ახალი ველოსიპედის გამოგონება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ველოსიპედით გადაადგილებისათვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას იმის გათვალისწინებით, რომ აქ ევროპაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ველოსიპედებთან დაკავშირებული ინოვაცია მაინც სწორედ ამ ქვეყნიდან მოდის. პირველი ქართული ველოსიპედების მაღაზია bikes.ge-ს დამაარსებელი ველოენთუზიასტები ბექა კიკნაველიძე და ლუკა ელოშვილი საქართველოში წარმოებული პირველი ველოსიპედის პროტოტიპის შექმნაზე მუშაობენ. მათმა პროდუქციამ შესაძლოა დიდი ცვლილება შეიტანოს ველოსიპედების გლობალურ ბაზარზე.

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საკუთარ მაღაზია bikes.ge-ში ველოსიპედებით, საბურავებითა და ველოსიპედთან ასოცირებული ყველა შესაძლო გაჯეტებით გარემოცული და სკამზე მოკალათებული ბექა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი მთლიანად თავის სამყაროშია.

“საკუთარი ველოსიპედის შექმნის სურვილი 12 წლის ასაკიდან მქონდა, - ჰყვება პროფესიონალი მთის ველოსპორტსმენი და პირველი ქართული ველოსიპედების მაღაზიის თანამფლობელი თავისი ინოვაციური პროდუქტის შესახებ. - ასე დავიწყეთ პატარა ნაწილის დიზაინზე მუშაობა და საბოლოოდ მთლიანი ჩარჩო შევქმენით”.

თავის ახლო მეგობართან და ასევე ველოსპორტსმენ ლუკასთან ერთად ორი მაღაზიის ფლობის რამდენიმე წლის თავზე პარტნიორები მიხვდნენ, რომ ქართველ მომხმარებელს გასაოცრად მწირი არჩევანი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბექამ ველოსიპედების მწარმოებელ რამდენიმე წამყვან კომპანიასთან ექსკლუზიური ხელშეკრულების გაფორმება შეძლო, მისი თქმით, შეუძლებელია ერთ მაღაზიაში ველოსიპედების დიდ არჩევანს მოუყარო თავი. “ამისათვის რამდენიმე ასეული მოდელი უნდა გქონდეს, რასაც ძალიან დიდი სივრცე დასჭირდება”, - ამბობს ბექა.

და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ინდივიდუალურ მოთხოვნებს მორგებული ქართული მთის ველოსიპედი შეექმნა, რომლის შეკვეთაც ონლაინ იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ველოსიპედის წარმოების დაწყება 2017 წლის ივლისის დასაწყისისთვის იგეგმება, მისი ავტორები დამატებით უკვე მუშაობენ ისეთი მოდელების პროექტირებაზე, როგორიც არის, მაგალითად, საბავშვო ველოსიპედები.

“საბავშვო ველოსიპედის დიზაინი ძალზე მარტივია, - გვიხსნის ლუკა, რომელიც კომპანიაში მარკეტინგის დირექტორის ფუნქციას ასრულებს, - ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჭკვიანური იქნება, თუკი მისი შექმნისას ჩვენი ინოვაციური მთის ველოსიპედის პროტოტიპს დავეყრდნობით, ვიდრე ახალი მოდელების შექმნაზე დავიწყებთ მუშაობას”, - ბექა ამატებს, რომ ისინი ასევე გეგმავენ ჰოლანდიური მოდელის ველოსიპედებისა და შესაძლოა კიდევ სხვა მოდელების დიზაინის შექმნასა და წარმოებას. ახალი პროდუქტის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი ონლაინრეჟიმში შეძლებს მისთვის სასურველი მახასიათებლების შერჩევას და ამგვარად მისი ოცნების ველოსიპედის შექმნას.

თუმცა ველოსიპედის სრულად პერსონიზებული ასპექტი მისი ყველაზე ნაკლებად ინოვაციური მხარეა. ბექა განმარტავს, რომ მთის ველოსიპედების სამყაროში არსებობს საბურავების სამი ძირითადი ზომა და, როგორც წესი, მათგან მხოლოდ ერთი მოერგება თქვენს ველოსიპედს. ბექასა და ლუკას მიერ შექმნილ ველოსიპედს კი შეგიძლიათ ამ სამი ზომის საბურავიდან ნებისმიერი მოარგოთ, რის გამოც ის მსოფლიოში პირველი მთის ველოსიპედი იქნება, რომელიც სამ სხვადასხვა ველოსიპედად გარდასახვის საშუალებას იძლევა.

დანარჩენი ველოსიპედებისაგან განსხვავებით, რომელთა საბურავის შეცვლა სპეციფიკურ ინსტრუმენტებს საჭიროებს, ლუკასა და ბექას მიერ შექმნილი ველოსიპედის საბურავის შეცვლა სულ რაღაც ხუთ წამშია შესაძლებელი. ეს კი ახალგაზრდა ანტრეპრენიორების მიერ შექმნილი ველოსიპედის ყველაზე ინოვაციურ და სასარგებლო მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს. ბექას ახლო მეგობარი, პროფესიით არქიტექტორი ნიკოლოზ მჭედლიძე აქტიურად იყო ჩართული ველოსიპედის დიზაინისა და მოდელირების პროცესში და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ველოსიპედის შექმნისას.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უცნობია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ვიღაცამ საქართველოში ველოსიპედის შექმნა.

ბექა და ლუკა არ არიან ჩვეულებრივი მილენიალები. მათ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს კუს ტბის გარშემო მდებარე ტყეში, სადაც ორივე ველოტრიუკებს ასრულებდა. საერთო გატაცების წყალობით ისინი უმალ დამეგობრდნენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბექამ ჯერ ველოსიპედის ტარება ისწავლა და შემდეგ უკვე სიარული და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მამას, რომელიც ასევე მთის ველოსპორტის მხურვალე მიმდევარია. ბექა 12 წლის იყო, ველოსპორტსმენთა საზოგადოების დაარსება რომ განიზრახა, ის ასევე youtube-ზე ტვირთავდა ველოსპორტის გაკვეთილებს და ჯერ კიდევ ტინეიჯერმა დაიწყო ველოსპორტში საერთაშორისო შეჯიბრებების ორგანიზება საქართველოში.

სწორედ მის მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი შეჯიბრისას შეძლო თავისი პირველი მაღაზია bikes.ge-ს გასახსნელად საჭირო ინვესტიციის მოძიება.

“ჩემ მიერ საქართველოში ორგანიზებული საერთაშორისო სამთო ველორბოლის მსვლელობისას ერთ- ერთ ისრაელელ მონაწილეს ველოსიპედის საბურავი ჩაეფუშა - მიყვება ბექა. - მან მკითხა, სად შეიძლებოდა მის შესაკეთებლად საჭირო ნაწილების შეძენა. როდესაც ვუპასუხე, რომ ამ ნაწილების შეკვეთა მხოლოდ Amazon-ით იყო შესაძლებელი, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა”. ამ ინციდენტის შემდეგ მალევე, ველორბოლის მონაწილემ ბექას დახმარება შესთავაზა საკუთარი ველოსიპედების მაღაზიის გახსნაში. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა. საბურთალოზე პირველი წარმატებული მაღაზიის შემდეგ ბექამ ამჯერად ვაკეში გახსნა მეორე ფილიალი.

მაგრამ ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო მსოფლიოში პირველი სამმაგი ველოსიპედის სამშობლო გახდეს. სწორედ ამ მიზნით, ლუკამ და მან შექმნეს ახალი კომპანია, სადაც ბექა სრული მფლობელი, ხოლო ორივე მათგანი თანადამფუძნებლები არიან.

“თიბისი ბანკმა” კარგად გააცნობიერა ბექასა და ლუკას მიერ შექმნილი ველოსიპედის მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ გამოუყო მათ ადგილი თავის ახლად შექმნილი სტარტაპების ინკუბატორის პროგრამაში, რომ აღარაფერი ვთქვათ კიდევ რამდენიმე ღვთისნიერ მცირე ინვესტორზე, მათ შორის პროფესიონალ მთის ველოსპორტსმენზე ისრაელიდან, რომელთაც უკვე განახორციელეს ინვესტიცია bikes.ge-ში.

ორივე პარტნიორი იზიარებს იმ აზრს, რომ სტარტაპებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა ფინანსური ასპექტია. “არცთუ ისე იოლია ინვესტორების მოძიება, - ამბობს ბექა, - განსაკუთრებით ისეთი ინვესტორების, რომლებიც გრძელვადიანი ინვესტიციებით იქნებიან დაინტერესებული”.

შედეგად, კომპანიის ორი დამფუძნებელი გეგმავს, თავდაპირველად ველოსიპედები საზღვარგარეთ დაამზადოს. “უბრალოდ, ქვეყნის გარეთ მისი წარმოება უფრო იაფია”, – მეუბნება ლუკა, ბექა კი დასძენს, რომ ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო პოლიტიკა არ უწყობს ხელს შიდა პროდუქციის წარმოებას. “ჩვენ ცალკე გადასახადის გადახდა გვიწევს თითოეული საზღვარგარეთ შეკვეთილი ნაწილისათვის. როდესაც ველოსიპედის ასაწყობად რამდენიმე ნაწილის შეკვეთა გიწევს, ეს კიდევ უფრო ზრდის ხარჯებს”, - განმარტავს იგი და დასძენს, რომ გერმანიასა და კიდევ სხვა ქვეყნებში ასეთი მცირე დეტალები გადასახადისაგან თავისუფალია.

მიუხედავად ამ მცირე დაბრკოლებებისა, პირველი ქართული დიზაინით შექმნილი ველოსიპედის მომავალი იმედისმომცემია. ასევე იგეგმება: საქართველოში ველოსიპედების ქარხნის გახსნა, ძალიან მალე ახალი ლოგოსა და სახელწოდების მოფიქრება; მზად არის რეგიონში ექსპორტის წარმოების კარგად გააზრებული გეგმა და ნელ- ნელა შედეგი გამოაქვს ბიზნესპარტნიორების მხურვალე სურვილს, შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება და მიდგომა ზოგადად ველოსიპედის მიმართ.

“ხალხს ბოლომდე არ ესმის, თუ რაოდენ სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის ველოსიპედით გადაადგილება - იქნება ეს ველოსპორტი თუ უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება”, - ამბობს ბექა. თავად ბექამ 18 წლის ასაკიდან დაიწყო ველოსიპედით როგორც სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა.

თუ არ ჩავთვლით ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც ბექასა და ლუკას ველოსიპედით გადაადგილება ადამიანებში ღიმილს იწვევს, ორივე მათგანი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის მენტალიტეტი ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იცვლება. “ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა მერსედესისა და ჯიპის ნაცვლად ველოსიპედზე იოცნებონ”, - სიცილით ამბობს ბექა.

წინა სტატია

ახალი სახლი აუქციონზე
04 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

რომელი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები იზრდება ყველაზე მეტად
04 მაისი, 2017
20 ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 01, 2017
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმა საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 04, 2017
პიარი "ჰაი ჰილსებზე"
Forbes Woman | ივლ, 06, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა