3 „ი“-ს პარადიგმა

ინოვაციები, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, მაღალი ტექნოლოგიები, ტექნოპარკები, ბიზნესინკუბატორები, ვენჩურული ფონდები, ტექნოლოგიური სტარტაპები, ნოუ-ჰაუ, ტექნოლოგიების ტრანსფერი... - ჯერჯერობით ქართული რეალობისთვის ეს მხოლოდ შორეული უცხოური ლამაზი სიტყვებია. საინტერესოა - როდემდე? ხშირად ისმის კიდევ რამდენიმე კითხვა: გაგვაჩნია საერთოდ საამისო პოტენციალი? რა ტექნოლოგიები და რა ვენჩურული კაპიტალი? სად გვაქვს საერთაშორისო დონის ინსტიტუტები და დარჩნენ კი მეცნიერები? ბიზნესი ძლივს ცდილობს გადაირჩინოს თავი და სად არის სამაგისო ინვესტიციები და რესურსები? ალბათ კიდევ ბევრი სხვა კითხვაც გვექნება... მაგრამ მე მაინც სხვა კუთხით მინდა დავსვა კითხვა - რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველო გლობალიზაციის მოთხოვნებს გაუმკლავდეს და ახალ პირობებში თავისი ადგილი დაიკავოს?..

დავიწყოთ იმით, რომ საინოვაციო განვითარება - ეს გრძელვადიანი პროცესია. განათლების სისტემა, სამეცნიერო სექტორის განვითარება და გაძლიერება, თანამედროვე კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების შექმნა, ქვეყანაში მათი შემოტანა და დანერგვა, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა - ეს ყველაფერი დროს და მიზანმიმართულ პოლიტიკას, სტრატეგიას, ქვეყნის ყველა სექტორის ჩართულობასა და თანამშრომლობას მოითხოვს. ამ გრძელვადიანი პროცესის პირველ შედეგებს მხოლოდ 10-15 წელიწადში დავინახავთ.

ქვეყნის კონკურენტუნარიანობა ყველა სექტორის განვითარებასა და გაძლიერებას გულისხმობს - განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მაღალ დონეს, კერძო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტების, საკონსალტინგო კადრების, წარმოების, ბაზარზე კონკურენციის არსებობას, საგადასახადო შეღავათებისა და წახალისების პოლიტიკის გატარებას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაღალ დონეს, კერძო საკუთრების დაცვისა და ხელშეუხებლობის გარანტიებს, პოლიტიკურ სტაბილურობას...
ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა დღევანდელი გლობალიზებული მსოფლიოს პირობებში. ამ შეჯიბრებაში იმარჯვებენ ის ქვეყნები, რომლებიც მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საუკეთესო პირობებს სთავაზობენ.

ჩამოვთვლი ძირითად ფაქტორებს, რომლებიც უცხოური კომპანიების მიერ ინვესტიციების შემოტანასა და ქვეყნის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოებას უზრუნველყოფენ. ეს ფაქტორებია: ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და საკუთრების უფლებების უზრუნველყოფა; ღია და ძლიერი ადგილობრივი კონკურენცია; დასახული მიზნის მიღწევასა და ადამიანური რესურსების განვითარებისათვის ყველა ძირითად ინსტიტუციაში წამახალისებელი სისტემის ჩამოყალიბება და გატარება; ადამიანური და კაპიტალური რესურსების, ფიზიკური, ადმინისტრაციული, საინფორმაციო, სამეცნიერო-ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების არსებობა; ადგილობრივი ბაზრის განვითარება, წვდომა შესაბამისი დარგების კვალიფიცირებულ ადგილობრივ მომწოდებლებთან და ფირმებთან; იზოლირებული ინდუსტრიების ნაცვლად კლასტერების არსებობა.

ამ ჭრილში განვიხილოთ საქართველოში დღეისათვის არსებული პოლიტიკური, სოციალური და სამართლებრივი პირობები: საქართველო მნიშვნელოვან ზიანს განიცდის პოლიტიკური არასტაბილურობის გამო; პრობლემად რჩება ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, რაც ზრდის პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის რისკებს; კვლავ მაღალი რჩება სიღარიბისა და უმუშევრობის დონე; მაღალია მოსახლეობის ეკონომიკური უთანაბრობის დონე; დაბალია განათლებისა და მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება (მშპ-ს < 0,2%); მაღალი რჩება ემიგრაციის („ტვინების გადინების") დონეც; ქვეყანამ დიდი ნახტომი გააკეთა კორუფციასა და ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის, ბიზნესის დაწყებისა და ლიცენზირების რეჟიმების გამარტივების კუთხით (ამ პარამეტრებით საქართველო რეგიონის ბევრ ქვეყანას უსწრებს), მაგრამ რეფორმები სუსტად ხორციელდება ხელშეკრულებების შესრულების, ფინანსების ხელმისაწვდომობის, ინტელექტუალური საკუთრებისა და კერძო საკუთრების დაცვის მიმართულებით.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013-2014 წლის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის თაობაზე მოხსენების მიხედვით, 148 ქვეყნიდან საქართველო 72-ე ადგილს იკავებს. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველომ დიდი ნახტომი გააკეთა (ეს ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლისა და განათლების სისტემის რეფორმების ხარჯზე მოხდა), ბიზნესის დახვეწილობისა და საინოვაციო ინდიკატორების მიხედვით კი საქართველო ქვეყნების სიის ბოლოს რჩება. მაგალითად, ეს შემდეგ ინდიკატორებს ეხება: ინოვაციების უნარი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხარისხი, კომპანიების ხარჯები სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარებისათვის, თანამშრომლობა უნივერსიტეტებსა და კომპანიებს შორის, მეცნიერებისა და ინჟინრების არსებობა/ხელმისაწვდომობა, კლასტერების განვითარება, წარმოების პროცესის დახვეწილობა, უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, ვენჩურული კაპიტალის ხელმისაწვდომობა, კომპანიის დონეზე ტექნოლოგიების ათვისება.

მსოფლიო ბანკის 2013 წლის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ქართული კომპანიების მხოლოდ 7%-მა აღნიშნა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ბაზარზე შეიტანეს ახალი ან გააუმჯობესეს არსებული პროდუქტი/სერვისი (სომხეთში ეს მაჩვენებელი 67% აღწევს). გამოკითხული კომპანიების 90%-ს ბოლო 5 წლის განმავლობაში კვლევასა და განვითარებისთვის ხარჯები არ გაუწევია და შემდგომი 2 წელი ამ სახის ხარჯებს არ გეგმავს (სომხეთში გამოკითხულ კომპანიათა 50%-მდე ბოლო 5 წლის განმავლობაში კვლევა-განვითარება რაღაც სახით მაინც ჩაუტარებიათ). კიდევ რამდენიმე საინტერესო მაჩვენებელი: ქართული კომპანიების 90% ფინანსდება მესაკუთრეების მიერ; ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად სწორედ ფინანსების ხელმიუწვდომლობა სახელდება; პრობლემას წარმოადგენს შრომის ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების სიმცირეც.

რაც შეეხება სამეცნიერო სექტორს: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში შეიქმნა ეროვნული სამეცნიერო ფონდი და დაიწყო პროგრამების საკონკურსო დაფინანსება, განხორციელდა უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების რამდენიმე სტრუქტურული რეფორმა - შედეგები ნეგატიურია და ზოგიერთი პარამეტრით გაუარესდა კიდეც (მაგ., სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სახელმწიფო დაფინანსება შემცირდა და შეადგენს მშპ-ს <0.2%, რამდენჯერმე შემცირდა მეცნიერთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე, შემცირდა გამოგონებების რაოდენობა მშპ-ს ერთ მილიარდ დოლარზე და სხვ.). ბევრი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ტექნიკური ბაზა ძალიან მოძველებული ან/და განადგურებულია, სხვადასხვა მიზეზის გამო (მათ შორის - შტატების ოპტიმიზაციისა და შემცირების შედეგად, საუკეთესო სპეციალისტების საზღვრებს გარეთ გადინების თუ კერძო სექტორში გადასვლის მიზეზით) 3-5-ჯერ შემცირდა სამეცნიერო პერსონალის რაოდენობა, უარესი მდგომარეობაა ინჟინრებისა და ლაბორანტების მხრივ, სამეცნიერო თემატიკა პრაქტიკულად 20-25 წლის წინანდელია, იკვეთება თაობების რღვევა - რაც უახლოეს 5-10 წელიწადში უფრო მძიმე შედეგებს მოგვიტანს. რეფორმის შედეგად ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობა დაკარგეს, მათი ქონება გასხვისდა, მოწყობილობები ხშირ შემთხვევაში განადგურდა. დადებითი ცვლილებები და რეფორმები ფრაგმენტულ და არასისტემურ ხასიათს ატარებს. 20 წლის განმავლობაში სექტორი პრაქტიკულად სტაგნაციასა და ნგრევას განიცდიდა, მას ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ, მიზანი კი ორმაგი დანიშნულების ცოდნის და ტექნოლოგიების გაუვრცელებლობა იყო. ბოლოს არსებული ინტელექტუალური და საინჟინრო პოტენციალიც საგრძნობლად გამოილია...

ვხედავთ, რომ სიტუაცია სახარბიელო არ არის. და... მაინც ვსვამ კითხვას - რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში საინოვაციო ბიზნესი განვითარდეს? ქვეყანაში შეიქმნას და დაინერგოს ახალი კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიები და მოიზიდოს ინვესტიციები?..

ძველ თუ თანამედროვე ისტორიაში ბევრი საინტერესო და თვალსაჩინო მაგალითი მოიძებნება, როდესაც დამანგრეველი ომების, ბუნებრივი კატაკლიზმების თუ რევოლუციების შემდეგ სულ რაღაც 20-30 წელიწადში ეკონომიკურად და მორალურად განადგურებული ქვეყნები ფეხზე დგებოდნენ და მსოფლიოში წამყვან ადგილებსაც იკავებდნენ. ეს სწორედ ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით ხდებოდა. აი, მაგალითად, ისრაელი, რომელიც 17 წელიწადში აგრარული ქვეყნიდან ინოვაციების ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორად გადაიქცა და წელიწადში $20 მლრდ ღირებულების ინოვაციურ ტექნოლოგიას ყიდის. კიდევ რამდენიმე მცირე ქვეყნის სტრატეგიულად ძლიერი მხარეები შეიძლება ჩამოვთვალოთ, რამაც დიდწილად უზრუნველყო ამ ქვეყნების სწრაფი ინოვაციური განვითარება, მაგალითად, ირლანდიაში სტრატეგია მიმართული იყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე; უპირატესობები - ევროკავშირთან სიახლოვე, ინგლისურენოვანი და კარგად განათლებული მოსახლეობა; ძლიერი დიასპორა.

ან სინგაპური, რომელსაც ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ძლიერი სამთავრობო მმართველობა აქვს, რეგიონის ბიზნესჰაბად გადაიქცა.

ისრაელი: იზოლირებულია მეზობლებისგან, მოსახლეობას მაღალი განათლების დონე აქვს (განსაკუთრებით აღსანიშნავია სიძლიერე მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში), მნიშვნელოვანი რესურსია დიდი, მდიდარი და პროცესებში ჩართული დიასპორაც.

ესტონეთის ძლიერი მხარეებია: სკანდინავიის ქვეყნებთან მეზობლობა და მათი მხარდაჭერა; საინოვაციო პოლიტიკა მიმართულია საინოვაციო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტექნოტრანსფერზე (ტრანსფერის ცენტრები აგრეთვე საზღვარგარეთ შეიქმნა); კომპანიების ტექნოლოგიური და ინტელექტუალური საკუთრების აუდიტის ჩატარება; მოსახლეობის განათლების მაღალი დონე; საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მაღალი განვითარება; არსებული პოსტსაბჭოთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რეფორმა (ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს საკუთრებაში უძრავი და არამატერიალური ქონების უსასყიდლოდ გადაცემა); უნივერსიტეტებთან თანამედროვე კვლევითი და ტექნოლოგიური ცენტრების, ტექნოპარკების, ინკუბატორებისა და აქსელერატორების შექმნა; მეცნიერების დაფინანსების მკვეთრი ზრდა (მშპ-ს 2%-დე), საფინანსო სახსრებისა და პროგრამების დივერსიფიკაცია.

საერთოდ რა ქმნის ქვეყანაში ინოვაციების, ძლიერი, კონკურენტუნარიანი, რევოლუციური ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის აუცილებლობას ან წინაპირობას? შეიძლება ორი ძირითადი კლასიკური მამოძრავებელი ძალა (დრაივერი) გამოვყოთ: პირველი - ეს არის ქვეყანაში სამხედრო კომპლექსის არსებობა, და მეორე - ძლიერი კერძო სექტორი და ბაზარზე არსებული მაღალი კონკურნეცია. შეიძლება მესამეც დავამატოთ: სახელმწიფოს გააზრებული, მიზანმიმართული საინოვაციო პოლიტიკა, რომელიც წაახალისებს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების შექმნას, კონკურენციას და, შესაბამისად, მათ მიერ ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების მოძიება-შექმნა-შემოტანა-დანერგვას.

როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ამ მოდელის მაგალითებია პატარა ქვეყნები, რომლებსაც არც სამხედრო კომპლექსი აქვთ და არც დიდი შიდა ბაზრები, არც ინოვაციური კომპანიები ჰქონდათ. საქართველოსაც მათ მსგავსად მცირე ადამიანური და ბუნებრივი რესურსი აქვს, აქედან გამომდინარე, კონკურენტუნარიანობის გასაწევად კურსი სწორედ ახალ ტექნოლოგიებზეა ასაღები. ამიტომ, ვფიქრობ, პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეები, გავიაზროთ დღეისათვის რეალურად არსებული მდგომარეობა და რესურსები.

ნებისმიერი დარგის კონცეფციისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავებისათვის ორი წერტილის დადგენა გვჭირდება: პირველი - სად ვართ? და მეორე - სად გვინდა, რომ მივიდეთ? მხოლოდ ამ ორი პოზიციის დადგენის შემდეგ შესაძლებელია გააზრებული, რეალური, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ ინდივიდუალური მოქმედების გეგმის გატარება.

ბევრს მსჯელობენ საქართველოს რეგიონალური და საერთაშორისო საკომუნიკაციო ჰაბად გადაქცევის შესახებ, ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნის, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის, რეგიონების გაძლიერებისა და განვითარების თაობაზე... მნიშვნელოვნად მიმაჩნია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონალური განვითარებისა და თანამშრომლობის პრიორიტეტების გააზრებაც. აუცილებელია რეგიონალური და ნაციონალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეფექტიანი ენერგოქსელის შექმნა, რეგიონალური კომუნიკაციების ინტეგრაცია, ნაციონალური ფინანსური ბაზრის განვითარება, სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით უმაღლესი განათლების გაუმჯობესება და პროფესიული სწავლების სპეციალიზაციების გაზრდა-დახვეწა; მაკროეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაცია; რეგიონში ვაჭრობისა და ინვესტიციებისათვის ბარიერების მოხსნა; საზღვრებზე რეგულაციების გამარტივება და რეგიონის ქვეყნების წესების ჰარმონიზაცია; ინვესტორების დაცვისა და დავების გადაწყვეტის მექანიზმების მინიმალური გარანტიების უზრუნველყოფა; რეგიონალური მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა; რეგიონსა და ქვეყანაში შიდა კონკურენციის ზრდის ხელშეწყობა და ისეთი უცხოური ინვესტიციების რეგულირება, რომლებიც ხელს არ უწყობენ პროდუქტიულობის ზრდას; კონკურენციის წამახალისებელი ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც შეზღუდავს მონოპოლიების, კარტელებისა და კონკურენციის საწინააღმდეგო პრაქტიკას; მომხმარებლის დაცვის შესაბამისი სტანდარტების შემოღება; აგრეთვე, გარემოს დაცვის მინიმალური სტანდარტების დადგენა; ნაციონალურ და რეგიონალურ დონეზე კლასტერების შექმნის წახალისება (მაგ., სატრანსპორტო, ტურიზმი, აგრარული/ საყოფაცხოვრებო/ საწარმოო და სხვა ნარჩენების გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, აგრარული პროდუქტების გადამუშავება, მეღვინეობა-მევენახეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები და ა.შ.); რეგიონების გაძლიერებისათვის კლასტერული განვითარების სტრატეგიის შემუშავება, წახალისება და დაფინანსება (კლასტერები საუკეთესოდ უზრუნველყოფენ ინდუსტრიაში არსებული პრობლემების გამოვლენას, ახალი ბიზნესების ჩამოყალიბებას, ხელს შეუწყობენ ყველა სექტორის კონსტრუქციულ მუშაობას, ექსპორტის სტიმულირებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ახალი ტექნოლოგიების შექმნა/დანერგვასა და ინდუსტრიული პარკების განვითარებას).

როგორც ვხედავთ, საინოვაციო პოლიტიკა, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების სტრატეგია საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნის ყველა სოციალური და ეკონომიკური დარგის განვითარების პროგრამულ დოკუმენტსა და გეგმებს. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალური და რეგიონალური განვითარების კონცეფციებსა და სტრატეგიული გეგმებს საინოვაციო პოლიტიკა განაპირობებს.

მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკისა და პროგრამების დანერგვა, რომლებიც წაახალისებს, გააძლიერებს და გააუმჯობესებს ადგილობრივი კომპანიებისა და მათი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, ფასწარმოების ჯაჭვის არსებობას, კომპანიების ბრენდინგისა და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება-დანერგვას, პროდუქტის დიზაინის უნიკალურობას, წარმოების პროცესის დახვეწას, მომხმარებლის დონის ამაღლებას, საერთაშორისო დისტრიბუციის ხელშეწყობას, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა/შექმნა-დანერგვას, კომპანიების ხარჯების ზრდას კვლევა-განვითარებაზე, რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის გატანას, კომპანიებსა და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, თანამშრომლების ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებას, წამახალისებელი კომპენსაციების არსებობას, ბიზნესის მართვის სკოლების გაუმჯობესებასა და სხვ.

საინოვაციო ბიზნესი - ეს მრავალსაფეხურიანი და გრძელვადიანი პროცესია, რომელიც იდეით იწყება, შემდეგი ეტაპებია კვლევა-განვითარება (საინჟინრო-საკონსტრუქციო სამუშაოები, ტესტირება, პროტოტიპების შექმნა, ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შემუშავება, ბაზრების პირველი მიმოხილვა, ტექნოლოგიის კომერციალიზაციის სტრატეგიის შერჩევა) - კომერციალიზაცია - ტესტური გამოშვება - სრულმასშტაბიანი წარმოება - დისტრიბუცია - მარკეტინგი. ამ გრძელი და სარისკო პროცესის თითოეული ეტაპი მონაწილეთა შორის ურთიერთობების რეგულირების თავისებურებებითა და ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი რისკების მოხსნით ხასიათდება. ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს და უზრუნველყოფდეს კვლევა-განვითარება-კომერციალიზაციის სხვადასხვა ეტაპის დაფინანსებას.

დაფინანსების პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს ტექნოლოგიის განვითარების და კომერციალიზაციის ვადების შემცირებასა და საინოვაციო პროდუქციის ბაზარზე სწრაფ გატანას.

რაც შეეხება სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სექტორს: ევროკავშირის რეკომენდაციებით, სამეცნიერო სექტორის სახელმწიფო დაფინანსება უნდა შეადგენდეს, სულ ცოტა, მშპ-ს 1% (დღეისთვის საქართველოში ეს მაჩვენებელი მშპ-ს <0,2%) და სასურველია ამ მაჩვენებლის 3%-მდე ეტაპობრივად გაზრდა. დღემდე არ შეფასებულა საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური სექტორის პოტენციალი და რესურსები, რაც ცალკე აღებულ საგნობრივ დარგებში ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენის შესაძლებლობას მოგვცემდა, გამოჩნდებოდნენ პერსპექტიული ავტორები და ახალგაზრდა მეცნიერები; სამეცნიერო დაწესებულების საქმიანობაში გამოიკვეთებოდა ძლიერი და სუსტი კვლევითი მიმართულებები; შეიქმნებოდა თითოეული კვლევითი ორგანიზაციის სამეცნიერო კლასტერების რუკა, შეფასდებოდა კვლევითი ორგანიზაციების შედეგები და არსებულ მსოფლიო ტრენდებთან იქნებოდა შედარებული. სამეცნიერო და ტექნოლოგიური აუდიტის მონაცემები სამეცნიერო სექტორის განვითარების სტრატეგიის შემუშავების საწყისი წერტილი იქნება.

დიდ პოტენციურ რესურს წარმოადგენენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები და მეწარმეები. მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობით ორმხრივი ერთობლივი პროექტების განხორციელება.

რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების პროგრამის დაწყების შესახებ, რომლისთვისაც 3 წლის განმავლობაში 150 მილიონი ლარი გამოიყოფა. ჩემი აზრით, პროგრამის ფარგლებში საინტერესო იქნება მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების ბაზაზე სტარტაპების შექმნას, ბენჩმარკინგს, ტექნოლოგიების განვითარებასა და პროტოტიპების შექმნას, დაპატენტების, ბაზრის კვლევის ჩატარებას, საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული ტექნოლოგიური პროდუქციის სერტიფიცირებას, გამოფენებში მონაწილეობას; საქართველოში უცხოური მაღალი ტექნოლოგიების შემოტანის მიზნით, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პლატფორმების შექმნასა და ფუნქციონირებას, სატესტო კვლევებს (განსაკუთრებით აქტუალურია ფარმაცევტიკისა და სამედიცინო ტექნოლოგიების კომერციალიზაციისას), მცირე საწარმო სიმძლავრეების შეძენასა და ტესტურ გამოშვებას და ა.შ.

დღეისათვის, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს ექსპორტის ძირითადი პროდუქტებია: ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები, სპილენძის მადნები, თხილი. აგროპროდუქტებიდან: ციტრუსები, ყურძენი, ჩაი, თხილი, ბოსტნეული, შინაური ცხოველები. მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ნედლეულის მაგივრად ექსპორტზე დამატებითი ღირებულების მქონე ნახევრად-მზა და საბოლოო პროდუქტები გაიტანოს. პირველ რიგში აღსანიშნავია ისეთი სფეროები და ინდუსტრიები, როგორიცაა: კვების პროდუქტების გადამუშავება და წარმოება, მეტალები, არამეტალების მინერალური პროდუქტები (ცემენტი, ბეტონის ნაწარმი, შუშა, კერამიკა, ბოჩკო), ქიმიური პროდუქტები (ქიმიური ნივთიერებები, ფარმაცევტიკა, საპონი, სასუქები, საყოფაცხოვრებო ქიმია), სატრანსპორტო საშუალებები (ლოკომოტივები და სარკინიგზო ტრანსპორტი, ავიატრანსპორტი, საზღვაო ტრანსპორტი და მათი ნაწილები), პლასტმასა, ხე, ქაღალდი და ავეჯი, ტექსტილი და ტყავი, მანქანა-დანადგარები (ძრავები, კომპრესორები, კაბელები, სხვა საზომი და სატესტო აპარატურა), ა.შ.

აგრეთვე, საინტერესო და პერსპექტიული მიმართულებებია: აგრო- და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებით დამატებითი ღირებულების პროდუქციის მიღება; აგროტექნოლოგიები, რომლებიც აგრო-ბიოპროცესების მართვისა და რისკების შემცირების შესაძლებლობას იძლევა. აგრეთვე რამდენჯერმე ზრდის მოსავლიანობას და ორგანიკული მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების საშუალებას იძლევა. აგრო-ბიო რისკების შემცირება ხელს შეუწყობს მოსავლის დაზღვევის პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მოსავლიანობის რაოდენობრივ-ხარისხობრივ დაგეგმარებას. აღნიშნული ინტენსიური მებაღეობა-მებაღჩეობის ტექნოლოგიები იძლევა მიწისა და წყლის ოპტიმალური გამოყენების შესაძლებლობას და მკვეთრად ამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას. ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი და პერსპექტიული მიმართულება - მეთესლეობაა, ასევე სერტიფიცირებული ნერგების წარმოება. ბიოტექნოლოგიები - საქართველოში ისტორიულად და ტრადიციულად არსებობდა ბიოტექნოლოგიების (განსაკუთრებით, ფარმაციის) პრაქტიკა. საინფორმაციო ტექნოლოგიები - პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, აუტსორსინგი. კვების პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და შენახვის ტექნოლოგიები - საქართველოში ბევრი უნიკალური კვების პროდუქტია (მაწონი, ყველის ნაირსახეობა), მაგრამ მათ საექსპორტოდ გატანას სერტიფიცირება სჭირდება. სერტიფიცირებისათვის კი ყველა შემადგენელი კომპონენტი სტანდარტიზებული უნდა იყოს. ამისთვის საჭიროა სტანდარტიზებული დედოების გამოყენება და სხვ. ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით არსებული იმპორტირებული ანალოგების ჩანაცვლების ტექნოლოგიები (სამშენებლო მასალები, საიზოლაციო მასალები, ტექსტილი, ბოჩკო, ა.შ.).

საინტერესო ტექნოლოგიები არსებობს მანქანათამშენებლობის, მეტალურგიის, ნანომასალების წარმოების დარგში. მაგრამ მათზე სერიოზული მუშაობაა საჭირო და კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, სანამ ეს ტექნოლოგიები რეალურ პროდუქტად გადაიქცევა...
როგორც ვხედავთ, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და ცოდნაზე დაფუძნებული თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობას სახელმწიფოს მხრიდან დიდი ხელშეწყობა სჭირდება.

დაბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას? უცხოურ მულტინაციონალურ კომპანიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ იმ ქვეყნის ეკონომიკაში, რომლის ტერიტორიაზეც ისინი მდებარეობენ, განსაკუთრებით ეს განვითარებად ქვეყნებს ეხება. ეს არის: ადგოლობრივი დასაქმება და ინვესტირება, ქვეყანაში უცხოური ადამიანური კაპიტალისა და გამოცდილების შემოდინება, მოქალაქეების ტრენინგი, კონკურენცია და მსოფლიო დონის ბიზნესპრაქტიკის დემონსტრირება, მსოფლიო დონის პროდუქტებისა და სერვისის წვდომა, გლობალურ სადისტრიბუციო ქსელებში ინტეგრაცია.

მაგრამ გვახსოვდეს, რომ რევოლუციორი ტექნოლოგიები, ახალი გაბედული იდეები მცირე საწარმოებში იბადება. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილების დიდ ნაკადს...

 

წინა სტატია

თანამედროვე ეკონომიკის გაკოტრება
16 იანვარი, 2014

შემდეგი სტატია

ცეკვა Pandora-ს დაკრულზე
21 იანვარი, 2014
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა