ქალების როლი ეკონომიკაში - თანამედროვე ტენდენციები

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში)

ქალების სოციალურ-ეკონომიკური როლის შესახებ ხშირად საუბრობენ. კულტურების მიხედვით დამოკიდებულებები განსხვავებული და არაცალსახაა. თუმცა მხოლოდ კულტურა, რელიგია და სტერეოტიპული დამოკიდებულება არ არის ის, რაც ქალს აკნინებს და დაუფასებელს ხდის.

გასაგებია, რომ რთულია გენდერული პრობლემების სწრაფად და ერთბაშად მოგვარება. XX საუკუნის დასაწყისიდან თანასწორობის იდეის პოპულარიზაცია სხვადასხვა ჯგუფის მიერ სისტემურ ხასიათს ატარებს. სურათი კარგად რომ დავინახოთ, შეგვიძლია რომელიმე კონკრეტული მაჩვენებლით შევადაროთ ქვეყნები ერთმანეთს და ვნახავთ, რომ სკანდინავიაში ყველაზე კარგი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობის, ჯანდაცვის და სხვა ცვლადების მიხედვით. ყველა ეს მდგენელი საბოლოო ჯამში ეკონომიკურ მაჩვენებელს უკავშირდება და გამოდის, რომ სადაც ცხოვრების დონე მაღალია, იქ ნაკლებად ვხვდებით სოციალურ პრობლემებს. გზა სკანდინავიის ქვეყნებამდე გრძელი და რთულია. სამაგიეროდ არის გამოცდილება, რომელსაც განვითარებული დასავლეთი გვიზიარებს და ველოსიპედის გამოგონების საჭიროება არ დგას. თუმცა საკითხის მიმართ მიდგომა მულტინაციონალურ ხასიათს ატარებს. ყველა ქვეყანა განსხვავებული, მისთვის დამახასიათებელი სოციალური, კულტურული თუ რელიგიური პრეფერენციებით გამოირჩევა. ამ მოცემულობაში ეფექტიანი სისტემის შექმნა საერთაშორისო გამოცდილების კონკრეტულ სივრცესთან ადაპტაციას მოითხოვს.

საინტერესოა, რა ეტაპზე ვართ დღეს ჩვენ – ვიაზრებთ თუ არა პრობლემის მნიშვნელობას ადეკვატურად და რა პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს გენდერული თანასწორობის ჭრილში.

ისევე როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, საქართველოშიც არაცალსახა დამოკიდებულებაა გენდერული დისბალანსის მიმართ. სახელმწიფო დასავლური ღირებულებების მატარებელია. 2010 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მთავარი არსი სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაა. ქვეყანაში არსებობს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ქალსა და კაცს თანაბარ პირობებში აქცევს. ამას თუ დავუმატებთ ახალ შრომით კოდექსს, თითქოს საკანონმდებლო თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა. მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ცდება კანონით განსაზღვრულ რეგულაციებს. მაგალითად, 2013 წელს ინფორმაციის განვითარების თავისუფალმა ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომელიც გვთავაზობს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სტატისტიკას გენდერულ ჭრილში. 165 საჯარო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, დასაქმებულების 70,7% კაცები არიან და ქალები მხოლოდ 29,3%-ით არიან წარმოდგენილნი. ეს მონაცემი საგანგაშოა. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ვიცით, რომ საჯარო სექტორი გაცილებით კონკურენტუნარიან ხელფასებსა და სამუშაო პირობებს სთავაზობს მოქალაქეებს, ვიდრე კერძო სექტორი ან თვითდასაქმება. ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც სახელფასო პოლიტიკა კანონით რეგულირდება და სქესის მიხედვით დისკრიმინაციას ადგილი არა აქვს. სხვა შემთხვევაში ქალის შრომა მამაკაცთან შედარებით ორჯერ უფრო იაფი ღირს. რის მტკიცებულებადაც გამოდგება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია. დაქირავებით დასაქმებულთა ქალების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაახლოებით 50%-ით ნაკლებია, ვიდრე კაცების.

ფაქტია, რომ გენდერულ ჭრილში თუ განვიხილავთ, ქალი იაფი მუშახელია. ქალები ძირითადად დასაქმებული არიან კერძო სფეროში და წარმოადგენენ ძირითად ბირთვს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაში. დასაქმებული კაცების უმრავლესობა კი საჯარო სექტორში მუშაობს. ეს ის სივრცეა, სადაც ხდება მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადების ხელფასების სახით დისტრიბუცია და არ იქმნება ეკონომიკური დოვლათი.

საინტერესოა ასევე ეკონომიკური სტატუსის მიხედვით მოსახლეობის განაწილება. ეკონომიკურად აქტიური არის ქალების მხოლოდ 57% და მამაკაცების 78%. ამ მოცემულობას თავისი მიზეზი აქვს. ეკონომიკურად არააქტიური ქალების 16% დიასახლისებზე მოდის. დიასახლისების შრომა კი არ კვალიფიცირდება, როგორც ეკონომიკურად აქტიური და მისი შეფასება არც ერთი მაკროეკონომიკური მნიშვნელოვნების მქონე პარამეტრით არ ხდება. ეს საქართველოს რეალობაა. რეალობა, სადაც ქალის რესურსს არაეფექტურად იყენებენ. მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნები აბსოლუტურად ცვლიან დამოკიდებულებას ქალის როლის მიმართ, როგორც ეკონომიკაში ასევე ბიზნესში. მაგალითად, 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ქვეყნებს, სადაც შრომით ეკონომიკაში გენდერული ბალანსი დაცულია, მშპ-ის მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

რაც დრო გადის ქალის როგორც კაპიტალის მფლობელის და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიმღების შეფასება მით უფრო პოზიტიური ხდება.

2007 წლიდან Mckinsey-მ დაიწყო სერიული კვლევების წარმოება ქალების საკითხის ირგვლივ. ეს კამპანია ორგანიზაციის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. ყურადღება მახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალის როლი გლობალურ სამუშაო ადგილებზე, მათი გამოცდილება და მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ასევე გამოკვლეულია ორგანიზაციული პერფორმანსის გაუმჯობესებული მაჩვენებლები გენდერული მრავალფეროვნების ჭრილში.

Mckinsey-ის ბოლო კვლევა, რომელიც 235 წამყვანი ევროპული კომპანიის შედეგებს აგენერირებს, ეხება ქალს ლიდერ პოზიციებზე ბიზნეს სფეროში. აღმოჩნდა, რომ იმ კომპანიების პერფორმანსი, სადაც გენდერული ბალანსი დაცულია გადაწყევტილების მიმღებ პოზიციებზე, კრიტიკულ მასას ქმნის. ფინანსური და კორპორატიული ანალიზის მიხედვით ქალების ქცევის თავისებურებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაცილებით პოზიტიურ შედეგებს იძლევა, ვიდრე იგივე სიტუაციაში მამაკაცის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები.

საინტერესოა, რა ტენდენციებია საქართველოში ამ მიმართულებით. რამდენად ვითვალისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას და საერთოდ, ვართ თუ არა თანამედროვე მეცნიერული მტკიცებულებების გამტარნი. სწორედ ამ მიზნით 2013 წლის დეკემბერში IBR ჩაატარა კვლევა: „ქალები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე“. კვლევა ჩატარდა კერძო სექტორის ოც დარგში და ოთხმოცი კომპანიის შედეგების მიხედვით, მენეჯერულ პოზიციებზე ქალები მხოლოდ 12.8% არიან წარმოდგენილი. კვლევის შედეგები ნამდვილად სავალალოა, გაცილებით უარესი ვიდრე საჯარო სფეროში.

საქართველოში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ გენდერული დისბალანსი ყველა სფეროში და დონეზე გვხვდება. მასკულინურ-დომინანტური ტრენდები ზღუდავს ქალის რესურსის ოპტიმალურ გააზრებას და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით გამოყენებას.

მრავალწლიანი ტრანსფორმაციაა საჭირო, რათა შეიქმნას გენდერული თანასწორობის მქონე კულტურა, თუმცა მარტო წლები და მასთან დაკავშირებული ლოდინი არ წარმოადგენს ერთადერთ პრობლემას, რომელსაც ქართულ რეალობაში ვხვდებით. აქ საკითხი უფრო მწვავედ დგას – რამდენად არსებობს ამ პროცესის ხელშემწყობი ნება მოცემულ საზოგადოებაში. სტერეოტიპული აზროვნება, პატრიარქალურ-დომინანტური პრეფერენციები, რელიგია, კულტურა არის ის სფეროები, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს კონკრეტულ საკითხებზე, რომელსაც გენდერული იდენტობის ნიშნით განვსაზღვრავთ. ისინი ზღუდავენ ქალის თვითრეალიზაციის არეალს, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

* გენდერული უთანასწორობის ინდექსით საქართველო რეგიონში ყველაზე უარესი შედეგის მქონე 81-ე ადგილზეა, მაშინ როდესაც აზერბაიჯანი 54-ე, უკრაინა 57-ე და სომხეთი 59-ე ადგილს იკავებს.

წინა სტატია

ქართული ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი ბაზარზე ინდოელების შემოსვლის წინააღმდეგია
11 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი - 2013 წლის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედები
12 თებერვალი, 2014
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა