ცეკვა Pandora-ს დაკრულზე

მუსიკალური პროდუქციის გამომცემლებმა, ხმის ჩამწერმა სტუდიებმა, უფლებადამცველმა ჯგუფებმა და Pink Floyd-ის წევრებმაც კი შარშანდელი წელი ინტერნეტრადიოსერვის Pandora Media-სთან ბრძოლაში გაატარეს. ისინი მის დამფუძნებელს, ტიმ ვესტერგრენს „ყაჩაღ ბარონს" უწოდებდნენ, მის კომპანიას კი ადანაშაულებდნენ, რომ ის მუსიკოსების ნამუშევრებით მილიონებს აკეთებდა. ისინი აცხადებენ, რომ Pandora ცდილობს მუსიკოსთა გასამრჯელოს შემცირებას საავტორო ჰონორარებთან დაკავშირებული რთული იურიდიული სქემების გამოყენებით. ასეთი ბრალდებები შეგვიძლია მივაწეროთ რისკს, რომელიც ყოველთვის თან სდევს ნოვატორ კომპანიებს. რვა წელიწადში Pandora ინტერნეტრადიოების სექტორის ლიდერად იქცა თვეში 71 მილიონი აქტიური მომხმარებლით. მასზე მოდის ინტერნეტრადიობაზრის 70% და აშშ-ის რადიომსმენელთა საერთო რაოდენობის 8%. სარეკლამო შემოსავალი, რომელიც ამონაგების 80%-ს შეადგენს, წელს $643 მილიონს მიაღწევს. 2013 წლის პირველ კვარტალში მობილური რეკლამის გაყიდვებმა პირველად გადააჭარბა $100 მილიონს, რის შედეგადაც Pandora-მ მობილური რეკლამიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა Google-ისა და Facebook-ის შემდეგ. ოკლენდში (კალიფორნია) დაფუძნებული ფირმის აქციების ფასი შარშან თითქმის გასამმაგდა, რადგანაც ინვესტორებმა მისი საბაზრო პოზიცია გააცნობიერეს.

მაგრამ ახლა დღის წესრიგშია Pandora-ს ახალი მოლაპარაკებები როიალტის განაკვეთების თაობაზე (სავარაუდოდ, შემცირების მიმართულებით) მუსიკოსებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებსა და მუსიკალურ გამომცემლებთან.

ტიმ ვესტერგრენსა და Pandora-ს ახალ გენერალურ აღმასრულებელს, ბრაიან მაკენდრიუსს, ბრალდებების მოგერიება უწევთ ახალი, შესაძლოა ყველაზე საშიში საფრთხის ფონზე: ეს გახლავთ Apple-ის ახალი iTunes Radio, Pandora-ს მსგავსი სერვისი. ვესტერგრენი აღიარებს, რომ შესაძლოა არსებობდა „გაუგებრობები" Pandora-ს როიალტისთან დაკავშირებით, მაგრამ აცხადებს, რომ ის მხოლოდ ცდილობს დააბალანსოს ის სისტემა, რომელიც მას აიძულებს „ზიდოს უსამართლო და ზედმეტად მაღალი როაილტის ტვირთი". მის ნათქვამს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ Pandora-ს ჯერაც არ მიუღია მოგება და მოსალოდნელია, რომ ზარალი კიდევ გაიზრდება.

„ოპონენტთა მთელი ამ რიტორიკის მიუხედავად, Pandora მხარს უჭერს ღირსეულ ჰონორარებს მუსიკოსებისათვის", - ამბობს ვესტერგრენი, რომელიც უიღბლო მუსიკოსიდან ინტერნეტბიზნესმენად იქცა. „ჩვენ დავატრიალებთ იმ მუსიკას, რომელიც რადიოში მანამდე არასოდეს გასულა და შევთავაზებთ მას საკმაოდ ფართო აუდიტორიას, რათა მუსიკოსთა საშუალო კლასი შევქმნათ".

ასეთსავე კეთილგანწყობას ამჟღავნებს კომპანიის გენერალური აღმასრულებელიც. Microsoft-ის სარეკლამო და საგამომცემლო სამსახურის ყოფილი შეფი, მაკენდრიუსი, აცხადებს: „მუსიკოსებმა თავიანთი ხელოვნებისთვის სამართლიანი ანაზღაურება უნდა მიიღონ".

Pandora-ს მართლაც აქვს სათქმელი აშშ-ის მუსიკალური როიალტის რთული სისტემის შესახებ: იხდის უფრო მაღალ ჰონორარებს, ვიდრე საკაბელო და თანამგზავრული რადიო, ხოლო AM/FM რადიო ერთ ცენტსაც არ აძლევს შემსრულებლებს. შარშან Pandora-მ შემსრულებლების საავტორო ჰონორარების სახით თავისი $427-მილიონიანი შემოსავლის 56% გადაიხადა, მაშინ როდესაც სერვისმა, Sirius XM-მა - მხოლოდ 8%.

Pandora-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა 2012 წელს დაიწყო, მაშ შემდეგ, რაც მან მხარი დაუჭირა აქტს „სამართლიანობა ინტერნეტრადიოსათვის" (Internet Radio Fairness Act - IRFA), რაც ბევრმა მუსიკოსთა ღალატად და მათ ხარჯზე გამდიდრების მცდელობად მიიჩნია. ეს აქტი დარგის რეგულატორს - საავტორო ჰონორარების საბჭოს - ყველა მუსიკალური სერვისისათვის ერთიანი სტანდარტის შემუშავებას სთავაზობდა. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა Pandora-ს გადახდებს, თუმცა ვესტერგრენი არ აკონკრეტებდა, რამდენად. ნებისმიერ შემთხვევაში, მუსიკალურ უფლებათა მფლობელები კომპანიისაგან სიმუხთლეს ელიან.

„ჩვენ გვინდა, რომ Pandora წარმატებული იყოს", - ამბობს ტედ კალო, musicFIRSTCoalition-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც დაარწმუნა 138 ჯგუფი და შემსრულებელი, წინააღმდეგობა გაეწიათ კანონპროექტისთვის (რომელიც სწრაფად ჩაიძირა საავტორო ჰონორართა საბჭოს წიაღში) - „მაგრამ არსებობს პრინციპული შეთანხმება ამ სერვისსა და იმ ხალხს შორის, რომელიც მუსიკას ქმნის. ჩვენს მუსიკოსებს სურთ პატიოსანი შრომისათვის სათანადო ანაზღაურება მიიღონ. მაგრამ როდესაც Pandora-მ კონგრესს მიმართა საკუთარი ინტერესების ლობირების მიზნით, მან ეს შეთანხმება დაარღვია".

Pink Floyd-ის ყოფილი წევრები, როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი და ნიკ მეისონი, გაცილებით ნაკლებად დიპლომატიური იყვნენ USA Today¬-ს სარედაქციო კომენტარში: „ინტერნეტრადიო Pandora თაღლითობს საავტორო ჰონორარებთან დაკავშირებით. ბიზნესი, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ გაავრცელოს მუსიკა, არ უნდა ჩიოდეს, რომ მისი უდიდესი ხარჯი არის მუსიკა", - წერდნენ ისინი.

ამჟამად, IRFA-ს მხარდაჭერიდან ერთი წლის შემდეგ, Pandora გადაერთო მიზნის მიღწევის უფრო პრაგმატულ მეთოდებზე, გვერდს უვლის რა კონგრესს, რომელიც ისედაც მთლიანად ჩაფლულია ObamaCare-ისა და ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებულ დავებში. „Pandora პრობლემის გადაჭრის სხვა გზებს მიმართავს" და განაგრძობს იმ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც „ხელს უშლის კეთილსინდისიერ კონკურენციას ბაზარზე", - ამბობს ვესტერგრენი.

ეს სხვა გზა გულისხმობს მუსიკოსთა როიალიტებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს საავტორო ჰონორარების საბჭოსთან (CRB). მოლაპარაკებები, რომლებიც იანვარში დაიწყება, დაადგენს 2016-2020 წლების განაკვეთებს. IRFA-ს თემის დახურვის შემდეგ Pandora-მ შესაძლოა მიაღწიოს უფრო ხელსაყრელ პირობებს CRB-საგან. რატომ? როგორც ცნობილი გახდა, Apple-ი აწარმოებდა საკუთარ გარიგებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უშუალოდ ხმის ჩამწერ სტუდიებთან და, Pandora-ს აზრით, Apple-ის ჰონორარები მის ჰონორარებზე ნაკლებია. თუ ეს დადასტურდა, Pandora-ს შეუძლია Apple-ის გამოყენება სამართლიანი კომპენსაციის პრეცედენტის სახით.

Apple-ი არ ამჟღავნებს თავისი როიალიტის ოდენობას, მაგრამ დადის ხმები, რომ ის ხმის ჩამწერ სტუდიებს $0,0013-ს უხდის სიმღერის ყოველი მოსმენისათვის და სარეკლამო შემოსავლის ნაწილს. ეს თითქოს უფრო მეტია, ვიდრე Pandora-ს $0,0012 ერთი სიმღერისთვის, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი: როგორც ცნობილია, Apple-ი არ იხდის საფასურს ტრეკისთვის, რომელიც 20 წამზე ნაკლები დროის განმავლობაში ჟღერს. Pandora კი აცხადებს, რომ ის ერთი წამის საფასურსაც კი იხდის. რამდენის გადახდა უწევს Pandora-ს „ხანმოკლე" ტრეკებში? Pandora-ს ყოფილი გენერალური აღმასრულებელი ჯო კენედი, რომელიც წელს გადადგა, ამბობს, რომ ეს „მნიშვნელოვანი თანხაა".

ბევრი მუსიკოსი აფასებს Pandora-ს მისი ბიზნესმოდელის გამო: ის მსმენელს სთავაზობს იმ მუსიკას, რომლის მოსმენაც მას სურს და არ ცდილობს უპირატესობა მიანიჭოს პოპულარულ შემსრულებლებს. როკჯგუფ Break of Reality-ის ვიოლონჩელისტი, პატრიკ ლერდი, ამბობს, რომ ჯგუფი Pandora-სგან ყოველწლიურად როიალტის სახით $16 000-ს იღებს, დღეში საშუალოდ 44 000 მოსმენისათვის. „Pandora-მდე ჩვენ ვიყავით რეგიონული მასშტაბის ჯგუფი. როგორც კი Pandora გამოჩნდა, ჩვენი მოსმენა მთელმა ქვეყანამ დაიწყო. ამ ფართო აუდიტორიაზე გასვლამ გამოიწვია ფირფიტებისა და სინგლების გაყიდვა. ეს არაჩვეულებრივია".

Pandora-ს სიმღერების შერჩევის პროცესი აგებულია Music Genome Project-ზე - რთულ ალგორითმზე, რომელიც აანალიზებს მუსიკას და ადგენს პერსონალიზებულ პლეილისტებს. მონაცემთა ბაზაში არის 100 000-ზე მეტი შემსრულებლის მილიონზე მეტი სიმღერა, რომლებიც სათითაოდაა გადარჩეული. კომპოზიციები დახარისხებულია 450-ზე მეტი თვისების, ანუ „გენის" მიხედვით, ვოკალისტის სქესით დაწყებული, რიტმული, ტონალური თუ ფონეტიკური კატეგორიებით დამთავრებული.

Pandora-ს მომხმარებლებმა შექმნეს 5 მილიარდზე მეტი პერსონალიზებული „სადგური" და გაგზავნეს 30 მილიარდზე მეტი პოზიტიური და ნეგატიური გამოხმაურება რეკომენდებულ სიმღერებზე. კმაყოფილი მომხმარებლებისთვის „სწორი" კონტენტის მიწოდება Pandora-ს „უსამართლო უპირატესობას" ანიჭებს, ამბობს პროდუქტის განვითარების დირექტორი ტომ კონრადი. - „Apple-ის უსამართლო უპირატესობა კი გახლავთ მისი წვდომა home screen-ზე. მაგრამ მე ვიღებ გამოწვევას ამ ბრძოლაში", - დასძენს იგი.

ბრძოლა მართლაც მიმდინარეობს. სექტემბერში Pandora-ს აქციები 10%-ით მას შემდეგ დაეცა, რაც Apple-მა გამოაცხადა, რომ მხოლოდ პირველ ხუთ დღეში iTunes Radio-ს 11 მილიონმა მომხმარებელმა მოუსმინა. გარდა ამისა, itunes-ის ხელმძღვანელმა ედი ქიუმ განაცხადა, iTunes Radio 100 ქვეყანაში გავრცელებას გეგმავს. აშშ-ის ფარგლებს გარეთ Pandora მოქმედებს მხოლოდ ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში, მეტწილად ისევ თავისი მუდმივი პრობლემების გამო საავტორო ჰონორარებთან დაკავშირებით.

და მაინც, Pandora-ს აქვს „უპირატესობა ბაზრის წილის სახით", - ამბობს NPD Group-ის გართობის ინდუსტრიის ანალიტიკოსი რას კრუპნიკი. ოქტომბერში Apple-მა განაცხადა, რომ iTunesRadio-ს მოუსმინა 20 მილიონმა მომხმარებელმა, რაც ბევრად ჩამორჩება Pandora-ს აუდიტორიას. გარდა ამისა, ჯერჯერობით Pandora იმედს უსახავს ინვესტორებს. მან გააქტიურა თავისი ძალისხმევა მობილური და ადგილობრივი რეკლამების გაყიდვების მიმართულებით და ხელი მოაწერა მნიშვნელოვან შეთანხმებებს რადიორეკლამების შემსყიდველ სერვისებთან. სექტემბერში, აქციების გაყიდვის გზით, კომპანიამ $523 მილიონი მოიზიდა შესყიდვებისა და ახალი ტექნიკური პროექტების დასაფინანსებლად. ოქტომბერში მისი აქციების ფასი კვლავ გაიზარდა, ახლა უკვე Apple-ის ფაქტორის პირობებში.

„ინტერნეტში წარმოდგენილია ის მუსიკა, რომელიც მანამდე რადიოში არასოდეს გასულა. ამ მუსიკის შემსრულებლებმა მისი წყალობით მოიპოვეს პოპულარულობა და ფული, - ამბობს ვესტერგრენი. - ახლა მუსიკოსებმა უნდა იფიქრონ, როგორ გააათმაგონ მიღწეული მაჩვენებლები. სწორედ ამაში უნდა ჩადონ მაქსიმალური ენერგია".

 

წინა სტატია

3 „ი“-ს პარადიგმა
17 იანვარი, 2014

შემდეგი სტატია

ფასდაკლებების ბარათი - ICC Georgia Discount Card
05 თებერვალი, 2014
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა