VISA free ფინტექს!

აპრილის შუა რიცხვებში ჩემთვის ნანატრ ჩიკაგოში აღმოვჩნდი. ვიზიტის დღის წესრიგიც და განრიგიც დააკვდა ჩემს გეგმებს – დიდხანს ნამდვილად ვერ მივატოვებდი ჩემს საავტორო “საქმიან დილას”. თუმცა ასევე ვერ ვიტყოდი უარს შანსზე, დავსწრებოდი VISA-ს მიერ ორგანიზებულ სამიტს, რომელიც პირდაპირ ჩიკაგოს ფედერალურ სარეზერვო ბანკში ტარდებოდა. ჩემი კოლეგებისა და პარტნიორებისგან ვიცოდი, რომ დაუვიწყარი დღეები მელოდა და, შესაბამისად, უარის თქმა VISA-ს ამ თავაზიან შემოთავაზებაზე გამორიცხული იყო.

ჩემებისგანვე ვიცოდი, რომ ბევრ ინფორმაციასაც წავაწყდებოდი გლობალური VISA-ს ბოლოდროინდელი აქტივობების შესახებ, რაც ფინანსურ განათლებასა და მის გაღრმავებას უკავშირდებოდა. წელსაც, ამ მნიშვნელოვან სამიტზე VISA-ს პარტნიორი ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო იყო, ტრადიციულად უმაღლესი დონის და წარმომადგენლობითი საზოგადოების – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლების მონაწილეობით.

სამიტის გახსნის პატივი ორგანიზატორებს მეთერთმეტეჯერ ერგოთ, მე კი პირველად ამ 11 წლის განმავლობაში, რაც ფინანსური განათლების სამიტი ტარდება, მქონდა საშუალება, მათ პირადად გავსაუბრებოდი და გამეგო მეტი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ისეთი გლობალური ინსტიტუტებისთვის, როგორიც, ერთი მხრივ, ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკი და მეორე მხრივ VISA-ა, ჰყავდეთ მეტად განათლებული და საქმეში ჩახედული მომხმარებელი. ამ თემაზე, ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დაგ ტილეტი პირველი იყო, ვინც ომახიანად შეუძახა სამასკაციან სამიტს და საქმიანი დილაც უსურვა. 30-წლიანი ბანკირობის სტაჟის მქონე დაგი საუბრისას ღიმილით იხსენებს, თუ რაოდენ დრამატულად არის შეცვლილი ფინანსური ბაზარი, ურთიერთობები და საბანკო პროდუქტები. “დრამატულად არის შეცვლილი – ეს არ ნიშნავს, რომ გამარტივებულია”, – აღნიშნავს ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვოს ვიცე-პრეზიდენტი, და ამიტომ უმთავრესზე მიანიშნებს – ახალი ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების უკიდეგანო პალიტრაში უმნიშვნელოვანესი მაინც მეტად განათლებული და საქმეში ჩახედული მომხმარებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მაღალჩინოსანს ვესაუბრებოდი, უმალ მიჩნდება ლამის მთავარი კითხვა – ხომ არ არის VISA და მა თი პარტნიორების მიერ წლების წინ წამოწყებული ეს მასშტაბური კამპანია პიარის ან, გნებავთ, კომპანიების, ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების პიარსტრატეგიის ან სულაც CSR-ის ნაწილი. თემა სრულდება, როგორც კი მეძლევა საუბრის საშუალება ნეტ სილანთან, VISA-ს გლობალური ფინანსური განათლების ხელმძღვანელთან. თუმცა გამომრჩა – მანამდე იყო საკმაოდ შთამბეჭდავი შესავალი სიტყვა კიდევ ერთი დაგისგან, ამჯერად ტრიბუნასთან დაგ ლეიტონი, VISA-ს კიდევ ერთი ტოპმენეჯერი იყო, რომელსაც VISA-სთან 19 წელიწადი აკავშირებს. თუმცა მანამდე იყო Merrill Lynch-ი, Barcleys-ი, Wells Fargo და ბევრი სხვა. სია სრულიად შთამბეჭდავია. დღეს დაგ ლეიტონი VISA Community Accounts-ის დივიზიონს ხელმძღვანელობს, რომელიც შეერთებულ შტატებში განთავსებულ 7,500-ზე მეტ საკრედიტო კავშირსა და ბანკებთან აკოორდინირებს VISA-ს არსებულ და პოტენციურ პროდუქტებს, სერვისებსა და ადამიანებს. ლეიტონი შეუვალია, მსგავსად კოლეგისა VISA-დან და პირდაპირ მიანიშნებს, რომ პლატფორმა, რომელსაც VISA-მ ჩაუყარა საფუძველი ფინანსური განათლების სამიტის სახით, ყოველწლიურად იზრდება, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც.

ვანესა რუბიო მარკესი – მექსიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე პირდაპირ და დაუფარავად მიანიშნებს ფინტექების მნიშვნელობაზე თანამედროვე ფინანსურ სისტემებში. თავის გამოსვლის შესავალშივე მექსიკის მთავრობის წარმომადგენელი ღიად აცხადებს, რომ ფინტექი ეს არის მომავალი, და მისი სწორი გამოყენება და მაქსიმალური სარგებლობა მომხმარებლებისთვის – მისი ყოველდღიური ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი საგანია. “ფინტექის ინდუსტრია, რომელიც უზარმაზარია, საჭიროებს სწორ და ადეკვატურ მიდგომებს, რათა ამ უშველებელი რესურსის ადეკვატური და პოზიტიური გამოყენება მოხდეს. ჩემთვის, როგორც მექსიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილესათვის, უმთავრესია ამ თემაზე ზრუნვა და ეს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს”, – დასძინა ქალბატონმა მინისტრმა Forbes Georgia-სთან საუბარში.

ცხადია, უმალ გამახსენდა სამშობლოში ამ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც, რბილად რომ ვთქვათ, ცალკეულ მოთამაშეებს მიკროსაფინანსო და ონლაინბაზარზე სრულად მოუღეს ბოლო. ერთია, რომ იცი, რა გადაწყვეტილებებს იღებ და ბაზრის მოთამაშეების აზრი არ გაინტერესებს, და მეორეა, როცა საკუთარი გადაწყვეტილებებით მთლიანად ჩამოშლის პირას დააყენებ ისედაც მყიფე ფინანსურ ბაზარს, რომელსაც განვითარება და სწორი მიმართულებით ხელშეწყობა სჭირდება. ჯერჯერობით ჩვენ ამ ეტაპამდე ვერ მივედით. ალბათ ამიტომაც გახდა საჭირო ინდუსტრიის შეკრება და პროფილური კონფერენციის ჩატარება.

ლაშა ბზარაშვილს კარგა ხანია, ვიცნობ. Banker-ის პირველ გამოცემაში თავის სხვა კოლეგებთან ერთად აქტიურად პოზიციონირებდა 4finance-ით და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა Banker 2016-ში. ამის შემდეგაც არაერთხელ შევხვდით და როცა მომწიფდა აზრი სექტორის კონფერენციის ჩატარების თაობაზე, ლაშამ და მისმა კოლეგებმა ასოციაციიდან ამ კონფერენციის მოდერაცია შემომთავაზეს. დიდხანს არც მიფიქრია – წლებია, პროფესიული და საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებს, და სურვილი მქონდა, სექტორისა და ბაზრის მეტი მოთამაშე, მათი მოსაზრებებიც და გეგმებიც მეტად გამეცნო. ამიტომაც პირველი ფინტექ-კონფერენცია თბილისში სწორედ ამ ასოციაციის თაოსნობით შედგა.

15-ზე მეტი მაღალი დონის პრეზენტაცია და 5 საათის განმავლობაში სავსე დარბაზი. განსხვავებული აზრის, გამოცდილებისა და ცოდნის გამომსვლელები, რომელთა შორის სახელმწიფო, კერძო სექტორის, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ. ფინტექ-კონფერენციამ სრულიად განსხვავებული მოდელის კომუნიკაციას მისცა დასაბამი, სადაც გამომსვლელებს შორის ინდუსტრიისადმი არცთუ კეთილგანწყობილი სპიკერებიც იყვნენ. საქმიანმა გარემომ უზრუნველყო მრავალი კითხვის დასმაც და კონკრეტული პასუხებიც, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ გამომსვლელებსა და ასოციაციის ხელმძღვანელობას.

კონფერენცია იხსნება და მსმენელებს გვაწყდება ზღვა ინფორმაციისა: ბოლო 5 წლის განმავლობაში $49.7 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდა ფინტექ-სექტორში, გასულ წელს სიტყვა fintech-ის ძებნა 1,300%-ით გაიზარდა Google-ის საძიებო სისტემაში. თითქოს ამით დავიბადეთ, მაგრამ ასოციაციის ხელმძღვანელი თავის გამოსვლაში გვახსენებს, რომ სულ რაღაც 12 წლის წინ: 2005 წელი – Google-ის რუკის გამოშვება, 2006 წელი – Facebook-ი გახდა საჯარო, 2007 წელი – გამოვიდა პირველი Iphone-ი, 2008 წელი – შეიქმნა Android-ი, 2009 წელი – Uber-ი დაარსდა, 2010 წელი – Instagram-ი გაეშვა. უსმენ და უცქერ პრეზენტაციებს და ხვდები, როგორ დასწრაფდა მოვლენები, დაჩქარდა ცხოვრება, რაოდენ სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები. იქვეა საერთაშორისო მაგალითები და გამოცდილება: თუ როგორ ეჯიბრებიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ერთმანეთს შეღავათიანი და მიმზიდველი სამართლებრივი და საგადასახადო სივრცის შექმნაში ფინტექ-კომპანიებს. დიდი ბრიტანეთი გამოყოფს საგადასახადო კრედიტებს R&D-ისთვის, აწესებს სპეციალურ საგადასახადო რეჟიმს (დაბალი მოგების გადასახადს) ინტელექტუალური საკუთრებიდან და ინოვაციური პროექტებიდან მიღებული შემოსავლისთვის. იმავე ბრიტანეთის მთავრობამ შექმნა პროექტი Project Innovative-ი. ამ პროექტის ფარგლებში ინოვაციებისა და ფინტექის სფეროში მომუშავე სტარტაპებს უნიშნავს სპეციალურ დელეგატს, წარმომადგენელს, რომელიც ეხმარება მათ, მოარგონ ბიზნესი არსებულ სამართლებრივ ნორმებს. მთავრობა ეხმარება ყველა სახის ლიცენზიების, ნებართვების მიღებაში, ბიტკოინთან მიმართებით კი უარი თქვა ახალი გადასახადის შემოღებაზე. თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ავსტრალიასთან, რათა დაეხმაროს ინოვაციურ ბიზნესებს ამ ორ ბაზარზე იოლად შესვლაში. სინგაპურის მთავრობამ ჩამოაყალიბა FINTECH&INNOVATIONGROUP-ი, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკის ფორმირებაზე და ხელი უნდა შეუწყოს ტექნოლოგიების, ინოვაციების, მთლიანად ფინტექ-სექტორის განვითარებას. პლუს, გახსნა ფინტექ-ოფისი, სადაც რჩევებითა და კონსულტაციებით ხელს უწყობს ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით. ჰონკონგის მთავრობა არ ჩამორჩა სინგაპურისას და სპეციალური კომიტეტი ჩამოაყალიბა, რომელსაც ევალება, ურჩიოს მთავრობას, როგორ მოახდინოს ჰონკონგის ფინტექ-ცენტრად პოზიციონირება. ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამდენი მნიშვნელოვანი მაგალითი და გამოცდილება იყო მოყვანილი პრეზენტაციებში.

კონფერენციის ორგანიზატორებზეც მინდა მოგიყვეთ ორიოდ სიტყვით: ასოციაციაში ინდუსტრიის 10 ლიდერი კომპანიაა გაერთიანებული, რომლებმაც თავიდანვე განაცხადეს, რომ ერთიანდებიან სფეროს განვითარებისთვის, უკეთესი ხარისხისა და ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობისთვის. მიზანიც მწყობრად ჩამოაყალიბეს: ფინტექ-ინდუსტრიის სწორი და ჯანსაღი განვითარება, პასუხისმგებლიანი გასესხების კულტურის ჩამოყალიბება. GONCA-ს წევრ კომპანიებს (4ფინანსი, სისი ლოუნი, ტვინო, ქრინ ფინანს ჯორჯია, ონლაინ ფაინენსი, ემ ბი ეს, ინფინიტი ჰოლდინგი, მანიმენი, მონლაინი, ლენდო). უმთავრესი ფასეულობები აერთიანებთ: პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე, სწრაფი და ადეკვატური დამკვიდრება თანამედროვე ფინანსური პროდუქტებისა და უმთავრესი – კომუნიკაცია სახელმწიფო და მარეგულირებელ სტრუქტურებთან. ალბათ ამიტომაც იყო ასოციაციის დაფუძნებისთანავე საკმაოდ თამამი განცხადება მათი მხრიდან მზაობაზე, დარეგულირებულიყო და შეჯერებულიყო ბაზარზე თამაშის წესები. ვიცი რა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი გუნდის განსხვავებული შეხედულებები და კომუნიკაციის უნარები, დარწმუნებული ვარ, სებ-ი აქტიურად ითანამშრომლებს GONCA-სთან და მის წევრებთან, რათა დაცული იყოს ჯანსაღი ბალანსი ბიზნესსა და მოხმარებელს შორის.

კონფერენციაზე ერთ-ერთი გამომსვლელი, ცხადია, ლაშა ბზარაშვილიც იყო. იგი 4finance-თან ერთად “საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციას” (GONCA) ხელმძღვანელობს. გავუზიარე რა, რომ ვაპირებდი ამ ორი თემის (ჩიკაგოს სამიტი და თბილისის ფინტექ-კონფერენცია) გაერთიანებას, დავეკითხე მეტ დეტალებზე: თუ რას ითხოვს სექტორი სახელმწიფოსგან. GONCA-ს ხელმძღვანელი ლაკონიურად მპასუხობს: კომუნიკაციას და თანამშრომლობას. ამას მიღმა კი მის პრეზენტაციაში გამჟღავნდა ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც, ფაქტობრივად, ამ კონფერენციის ერთგვარ მიმართვად იქცა რეგულატორების, კანონმდებლებისა და ხელისუფლების მიმართ: განავრცონ ტრადიციული მონაცემთა ბაზები ტექნოლოგიების დახმარებით საკრედიტო აპლიკაციების უკეთესი შეფასებისათვის; ფინტექისა და ინოვაციების სფეროში მომუშავე სტარტაპებს დაუწესონ საგადასახადო შეღავათები; გაამარტივონ რეგულაციებით დადგენილი რეპორტინგის ფორმები; შექმნან სპეციალური კომიტეტი (მუდმივმოქმედი ჯგუფი), რომელიც შეისწავლის ფინტექ-რეგულაციების საუკეთესო პრაქტიკას და ურჩევს მთავრობას, როგორ მოახდინოს საქართველოს ფინტექ-ჰაბად პოზიციონირება; დაიცვან ბალანსი მომხმარებლებსა და ბიზნესს შორის; დააწესონ დამატებითი დაცვითი მექანიზმები იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ინვესტიციას განახორციელებენ ფინტექისა და ინოვაციების სფეროში; უზრუნველყონ ბიზნესის ჩართულობა და კონსულტაციების გამართვა ახალი სახის რეგულაციის მიღებისას. ამ კონფერენციიდან ვიცით შემდეგი, რომ გაისად ის აუცილებლად იქნება წარდგენილი Forbes-ისა და VISA-ს მიერ. იმაშიც არ მეპარება ეჭვი, რომ უნარიანი და ენერგიული ფინტექის ინდუსტრია ბევრს მიაღწევს საქართველოში და მიიღებს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომლებიც პირველ ფინტექ-კონფერენციაზე დაისვა.

ჩემი მოკრძალებული მოკითხვა VISA-ს არაჩვეულებრივ გუნდს. აუცილებლად შევხვდებით ჩიკაგოში და თბილისშიც, ფინტექის შემდეგ კონფერენციაზე.

ცხადია, Forbes-თან და VISA-სთან ერთად. 

წინა სტატია

ინტერიერი დეტალებში
28 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

GULF-ის ახალი სიმაღლე
29 ივნისი, 2017
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა