ამერიკულ- ქართული მსჯელობა განვითარებაზე

2017 წლის 23 მაისს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო თავის მეოცე წლიურ კონფერენციას უმასპინძლებს „მარიოტ თბილისში“. კონფერენციაში ტრადიციულად დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, ერთობლივი პროექტების მონაწილე ამერიკული და ქართული კომპანიების წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობა. მაგრამ წლევანდელი კონფერენცია განსხვავებული იქნება იმით, რომ გაიმართება დისკუსია საქართველოს სამეურნეო განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე, რომელმაც შეიძლება ქვეყანა დაჩქარებული ზრდის, უმუშევრობისა და დეპოპულაციის პრობლემების მოგვარების მიმართულებით წაიყვანოს.

საიდუმლო არ არის, რომ უმუშევრობა და დეპოპულაცია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პრობლემებია, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გამოწვევებად გადაიქცა. საქართველოდან ემიგრაციის პროცესი 90-იანი წლების დასაწყისიდან გაძლიერდა და დღესაც გრძელდება, რასაც უკვე აქვს სერიოზული შედეგები საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ქვეყანას უმეტესწილად მობილური, ადაპტაციის უნარის მქონე ადამიანები, უფრო ხშირად ახალგაზრდები ტოვებენ, რაც საბჭოთა სისტემით და შემდგომი უმძიმესი გარდამავალი პერიოდით ისედაც საკმაოდ დაზიანებულ „ადამიანურ კაპიტალს“ კიდევ უფრო აკნინებს.

გაეროს 2050 წლისათვის გაკეთებულ პროგნოზებში რეგიონში დეპოპულაციის ტემპებით საქართველო ლიდერობს და ამის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა. ხალხი ქვეყნიდან მიდის უკეთესი ცხოვრების იმედით, ხოლო ვინც რჩება, ბევრ შვილს ვერ აჩენს სოციალური, ეკონომიკური, განათლებისა და სხვა პრობლემების მოუგვარებლობის გამო. მთა და ბარი იცლება იმიტომ, რომ ადამიანებს საქმე არა აქვთ, ვერც თავს ინახავენ, ვერც ოჯახს, განვითარებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მოგვწონს თუ არა, სანამ ადამიანები დაუსაქმებელი იქნებიან, დემოგრაფიული პრობლემა ვერ გადაწყდება. დასაქმების პრობლემების მოგვარებას ინვესტიციები სჭირდება – ქართულიც და უცხოურიც. გლობალურ ეკონომიკურ პროცესში ინტეგრირებისა და უცხოური კაპიტალის გარეშე ახალი სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება. ამას გარდა, საჭიროა ადამიანური კაპიტალი, პირველ რიგში მენეჯერული კლასი, ვისაც შეუძლია კაპიტალისა და ბიზნესიდეების სიცოცხლისუნარიან საქმიან და სამეწარმეო წარმატებად ქცევა, თანაც ისე, რომ ქვეყნის ტრადიციული ფასეულობითი სისტემა არ დააზიანოს და დაარღვიოს. ამის მაგალითები საკმაოდ არის მსოფლიოში.

საქართველო ბოლო ათი წელია, ბევრი საერთაშორისო ინდექსის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და ნაკლებად რეგულირებადი ქვეყანაა საქმიანობისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ინვესტიციებზე, ახალი, სტაბილური და კარგად ანაზღაურებული სამუშაო ადგილების შექმნაზე რატომღაც ვერ აისახება. ბოლო ათი წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში საშემოსავლო გადასახადების გადამხდელთა რაოდენობა არ იზრდება და შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედს არ აღემატება. ეს მონაცემი კორელაციაშია გამოკითხვების შედეგებთან, რომელთა მიხედვით საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი თვლის თავს დასაქმებულად. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ის იქნება, თუ როგორ უნდა გავამართლოთ ინდექსებში ასახული წარმატება მეტი ინვესტიციის მოპოვებითა და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნით.

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის გახლავთ, რომ სახელმწიფოა მთავარი დამსაქმებელიც და მთავარი „ინვესტორიც“. სახელმწიფოს დომინაციის პირობებში კერძო ინიციატივა შეზღუდული და სახელმწიფოზეა მიბმული, რასაც ბევრი პრობლემა ახლავს თან. შეზღუდული კერძო ინიციატივის პირობებში არც მენეჯერული კლასი იქმნება სათანადო ტემპით და არც ინვესტიციები ხორციელდება იმ მასშტაბით, რომ ქვეყანას საკმარისი სამუშაო ადგილები და შესაბამისად, მეტი ზრდა და კეთილდღეობა მოუტანოს. სახელმწიფო აგრძელებს იმის მოლოდინის შექმნას, რომ ის მოაგვარებს ადამიანების პრობლემებს, და ადამიანებიც ელოდებიან იმ დროს, როცა სახელმწიფო მოუგვარებს მათ ამ პრობლემებს. ეს სურათი, ბუნებრივია, უტრირებულია, მაგრამ საქმის არსს საკმაოდ კარგად ასახავს.

სამწუხაროდ, პოლიტიკური კლასისა და მოსახლეობის დიდ ნაწილში ჯერ კიდევ დომინირებს აზრი, რომ შეიძლება არსებობდეს კეთილი სახელმწიფო, ან კეთილი ადამიანი ამ სახელმწიფოს სათავეში, რომელიც ყველა პრობლემას თუ არა, უმეტესობას მაინც მოაგვარებს. მთავარია, სახელმწიფომ გადასახადებისა და სხვა მექანიზმების მეშვეობით ისე გადაანაწილოს სიმდიდრე, რომ ყველამ კარგად იგრძნოს თავი. საქართველოსთანა ღარიბ ქვეყანაში ეს რომ შეუძლებელია, ამაზე, სამწუხაროდ, ბევრი არ საუბრობს. მაგალითად სკანდინავიის სახელმწიფოები მოჰყავთ, რომლებშიც თითქოს ასეთმა სოციალური სოლიდარობისა და „გადანაწილების“ მექანიზმებმა შექმნა სიმდიდრე.

სინამდვილეში, სოლიდარობისა და სოციალიზმის იდეების ცხოვრებაში გატარებით გამდიდრებული ღარიბი სახელმწიფოები არ არსებობს. არსებობს უკვე მდიდარი სახელმწიფოების, მაგალითად, შვედეთისა ან ნორვეგიის მხრიდან სოლიდარობის პრინციპების დამკვიდრების მაგალითები. ოღონდ მკითხველს უნდა გავახსენოთ, რომ შვედეთი ასი წლის განმავლობაში კაპიტალიზმის პირობებში მდიდრდებოდა და ორი მსოფლიო ომის დროს გერმანიის სამხედრო მანქანისთვის რესურსების ერთ- ერთი მთავარი მიმწოდებელი იყო, რაც შვედეთის გამდიდრების უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორი გახლდათ. ნორვეგია ევროპის უმდიდრესი ქვეყანაა ნავთობის, გაზისა და ჰიდრორესურსების მიხედვით. მის სიმდიდრეს ეს ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენების პრაგმატული საბაზრო მექანიზმები უდევს საფუძვლად.

იმ ადამიანებს, ვისაც დღეს საქართველოში სოციალისტური, გადანაწილების იდეების აღდგენა სურს, მერაბ მამარდაშვილის ნაშრომიდან ციტატა მინდა შევახსენო, რომელიც, მართალია, საბჭოთა რეალობას ასახავდა, მაგრამ იმ რეალობისგან მენტალიტეტის თვალსაზრისით შორს დღესაც არ ვართ: „დემოკრატია შრომის თავისუფლებაა და არა შრომის აუცილებლობა, როგორც სოციალისტურ და კომუნისტურ უტოპიებშია ფორმულირებული. შრომის თავისუფლება ნიშნავს საქმის გაკეთებას ისე, როგორც ეს თავად ადამიანს სურს... შრომის განადგურება სოციალიზმისათვის დამახასიათებელი ნიშანია. სოციალიზმი შრომის მტერია. . . სოციალიზმი სიღარიბეა, რადგან მხოლოდ შრომას მოაქვს სიმდიდრე. შრომა განადგურებულია, ამიტომ ვართ ღარიბები. თუ არსებობს სურვილი, რომ ამ სავალალო მდგომარეობიდან გამოვიდეთ, უნდა აღდგეს თავისუფალი შრომა. თავისუფალი შრომა – ეს არის სამოქალაქო საზოგადოება“. მე მგონი, ამ ციტატას კომენტარები აღარ სჭირდება.

იმედი გვაქვს, ამ საკითხებზე დისკუსიით, სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებების შეჯერებით ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მე-20 წლიური კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს მომავალი განვითარების ხედვის ჩამოყალიბებას.  

წინა სტატია

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა $35 მილიარდი დაკარგეს
18 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

ნავთობის ტოპ-10 ექსპორტიორი ქვეყანა
18 მაისი, 2017
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა