სოციალური მედიის ძირითადი ინსტრუმენტები

(სტატიის ავტორი, ნინო ენიქიძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორანტი)

სოციალური მედიის მრავალმილიონიანი ინდუსტრია კომუნიკაციის უახლეს ტენდენციებს შორის მსოფლიო ლიდერი გახდა. მის მიმართ მზარდი ინტერესი აქვთ არა მხოლოდ მსოფლიოში არსებულ წარმატებულ კომპანიებს, არამედ ქართულ ორგანიზაციებსაც, რომელთაც სწორად შეაფასეს სოციალური მედიაარხების მნიშვნელობა და გავლენა მომხმარებელზე.

როგორც ცნობილმა სოციალური მედიის მკვლევარმა Ze Zook-მა თქვა, „არა აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა კომპანია სოციალურ მედიაში, მათი მომხმარებლები უკვე იქ არიან და აქტიურად განიხილავენ ამ კომპანიას".

რა არის სოციალური მედია? ეს ონლაინკომუნიკაციის უწყვეტი ფორმაა, რომელიც სხვადასხვა არხის დახმარებით საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მუდმივად იყვნენ ჩართული მათთვის საინტერესო პროცესების შეფასებასა და განხილვაში. კომპანიები, რომელთაც მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის სოციალური მედია აირჩიეს, უკვე საუბრობენ მის ფინანსურ ეფექტზე და ლოიალური მომხმარებლების გაზრდილ მაჩვენებელზე.

სოციალური მედიასაშუალებების მრავალი სახეობა არსებობს და ამ არხების გამოყენების ეფექტი მათ სწორ შერჩევაზეა დამოკიდებული. ინდუსტრიიდან გამომდინარე, ისინი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია:

სოციალური ქსელები, მულტიმედია, ბუკქმარკინგი, პოდკასტი, ვიკი, ბლოგები, მიკრობლოგები და სხვა სოციალური არხები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იპყრობს კომპანიების ყურადღებას. საქართველოში სოციალური ქსელები და მულტიმედია განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს, თითოეული მათგანი კი განსხვავებული ტიპის კომპანიას შეეფერება:

სოციალური ქსელები (Facebook-ი, MySpace-ი და სხვა) - შეეფერება კომპანიას, რომელსაც სურს ფანების ინტერაქციის გზით შექმნას პლატფორმა, სადაც არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს ერთმანეთთან ექნებათ კომუნიკაცია. კომუნიკაციის პროცესი უწყვეტი, რეგულარული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი კარგავს გვერდის მიმართ ინტერესს, იკლებს ჩართულობის კოეფიციენტი და სოციალური მედიააქტივობა არამიზნობრივი ხდება. მარკეტინგის მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამიჯვნა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული კომპანიების 67% ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას იდენტურად ოციალურ ქსელში და წარმოიდგენს ამ პლატოფრმას, როგორც კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წყაროს.სინამდვილეში, სოციალური ქსელი გაცილებით მრავლის მომცველი პლატფორმაა. ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებლები კომპანიებს ეკონტაქტებიან, უზიარებენ მათ მოსაზრებებს სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის შესახებ, უსმენენ სხვა მომხმარებლებს და კითხულობენ მათ კომენტარებს. კომპანია თავის მხრივ ახდენს ინვესტირებას სოციალურ ქსელში რეკლამასა თუ ქსელურ აპლიკაციებზე, რაც ტრადიციულ მედიასაშუალებებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისგან განსხვავებით, სოციალური ქსელი მუდმივ კომუნიკაციაში უნდა რთავდეს მომხმარებელს და უზრუნველყოფდეს მის ინტერესს ინდუსტრიის მიმართ. სხვადასხვა სოციალურ ქსელს შორის facebook-ი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს, მის მიმართ კომპანიების ინტერესს ფართო მიზნობრივ აუდიტორიასთან დაუყოვნებლივ წვდომა განაპირობებს.

მულტიმედია (YouTube-ი, SlideShare-ი, Flickr-ი) - შეეფერება ისეთ კომპანიას, რომელსაც აქვს „მდიდარი მედია" ფოტო/ვიდეო მასალის სახით და სურს მისი ვირტუალური გზით გავრცელება. მულტიმედიის სხვადასხვა საშუალებას შორის ქართველი მომხმარებელი YouTube-ს ანიჭებს უპირატესობას, მათი აქტივობა ამ არხზე მაღალია და, შესაბამისად, ეს კარგი პლატფორმაა კომპანიებისთვის ბრენდინგის პროცესში. მომხმარებელი, რომელსაც მოსწონს კონკრეტული ფოტო ან ვიდეო, ხშირად აზიარებს მას, ამით კი ზრდის კომპანიის, მისი პროდუქტისა და მომსახურების ცნობადობას და ეხმარება ბრენდს პოზიციონირებაში.
საინტერესოა კომპანიების მიერ ბლოგებისა და მიკრობლოგების გამოყენების ხარისხი. მრავალი ექსპერტის განცხადებით, ის საყურადღებოა ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ინდუსტრიის ექსპერტად პოზიციონირება სურს.

სოციალურ მედიამარკეტინგში ინვესტირებიდან ამონაგების ROI მაჩვენებელი ის ძირითადი პარამეტრია, რომლითაც კომპანიებმა აქტივობის მონიტორინგი უნდა განახორციელონ. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ორგანიზაციას აქვს Facebook გვერდი, მასზე განთავსებული სხვადასხვა ფოტო/ვიდეო თუ ტექსტური ინფორმაციით, ეს არ არის საკმარისი მომხმარებლისთვის. მომხმარებელს სურს კომუნიკაცია, დასმულ შეკითხვებზე სწრაფი პასუხი, გაკეთებულ კომენტარზე დროული რეაგირება, სიახლეების შესახებ დროული ინფორმირება და შეგრძნება, რომ ის კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.

არსებობს მრავალი პარამეტრი, რომელიც სოციალურ მედიააქტივობას აფასებს. შეფასების საკუთარი ანალიტიკური სისტემა გააჩნია სხვადასხვა არხს, (მაგალითად, Facebook Insights-ს, YouTube Views-ს, Google Alerts-სა და სხვ.) თუმცა არსებობს ფასიანი კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც კომპანიების მონიტორინგის ამომწურავ საშუალებას იძლევა.

მონიტორინგის სხვადასხვა საშუალებას შორის მსოფლიოში არსებული, სოციალურ მედიაში აქტიური კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ შემდეგ ინსტრუმენტებს: GoogleAnalytics-ს, SocialBakers-ს, KISSmetrics-ს, SocialFlow-ს. საქართველოში სოციალური მედიის მონიტორინგი ნელი ტემპებით ვითარდება, თუმცა ის ყველგან წარმოადგენს მარკეტინგის განყოფილების მუშაობის შეფასების ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს.

 

 

 

წინა სტატია

ხალხმრავალი ოჯახური თავყრილობები: მფლანგველობის ტრადიცია თუ დაზღვევის სახეობა?
15 იანვარი, 2014

შემდეგი სტატია

პრემიერის კონსტიტუცია და კონსტიტუციური რეფორმის წინაპირობები
16 იანვარი, 2014
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა