მილიარდერთა ბუნკერები

(მორგან ბრენანის (FORBES)  ეს სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში)

ჰოლივუდის ბორცვებზე აღმართული ელ კორბის საცხოვრებელი სახლის თეთრი კედლები დაფარულია ნახატებითა და პანორამული ფანჯრებით, საიდანაც ლოს-ანჯელესის ცენტრის სუნთქვისშემკვრელი ხედი იშლება. მაგრამ ამ შენობას უფრო მეტი საერთო აქვს NSA-ს სათავო ოფისის შენობასთან, ვიდრე თანამედროვე, ბლოკით ნაშენებ საცხოვრებელ სახლთან. კორბის ოჯახის წევრებს არ სჭირდებათ გასაღებები (ბიომეტრიული ამოცნობის პროგრამის წყალობით), არ აშინებთ მიწისძვრები (ფოლადით არმირებული რკინა-ბეტონის კესონის წყალობით, რომელიც 30 ფუტზე ეშვება კერძო ბორცვის სიღრმეში) და მშვიდად სძინავთ სახლის შიგნით განთავსებულ 2500 კვ. ფუტის ფართის მეორე სახლში: ეს არის ტყვიაგაუმტარი საგანგებო კომპლექსი, რომელსაც კორბი „უსაფრთხოების ბირთვად“ მოიხსენიებს.

არის თუ არა ეს პარანოია? შესაძლოა. მაგრამ ასეთ რამეს სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით. უსაფრთხოების ფუტურისტულმა ტექნოლოგიებმა (ბევრი მათგანი სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა, მაგრამ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს პირდაპირ „ჯეიმს ბონდიდანაა“ გადმოსული) ფეხი მოიკიდა იმ სქელჯიბიანთა სახლებში, რომელთა სულიერი სიმშვიდე მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, როცა ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სენსორები დააფიქსირებენ და სათანადო რეაქციას უზრუნველყოფენ, თუ, მაგალითად, სადღაც ნახევარი მილის დაშორებით ვიღაც ბუჩქებში იმალება.

„ეს რომ ფილმში გენახათ, იფიქრებდით, რომ ყველაფერი გაზვიადებულია“, – აცხადებს კორბი, რომლის ციხესიმაგრის მნიშვნელობაც გაორმაგებულია, რამდენადაც კარგი სადემონსტრაციო მასალაა მისი ფირმის – Strategically Armored & Fortified Environments (SAFE)-სთვის.

რთული მისახვედრი არაა, თუ რატომ იზიდავს სახლების მდიდარ მფლობელებს ეს უახლესი ტექნოლოგიები. „სამი წლის წინ უსაფრთხოების კერძო კომპანიას ამ ტექნოლოგიების შეფასება ვთხოვეთ, – აცხადებს ჟან პოლ დეჟორია, John Paul Mitchell Systems-ის მილიარდერი დამფუძნებელი. „მათ გვითხრეს, რომ... დროდადრო ნამდვილი პათოლოგები გამოჩნდებიან ხოლმე და რა შეიძლება მოხდეს, თუ ასეთი პათოლოგი თქვენს სახლში შემოიჭრება და რაღაც სისულელის ჩადენას მოინდომებს?“. ახლა მისი მთავარი რეზიდენციის დაცვის სისტემა „თეთრი სახლისას არ ჩამოუვარდება“.

და ის ერთადერთი არ არის. კრის პოლაკი, Pollack+Partners-ის ოფისში (ნიუ-იორკის შტ.) ბაზირებული დიზაინისა და მშენებლობის საკონსულტაციო ფირმის  პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის უმდიდრეს კლიენტთა სახლების პროექტები ყოველთვის იყო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დაცვა უძრავი ქონების გარე პერიმეტრით იწყება. „როგორც წესი, ექსტერიერის დაცვა თითქმის მიუღწეველი ამოცანაა, რადგან მისი გაკონტროლება რეალურად შეუძლებელია 24-საათიანი დაცვის გარეშე“, აცხადებს ნიუ-იორკის Insite Security-ის მფლობელი კრისტოფერ ფალკენბერგი, საიდუმლო სამსახურის აგენტი, რომელიც უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტად იქცა და ახლა უმდიდრესი ოჯახებისათვის მუშაობს.

მაგალითად, ვილსონვილში (ორეგონი) მდებარე FLIR Systems-ი აწარმოებს ინფრაწითელ კამერებს, რომლებსაც შეუძლია ამოიცნოს თერმული სითბური ნიშნები ყველაფერში, რაც კი მის თვალსაწიერში მოხვდება, მიუხედავად დღე-ღამის მონაკვეთისა ან ისეთი ატმოსფერული ბარიერისა, როგორიცაა, მაგალითად, კვამლი. ადამიანი მეტ ენერგიას გამოყოფს, ვიდრე ხეები ან პატარა ზომის ცხოველები, ასე რომ, დანადგარს შეუძლია დააფიქსიროს სამალავში მყოფი ადამიანიც კი, ერთი კილომეტრიდან (ყველაზე იაფფასიანი მოდელების შემთხვევაში) 15 კილომეტრამდე (პრემიუმ-მოდელების შემთხვევაში) რადიუსში.

ბიომეტრიული ტექნოლოგიებიც სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს. ზოგიერთი პროგრამა სცდება თითის ანაბეჭდის სკანირების ფარგლებს და საერთოდ არ სჭირდება, რომ სახლის მეპატრონე რამეს შეეხოს. ისრაელის არმიის ყოფილმა გენერალ-მაიორმა, ისრაელის სამხედრო დაზვერვის განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა, აარონ ზეევი ფარკაშმა ბოლო სამი წელი გაატარა თავის კომპანია FST21-ში, მუშაობდა რა ძალიან საინტერესო პროგრამაზე, რომელიც სახის, ხმისა და ქცევის ამომცნობ ტექნოლოგიებს აერთიანებს საკეტების დისტანციური გახსნის სისტემაში. „პროგრამა გარდაქმნის ადამიანს გასაღებად, რომელიც თქვენს შენობას სულ რაღაც ორ წამში გახსნის“, – აცხადებს იგი.

სახლში შეღწევის აშკარა და ყველაზე სუსტ წერტილად ფანჯრები რჩება. მინის გატეხის დეტექტორები მუშაობს 15 ფუტის დიაპაზონში, შესაბამისად, მათი დამონტაჟება უპრობლემოდაა შესაძლებელი სხვენში ან ფანჯრის მომიჯნავე კედელზე. მოწყობილობა ვერცხლის დოლარიანის ზომისაა და მისი შენიღბვა მარტივადაა შესაძლებელი, განსაკუთრებით, როცა საქმე გვაქვს ისეთ დეკორთან, როგორიცაა მოოქრული ჭერი ან აბრეშუმის შპალერი. ზოგიერთი მეპატრონე ქალაქში მდებარე სახლის ფანჯრის მინას უკეთებს დამცავ ფენას, რაც მათ ფანჯრებს თითქმის შუღწევადს ხდის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის ჩამსხვრევას ჩაქუჩით ან ლითონის მილით ეცდებიან.

და არ დაგავიწყდეთ კვამლი. კორბის აქვს სისტემა, რომელიც ქმნის ნისლის ეკრანს. ეს შესაძლოა იყოს უვნებელი კვამლი, რომელიც მიზნად ისახავს შემოჭრილი პირ(ებ)ის დეზორიენტაციას ან მავნე გაზი, რომელიც ადამიანს ქმედუუნაროდ აქცევს 24 საათის განმავლობაში. ასევე არსებობს Burglar Blaster Decintegrator-ი, ჭერზე დასამონტაჟებელი შედარებით დამნდობი დანადგარი, რომელიც ამოქმედების შემთხვევაში წიწაკის ნაკადს აფრქვევს.

ამგვარ სისტემებში შესაძლოა ჩართული იყოს იყოს „დნმ-კოდიც“ – მაგალითად, SelectaDNA შედგება უნიკალური სინთეტიკური დნმ-ჯაჭვებისაგან, რომლებიც გადადის კვამლით გარემოცულ ბოროტმოქმედზე. უხილავი, უვნებელი კოდი, რომელიც კანზე რამდენიმე კვირის განმავლობაში რჩება, კარგად ჩანს ულტრაიისფერ სხივებზე და უნიკალური მარკერების საშუალებით შესაძლებელი ხდება მისი პირდაპირ დაკავშირება კონკრეტულ სახლთან.

ე.წ. „შიშის ოთახმაც“ (სპეციალურად აღჭურვილი ოთახი-თავშესაფარი) განიცადა დიდი მაღალტექნოლოგიური ევოლუცია, რომლის გამოც ჯოდი ფოსტერის ძველი ფილმი ძველმოდურობის განცდას გვიტოვებს. ცნობილ მწერალს, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს, სამხრეთ ფლორიდაში აქვს სახლი, რომელიც აღჭურვილია ფიზიკური პერიმეტრის საგანგაშო სისტემით, მოძრაობის სენსორებით ყველა ოთახში და კიბეზე, ასევე სითბური სენსორებით, რომლებიც აფიქსირებს ოთახის ტემპერატურის ცვლილებას, გამოწვეულს სხეულის ტემპერატურის უეცარი შეცვლით. ყველაზე საგანგაშო შემთხვევებისათვის მესამე სართულზე განთავსებული კომპლექსი მოწყობილია, როგორც 2500 კვ. ფუტის ფართის უსაფრთხო სამოთხე. მთელ სახლში დამონტაჟებული ჩამრთველები უზრუნველყოფს ფართის კაფსულაში მოთავსებას, სამი შესასვლელის ჩაკეტვას არმირებული კარებით და განგაშის სიგნალის გაგზავნას ადგილობრივ ორგანოებში. უფრო მეტიც, კომპლექსის აბაზანა იქცევა შიდა „შიშის ოთახად“, ერთგვარ „სამოქალაქო თავდაცვის სისტემად, რომელიც საკმაო რაოდენობის იარაღითაა აღჭურვილი“. საბედნიეროდ, სისტემა არასოდეს ამუშავებულა. „მსოფლიოში საუკეთესო სისტემა ის არის, რომელსაც არასდროს გამოიყენებ, – აცხადებს სახლის მფლობელი, – მაგრამ მას დიდი სულიერი სიმშვიდე მოაქვს“.

და ყოველთვის არსებობს რაღაც სადარდებელი. „ბოლო დროს ხშირად ვხვდებით კლიენტებს, განსაკუთრებით – ნიუ-იორკში, რომლებიც „ჭუჭყიანი ბომბის“ გამო ნერვიულობენ“, – აცხადებს პოლაკი, გულისხმობს რა ქიმიურ იარაღს. ჰაერის გამწმენდს შეუძლია შემოიტანოს სუფთა ჰაერი გარედან და მუდმივად ფილტროს ის. ცოტა ხნის წინ იგი კურირებდა პროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს კლიენტს დაბანაკდეს საკუთარ აბაზანაში, რომელიც „შიშის ოთახად“ გარდაიქმნება და თავშესაფრად გამოდგება ერთი კვირის განმავლობაში – იმ იმედით, რომ ეს დრო საკმარისი იქნება ყველაზე საშინელი ქიმიური შეტევის გადასატანად.

ფეშენებელური სახლების მშენებლებმა აღმოაჩინეს, რომ მყიდველი მზად არის უზარმაზარი თანხა გადაიხადოს ასეთ ყოველმხრივ გამაგრებულ სახლში. 2012 წლის დასაწყისში დასრულდა ერთ-ერთი კომპლექსის მშენებლობა ჰიპერექსკლუზიურ კუნძულ ინდიან-კრიკზე (მაიამი, ფლორიდა). კომპლექსში განთავსებულია მარაგებით აღჭურვილი „შიშის ოთახი“, რომელიც მუშაობს საკუთარ გენერატორზე და აქვს დამოუკიდებელი სავენტილაციო სისტემა; ღვინის მარანი აღჭურვილი სახის ამომცნობი პროგრამით და ინფრაწითელი სათვალთვალო სისტემით. ეს უძრავი ქონება შარშან $47 მილიონად გაიყიდა – ეს არის საცხოვრებელ სახლში გადახდილი ყველაზე დიდი თანხა მაიმი-დეიდიში. „გამოიყენებს კი მყიდველი ოდესმე „შიშის ოთახს“? რეალისტები რომ ვიყოთ, ალბათ, არასოდეს. მაგრამ დაგვეხმარა თუ არა ეს სახლის გაყიდვაში? რა თქმა უნდა“, – აცხადებს ორენ ალექსანდერი, Douglas Elliman Real Estate-ს გაყიდვის კო-ბროკერი.

რა თქმა უნდა, ობიექტურობა მოითხოვს ვთქვათ, რომ უსაფრთხოების ყველაზე საუკეთესო სისტემასაც კი შეიძლება აღმოაჩნდეს სუსტი წერტილი – გვაფრთხილებს პოლ ვიოლისი უფროსი, Risk Control Strategies-ის მთავარი აღმასრულებელი. მისი რჩევა ასეთია: ყველა კონტრაქტორმა და ოჯახის მომსახურე პერსონალმა ხელი უნდა მოაწეროს ინფორმაციის კონფიდენციალობის ხელშეკრულებას, ამასთან, გაიაროს სპეციალური შემოწმება. სახლის მშენებლობის ან რემონტის დროს მფლობელის სახელი არ უნდა ფიქსირდებოდეს იურიდიულ დოკუმენტებში ან სამშენებლო ნახაზებში, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას წარედგინება; სამშენებლო ნახაზების წარდგენისას, უსაფრთხოების სქემები დოკუმენტირებული უნდა იყოს საპროექტო ნახაზებისგან განცალკევებით. ამ გზით ეს ინფორმაცია დაცული იქნება საჯაროობისაგან. კონფიდენციალობის უზრუნველყოფის შემდეგ შესაძლებელი იქნება ფართის სათანადოდ დაცვა.

და შესაძლებელი იქნება დიდი ხნის განმავლობაში. ისტორიის ზიგზაგების წყალობით, ცივი ომის დროინდელი ბომბსაფარი – ოღონდ გრინბრიერის კურორტივით კეთილმოწყობილი – ახლა აშშ-ის კონგრესის ცნობილი ბუნკერია; სამოქალაქო თავდაცვის ახალი საზღვრები კი კატასტროფის გეგმებია.

კორბი აცხადებს, რომ მისი SAFE-ი მუშაობს პროექტებზე, რომელთა ამოცანაა ამ ტიპის საფრთხეების თავიდან აცილება მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე. ასეთი ბუნკერები შესაძლოა განთავსებული იყოს ათიათასობით კვადრატული ფუტის ფართობზე და ჩადიოდეს 30 სართულის სიღრმეზე მიწის ქვეშ. ასეთი ტერიტორიები, როგორც წესი, გასაიდუმლოებულია, მათში შეღწევა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი შენიღბული შესასვლელებით, როგორიცაა, მაგალითად, მბრუნავი ბუხარი ან იატაკი, რომელიც იწევა და მიწისქვეშა კიბეს ხსნის.

ასეთი ტერიტორია კორბის საკუთარ სახლში, ღვინის მარნის ქვეშ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ „შიშის ცენტრი“ გარღვეულია ან სახურავზე მოწყობილი ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი (საევაკუაციო გეგმით, რომელიც გათვალისწინებულია ადგილობრივ სავერტმფრენო დანაყოფთან დადებული ხელშეკრულებით) მიუწვდომელია, აგრეთვე ბუნებრივი კატასტროფის, ბირთვული აფეთქების, მზის ელექტრომაგნიტური შემოტევის დროს, ოჯახს შეუძლია ეს ფართი თავშესაფრად გამოიყენოს.

SAFE-ის ბუნკერები მუშაობს გეოთერმულ ენერგიაზე და აქვს საკმარისი სასურსათო მარაგი, საკუთარი ჭა და სრული სამედიცინო აღჭურვილობა. მრავალ მათგანში განთავსებულია ამფითეატრები, რესტორნები და გამაჯანსაღებელი კომპლექსებიც კი; კორბიმ ერთი კლიენტისთვის დააპროექტა პრომენადი ხელით მოხატული ლურჯი ცით და „მაღაზიებით“, რომლებშიც ოჯახის საგვარეულო რელიკვიებია გამოფენილი. „ეს ის ნივთებია, რომლებიც გინდა პირადად გქონდეს. ასე რომ, დღეს ეს სასიამოვნო გასართობი ადგილია, მაგრამ კატასტროფის შემთხვევაში შეგიძლია თავი შეაფარო აქაურობას და დარჩე დიდი ხნის განმავლობაში, აცხადებს კორბი. მართლაც რომ დიდი ხნით: მისი გათვლით, კარგი დაგეგმვის შემთხვევაში, ასეთ გამაგრებულ და კომფორტულ თავშესაფარში შესაძლებელია იცხოვროს ოჯახის სამმა თაობამაც კი. – ისინი იქნებიან ახალი ადამი და ევა, რათა ყველაფერი თავიდან დაიწყონ“.

წინა სტატია

ბილ გეითსი: სიცოცხლის გახანგრძლივებას არ ვაპირებ
13 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

10 წელი, რომელმაც შეცვალა ბიზნესი
14 თებერვალი, 2014
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა