტში რეზიდენტურა შესთავაზა დერმატოლოგიაში.

რეზიდენტურისა და NIH-ის (ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების) აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისში, უფროსი ლეიტენანტის რანგში გატარებული ორი წლის შემდეგ, 1966-ში, ფროსტმა მაიამის უნივერსიტეტის ფაკულტეტზე, დერმატოლოგიის განყოფილებაში მოიპოვა ადგილი. პაციენტებთან მუშაობა და სამედიცინო სკოლაში სწავლება არ იყო საკმარისი მისი ხარბი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად; ჰოდა, ღამღამობით მუშაობდა და კანის ბიოფსიის ასაღები ერთჯერადი ინსტრუმენტიც შექმნა (რომელიც დღემდე გამოიყენება). 1969 წელს, როცა ფროსტი Miles Laboratories-ისთვის თავისი გამოგონების მისაყიდად მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ახალგაზრდა იურისტი, მეტად დამარწმუნებელი მოსაუბრე, მაიკლ ჯაჰარისი გაიცნო.

ფროსტისა და ჯაჰარისის მეგობრობა საქმიან ურთიერთობებში გადაიზარდა: იურისტმა გადაწყვიტა, კორპორაციული სამსახური მიეტოვებინა და ფროსტს ბიზნესის შექმნაში მიხმარებოდა, რომელსაც საკუთარი საქმის წამოსაწყებად კბილების გასაწმენდი ახალი ულტრაბგერითი ხელსაწყო შეეძინა. ფროსტის დერმატოლოგიური პრაქტიკა ყვაოდა, მის პაციენტთა შორის ისეთებსაც ნახავდით, როგორიც გახლდათ ჯეკი გლისონი, რომელმაც ერთხელ ფროსტის დედის პალატა ვარდებით აავსო, როცა აღმოაჩინა, რომ ერთსა და იმავე საავადმყოფოში მკურნალობდნენ. 1972 წლისთვის ფროსტი მაიამის Mount Sinai Medical Center-ის თავმჯდომარე გახდა.

იმავე წელს ფროსტს კიდევ ერთი შემთხვევითი შეხვედრა ელოდა: ნიუ-იორკში მიმავალი, მაიამის აეროპორტში, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ცოტა ხნით ადრე ის კიდევ ერთ კლასელს გადააწყდა, ადამიანს, რომელსაც გაცივების წამლების მწარმოებელ, იმხანად გადარჩენისთვის მებრძოლ Key Pharmaceuticals-ში წამყვანი თანამდებობა ეკავა. „ნიუ-იორკში ჩაფრენის დროისთვის უკვე შეთანხმებულები ვიყავით, რომ ცოტაოდენი ფულითა და ცოტაოდენი გამოგონებებით, ჩვენი პატარა კომპანია Key-ს შეუერთდებოდა, – ამბობს ფროსტი ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო Pierre-ის აპარტამენტში, რომელიც სენტრალ პარკს გადაჰყურებს. – Key საჯარო კომპანია იყო, რომელიც ძალიან კარგი ტექნოლოგიით, თუმცა, არ ჰყავდათ ხალხი, ვინც ამას დააფასებდა. ისინი პირველები ფლობდნენ ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც წამლების აქტიური ნივთიერებები კონტროლირებული ინტერვალებით გამოიყოფა“.

Key Pharmaceuticals-ი ფროსტისა და ჯაჰარისისთვის ბილეთი აღმოჩნდა სერიოზული სიმდიდრისკენ. მათ კომპანიის მთავარ მედიკამენტს, ასთმის წამალს შეუცვალეს ფორმულა: თუ ის თავიდან ხველების წამალთან იყო კომბინირებული, ახლა მხოლოდ კონტროლირებული მოქმედების ასთმის წამლად იქცა. შედეგად, Key-ს Theo-Dur-ი ქვეყნის ბესტსელერი გახდა. ამას არანაკლებ დიდი და პიონერი ჰიტი მოჰყვა – ნელი მოქმედების ნიტროგლიცერინის სალბუნი (Nitro-Dur), რომელიც გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. საბოლოო ჯამში, Key Pharmaceuticals-ი 1986 წელს Schering-Plough-მა იყიდა – $836 მილიონად. ამ დროისთვის ჯაჰარისი და ფროსტი უკვე Forbes 400-ის წევრები იყვნენ: 50 წლის ფროსტის ქონება, სულ მცირე, $150 მილიონს ($330 მილიონს ამჟამინდელ დოლარებში) შეადგენდა, თავად კი Schering-ის უმსხვილესი ინდივიდუალური მეწილე გახლდათ.

მაგრამ ნაცვლად იმისა, დაესვენა და დივიდენდების შეგროვებით ეჯერებინა გული, ფროსტი, მის მიერ ჩამოყალიბებულ კიდევ ერთ კომპანიასთან, Ivax-თან ერთად, ახალშობილ ბიზნესში – გენერიკული წამლების სფეროში შეუდგა გზის გაკაფვას. 1990-იანების დასაწყისში, როცა გენერიკული წამლების დაბალმარჟიან ბიზნესს, პროდუქტებისა და საეჭვო ხარისხის გამო, პრესაში ცუდი გამოხმაურება ჰქონდა, ფროსტმა, წინასწარმეტყველური ალღოთი, უამრავი კომპანია შეისყიდა და საერთაშორისო დონეზეც გაფართოვდა. კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, მან კვლავ კონტაქტებს მიმართა. 1994-ში, მაგალითად, მან ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია, Glaena შეიძინა.

„გაგონილი მქონდა, რომ მთავრობას მნიშვნელოვანი ჩეხური ფარმაცევტული კომპანიის პრივატიზება მოეხდინა, – ამბობს ფროსტი. – ჩემს ერთ სამხრეთამერიკელ, კერძოდ, კოლუმბიელ მეგობარს მაიამიში ბინა ჰქონდა, ტორონტოში კი ჩეხი მეგობარი ჰყავდა“. ჰოდა, ფროსტმა რამდენიმე ზარი განახორციელა და გაიგო, რომ Novartis-ი და ორი სხვა ევროპული კომპანია დაინტერესებულნი იყვნენ ამ კომპანიის შესყიდვით, მაგრამ ფროსტის მაიამი-ტორონტოს კონტაქტმა ბოლო წუთს შეძლო ჩეხეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, ვაცლავ ჰაველთან შეხვედრის ორგანიზება. „ვუთხარი, მისმინე, თუ ჩვენთან დადებ ხელშეკრულებას, გარანტიას მოგცემთ, რომ 1,200 თანამშრომლიდან 900 სამუშაოს შეინარჩუნებს-მეთქი“, – იხსენებს ფროსტი, რომელმაც, გამჭრიახი გონების წყალობით, შეამჩნია, რომ პოლიტიკოსის მთავარი მიზანი სამუშაო ადგილების შენარჩუნება იყო და არა დიდი თანხების მიღება აქტივების სანაცვლოდ. ჩეხური კონტრაქტი, რაც Ivax-ს მხოლოდ $50 მილიონი დაუჯდა, მოიცავდა მთავარ უძრავ ქონებას, შვილობილ კომპანიებს ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში და $20 მილიონს ბანკში.

„ფილმა Ivax-ი წამლების ადგილობრივი კომპანიიდან გენერიკული წამლების გლობალურ კომპანიად აქცია, – ამბობს ფეინბერგი. – კომპანიას მხოლოდ აშშ-ის [ბაზრის] ახირებები არ ეხებოდა. მას ჰქონდა ძლიერი პოზიციები მთელ მსოფლიოში როგორც გენერიკული, ისე დაპატენტებული წამლების ინდუსტრიაში. ის მეტად ღირებულ აქტივად იქცა“.

2005 წელს ისრაელურმა Teva Pharmaceuticals-მა Ivax-ში $7.6 მილიარდი გადაიხადა და ფროსტი მილიარდერად აქცია. პირველად.

ფროსტის იმპერიის ცენტრალური ოფისი მისივე საკუთრებაში არსებულ შუშისა და ფოლადის კრიალა 15-სართულიან შენობაშია, რომელიც მაიამის ცენტრში, ბისქეინ-ბულვარის 4400-ში მდებარეობს. მე-15 სართულზე, აღმასრულებელი რგოლისთვის განკუთვნილ კაბინეტში, ფროსტის აქციებზე თვალის მიმდევნებელი ელექტრონული საბირჟო აპარატის ქვეშ, კედლებზე გამწკრივებულია ლამაზ ჩარჩოებში ჩასმული არტ-დეკოს სტილის ფოტოები მაიამის სანაპიროდან – მეორე მსოფლიო ომის დროინდელი; ნეგატივები ფროსტმა მაშინ გადაარჩინა, როცა 1980-იანების შუა პერიოდში ქალაქის Bayfront Park-ის ბიბლიოთეკა დაანგრიეს. ფროსტის კაბინეტიდან გამოსულები, უმალ მინებში მოქცეულ „ატრიუმს” დაინახავთ, სადაც ფროსტი ყოველდღე მიირთმევს თავის ლანჩს უფროს აღმასრულებლებთან ერთად; მათ რიცხვშია დოქტორი ჯეინ ჰსიაო – ბრწყინვალე ქიმიკოსი ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის (M.B.A.) ხარისხით, რომლის გარდაცვლილი ქმარი, ჩარლზი, ფროსტთან ერთად Ivax-ის თანადამფუძნებელი გახლდათ. ჰსიაო Opko-ს ვიცე-თავმჯდომარეა და, $320-მილიონიანი ქონებით, Forbes-ის ე.წ. სელფ-მეიდ ქალების რეიტინგში 46-ე ადგილს იკავებს. ფროსტის კიდევ ერთი რეგულარული „თანამელანჩე“ სტივენ რუბინია – ყოფილი იურისტი კომპანიათა შესყიდვებისა და გაერთიანების განხრით, რომელიც ფროსტს 1986 წელს შეუერთდა, როცა ამ უკანასკნელმა Key გაყიდა და Ivax-ი წამოიწყო. რუბინი ფროსტის ხელშეკრულებათა გამგეა და მისი არაერთი კომპანიის საბჭოს წევრი. ფინანსური დირექტორი, ადამ ლოგალი მათ წრეში ახალბედა გახლავთ; ის Opko-ს ბუღალტერი და ფროსტის შუამავალია Wall Street-თან. საუბრები, როგორც წესი, კონტრაქტების ირგვლივ ვითარდება, კონტრაქტები კი ლამის ყოველდღე შემოდის ფროსტის სათავო ოფისში. კომპანიის აღმასრულებლებსა და სხვა თანამშრომლებს პრეზენტაციების გასამართავად ხშირად ეპატიჟებიან.

„ფილი პირისპირ კომუნიკაციების მოყვარულია, – ამბობს რუბინი. – ტელეფონით არ აწარმოებს მოლაპარაკებებს. იტყვის, მაგალითად, ‘აი, ახლა წავიკითხე, რომ რაღაც იდეა გაქვთ. იქნებ მოხვიდეთ პარასკევს და მნახოთ?’ ვფიქრობ, ეს მისი გათვლების ნაწილია: უნდა, რომ ინტუიციური წარმოდგენა შეექმნას ხალხზე“.

ფროსტის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ლამპენია, ყოფილი ბანკირი, რომელიც დინამიკურ 80-იანებში Salomon Brothers-ში მუშაობდა, ახლა კი რეგიონალურ ბროკერს, Ladenburg Thalmann-ს მართავს მე-12 სართულზე.

Ladenburg-ის წილები ფროსტმა 2001-ში, დოტ-კომ ბუშტის შემდგომ პერიოდში იყიდა; Ladenburg-ი იმხანად გამოცდილი, 120 წლის საინვესტიციო ბანკი იყო, ძირითადად სარისკო, პატარა საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე პირველადი საჯარო შეთავაზებებითა და დაჟინებული გარე ვაჭრობით ცნობილი. მას შემდეგ ფროსტი მის ზრდას აფინანსებს. ბოლო ათ წელიწადში შემოსავლებმა $30 მილიონიდან $1.1 მილიარდს მიაღწია, ხოლო რეგიონალურმა საბროკერო შესყიდვებმა ფირმა 4,000 ფინანსური მრჩევლითა და კლიენტთა $130-მილიარდიანი აქტივებით გაბერა.

„ფილის დამსახურებაა, რომ, ჩვენი ზომის გათვალისწინებით, ასეთი წარმატებას მივაღწიეთ“, – ამბობს ლამპენი.

კიდევ ერთი აღმასრულებელი, რომელიც ბოლო დროს ფროსტის ლანჩებზე დიდ დროს ატარებს, დოქტორი ჩარლზ ბიშოპია, კაცი, რომელიც Rayaldee-ს თაოსნობს – ახლად სანქციონირებულ წამალს, რომელიც ვიტამინ D-ს სტიმულირებას ახდენს და რომელსაც Opko $12-მილიარდიანი ბაზრის სეგმენტს უმიზნებს თირკმლის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. Opko-მ ბიშოპის სტარტაპი 2013 წელს შეისყიდა. ფროსტმა ამ პერსპექტიული მედიკამენტის შესახებ ტორონტოს ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელთან რიგითი ლანჩის დროს გაიგო. რამდენიმე საათის შემდეგ ბიშოპმა ფროსტისგან ხმოვანი შეტყობინება მიიღო.

„მყისვე დავურეკე, – იხსენებს ბიშოპი. – კლასიკური, მისთვის ჩვეული რამ მითხრა: შეგიძლია, სამ საათში მაიამიში ჩამოხვიდე?“

რადგანაც, პრაქტიკულად, მადლიერების დღე იდგა, ბიშოპმა ფროსტი დაარწმუნა, რამდენიმე დღე მაცადეთო. „პრეზენტაცია მოვამზადეთ, რომ ყველაფერი სრულყოფილად გვეჩვენებინა… მთელი დასტა სლაიდებით მივედი. ოთხი სლაიდი გავიარეთ და ფილი მეუბნება: ‘საკმარისია ეს სლაიდები. შეგვიძლია, ხელშეკრულებაზე დავილაპარაკოთ?“

როცა ხელშეკრულებებზე მიდგება საქმე, ამგვარი მოუთმენლობა ფროსტის საფირმო ნიშანია. როგორც ჩანს, მას საშინაო დავალება გაეკეთებინა და გადაეწყვიტა, რომ თირკმლის დაავადება Opko-სთვის დიდი ბიზნესი იქნებოდა. თირკმლის ქრონიკული დაავადებებით აშშ-ში 25 მილიონი სნეულდება, მათგან თითქმის 9 მილიონი მე-3 ან მე-4 სტადიაშია. ანალიტიკოსთა პროგნოზით, Opko-ს Rayaldee-ს გაყიდვები, ჯერ მარტო აშშ-ში, შეიძლება, $500 მილიონს გადასცდეს; FDA-მ უკვე გასცა პირველ პროდუქტზე ნებართვა, რომელიც ვიტამინ D-ს უკმარისობას დღეში ერთხელ მისაღები ხანგრძლივი მოქმედების კაფსულით ანაზღაურებს.

თუმცა ფროსტის ყველა ხელშეკრულებას როდი ეგებებიან თბილად Wall Street-ზე. 2015 წელს ფროსტმა გამოაცხადა, რომ $1.47 მილიარდს გადაიხდიდა Bio-Reference Labs-ში. ეს აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი სრული მომსახურების კლინიკური ლაბორატორიაა, განთქმული თავისი ექსპერტიზით გენომიკასა და გენეტიკურ სეკვენირებაში. ამ განცხადებიდან ოთხი თვის განმავლობაში, Opko-ს აქციები, სულ ცოტა, 50%-ით დაეცა, ფეხზე წამოდგომა (სადღაც 20%-ით) კი, Rayaldee-ს გამოშვებასთან ერთად, მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეა, დაიწყო.

Opko-ს ერთი იმედისმომცემი დიაგნოსტიკური საშუალება, რომელიც Bio-Reference-ის ქსელისა და მარკეტინგისთვის ბერკეტად გამოდგება, არის კომპანიის ახალი სისხლის ანალიზი, 4Kscore-ი: ის უტყუარად აფასებს პროსტატის კიბოს შანსებს კაცებში, რომელთაც მომატებული აქვთ PSA-ს (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის) მაჩვენებლები. ფროსტის თქმით, „თუ PSA მომატებული გაქვს, როგორც წესი, ბიოფსია კეთდებოდა – მტკივნეული პროცედურა, რომელიც ინფექციასა და სისხლდენასთან არის დაკავშირებული. ბიოფსიის ანალიზით კი 60%, შესაძლოა, უარყოფითი პასუხი აღმოჩნდეს“. ის აღნიშნავს, რომ აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 30 მილიონი PSA-ს ანალიზი ტარდება, ხოლო, დიდი ალბათობით, ანალიზების 25%-ში PSA მომატებულია. Opko-ს 4Kscore-ანალიზი $1,900 ღირს.

„მაინცდამაინც არ ვგულშემატკივრობდი მის მიერ Bio-Reference-ის ლაბორატორიების შესყიდვას, – აღიარებს ფინანსური მენეჯერი ფეინბერგი. – მაგრამ ხალხს ყოველთვის შეაქვს ფილში ეჭვი, რადგანაც ვერ ხვდებიან, რას აკეთებს. ისინი მის აქციებს დაფარვის გარეშე ყიდიან, მაგრამ ადრე თუ გვიან, მას ყველაფერი გამოსდის. არ ნებდება. შეუპოვარიც არის და კაპიტალსაც ფლობს“.

23 წლის დევიდ გიბს მილერი არასდროს შეხვედრია არც ფილიპს და არც პატრიშია ფროსტს, მაგრამ, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდა, ასაკოვანმა წყვილმა მას კარი გაუღო… ტალაჰასის მკვიდრი მილერი Eagle Scout-ი იყო და სკოლაში უმაღლეს ნიშნებს იღებდა, მაგრამ მისი ოჯახი მნიშვნელოვანი ოდენობის სესხის გარეშე ვერ ახერხებდა მის გაგზავნას პრესტიჟულ კერძო კოლეჯში; ჰოდა, ბიჭმა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სტიპენდიით ისარგებლა და რელიგიის მეცნიერებაში სპეციალიზდა, თუმცა პარალელურად წინასწარი სამედიცინო კურსიც გაიარა. გამორჩეულმა სტუდენტმა, მილერმა, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წელს, უმაღლესი წარჩინების დიპლომით დაამთავრა. სწავლის ბოლო წელს უნივერსიტეტში მან ორგანიზება გაუკეთა და უმასპინძლა ბაკალავრთა კონფერენციას ბიოტექნოლოგიის თემაზე.

სწავლის დასრულებისას მილერი ფროსტის სტიპენდიით დაჯილდოვდა (ეს Rhodes Scholarship-ის ფროსტისეული ვერსიაა). პროგრამა, სახელად Frost Scholars-ი, სახელმწიფო უნივერსიტეტების ათ სტუდენტს ფლორიდიდან და ოთხს ისრაელიდან, ყოველ წელს, ოქსფორდში უშვებს, რათა იქ კვლევა ჩაატარონ და მაგისტრის ხარისხი მიიღონ მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის დისციპლინებში.

ეპიდემოლოგიითა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობით დაინტერესებული მილერი ოქსფორდში სამედიცინო ანთროპოლოგიას სწავლობდა და პარალელურად სამაგისტრო დისერტაციაც დაწერა. ფროსტის კიდევ ერთი მკვლევარი გეინსვილის მკვიდრი, 23 წლის კეიტლინ დოიჩი გახლდათ სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტიდან. ამას წინათ დოიჩი NSF Graduate Research Fellowship-ით დაჯილდოვდა და კორნელში სადოქტოროს აკეთებს ენტომოლოგიაში – ადგილობრივ ფუტკრებს იკვლევს და ცდილობს, მცენარეების დამტვერვის მათი უნარის სტიმულირება მოახდინოს. ოქსფორდში ყოფნის დროს, როცა ბიომრავალფეროვნებაში, კონსერვაციასა და მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა, მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა, რომელიც მალევე სამეცნიერო ჟურნალში გაიგზავნა: ე.წ. დეფორმირებული ფრთის ვირუსმა, – ფუტკართა რაზმის გამანადგურებელმა ჭირმა, – შესაძლოა, სხვა სახეობაში, სხვა დამმტვერავ მწერში, ე.წ. ყვავილის ბუზებში ისკუპა.

„[ფროსტის] სტიპენდიამ საშუალება მომცა, უფრო დიდი მიზნები დავისახო“, – ამბობს მილერი, რომელიც ახლა სადოქტორომდელ ეტაპზეა NIH-ში და მალე წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტებში გაგზავნის აპლიკაციას.

საბოლოოდ, მილერიცა და დოიჩიც იმედოვნებენ, რომ ფლორიდაში დაბრუნდებიან. ამაზე მეტად არაფერი გაუხარდებათ დოქტორ ფროსტსა და მისის ფროსტს. „იმედი გვაქვს, რომ ყველა, ვინც ფლორიდიდან წავიდა, სწავლის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდება“, – ამბობს პატრიშია ფროსტი – ყოფილი მასწავლებელი და ამჟამად ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისტემის მმართველთა საბჭოს წევრი.

„გვინდა, მაიამი ტექნოლოგიურ და სამეცნიერო ცენტრად ვაქციოთ. აქ როცა ჩამოვედით, ხალხისთვის მაიამი ყველაფერი იყო, ამის გარდა, – ამბობს დოქტორი ფროსტი და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ იდეით შთაგონებულებმა აჩუქეს $100 მილიონი მან და მისმა ცოლმა მაიამის უნივერსიტეტს. – ჩვენი აზრით, ეს საქმე განათლებით იწყება. საჭიროა, უმაღლესი რგოლით, უნივერსიტეტებით და თუნდაც ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებით დავიწყოთ. უსწრაფესი გზა ამის მისაღწევად, უმაღლესი დონის მეცნიერების მოზიდვა იქნება – ქიმიით დაწყებული, მოლეკულური ბიოლოგიით დამთავრებული“.

ფროსტის თანახმად, ამ $100 მილიონიდან ნაწილი ქიმიისა და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების ინსტიტუტის განვითარებაზე წავა. „იქნება ახალი შენობა და იქნებიან ახალი პროფესორები, – ამბობს ის. – ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი ახალი სტარტაპების შექმნასაც შეუწყობს ხელს”.

ფროსტებს უორენ ბაფეტისა და ბილ გეიტსის Giving Pledge-ზე აქვთ ხელი მოწერილი, თუმცა ისინი იმის საპირისპიროდ იქცევიან, რასაც ე.წ. „ჩეკების ქველმოქმედება“ ჰქვია. მეტიც, ისინი იმდენად აქტიურად თანამონაწილეობენ ამ პროცესში, რომ, როგორც წესი, უარს ამბობენ კოლექციონერთა დაქირავებაზე მათი მსოფლიო დონის ხელოვნების კოლექციისთვისაც კი, რომელიც მოიცავს ამერიკელ აბსტრაქტულ ექსპრესიონისტებს, ფრანგ იმპრესიონისტებსა და ისეთ ძველ ოსტატებს, როგორიცაა ფლანდრიელი მხატვარი ჟან-ბაპტისტ დე საივი. წყვილი შეწირულებებს აკეთებს მაიამის უნივერსიტეტის მუსიკის სკოლისა და ფლორიდის ხელოვნების საერთაშორისო მუზეუმისათვის, მისის ფროსტი კი მათ დირექტორებს ხშირად ეკონტაქტება და ეხმარება კიდეც პატარა სარესტავრაციო სამუშაოებისთვის არქიტექტორების შერჩევაში.

„ახალ სამეცნიერო მუზეუმის საქმეში ენერგიულად ვართ ჩართულები“, – ამბობს პატრიშია და ფროსტის გულუხვ $45 მილიონს გულისხმობს, რომელიც მაიამის ახალი, 25,000 კვადრატული ფუტის Patricia & Philip Frost Museum of Science-ის მშენებლობაში დაიხარჯა. სერიოზული შეყოვნებების შემდეგ ახალი მუზეუმი, რომელიც პლანეტარიუმსა და მასიურ, მრავალსართულიან ზღვის აკვარიუმს აერთიანებს, 2017 წლის მარტში გაიხსნება.

ფროსტების დიდებული ვენეციური პალაცო, რომელიც იტალიიდან შემოტანილი კირქვითაა აშენებული, მაიამის ექსკლუზიურ სტარ-აილენდში მდებარეობს. სწორედ ამ სასახლის სასაუზმო ოთახში გვიმასპინძლდება მისის ფროსტი შინნაზარდი ტროპიკული ხილის – საპოტას, პიტაიასა და ლონგანის ასორტით. ყველა მათგანი ახალი დაკრეფილია მათ უშველებელ ბაღებსა და სათბურში, სადაც პალმათა 150 ნაირსახეობას ნახავთ, რომელთაც დოქტორი ფროსტი პირადად უვლის. „მუზეუმი ეცდება, ყურადღება გაამახვილოს მთავარ მეცნიერებაზე და ეს ილუსტრირებული იქნება ამ მიკროკლიმატში მიმდინარე მოვლენებით, – ამბობს ფროსტი. – გვინდა, რომ ეს ახალგაზრდებისთვის გამოცდილებად იქცეს ისე, რომ როცა შემოვლენ, სრულიად მოინუსხონ. მერე კი, რაც უფრო დიდ დროს გაატარებენ იქ, უფრო მეტი შთაგონება ექნებათ, მეცნიერებაში იმუშაონ”. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *