რაც სესიას უნდა

ქსერქსეს მთელი ჯარი, ჰეროდოტეს მიხედვით, ორ მილიონზე მეტი კაცი, თანამედროვე შეფასებებით - 300 ათასამდე - ბრძოლის ველზეა გამოსული. ზოგი მხედარია, ზოგმა ხმალი აღაპყრო, ზოგმა მშვილდ-ისარი დაუშინა ზეცას: ყველა უშიშია, როგორც ერთი.

სასპენსი ცაშია, ცა - დაწმენდილი - არა წვიმა, არა ქარი ან ჩიტების გადაფრენა - არა მინიშნება. წამი გადის, როგორც პიკის საათი და აი, ჩანს სპარტელთა ბომბდამშენის სილუეტი. პირველი ჭურვი ჯადოქრობაა, როგორც შიშველი ინდიელებისთვის კოლუმბის გამოჩენა; მეორე - შიში; მესამე - თავზარი.

გენერალიც ჩამოქვეითდა და სიმს ჭიმავს, მაგრამ ხელს უსუსურობის გრძნობა უმძიმებს. ისრის უშორესი გასროლა 350 მეტრია. F-16 Fighting Falcon-ის ფრენის სიმაღლე - ორმოცჯერ მეტი. ერთადერთი, რასაც ბრინჯაოს მბზინავი პირი აღწევს, თანამებრძოლის ზურგია.

კადრი ბერძენთა პილოტზე გადადის - პილოტი შტრაუსს ღიღინებს და ბოლო ჭურვით სქელ წითელ წერტილს სვამს ბრძოლის ველზე. ღიღინში ნელ- ნელა ქართული სიტყვები იკვეთება - “ჯარი თავებით აღარ ითვლება, სესი, აღარ, სესი, აღარ...”

ვისაც სამხედრო ექსპერტობა ვერ ახვედრებს, რომ რეზერვისტთა რაოდენობა არაა თანამედროვე ჯარის ძლიერების გასაღები, იქნებ რამე მსგავსი მაინც დაესიზმროს. მით უმეტეს, როცა რაოდენობაც მოკრძალებულია. 2016 წლის ოფიციალური გეგმით, გაწვევა 5,536 ახალგაზრდას უნდა შეხებოდა. მათგან მხოლოდ 1,000-ს უნდა ემსახურა თავდაცვის სამინისტროში. დანარჩენები შსს-მ, სასჯელაღსრულების სისტემამ და სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გადაინაწილეს და ყარაულებად ამუშავეს.

მართალია, გვარწმუნებენ, რომ ომს ყარაულებიც სჭირდება - როგორც მაღალჩინოსანმა გოჩა ხარშილაძემ თქვა, “ნებისმიერი ინტერვენციის დროს ყარაული არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტი ზოგადად თავდაცვის კუთხით”. თუმცა, ფრიად დამაეჭვებელია, რომ რეზერვში ჯარისკაცებზე ოთხნახევარჯერ მეტი გუშაგი გვჭირდება. ან რა საომარ-საგუშაგო უნარებს სძენს ადამიანს 12 თვე გაუნძრევლად დგომა, რასაც მოკლევადიანი მიზნობრივი მომზადებით ვერ შეიძენს? ხარშილაძის არგუმენტი უფრო თავხედურ დაბოლებას ჰგავს - ამომრჩეველთან ურთიერთობის საქართველოსთვის ჩვეულ ფორმას, როდესაც პოლიტიკოსი პოპულიზმითაც არ იწუხებს თავს. პოპულიზმი რეალური მავნებლობის სიკეთედ გასაღებას ითხოვს, დაბოლებისთვის ნებისმიერი ფანტაზია წავა (ვისაც უფასო ფული გაგახსენდათ, ათიანი).

უფრო რეალისტური იყო შარშან შსს-ს წარმომადგენლის განმარტება პარლამენტში, რომ ახალგაზრდების ყარაულებად გაწვევაზე უარის თქმა სახელმწიფოს მილიონობით ლარი დაუჯდება, “რის საშუალებაც არ გვაქვს”. ეს არგუმენტი დამაფიქრებელი იქნებოდა, მთელი ბიუჯეტი რომ უსაფრთხოებაზე, მშიერთა დაპურებასა და სნეულთა მკურნალობაზე იხარჯებოდეს. მაშინ შეიძლებოდა გვეთქვა - “თუ არ იდარაჯებთ უფასოდ, ქუჩაში ბავშვები შიმშილით მოკვდებიან”.

მაგრამ ბიუჯეტში მოიძებნა მილიონები კონცერტებისთვის, დამწყები ბიზნესმენებისა თუ სტაჟიანი ახლობლებისთვის, ქეიფებისთვის და ვერტმფრენით სეირნობისთვის. დიდუბეობისთვისაც კი მოიძებნა 70 ათასი. ამიტომ, გაცილებით სწორია ვთქვათ - “თუ არ იდარაჯებთ უფასოდ, ბიუროკრატებს ნაკლები ციკნის შთანთქმა მოუწევთ”.

უსამართლობას ისიც ამძაფრებს, რომ გაწვევა, დარაჯობიანად, უმცირესობას ეხება: ყოველწლიურად, დაახლოებით 28,000 ახალგაზრდას “უწევს”, სამთავრობო მინოტავრი კი 5-6 ათასს ითხოვს. დანარჩენებს ფული ან სტუდენტობა აზღვევს. შესაძლოა დამთხვევაა, მაგრამ NDI-ს გამოკითხვაში კაცების დაახლოებით იგივე პროცენტი იყო სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგი, რამდენსაც რეალურად უწევს მისი გავლა.

პოლიტიკოსების პათოსი - “ქვეყანა ყველამ უნდა დავიცვათ” - და პარალელები ისრაელთან განსაკუთრებით ფარისევლურად ჟღერს, როდესაც მათი შვილებისთვის არგასაწვევ 80%-ში აღმოჩენა ჯიპში ჩაჯდომაზე იოლია. აშშ-ში (სადაც, პროფესიულ ჯარზე გადასვლამდეც, გაწვევა მხოლოდ ომიანობისას ხდებოდა) საუკუნის წინ თქვეს უარი გაწვევისგან ფულით დაზღვევაზე. სანაცვლოდ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპი შემოიღეს.

“გირჩმა” ბიბლიური თავისუფლების დაარსებით იმ ახალგაზრდებს შესთავაზა გამოსავალი, ვისაც ფული არა აქვს ან ვითომ- სტუდენტობისთვის ვერ იცლის. სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლის (ლ) პუნქტის მიხედვით, გაწვევა არ ეხება მათ, ვინც “არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში”. რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირებამ “გირჩს” მისცა შესაძლებლობა, მიანიჭოს ახალგაზრდებს მღვდელმსახურის წოდება, რაც სწრაფი და უფასოა.

საპასუხოდ, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, კანონში ცვლილება მოამზადა. ცვლილების მიხედვით, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება “ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით” დაისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე პატიმრობით. თუ სესიაშვილის ჩანაფიქრია, “გირჩის” მინიჭებული მღვდელმსახურება “ყალბად” ან “მოტყუებითად” გამოაცხადოს, იურიდიული ჩიხი გველოდება. ობიექტურად შეუძლებელია “ნაღდი” და “ყალბი” რელიგიის გარჩევა - ჯერ არ შექმნილა ადამიანის მრწამსის გამზომი დანადგარი.

2011 წელს სპაგეტის მფრინავი მონსტრის ეკლესიის ავსტრიელმა წევრმა ნიკო ალმმა მოიგო უფლება, მართვის მოწმობაში თავზე თუშფალანგით ყოფილიყო გამოსახული. კანონით, თავსაბურავი ოფიციალურ დოკუმენტებში მხოლოდ რელიგიური მოტივით დაიშვებოდა. ავსტრიულმა სასამართლომ ვერ დაამტკიცა, რომ ალმის მრწამსი არ იყო სხვათა თანასწორი. ვერც ქართული სასამართლო დაამტკიცებს, რომ ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურები რელიგიურ მისწრაფებებში “ჯიპიან მამაოებზე” ნაკლებად გულწრფელნი არიან. ჩიხიდან გამოსავალი ხელისუფლებისთვის მხოლოდ ერთი იქნება - სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლა და პირადი აზრის კანონზე მაღლა დაყენება, ანუ ერთი პრობლემის ადგილას ორის გაჩენა.

2012 წლის არჩევნების წინ, სესიაშვილის დაპირება იყო არა გაწვევის გამკაცრება, არამედ სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობის 6 თვემდე შემცირება. 2016 წლის არჩევნების წინ, ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი არაერთხელ დაგვპირდა გაწვევის მთლიანად გაუქმებას. მართალია, ხელისუფლებაში კრიტიკოსებიც ჰყავდა, მაგრამ გაუქმების მოლოდინის შექმნა მოესწრო.

რასაც უნდა დაგვპირდნენ და რაშიც უნდა მოგვატყუონ: ქვეყნის თავდაცვა სუსტი იქნება, სანამ ეკონომიკა და სამხედრო ბიუჯეტი მკვეთრად არ გაიზრდება. ამჟამად რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი ჩვენსას დაახლოებით 200-ჯერ აღემატება. რუსეთისთვის საქართველოსთან ერთი-ერთზე ომი სერიოზული გამოწვევა რომ გახდეს, დანახარჯების თანაფარდობა 1:20-მდე მაინც უნდა შემცირდეს. თუ ბიუჯეტის გაათმაგებას მოვახერხებთ, ჩვენს პროფესიონალ სამხედროებს ანგარიშგასაწევი შეიარაღება ექნებათ. მანამდე კი უფასო დარაჯები ბიუროკრატებს სავარძლებს შეუთბობენ.

წინა სტატია

ტომას მელია "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველის დანიშვნას ექსპროპრიაციას უწოდებს
12 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

მაისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 338 მილიონი ლარით გაიზარდა
12 ივნისი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა