ქართული ღვინო შეყვარებული გერმანელისგან

ზამთარს დაუტყვია ხელი კახეთისთვის. ალბათ მალე ჩამოთოვს კიდეც. კახეთისკენ მიმავალ გზაზე მანქანის ფანჯრებიდან ხეებზე აქა-იქ შემორჩენილი კარალიოკები თვალსა და ხელს შუა ქრება. ცაც გაურკვეველი ფერისაა, ზამთრის ფერის. თელავისკენ მივდივართ. უფრო ზუსტად, სოფელ კისისხევში, თელავიდან ხუთ კილომეტრში, ბურკჰარდ შუხმანთან. ჩემმა მეგობრებმა რომ გაიგეს, საითაც მქონდა გეზი აღებული, დანანებით თქვეს: „ეჰ, დალევდა კაცი ახლა შუხმანის „მუკუზანსო". რაკიღა ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, დიდად ვერ ვერკვევი ღვინოებში, და მათ ამის შესახებ, რაღა თქმა უნდა, იციან, დამარიგეს კიდეც, ისე არ წამოხვიდე, „კაბერნე სოვინიონს" რომ არ გაუსინჯო გემოო... მოკლედ, მეგობრებისგან დაკვალიანებული და კავკასიონის ქედის დათოვლილი ხედით კიდევ ერთხელ აღფრთოვანებული მივადექი შატო „ვინოტერას". ღვინის სურნელი და სიმშვიდე, ეს იყო პირველი შეგრძნება, რაც მანქანიდან ფეხის გადმოდგმისთანავე დამეუფლა. ჩემგან ხელმარცხნივ მოწითალო ქვით ნაშენი სასტუმრო, რესტორანი და იქით ღვინის საწარმო მოჩანს. ჩემ წინ - პატარა ვენახი; მარცხნივ - კავკასიონის დათოვლილი ქედი... მოკლედ, ადგილი, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ თან დაისვენო, თან ღვინო დააგემოვნო და თან საოცარი ხედებით დატკბე:

- კარგი ადგილია, ვეუბნები ფოტოგრაფს, რომელსაც მანქანიდან ფოტოსესიისთვის საჭირო ტექნიკა გადმოაქვს.

- ჰო. წესით, კარგი ფოტოებიც უნდა გამოგვივიდეს, მპასუხობს.

იმედია, ინტერვიუც კარგი გამოგვივა. კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, ნუცა აბრამიშვილი, ეზოში გვხვდება. ინტერვიუს დეტალებს სწორედ მასთან ვაზუსტებთ: „ბატონი შუხმანი მეორე სართულზე გელოდებათ", - გვეუბნება და რესტორნისკენ მიგვიძღვის. ქვით მოპირკეთებულ რესტორანში, მოწნული სავარძლის სახელურზე, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ჭაღარა კაცი ზის. ჩვენი დანახვისთანავე ფეხზე დგება და ინგლისურად, თუმცა გერმანული აქცენტით, გვესალმება, ხელს გვართმევს და აგიზგიზებული ბუხრისკენ გვეპატიჟება:

- უკვე აცივდა, ალბათ აჯობებს, ბუხართან ახლოს ვისაუბროთ, - მეუბნება და ქურთუკს მართმევს.

72 წლის ბურკჰარდ შუხმანი მშვიდად ელის, სანამ მე ხმის ჩამწერს გადავამოწმებ, ყურსასმენებს გავიკეთებ და კიდევ უფრო მშვიდად იღიმის. ინტერვიუს მიწურულსღა შევამჩნიე, რომ ეს ღიმილი საუბრის ბოლომდე არ მოშორებია სახიდან. ეტყობა, რომ აქ, კისისხევში, ის ბედნიერია.

გზა კახეთამდე

ბურკჰარდ შუხმანი გერმანელია: „იცი, რომელი ქალაქიდან ვარ? დორტმუნდიდან. იმ ქალაქიდან, საიდანაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი საფეხბურთო გუნდი „ბორუსიაა", - ამაყად მეუბნება ბურკჰარდი და აშკარა დასტურს ელის, რომ დავუქნიო თავი და დავეთანხმო, რომ დორტმუნდის „ბორუსია" მართლაც მაგარი გუნდია. მეც არ ვახანებ, მეგობარი მყავს ბუნდესლიგის თავგადაკლული ფანი და ისიც კი ვიცი, რომ დორტმუნდში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი აქვთ. ჩემი პასუხით აღფრთოვანებული ჰერ შუხმანი კიდევ უფრო დიდი გატაცებით აგრძელებს ლაპარაკს. და ყველაფერს რომ ქრონოლოგიურად მივყვეთ, მაშინ გეტყვით, რომ მას არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონია ღვინოსთან...

ის 25 წლის მანძილზე გერმანიის რკინიგზის სამრეწველო მენეჯერი იყო. 2005 წლის ბოლოს, 64 წლის ასაკში, გადაწყვიტა, რომ აქტიური კარიერისთვის თავი დაენებებინა და რაიმე სხვა საქმისთვის მოეკიდა ხელი. ეს სხვა საქმე კი ღვინო გამოდგა: „წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ თუკი გამომიჩნდებოდა ცოტა მეტი დრო და ფული, აუცილებლად გავაკეთებდი რაიმეს ღვინის სფეროში და, საბედნიეროდ, ასეც გამომივიდა. სამსახურიდან რომ წამოვედი, ეკონომიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრა გავმართე. ერთ-ერთმა მკითხა, ახლა რას გააკეთებო? ვუპასუხე, შეიძლება ღვინის ბიზნესს მოვკიდო-მეთქი ხელი. მათ ისევ მკითხეს: სად? და მე ვუპასუხე, იქნებ სამხრეთ აფრიკაში, იქნებ არგენტინაში, ან იქნებ საქართველოშიც კი", - იხსენებს ბურკჰარდი და მიზეზსაც მიხსნის, თუ რატომ ახსენა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველო:

„სარკინიგზო კომპანიაში წარმოშობით ქართველი კონსულტანტი მყავდა. ის მიყვებოდა ხოლმე საქართველოს შესახებ და არაერთხელ უთქვამს, რომ ქართველებს საოცარი ღვინო აქვთ. მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი, მაგრამ საქართველოში არასდროს ვიყავი ნამყოფი. მოკლედ, ძალიან დამაინტერესა თქვენმა ქვეყანამ, მაგრამ სანამ საქართველოში წამოსვლას და აქ ღვინის ბიზნესის წამოწყებას გადავწყვეტდი, ჯერ მაინც სამხრეთ აფრიკას ვეწვიე. დავათვალიერე იქაური ვენახები, ღვინის არაჩვეულებრივი ქარხნები და მივხვდი, რომ იქ საინტერესოს ვერაფერს გავაკეთებდი. მათ უკვე ყველაფერი ჰქონდათ. თითქმის ანალოგიური მდგომარეობა დამხვდა არგენტინაშიც. და რაც ყველაზე მთავარია, ორივე ქვეყანა საკმაოდ შორს არის ევროპისგან. ამიტომაც დიდხანს აღარ მიფიქრია და 2006 წელს ჩემს ქართველ მეგობართან ერთად საქართველოში ჩამოვედი".

ბურკჰარდი ჯერ რაჭაში ჩავიდა, მოინახულა აჭარის მაღალმთიანეთი, ბოლოს კი კახეთს ეწვია: „წარმოუდგენელია, ნახო ალაზნის ველი, კავკასიონის დათოვლილი ქედი, ეს გასაოგნებელი პეიზაჟი და არ თქვა, რომ ეს შენი ქვეყანაა. სწორედ ასე დამემართა", - ამბობს ჰერ შუხმანი და მეკითხება:

- შენ გჯერა ერთი ნახვით შეყვარების?

- მგონი, არ მჯერა, ვპასუხობ.

- მე კი მჯერა. მე ეს ადგილი ერთი ნახვით შემიყვარდა.

ბურკჰარდის თქმით, საქართველოს კიდევ უფრო მეტ ხიბლს ისიც სძენს, რომ აქ კარგად იგრძნობა ნამდვილი ევროპული და ამასთანავე აღმოსავლური კულტურის საოცარი ნაზავი: „მივხვდი, რომ თუკი ინვესტიციას ამ ქვეყანაში განვახორციელებდი, ეს ძალიან მოგებიანი საქმე იქნებოდა ჩემთვისაც და ამ ქვეყნისთვისაც. მშვიდად ვიგრძენი თავი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. თითქმის მთელი საქართველო შემოვიარე და არასდროს არანაირი პრობლემა არ შემქმნია ამ მიმართულებით"...

ესეც ასე. ჰერ შუხმანმა „შეყვარებულ" ადგილს მიაგნო. ახლა მთავარი იყო ვენახი და კიდევ უფრო მთავარი, საჭირო ხალხი ეპოვა - პროფესიონალები, რომლებიც ღვინის წარმოებაში დაეხმარებოდნენ. მას ხომ ამ სფეროში არასდროს არანაირი გამოცდილება არ ჰქონია.

ვენახი, საუკეთესო მეღვინე და შატო

2006 წელი. ეს ის დროა, როდესაც რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო ქართულ ღვინოს ემბარგოს უწესებს. „როსპოტრებნადზორი" ქართულ ღვინოს რუსული ბაზრიდან ერთი ხელის მოსმით აქრობს. ქართული ღვინო, ქართველი მეღვინეები, ღვინის კომპანიები ურთულეს მდგომარეობაში არიან. მათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი დაკარგეს... ბურკჰარდს სწორედ ასეთი გარემო დახვდა საქართველოში. თუმცა, როგორც ის მეუბნება, სწორედ რუსეთის მიერ დაწესებულმა ემბარგომ მისცა მას შანსი, დიდი ფართობის ვენახები შედარებით იაფად შეეძინა და ასეც მოიქცა:

„თავდაპირველად შევიძინე 50 ჰექტარი ვენახი კისისხევიდან 20 კილომეტრში, შემდეგ ვიყიდე 15 ჰექტარი სოფელ შილდაში. ვიყიდე 50 ჰექტარი თავისუფალი მიწაც. მაგრამ დავრჩი ჩემს ყურძენთან და ვენახთან ერთად მარტო და დავფიქრდი, ახლა როგორ მოვიქცე? ყურძენს მოვლა სჭირდება, მოვლას ცოდნა, მე კი არაფერი გამეგებოდა ამ საქმის. ამჯერად მეღვინეების ძებნა დავიწყე", - მიყვება ბურკჰარდი და როგორც ზღაპრის კითხვისას თეთრწვერა ბაბუები, ისიც ბუხარს უფიცხებს ხელებს და როგორც ჩანს, მისთვის ყველაზე საინტერესო მომენტს ადგება: სიამოვნებით ისვამს ხელს ჭაღარა, პედანტური სიზუსტით შეჭრილ წვერზე და აგრძელებს:

„აი, სადაც ახლა მე და შენ ვსხედვართ, სწორედ ამ ადგილას მოვედი. აქ ერთი ძალიან ძალიან ძველი სახლის, ერთი მარნისა და ერთი სადეგუსტაციო ოთახის მეტი არაფერი იყო. მეპატრონე მოვიკითხე. ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, გულღია და პატიოსანი ღიმილით. ვუთხარი, 50-60 ჰექტარი ვენახი მაქვს, შეგიძლია ამით ღვინო გააკეთო-მეთქი? კიო, მითხრა მან და იქვე კითხვა დამიბრუნა, ამ ტერიტორიასაც ხომ არ იყიდიდითო. რა თქმა უნდა, ასე დაუფიქრებლად ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. ჩემს გერმანელ მეგობრებს, ღვინის წარმატებულ პროფესიონალებს ვკითხე აზრი, შევაფასებინე მდგომარეობა, ისინი პირადად გაესაუბრნენ ამ ტერიტორიის მეპატრონეს და, როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, საუკეთესო მეღვინეს საქართველოში, გიორგი დაქიშვილს და მათ მითხრეს, თუკი შენ ამ ადამიანს მეღვინედ დაიქირავებ, ფანტასტიკურ შედეგს მიიღებო", - და ჰერ შუხმანს ბევრი აღარ უფიქრია. მან კისისხევში, კავკასიონის დათოვლილი ქედის ხედით ტერიტორია შეიძინა, დაიქირავა დიზაინერები და არქიტექტორები და შატოს მშენებლობა დაიწყო. სწორედ შატოს მშენებლობას დაემთხვა 2008 წლის აგვისტოს ომი. იმ დღეებში ბურკჰარდ შუხმანი გერმანიაში იმყოფებოდა, თუმცა ომის დასრულების მეორე დღესვე საქართველოში ჩამოფრინდა: „მაშინ ვიფიქრე, ღირდა კი აქ საქმის წამოწყება, დიდი რაოდენობის ინვესტიციის ჩადება, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ თუკი მე სრულიად დამოუკიდებელი კომპანია მექნებოდა, მას ვერავინ შეეხებოდა და საქმეც განვაგრძე", - იხსენებს შუხმანი.
შატოს მშენებლობა, რომელიც სასტუმროს, რესტორანს, მარნებსა და ღვინის ქარხანას მოიცავს, 2009 წლის დასაწყისში დასრულდა. სწორედ მაშინ ჩამოისხა პირველი ღვინო „ვინოტერა".

შუხმანის ღვინო უცხოურ ბაზარზე

კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიამ", რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ღვინო ქართულ და გერმანულ ბაზრებზე შეიტანა. როგორც ბურკჰარდი მეუბნება, დასაწყისისთვის ესეც საკმარისი იყო, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ კომპანიის განვითარებისათვის ეს არ კმაროდა და ღვინის გატანა ავსტრიასა და შვეიცარიაში დაიწყეს. დღესდღეობით შუხმანის ღვინოები წარმოდგენილია რუსეთში, უკრაინაში, დასავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ჩინეთსა და აშშ-ში, ძირითადად - ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. „შუხმან ვაინს ჯორჯიას" გერმანიაში ოფიციალური იმპორტიორი კომპანიაც აქვს დარეგისტრირებული.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ბურკჰარდ შუხმანი მეუბნება, რომ კომპანია კიდევ უფრო მეტი და მეტი ბაზრის დაპყრობას ცდილობს: „ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ღვინის შეტანა ჩინურ ბაზარზე. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარია. გინდათ, გითხრათ ჩვენი კომპანიის მთავარი ფილოსოფია? ჩვენი ფილოსოფიაა, არასდროს ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე. ამ თვალსაზრისით საქართველოს საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს რუსულ ბაზართან დაკავშირებით. ჩვენ კი ამ მიმართულებით არასდროს შეგვექმნება პრობლემა. თუკი ჩვენთვის რომელიმე ბაზარი ამა თუ იმ მიზეზის გამო დაიკეტება, ეს ჩვენ პრობლემად არ გვექცევა. ეს არის მიზეზი, რისთვისაც ვეძებთ დიდ ბაზრებს. დავკარგავთ რომელიმეს? მერე რა, სამაგიეროდ სხვა ბაზრები გვრჩება", - სიამაყით და იმედიანად ამბობს ბურკჰარდი და თან წითელ ღვინოს წრუპავს.

- და მაინც, როგორ ახერხებთ ამ ბაზრების დაპყრობას, მათ დათანხმებას? ეს ხომ ადვილი საქმე არ არის? - ვეკითხები მას. ის კი მშვიდად მპასუხობს:

„25 წელი ვმუშაობდი კომპანიაში, რომელსაც ჰქონდა აქტიური ურთიერთობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან და შედეგად ვყიდდით შთამბეჭდავი რაოდენობის სარკინიგზო ტექნიკას. როგორც წესი, ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე მე ვიყავი. კარგი გამოცდილება დამიგროვდა იმისა, თუ როგორ უნდა მივყიდო სხვადასხვა ქვეყანას ესა თუ ის პროდუქცია და ამ შემთხვევაში, სფეროს არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, შენ რა შეგიძლია, მთავარია, შენ როგორ იქცევი. აი მაგალითად, მე ვიცი, როგორ უნდა შევთავაზო ჩინელს ჩემი პროდუქტი. როგორ უნდა მოვიქცე, მაგალითად, შეხვედრებზე. ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეიძლება მიხვიდე და უთხრა: ეი, ბიჭებო, აი ჩემი ღვინო, ეს ჩემი ფასია, აბა, რას ფიქრობთ? სხვა ქვეყნებში კი ეს პროცესი სხვანაირად უნდა წარმართო - სადილი გამართო, დალიო მათთან ერთად ჩაი, წითელი ღვინო, ისაუბრო სხვადასხვა საინტერესო თემაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, თუნდაც ლიტერატურაზე და თან შენი პროდუქტი შესთავაზო. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ასეთი გამოცდილება არა აქვს, ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, მაგრამ ჩემთვის - არა", - მეუბნება შუხმანი.

72 წლის ბურკჰარდ შუხმანი დღესაც აგრძელებს მუშაობას ერთ-ერთ ესპანურ სარკინიგზო კომპანიაში. ის კომპანიის ვიცე-ხელმძღვანელია და, შესაბამისად, მას დღესაც აქტიურად უწევს შეხვედრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან: „ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ მათ ვეუბნები ხოლმე: „სხვათა შორის, მე ძალიან მაგარი ღვინის მწარმოებელიც ვარ. ისინი აუცილებლად ინტერესდებიან ამ წინადადებით. სწორედ ასეთი გზით შევიტანეთ ჩვენი ღვინო არაერთ უცხოურ ბაზარზე. ჩინეთის ერთ-ერთი სარკინიგზო კომპანია ჩვენი მთავარი კლიენტია. სხვადასხვა საქმის შერწყმა უნდა შეგეძლოს ერთი მიზნისთვის და ყველაფერი გამოვა", - ასე ფიქრობს ბურკჰარდ შუხმანი.

სწორედ ამიტომ არ გაუჭირდა მას სხვა ქართული კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ღვინის კომპანიებს საქართველოში კარგად იცნობდნენ, შუხმანის თქმით, ისინი მარკეტინგის განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ მოიკოჭლებდნენ. „შუხმან ვაინს ჯორჯიას" კი სწორედ ეს უპირატესობა ჰქონდა.

მაღალი ხარისხი, რომელიც არასდროს შეიცვლება

- შეგიძლიათ ორი სიტყვით მითხრათ, რატომ უნდა ვიყიდო თქვენი ღვინო? - ვეკითხები ბურკჰარდს.
- იმიტომ, რომ უკეთესს ვერ იპოვით, - მპასუხობს დაუფიქრებლად.

„ჩვენ თავიდანვე ჩავიფიქრეთ, რომ ჩვენი ღვინო ყოველთვის უმაღლესი ხარისხის იქნებოდა და ეს ხარისხი არასდროს, არც ერთი საფეხურით არ დაიწევდა. და ეს ასეც არის. სამწუხაროდ, ხშირია, როდესაც რომელიმე კომპანია ერთ წელს ძალიან კარგ ღვინოს აწარმოებს, მაგრამ მომდევნო წელს მისი ღვინო მაღალ სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებს. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ღვინოს ეს საშიშროება არასდროს დაემუქრება", - დარწმუნებით ამბობს ბურკჰარდ შუხმანი.

„ღვინის წარმოება ოთხი წლის წინ დავიწყეთ და დღესდღეობით ჩვენი ღვინო ქვეყნის მასშტაბით უკვე ძალიან კარგად არის ცნობილი და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი პროდუქციის რეკლამისთვის თითქმის არაფერი დაგვიხარჯავს. ეს ყველაფერი სიტყვის ხარჯზე მოხდა. მოდიოდნენ ადამიანები, სინჯავდნენ ჩვენს ღვინოს, მერე მიდიოდნენ და ამბობდნენ, იცით, შუხმანი ძალიან მაგარ ღვინოს ასხამსო. მომავალი წლისთვის გათვლილი გვაქვს, რომ 1 200 000 ბოთლი ჩამოვასხათ. 2013-ში 700 000 ბოთლი ჩამოვასხით, 2012 წელს - 300 000-ზე ნაკლები. ხედავთ, როგორი პროგრესით იზრდება ჩვენი წარმოება წლიდან წლამდე?" - ამბობს ჰერ შუხმანი და ფუჟერში ჩამოსხმულ წითელ ღვინოს ბუხრიდან გამოსულ სინათლეზე გაჰყურებს.

კომპანიის წარმატების კიდევ ერთი მიზეზი დაახლოებით ასე ჟღერს: „სადაც მიდიხარ, იქაური ქუდი დაიხურეო"... „სიტუაციას უნდა მოერგო, სხვანაირად არ გამოვა. ჩემთვის ძალიან რთული იყო ქართველი ადამიანების ბუნების შეცნობა, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ მე თავად უნდა გავმხდარიყავი ნახევრად ქართველი და ჩემი ქართველი თანამშრომლები ნახევრად გერმანელებად უნდა ქცეულიყვნენ. მე უნდა მეფიქრა და მეოცნება ქართულად და ასეც მოვიქეცი", - მეუბნება ბურკჰარდი.

თავისუფალი ადამიანებით შექმნილი ძლიერი გუნდი

დღესდღეობით კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიაში" 37 ადამიანია დასაქმებული. კომპანია რთვლის პერიოდში დამატებით 100- დან 120 ადამიანს ქირაობს. ყველა დასაქმებული ქართველია, მეუბნება შუხმანი, თუმცა ერთ პრობლემაზეც მიუთითებს: „როგორც შევატყვე, საქართველოში ძირითადად თეორიული ცოდნა აქვთ, პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები კი იშვიათად მოიძებნებიან. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ მიზნად დავისახე თანამშრომლების გადამზადება, მით უმეტეს, რომ ჩვენი შატო დასავლური სტანდარტების მქონე უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი, ამ ტექნიკის ამუშავებას კი სათანადო ცოდნა სჭირდება. საზღვარგარეთიდან მოვიწვიეთ სპეციალისტები, რომლებმაც თანამშრომლებისათვის ინტენსიური გადამზადების კურსი ჩაატარეს და საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი ნამდვილი პროფესიონალებით დაკომპლექტდა", - მეუბნება ჰერ შუხმანი, რომელიც აღტაცებით საუბრობს თავის თანამშრომლებზე და იმასაც სიამაყით მეუბნება, რომ კომპანიის მენეჯმენტი, რომელიც სამი წარმატებული ქართველი მენეჯერით არის დაკომპლექტებული, კომპანიის მართვას მის გარეშეც არაჩვეულებრივად გაართმევს თავს: „ეს აუცილებლად უნდა გითხრა, დღესდღეობით მე მხოლოდ კომპანიის მფლობელი და კონსულტანტი ვარ. კომპანიას სამი საოცარი ადამიანი, გიორგი დაქიშვილი, როლანდ ბოდიაშვილი და ნუცა აბრამიშვილი მართავენ და იცი, რა არის ჩემი მთავარი მიღწევა? დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები კომპანიის მართვას ჩემ გარეშეც წარმატებით მოახერხებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისათვის. ისინი არ არიან დამოკიდებულნი ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე. და კიდევ ერთი, ჩვენ არ გვყავს უცხოელი ინვესტორი. არავის არ შეუძლია გვიკარნახოს, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იყო დრო, რომ გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა ინვესტორი, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ მათ სულ სხვა იდეები ჰქონდათ, მათ უნდოდათ საქმეში ფულის ჩადება, მოგების ნახვა და წასვლა. ეს კი არ არის ჩვენი ინტერესი. ჩვენ ყოველთვის დამოუკიდებლები ვიქნებით, როგორც ერთი ოჯახი, ოჯახურად მოაზროვნე გუნდი", - მეუბნება ბურკჰარდ შუხმანი.

მომავალი - ჰოლდინგი „შუხმანი"

დღესდღეობით კომპანიის წლიური ბრუნვა 5-6 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის მფლობელობაშია 100 ჰექტარი ვენახი. შუხმანის ღვინისთვის ყურძენი ნაფარეულში, კისისხევსა და შილდაში გაშენებულ ვენახებში იკრიფება და ის აწარმოებს ორი ტიპის ღვინოს - ევროპულსა და ტრადიციული წესით დამზადებულს: „ჩვენი ღვინო ყველანაირი გემოვნების ადამიანს მოერგება. გვაქვს მსუბუქი, არომატული საზაფხულო და ასევე ხალისიანი წითელი ღვინოები. ამასთანავე ვაწარმოებთ ძვირფას, ოქროს ხაზის ღვინოებს განსაკუთრებული, გურმანი მომხმარებლისათვის - ეს ის ღვინოებია, რომელთაც უფრო მეტი სიღრმე და ფიქრი სჭირდებათ. „ვინოტერას" 2006 წლის ქისი (Wine Expo Georgia 09-ის გამარჯვებული) და 2005-ის საფერავი (Mundus Vini-ს ოქროს მედლის მფლობელი) სწორედ ამ კატეგორიის ღვინოებს განეკუთვნება", - ამბობს შუხმანი.
რაღა თქმა უნდა, შუხმანი კვლავაც გეგმავს ღვინის წარმოების გაზრდას. მომავალი წლისთვის კი ის ჭაჭის წარმოების გაზრდასაც აპირებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის...

გარდა იმისა, რომ „შუხმან ვაინს ჯორჯია" ძირითადად ღვინის მწარმოებელი კომპანიაა და მისი ძირითადი პროდუქტი ღვინოა, კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი სექტორია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. უფრო კონკრეტულად კი - ღვინის ტურიზმი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი ყველაფერს აკეთებენ საქართველოში ღვინის ტურიზმის განსავითარებლად: „ჩვენი შატო იყო პირველი, რომელიც სთავაზობდა ტურისტებს დახვეწილი სერვისის ღვინის ტურიზმს. აქ ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ და აქვთ დააგემოვნონ უგემრიელესი ღვინო, გასაოცარი ქართული თუ უცხოური კერძები... ჩვენ გვაქვს დასასვენებელი კომპლექსი, სასტუმრო რვა ნომრით, რესტორანი. ტურისტებს ვთავაზობთ სხვადასხვა სერვისს: ღვინის დეგუსტაციები, ნადირობა, თევზაობა, კულტურული ტური - ყველაფერს მოვიცავთ, რაც კი შეიძლება ტურისტს კახეთში აინტერესებდეს", - ამბობს შუხმანი და განსაკუთებული სიამაყით აგრძელებს ლაპარაკს მარნებზე: „სამი ქვევრის მარანი გვაქვს 100-ზე მეტი ქვევრით. ქვევრის ღვინო კი ძალიან აინტერესებთ ტურისტებს. შეიძლება ითქვას, რომ ქვევრის ღვინის წარმოების თვალსაზრისით, ჩვენ წამყვანი მწარმოებელი ვართ საქართველოში ", - ამბობს ის და განაგრძობს:

„როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ხარისხზე, ეს აისახება ჩვენს ტურისტულ კომპლექსზეც. ამ ტერიტორიაზე ჩვენ ვაპირებთ ახალი სასტუმროს აშენებას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა ღვინისა, ვიყოთ ძლიერები სოფლის მეურნეობასა და ტურიზმშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია" უახლოეს მომავალში წარდგება როგორც სხვადასხვა ბიზნესის მქონე ჰოლდინგი. ჩვენ შევქმნით ძლიერ ქართულ ბრენდებს შევქმნით და შემდეგ ამ ბრენდებს საზღვარგარეთ გავყიდით", - ასე აწყობს სამომავლო გეგმებს ჰერ შუხმანი.

საუბარში კომპანიის გენერალური დირექტორი, ნუცა აბრამიშვილი, ერთვება და მეუბნება: „აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შუხმანი ქართული კულტურისა და ქართული ბრენდის ელჩია უცხოეთში. ის ყოველთვის ცდილობს გაიტანოს ჩვენი სახელი საზღვარგარეთ და გაიტანოს როგორც ნამდვილი ქართული ბრენდი მთელი თავისი ღირსშესანიშნაობებით"...

- მაშინ მე ჩაგეჭრებით საუბარში, - ამბობს შუხმანი და მეუბნება:

„აქ მხოლოდ ჩემი იდეები არ ხორციელდება, აქ ყველას აქვს საშუალება, განახორციელოს თავისი იდეები. მე მათ ყოველთვის ვამხნევებ და ვეუბნები, გააკეთეთ ის, რაც თქვენ მოგწონთ. იყავით თავისუფლები და თქვენს იდეებს ფრთები შეასხით"...

ჰერ შუხმანის ზამთრის საღამო

დრო თვალის დახამხამებაში გადის. სანამ მზე ჩასულა, ფოტოგრაფმა ფოტოების გადაღება უნდა მოასწროს. ბურკჰარდ შუხმანი ობიექტივის წინ ზუსტად ისევე მშვიდად პოზირებს და იღიმის, როგორც ლაპარაკობს. ეზოში მიმდინარე ფოტოსესიას შორიდან ვადევნებ თვალს. რამდენიმე კადრის შემდეგ ჰერ შუხმანი მიახლოვდება, კავკასიონის ქედისკენ მიმითითებს, თავის ოცნებას მიმხელს და მთხოვს, ეს ოცნება მკითხველისთვის საიდუმლოდ დავტოვო. პირობა პირობაა, საიდუმლო საიდუმლოდ რჩება.
სამაგიეროდ გეტყვით, რომ ზამთრის საღამოობით, როცა შატოს სტუმრები საკუთარ ოთახებში შეიყუჟებიან, მზეც გადავა და სიჩუმე ჩამოწვება, ჰერ შუხმანი ბუხრის წინ, მოწნულ სავარძელში ჯდება, კლასიკურ მუსიკას რთავს, ერთ ჭიქა წითელ ღვინოს იდგამს გვერდით და კავკასიონის ქედს მანამდე გაჰყურებს, სანამ ზამთრის სიბნელე არ გააქრობს მას...

 

 

 

წინა სტატია

ევროპა და საქართველო ღირებულებების გეოპოლიტიკაში
09 იანვარი, 2014

შემდეგი სტატია

East is West
10 იანვარი, 2014
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა