სამარცხვინო და სახიფათო გარიგება

(Forbes-ის მთავარი რედაქტორის, სტივ ფორბსის ეს სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში)

1940 წლის 24 მაისს, როდესაც საფრანგეთში მოკავშირეთა საომარი მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდმა ჰალიფაქსმა, სამხედრო კაბინეტის სხდომაზე წამოაყენა რადიკალური წინადადება: ბრიტანეთმა უნდა განიხილოს ნაცისტურ გერმანიასთან სეპარატული მშვიდობის შესაძლებლობა.

უინსტონ ჩერჩილი შოკში იყო, სრულიად სამართლიანად ამტკიცებდა რა, რომ მოლაპარაკებები დაწყებისთანავე გამოვიდოდა კონტროლიდან; ომი დამთავრდებოდა და ბრიტანეთი ნაცისტების წინაშე დაუცველი აღმოჩნდებოდა. ჩერჩილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჰიტლერის დაუნდობლობაზე.

ირანის რელიგიური ლიდერები დაუნდობლები არიან და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ბირთვული იარაღი მიიღონ. ირანის ეკონომიკა დანგრეულია. სანქციები – რომელთა გატარებასაც მრავალწლიანი რთული დიპლომატიური მუშაობა დასჭირდა – ბოლოს და ბოლოს, შედეგის გამოღებას იწყებდა და კონგრესი მზად იყო კიდევ უფრო მკაცრი სანქციების მისაღებად. თუმცა არსებობდა სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელსაც დაავიწყდა, რა იცოდა ჩერჩილმა დაუნდობელ მოწინააღმდეგეთა შესახებ. ირანთან მისი გარიგება კატასტროფაა. დაიწყება სანქციების ჩაშლა. ბირთვული იარაღისაკენ ირანის სწრაფვას ბევრს ვერაფერს დააკლებს შეთანხმება, რომელსაც საკმარისზე დიდი ხვრელები აქვს და ახლა უკვე მოლაპარაკების ეს პროცესი გამოვა კონტროლიდან. ირანმა იცის, რომ აშშ-მ უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ის ჩაიშალა.

კერი შესაძლოა ვერც ხვდებოდეს, რას აკეთებს, მაგრამ პრეზიდენტმა ობამამ ზუსტად იცის, რას ნიშნავს ეს: ირანი ბირთვული სახელმწიფო გახდება. ობამას პოზიციაა ასეთია: უნდა შევეგუოთ და შევეჩვიოთ ახალ რეალობას. მისთვის აშშ-ის ჩარევა მხოლოდ ვნების მომტანია, ირანი კი დაზარალებული სახელმწიფოა, რომელსაც აშშ და ბრიტანეთი უსამართლოდ მოექცნენ 1950-იან წლებში, ან შესაძლოა, უფრო ადრეც.

ისრაელის უსაფრთხოება? ობამას მიაჩნია, რომ პრობლემათა უმეტესობა მან თავად შეიქმნა; ყოველ შემთხვევაში, ირანი, სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს და სად ხედავთ პრობლემას?

გახდებიან ამის შემდეგ საუდის არაბეთი და თურქეთი ბირთვული სახელმწიფოები? ობამას მსოფლმხედველობით, მათ შეუძლიათ აკეთონ, რაც უნდათ. აშშ-ის ჩარევის გარეშე მსოფლიო ბევრად უკეთესია.

მაგრამ სულ უფრო და უფრო სახიფათო და აგრესიული მსოფლიო მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მოგვცემს. უკაცრავად, ბატონო პრეზიდენტო, ამერიკა არ არის ბოროტების წყარო. პრობლემა ის გახლავთ, რომ თქვენი უგუნურების საფასურს ამერიკელი ხალხი გადაიხდის.

რა შედეგები მოჰყვება ამას ისრაელისათვის? აშშ-მ უარი თქვა ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების ჩატარებაზე, მაგრამ ისრაელი არაერთხელ იყო ახლოს იმასთან, რომ თავად მოქცეულიყო ასე. 2012 წლის გაზაფხულზე ისრაელმა შეტევა გადაწყვიტა. აშშ-მ, არასასურველი შედეგების აღმოსაფხვრელად, მსოფლიოს ამ ნაწილში მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა გადაისროლა, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმისაგან უკან დახევას მოითხოვდა. ისრაელი ასეც მოიქცა, მაგრამ შემოდგომაზე კვლავ დაუბრუნდა შეტევითი ოპერაციების განხილვას.

ისრაელი კუთხეშია მომწყვდეული. გასაგებია, რომ პატარა ქვეყანას არ სურს თავისი ერთადერთი მოკავშირის ნების წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ ირანი ერთ-ერთი ის იშვიათი შემთხვევაა, რომლის გულისთვისაც ისრაელი რისკზე უნდა წასულიყო და ვაშინგტონის კეთილგანწყობის შესაძლო დაკარგვის მიუხედავად გაეკეთებინა ის, რაც საჭირო იყო, სწორედ ისე, როგორც მოიქცა 1981 წელს, როდესაც დაბომბა სადამ ჰუსეინის ბირთვული ობიექტი, და 2007 წელს, როდესაც, ბუშის ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩანასახშივე აღკვეთა სირიის მისწრაფებები ატომურ იარაღთან დაკავშირებით.

ახლა, როდესაც აღარ არსებობს სანქციების საშუალებით ირანის რეჟიმის დასუსტების შესაძლებლობა, ბირთვული ირანისგან წამოსულმა რეალურმა საფრთხემ შესაძლოა ისრაელს დარტყმისაკენ უბიძგოს, უდიდესი სირთულეებისა და აშშ-ის, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს დიდი ნაწილის რეაგირების მიუხედავად.

რაც არ უნდა მოხდეს, ეს უკიდურესად სახიფათო იქნება.

წინა სტატია

10 დაუვიწყარი მაღაზია
12 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

როგორი უნდა იყოს ეფექტიანი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა
13 თებერვალი, 2014
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა