ფრენის სიმაღლიდან

“თოლია ჯონათან ლივინგსტონი” სწავლობს, როგორ იცხოვროს, იფრინოს და სრულყოს საკუთარი თავი. იგავური რომანის ბოლოს, ლივინგსტონი მხოლოდ ფიქრის ძალით ჩნდება სასურველ ადგილას. კომპანია “ლივინგსტონი” თოლია ლივინგსტონის გზას იმეორებს. მისი ფრენის ტრაექტორიას ოთხი ასი - გიორგი ბურჭულაძე, ვახო ვახტანგიშვილი, ლევან ლეფსვერიძე და ირაკლი თევზაძე განსაზღვრავს.

გასულ კვირას საინტერესო საუბარს მოვკარი ყური. პაბში ბიჭი ჰყვებოდა - ადამიანთა გარკვეული ჯგუფი სერიოზულ პროპაგანდას იწყებს, რომელიც პარლამენტში რობოტის შეყვანას ისახავს მიზნადო. მისი თქმით, ეს რობოტი ვებგვერდიდან იქნებოდა მართული - პულტზე იმ ღილაკს დააჭერდა, რომელსაც უფრო მეტი ადამიანი დაუჭერდა მხარს ონლაინ. ეგრევე ვიფიქრე, ამაში “ლივინგსტონის” ხელი იქნება გარეული- მეთქი, რაც, ერთი შეხედვით, არ იყო ურიგო ვარაუდი, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ამ საუბარს თბილისში კი არა, ვილნიუსში ვისმენდი, პარლამენტში ლიტვის პარლამენტი იგულისხმებოდა და ბიჭის მონათხრობიც დიდად არ ჰგავდა სარეკლამო კამპანიას.

ამ მომენტში საკუთარი თავი გამოვიჭირე - რატომ გავიფიქრე “ლივინგსტონზე”? რა აქვთ ამ ახალ გაზრდებს ისეთი, რის გამოც ნებისმიერი ექსტრავაგანტური და ეფექტური გეგმის გაგონებისას პირველი მათი სახელი მომდის გონებაში? თან ერთადერთი ნამდვილად არ ვარ - როგორც კი ცუნამის ნიშნები ჩნდება ინტერნეტში, ირგვლივ ყველას “ლივინგსტონი” ეკერება პირზე.

გიორგი ბურჭულაძე, ვახო ვახტანგიშვილი, ლევან ლეფსვერიძე და ირაკლი თევზაძე ახალი თაობის ანტრეპრენიორები არიან. საზოგადოება მათ ყველაზე კარგად ციფრული კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონით” იცნობს. დაარსებიდან შვიდი წლის თავზე თაროებს 69 საერთაშორისო ჯილდო უმშვენებთ, გვერდს - 150 გულანთებული, მოაზროვნე ახალგაზრდა. მათ არსენალშია კიდევ სამი კომპანია და უნიკალური უნარი, დაინახონ სივრცე იქ, სადაც სხვები სიცარიელეს ხედავენ.

ეს კვარტეტი დგას იმ კამპანიების უკან, რომლებზეც ხშირად ვკითხულობთ “ნეტავ ვინ დგას ამ კამ პანიის უკან?

“ყველაფერი 2010 წელს დაიწყო, როდესაც თოლიები ბუდის შენებას ისეთ ადგილას შეუდგნენ, სადაც ტოტებს ვერავინ ხედავდა. დღეს თუ სოციალური მედიის ინდუსტრია საქართველოში საჭიროზე დიდიც კია, მაშინ წამყვანი კომპანიების მარკეტერებიც კი მოკრძალებულად იცნობდნენ ამ ძლევამოსილი მედიუმის შესაძლებლობებს.

“მშობლებს უნდოდათ, ბანკირი გამოვსულიყავი. ჩემი და გიორგის მეგობრები გვირჩევდნენ, რამე ტრადიციულს, ვაჭრობას ან წარმოებას მიაწექითო. ამ დროს ჩვენი სურვილი იყო, ციფრული საკომუნიკაციო სააგენტო შეგვექმნა, თუმცა იმის ახსნაც კი გვიჭირდა მათთვის, თუ რას ნიშნავდა ციფრული სააგენტო”, - ამბობს “ლივინგსტონის” აღმასრულებელი დირექტორი ვახო ვახტანგიშვილი.

მართლაც, ძირძველ მომხმარებლებს გემახსოვრებათ, 2010-ში სულ ორი ქართული გვერდი იყო ფეისბუკზე - “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი” და “ალუჩა”. რა გასაკვირია, რომ ახალგამოჩეკილ თოლიებს კარგა ხანს არ უმართლებდათ თევზაობაში.

“პირველ ოფისში მხოლოდ ერთი სკამი გვქონდა. ჩვენი პირველი პოტენციური კლიენტი რომ მოვიდა, ვუთხარით, თქვენ აქ დაბრძანდით, ჩვენ ფეხზე დგომა გვირჩევნია, ასე უკეთესი იდეები მოგვდისო. მალევე ადგა და წავიდა”, - იხსენებს “ლივინგსტონის” შემოქმედებითი დირექტორი ლევან ლეფსვერიძე.

შემდეგ ერთი უცნაური ამბავი მოხდა. “თიბისი სმარტ კლუბის” გვერდი ახალი ჩაბარებული ჰქონდათ ლივინგსტონელებს და ისე დაუახლოვდნენ ერთ- ერთ მომხმარებელს, რომ მან ბრენდს ჯერ შეყვარებულის შემოსარიგებელი რჩევები მოჰკითხა, სულ მალე კი დაჟინებით მიიპატიჟა საკუთარ ქორწილში.

ასე შეიქმნა “თიბისი სმარტ კლუბის” მასკოტი და პირველი ლივინგსტონური ამბავი - ბანკის პროდუქტი მიდის ქორწილში (როგორც ჩანს, მაშინ ბიჭებმა ძალიან პირდაპირ გაიგეს ფრაზა - “ბრენდი მომხმარებელთან ახლოს უნდა იყოს”). 

ამ ამბავს მოჰყვა სხვა კლიენტების ინტერესი - “მეც რამე მსგავსი გამიკეთეთ”. მალე “ლივინგსტონის” ოფისი უჩვეულო იდეების სამჭედლოდ იქცა: მათ, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდებს, კლიენტები აკითხავდნენ ათასგვარი თავსატეხით, რომლებიც არ იცოდნენ, სად უნდა წაეღოთ.

“ჩვენამდე მოსულ საფიქრალებს რეკლამასთან ხშირად არაფერი ჰქონდა საერთო. დამკვეთებისთვის ჩვენ ვიყავით ჭკვიანი ბიჭები, რომლებსაც შეეძლოთ, ნებისმიერი საკითხისთვის ახლებურად შეეხედათ, - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი გიორგი ბურჭულაძე. - ასე ვათენებდით ღამეებს. აზარტში შესულებმა გვიან შევამჩნიეთ, რომ ბიზნესი ყველა კრიტერიუმით წარმატებით მიგვდიოდა, გარდა მთავარისა - ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ, რომ ფული საერთოდ აღარ გვქონდა”.

თანამშრომლებისთვის ხელფასის დაგვიანება არ შეიძლებოდა, ასეთი იყო “ლივინგსტონის” გუნდის თავდაპირველი დათქმა, სხვა “რა არ შეიძლებასთან” ერთად. “ამიტომ წავედით და მშობლებს გამოვართვით ფული, - აგრძელებს გიორგი ბურჭულაძე. - მძიმე დღე დაგვიდგა: ყველა ეჭვი ერთდროულად მობრუნდა - იქნებ მართლა არ გამოდის ასე ფულის შოვნა? გვეგონა, რომ რაღაც ახლებური გვქონდა ნაპოვნი. ვაქილიკებდით და ვებრძოდით ბიზნესის ძველმოდურ ხედვას, არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ისევ უფროსების, კონსერვატიული გზებით შეგროვებული ფულის სესხება მოგვიწია”.

ეჭვები ფუჭი აღმოჩნდა. დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ცხადია, რომ რაღაც ნამდვილად აქვთ ნაპოვნი. “ლივინგსტონი” უკვე სამი წელია, არა მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში უდიდესი კრეატიული სააგენტოა. მათი ნაშრომების გარჩევებს შეხვდებით ბუდაპეშტის ბიზნესსკოლის აუდიტორიებში თუ Saatchi & Saatchi Paris-ის ოფისში. კვარტეტმა უკვე ზედიზედ ორჯერ მოახერხა სარეკლამო ინდუსტრიის “ოსკარის” - კანის ლომის საქართველოში ჩამოტანა. მიღწევას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად აქცევს ფაქტი, რომ სხვა ქართულმა კომპანიებმა ეს ერთხელაც ვერ მოახერხეს. ბოლო დაჯილდოებაზე მასპინძლებმა პრიზთან ერთად თბილი სიტყვებიც გადმოგვცეს: ქვეყანა, რომლის ზუსტი მდებარეობა, რა დასამალია და, არ ვიცოდით, უკვე მეორე წელია, თავის სიტყვას ამბობსო. “ნატახტარის” პროდუქტ “Old Irish”-ის სარეკლამო ვირუსულ ვიდეოს adsoftheworld.com-ზე მეორე ადგილი უჭირავს ყველა დროის ყველაზე ხშირად ნანახი სარეკლამო რგოლების სიაში. “ლივინგსტონის” ანგარიშზე იწერება ლუდი “34”- ის, “ეკოისტების”, ქართულ პოლიფონიად აჟღერებული Smells Like Teen Spirit-ის ქულებიც. გამოკითხული მარკეტერების აბსოლუტური უმრავლესობა (88%) სააგენტოებს შორის პრიორიტეტს “ლივინგსტონს” ანიჭებს. ეს გარემოებები, ცხადია, ბიზნესპარამეტრებზეც აისახება - სააგენტოს ფინანსური მაჩვენებლები ალბათ რამდენჯერმე აღემატება სხვა კომპანიებისას, რომლებიც საქართველოში იდეებით ვაჭრობენ.

ცალკეა აღსანიშნავი “ლივინგსტონის”, როგორც დამსაქმებლის რეპუტაცია: Marketer. ge-ის გამოკითხვაში, კითხვაზე, “რომელ ქართულ კომპანიაში იმუშავებდი ყველაზე დიდი სიამოვნებით?” სტუდენტების 52% სწორედ “ლივინგსტონს” პასუხობს. მიმზიდველობას ირაკლი თევზაძე შემდეგნაირად ხსნის: “ეს ალბათ იმითაა განპირობებული, რომ ყველას ვუქმნით გარემოს, რათა აკეთონ ის, რაც უყვართ და რისაც სჯერათ. საკუთარი გამოცდილებიდან თუ რამის დასკვნა შეგვიძლია, ესაა - ასეთი გზით ვიარეთ ჩვენ და გვსურს, სხვებსაც იგივე შევთავაზოთ”.

ლევან ლეფსვერიძე იქვე განმარტავს - “თუ ზოგიერთი კომპანიის ძირითადი საშუალებები უძრავი ქონებისგან, მანქანებისა და ტექნიკისგან შედგება, “ლივინგსტონის” მთავარი აქტივი თანამშრომლების ინტელექტუალური რესურსია. ვხვდებით, რომ კომპანიის განვითარების გზა თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე გადის და ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ, იპოვონ საკუთარი განვითარების ფართო გზა”.

თუმცა სარეკლამო სფეროში წარმატება კომპანიის დამფუძნებლებისთვის უმაღლესი მიზანი არ არის. გუნდი საკუთარ ნამოღვაწარში აღმაფრთოვანებელს ვერაფერს ხედავს (რაც შეგვიძლია თავმდაბლობად მივიჩნიოთ), რადგან გაცილებით მეტის სურვილი აქვთ (რაც შეგვიძლია ამბიციურობად მივიჩნიოთ).

ისინი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას არ ახდენენ, როგორც “სარეკლამო” თუ კრეატიული სააგენტოსი. “ლივინგსტონი” თავს ინტელექტუალური ბიზნესის აგენტად მოიაზრებს. დაკვირვებისას ცხადი ხდება, რომ საკუთარ საქმედ მიიჩნევენ ყველაფერს, რაშიც ჭრის უნარი, დაინახო მეტი და დაინახო წინასწარ. მაგალითად შეგვიძლია მოვიხმოთ ტექნოლოგიური ლაბორატორია “ჯეოლაბი”, გუნდის “მუტანტების აკადემია”, რომელშიც პერსპექტიულ ინჟინრებს მოახლოებული ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის ამზადებენ.

“ადგილობრივ ბაზარზე ფეხი რომ მოვიკიდეთ, ვნახეთ, რომ დიდი პროექტების სამართავად კოდერების რაოდენობა არ გვყოფნიდა. თან, როგორც აღმოჩნდა, ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ იყო, - აღნიშნავს კომპანიის ოპერაციების დირექტორი ირაკლი თევზაძე. - ახლაც ძალიან ცოტა წერს კოდს, მაშინ - კიდევ უფრო ნაკლები. სხვა კომპანიებიდან კადრების გადმობირებაზე საინტერესოდ უფრო სტაბილური და ღირებული გადაწყვეტილების მიღება მივიჩნიეთ. ახლა “ჯეოლაბში” გაწვრთნილი პროგრამისტები ჩვენს რიგებსაც ავსებენ და სხვა კომპანიებშიც იწყებენ სამსახურს”.

მესამე ფრონტს ელექტრონული სწავლების პლატფორმა “ნებულა” ჭრის, რომელიც, როგორც მისი დამფუძნებელი გიორგი ჭილაია ამბობს, “საქართველოში განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის დაჰაკვას ისახავს მიზნად”.

კითხვაზე, თუ რამ განაპირობა გუნდის სამოღვაწეო არეალის გაფართოება, ვახო ვახტანგიშვილი პასუხობს: “შემოქმედებისა და რეკლამის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჩვენთვის უცხო საკითხის სათანადო გააზრების შედეგად შეგვეძლო კომპანიებისთვის ახლებური გადაწყვეტილებებით დიდი ღირებულება შეგვექმნა. გარკვეული დროის შემდეგ მივხვდით, რომ პრობლემების გამოსასწორებლად სულაც არ იყო საჭირო, ვინმეს დაევალებინა ამაზე ფიქრი, ჩვენითაც შევძლებდით ამას”.

გუნდის ამ რამდენიმე და სხვა მრავალ წამოწყებას ცოტა, მაგრამ რეალურად უმნიშვნელოვანესი რამ აქვთ საერთო: ყველას ეტყობა სურვილი, გადაჭრან პრობლემები არა გაკვალული გრძელი, არამედ - გაუკვალავი მოკლე გზით. რობოტის ამბის განხილვისას აღნიშნული “ექსტრავაგანტური” ალბათ შეგვიძლია “გაუკვალავს” შევუსაბამოთ, ხოლო “ეფექტური” - “მოკლეს”. თუმცა მთავარი კითხვა ჯერ მაინც პასუხგაუცემელია: მალე დადგება თუ არა დრო, როდესაც ოთხი ანტრეპრენიორი რეალურად ჩამოყალიბდება გლობალური მასშტაბის მოთამაშედ. მართლა ისაუბრებენ თუ არა უახლოეს წლებში “ლივინგსტონის” შესახებ ვილნიუსის პაბში? კომპანიას გლობალური ცნობადობა აქვს, მაგრამ არა იმდენი, მისი დამფუძნებლების მადას რომ ჰყოფნიდეს. გლობალური წარმატების იმედებს ინტელექტუალური ბიზნესის სპეციფიკა იძლევა: ერთადერთი რესურსი, რომელიც ამ სფეროში წარმატებისთვისაა საჭირო, ცოდნაა. ცოდნა კი დღითი დღე უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება მისი მძებნელებისთვის. ამ მომენტისთვის გლობალურ ასპარეზზე ახალგაზრდების გუნდს აქვს წარმატების ყველა წინაპირობა, ხოლო წარუმატებლობის - არც ერთი გამართლება.

სასიამოვნო ფრენას გისურვებთ!

სტატია ინგლისურ ენაზე.

 

წინა სტატია

საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო პლატფორმა განახლდება
01 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

Trade Platform At Georgian Stock Exchange Will Be Renewed
01 მაისი, 2017
“ალიანს ჯგუფი” სამშენებლო დეველოპმენტში მომავლის ტენდენციებს ამკვიდრებს
კომპანიები | მაი, 15, 2017
ახალი ველოსიპედის გამოგონება
ანტრეპრენიორები | მაი, 04, 2017
20 ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 01, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა