გოგი თოფაძე "ლიპტონის" წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე, "ლიპტონის“ ჩაიში არსებულ "საღებავებზე" საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში იმპორტირებული საღებავებით "გატენილი" ჩაი შემოდის, მათ შორის "ლიპტონი", და ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანას საკუთარი ბაზრის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობა გააჩნია.

"დღეს ქართული ჩაი იმპორტირებულმა ჩაანაცვლა, ევროპიდან არაერთი გენმოდიფიცირებული  პროდუქცია შემოდის, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს იმის შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია, რომ საკუთარ ბაზარზე არსებული მოთხოვნა თვითონ დააკმაყოფილოს," - აცხადებს თოფაძე.

პროდუქციაში არსებულ საღებავების არსებობას "ლიპტონის" მწარმოებელი კომპანიის, "უნილევერის“ ქართული წარმომადგენლობა უარყოფს. "უნილევერის დევიზია: "ჯანსაღი და ლამაზი ცხოვრების წესი"- ამიტომ აბსურდია საუბარი, რომ ჩაი შეიცავს "კოლერს', თუმცა ამ კითხვით არაერთხელ მოუმართავთ ჩვენთვის. ამიტომაც, სიმართლის დადგენისთვის, 2010 წელს მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სადაც "ლიპტონის" ჩაის ექსპერტიზა ჩავუტარეთ, რათა გაგვეგო შეიცავდა თუ არა ჩვენი პროდუქცია საღებავს. დასკვნაში გარკვევით არის აღნიშნული, რომ "ლიპტონის" ბრენდის ჩაიში საღებავის არსებობა არ აღინიშნება," - აცხადებს "უნილევერის“ მარკეტინგის განყოფილების წარმომადგენელი, ნინო გორდიაშვილი.

საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის  თენგიზ სვანიძის განცხადებით, წლების წინ იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი შემოწმდა, მათ შორის ჩაი ლიპტონიც და მასში საღებავების გარკვეული რაოდენობა დადასტურდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. სვანიძის განცხადებით, დღეს მწარმოებელების დიდი ნაწილის მხრიდან მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ფიქსირდება და ეტიკეტზე მითითებული არაა, შეიცავს თუ არა ის საღებავს. „ჩვენ პარლამენტს უკვე მივმართეთ და უახლოეს მომავალში კომპანიებს  ექნებათ ვალდებულება, რომ ეტიკეტზე ყველა ინფორმაცია დაიტანონ, თუ მაგალითად ისინი ჟასმინის ჩაის გაყიდიან და მასში მცირე დოზით მაინც იქნება საღებავი, ამის შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული აუცილებლად უნდა იყოს,“ - აცხადებს სვანიძე.

Forbes.ge, commersant.ge-ზე დაყრდნობით.

წინა სტატია

Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერი გაყიდვაშია
11 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

ხუან მიროს ნამუშევრების აუქციონი ჩაიშალა
06 თებერვალი, 2014
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა