Lumia 800 და Lumia 710, სმარტფონები Nokia-სგან

რისი იმედი აქვს ფინურ მწარმოებელს Lumia 800-ისა და 710-ის ბაზარზე გამოშვებისას?

მას შემდეგ, რაც ა.წ. თებერვალში ფინურმა მწარმოებელმა Microsoft-თან სტრატეგიული ალიანსის შესახებ განაცხადა, Nokia-მ Windows Phone-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე აწყობილი პირველი ორი მოდელი Lumia 800 და Lumia 710 გამოუშვა, რომლებსაც ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. მაგრამ ამ მოდელებს ვერ ვუწოდებთ ვერც ფლაგმანურსა და ვერც განსაკუთრებით იაფს, რომ სმარტფონებთან - ZTE და Huawei (ლიდერები €200-ზე ნაკლებფასიან მოწყობილობათა სეგმენტში) კონკურენცია შეძლოს.

მიუხედავად იმისა,რომ Lumia 800 ტექნოლოგიურად დაახლოებით 9-12 თვით მოძველებულია, ის €500-ზე მეტი ეღირება. მოდი, მოკლედ განვიხილოთ პრემიული ფასის მოძველებული მოწყობილობის რეკლამირების მარკეტინგული სირთულეები.

Lumia 800-ის ეკრანის დიაგონალი 3,7 დუიმია,ხოლო Android-ის წამყვანი მოდელები გარკვეული პერიოდის წინ უკვე 4-4,5-დუიმიან ეკრანებზე გადავიდა. ამ ეკრანს აქვს 250-პიქსელიანი განშლა - დაახლოებით 80 პიქსელით ნაკლები, ვიდრე Apple-ის, Samsung-ისა და HTC-ის ახალ მოდელებს.

Lumia 800-ის კორპუსის სისქე 12 მმ-ია - 40-70%-ით მეტი, ვიდრე Apple-ის, Samsung-ისა და Motorola-ს ახალი სმარტფონებისა. Lumia 800-ს ერთბირთვიანი პროცესორი აქვს, მაშინ როდესაც პრემიული კლასის კონკურენტულ სმარტფონებში ორბირთვიანი ჩიპებია ჩამონტაჟებული.
Lumia 800 ვერ უზრუნველყოფს LTE ფიჭური კავშირის მეოთხე თაობის ტექნოლოგიისა და Near Field Communication (NFC)-ის უკონტაქტო გადახდების ტექნოლოგიის მხარდაჭერას, რომლებიც გამოიყენება Android-ის ბოლო მოდელებში; სმარტფონში არ არის ფრონტალური კამერა.

რასაკვირველია, ბევრ წამყვან სმარტფონს აქვს ერთი-ორი მნიშვნელოვანი ხარვეზი. ახალი iPhone 4S-ის ეკრანი საკმაოდ პატარაა - 3,5 დუიმი. LTE-იანი მოდელების უმეტესობას აკლია ორბირთვიანი პროცესორი. HTC-ის ბევრ მოდელს აქვს ეკრანის საკმაოდ დაბალი განშლა.

თუმცა ყველა მათგანს აქვს ისეთი ღირსება, რაც ხარვეზების კომპენსირებას ახდენს. iPhone 4S-ის პატარა ეკრანი კომპენსირდება ძალიან მაღალი განშლადობით; LTE-იანი მოდელები, საკმაოდ უბრალო პროცესორის მიუხედავად, გვთავაზობს მონაცემთა გადაცემის ახალ ტექნოლოგიას; სამაგიეროდ, HTC-ის დაბალი განშლადობის ეკრანი დიდი ზომისაა.

Windows-ის პლატფორმაზე აწყობილი Nokia-ს ტელეფონების პირველი სერია ტექნოლოგიური თვალსაზრისით სრულიად მოძველებულია - მათი რეალიზაცია მხოლოდ დიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე თუა შესაძლებელი.

Lumia 800-ის დიზაინი Nokia-სათვის აშკარად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია- ტელეფონი ბრწყინავს და საინტერესოდ გამოიყურება, ხოლო ამობურცულ მინას მყიდველის ყურადღება მოწყობილობის სისქიდან სხვა მიმართულებით გადააქვს.

მომხმარებლის ინტერფეისი ადვილად გასაგები და ლოგიკურია - ევროპაში ბევრი ოპერატორი ამტკიცებს, რომ ამ მოდელის მოსინჯვის შემდეგ მომხმარებლებს იგი ნამდვილად უყვარდებათ.
მაგრამ როგორ უნდა დავარწმუნოთ მყიდველები, რომ შანსი მისცენ ამ ახალ მოდელებს? სმარტფონების ბაზარზე Windows-ის პლატფორმის წილი 2%-ზე დაბლა დაეცა, მიუხედავად Samsung-ისა და HTC-ის მიერ ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი ამ ოპერაციული სისტემის ბაზაზე აწყობილი ახალი მოდელებისა. Nokia-ს ახალი ტელეფონების ტექნოლოგიური სპეციფიკაცია იმდენად მოკრძალებულია, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მყიდველი მოისურვებს საპრემიო ფასის გადახდას ახალი სამომხმარებლო ინტერფეისისა და მოწყობილობის ორიგინალური დიზაინის გამო.

ეს კი,მიუხედავად ფართო მარკეტინგული მხარდაჭერისა,სულაც არ იქნება ადვილი. მწარმოებლები პრაქტიკულად არასდროს უშვებენ მოწყობილობათა ახალ ხაზს საშუალო კლასის მოდელებით. ისინი უმაღლესი კლასის მოწყობილობებით (Galaxy-ის სერია Samsung-საგან ) ან ყოველთვის აგრესიულად დაბალი ფასის პროდუქტით (Amazon-ის Kindle Fire გახდება პირველი ნამდვილი «ტაბლეტი» ამ მწარმოებლისაგან) იწყებენ.

ძვირად ღირებული, მაგრამ ტექნოლოგიების თვალსაზრისით მდარე, საშუალო კლასის გაჯეტების დებიუტი, უბრალოდ, ვერ შედგება. თუმცა სწორედ ამის გაკეთება უნდა სცადოს Nokia-მ, რათა Windows-ის პლატფორმაზე აწყობილი საკუთარი მოდელები საშობაო გაყიდვების პერიოდისათვის აამუშაოს. ნამდვილად საინტერესო და შედარებით იაფი Windows-იანი მოდელები ბაზარზე გაზაფხულამდე არ გამოჩნდება.

 

წინა სტატია

Nintendo 3DS ცვლის სამყაროს
07 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

LED-ნათურები დაძინებაში გვეხმარება?
07 დეკემბერი, 2011
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა