ნელსონ მანდელა: „არაძალადობა“ როგორც პრაგმატული პრინციპი

არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემა, რომელიც სამხრეთაფრიკელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ნელსონ მანდელას სიკვდილს არ გამოეხმაურა. მანდელა 4 დეკემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა - მან, ფაქტობრივად, მთელი საუკუნე იცხოვრა და აქედან 27 წელი ციხეში გაატარა. მისი დაპატიმრება და მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა უკავშირდება სამხრეთ აფრიკაში რასობრივი სეგრეგაციის სისტემასთან - აპარტეიდთან ბრძოლას.

აპარტეიდი სამხრეთ აფრიკაში ოფიციალურად 1946 წელს დაკანონდა და 1990 წლამდე წარმოადგენდა რეჟიმს, რომელიც ამართლებდა თეთრკანიანი მოსახლეობის ბატონობას შავკანიან და ფერადკანიან მოსახლეობაზე. მანდელა აპარტეიდთან მებრძოლი „აფრიკის ნაციონალური კონგრესის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. პოლიტიკური პროფილით, იგი ალბათ ყველაზე მეტად სხვა საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეებიდან მარტინ ლუთერ კინგსა და მაჰათმა განდის ჰგავს. თუმცა ლუთერ კინგისა და განდისგან განსხვავებით, მისთვის „არაძალადობა" ყოველთვის იყო პრაგმატული და არა ნორმატიული პრინციპი; დაპატიმრებამდე რამდენიმე წლით ადრე მანდელამ მშვიდობიანი ბრძოლის იდეალი ძალადობრივი ამბოხის იდეით შეცვალა.

მანდელას მიერ აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის ძალადობრივი მეთოდების აღიარებამ, მის კომუნისტურ შეხედულებებთან ერთად, დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ დასავლური კონსერვატორული წრეები მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით განწყობილი არ ყოფილან (თუმცა დასავლელი კონსერვატორების ნაწილი, ლიბერალების მსგავსად, მის ციხიდან გამოშვებას ითხოვდნენ და სამხრეთაფრიკული რეჟიმისთვის სანქციების დაწესების მომხრენიც იყვნენ). 1987 წელს ბრიტანეთის კონსერვატორი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ადმინისტრაციაში ამბობდნენ, რომ „აფრიკის ეროვნული კონგრესი ტიპური ტერორისტული ორგანიზაციაა... ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს ორგანიზაცია მოვა სამხრეთ აფრიკის მთავრობაში, ღრუბლებში დაფრინავს".

ამ ფონზე მით უფრო დასაფასებელია მანდელას უნარი, გამხდარიყო სამხრეთ აფრიკასა და მსოფლიოში შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლო. 1990 წელს, ციხიდან გამოშვების შემდეგ, მანდელამ იმოგზაურა დასავლეთში, სადაც ხვდებოდა პოლიტიკურ ლიდერებს და სთხოვდა მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში მანდელა საერთოდ არ ჩავიდა თავის ერთ-ერთ უპირველეს მხარდამჭერ ქვეყანაში - საბჭოთა კავშირში და, სანაცვლოდ, ზუსტად ის ქვეყნები მოინახულა, რომლებიც „ცივი ომის" დროს შედარებით ნაკლები ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილი სამხრეთ აფრიკაში ცვლილებების მიმართ. ამ პერიოდში იგი ესტუმრა დიდ ბრიტანეთსაც და შეხვდა მარგარეტ ტეტჩერს.

მანდელას ციხისშემდგომი მოღვაწეობა გამოირჩევა არა მხოლოდ იმით, რომ იგი პოსტაპარტეიდული აფრიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, არამედ იმითაც, რომ მისი თაოსნობით შეიქმნა აფრიკის „სიმართლის დამდგენი და შერიგების კომისია". კომისიამ შეისწავლა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები აპარტეიდის რეჟიმის დროს და მოძალადეების დასჯის ნაცვლად, აქცენტი შერიგებაზე გააკეთა. „სიმართლის დამდგენი და შერიგების კომისია" გახდა ერთგვარი მოდელი, რომელიც სამხრეთ აფრიკის პრაქტიკის შემდეგ სხვა, მსგავსი პრობლემების მქონე, ქვეყნებშიც დაინერგა.

მანდელას საყვედურობდნენ, რომ მან ვერ შეძლო ბოლომდე მიეყვანა შერიგების პროცესი და გამოესწორებინა სიღარიბე და უთანასწორობა თავის ქვეყანაში. მის კრიტიკოსებს მხედველობიდან რჩებათ ის, რაც თავად მანდელასთვის პოლიტიკური პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო - რომ მუდმივი ბრძოლა არ არის საკმარისი ემანსიპაციის მიზნის მისაღწევად, არამედ საჭიროა ინსტიტუციები და კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიანობასა და თანასწორობას. თავისი მოღვაწეობის ციხისშემდგომ პერიოდში მანდელა სწორედ ამგვარი, კანონსა და სამართლიანობაზე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის შექმნას ცდილობდა.

ამას გარდა, მანდელა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, რომ ემოქმედა პრაგმატულად და არა გაუაზრებლად და რეალობის გაუთვალისწინებლად. რომ არა „შერიგების კომისია", სამხრეთ აფრიკას ემუქრებოდა სამოქალაქო ომი და, დიდი ალბათობით, თეთრკანიანი მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკას განუზომლად დიდ ზარალს მიაყენებდა. მანდელას მიაჩნდა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში აქცენტი მშვიდობასა და შერიგებაზე დამყარებულ წესრიგზე უნდა გაკეთებულიყო და არა რადიკალური მოთხოვნების შესრულებაზე.

ამ უკანასკნელი თვალსაზრისით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანდელა იყო როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებების აქტივისტი, ასევე სახელმწიფო მოღვაწეც. მას ჰქონდა როგორც სამოქალაქო აქტივისტის იდეალიზმი, ასევე პოლიტიკოსის პრაგმატიზმიც. მანდელა ისევე შეგვიძლია შევადაროთ მარტინ ლუთერ კინგსა და მაჰათმა განდის, როგორც მაგალითად, ლეხ ვალენსასა და ვაცლავ ჰაველს. შეიძლება, სწორედ ამის გამო, მისი სახელი იქცა საყოველთაო, უნივერსალურ პოლიტიკურ სიმბოლოდ. მას აფასებენ როგორც მემარცხენეები, ისე მემარჯვენეები - როგორც კონსერვატორები, ისე ლიბერალები.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას მოღვაწეობას აშშ-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტისთვის - ბარაკ ობამასთვის აქვს. ობამამ ეს თავადვე აღნიშნა თავის 10 დეკემბრის გამოსვლაში, სადაც მანდელას განსაკუთრებულ დამსახურებებსა და XX საუკუნის ისტორიაში მის გამორჩეულ ადგილზე ისაუბრა. გარკვეული თვალსაზრისით, ის, რომ დღევანდელ მსოფლიოში რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას წინანდელთან შედარებით განუზომლად მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ცალკეული პიროვნებების მიერ მსოფლიოსთვის მიცემული ჰეროიკული მაგალითების დამსახურებაა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითი სწორედ ნელსონ მანდელამ მოგვცა, რომელმაც სამართლიანობისთვის ბრძოლას ციხეში გატარებული 27 წელი შესწირა.

 

წინა სტატია

საქართველოს გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ
14 იანვარი, 2014

შემდეგი სტატია

ხალხმრავალი ოჯახური თავყრილობები: მფლანგველობის ტრადიცია თუ დაზღვევის სახეობა?
15 იანვარი, 2014
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა