მსოფლიოს ყველაზე "ჭკვიანი კომპანიები"

მსოფლიოს ყველაზე "ჭკვიანი კომპანიები"

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გამოცემა MIT Technology Review 2017 წლის „ყველაზე ჭკვიანი“ კომპანიების სიას აქვეყნებს. სია 50 კომპანიას აერთიანებს და მასში ისეთ მსხვილ კომპანიებთან ერთად, როგორიც მაგალითად Amazon და Apple-ია, არაერთი ამბიციური სტარტაპი  შედის, – მაგალითად SpaceX – კომპანია, რომელიც კოსმოსური მოგზაურობის ეკონომიკას ცვლის. 

რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკული კომპანია Nvidia იკავებს, რომელიც საუკეთესო ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის უკვე მესამედ დასახელდა. ის შემოსავალს ვიდეო თამაშების გრაფიკური ჩიპების რეალიზებით იღებს. უკანასკნელ ფინანსურ კვარტალში, კომპანიის დატა ცენტრიდან მიღებული შემოსავალი 186%-ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიის ტექნოლოგიას იყენებენ, როგორც მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერები, ასევე ავტომწარმოებლები, მათ შორის Toyota. 

მეორე პოზიციაზე SpaceX-ია, – 12 მილიარდ დოლარად შეფასებული SpaceX ინოვაციურ კომპანიებს შორის უკვე 7 წელია იკავებს ადგილს.  მისი გრძელვადიანი ამბიციური მიზანი „პლანეტათაშორისო სატრანსპორტო სისტემის განვითარებაა“. 

რეიტინგში მესამე პოზიციაზე Amazon-ია, – კომპანია 479.3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. გასული წლის ბოლოს კომპანიამ კიდევ ერთი ახალი კონცეფცია Amazon Go  წარმოადგინა, – სივრცე, სადაც მომხმარებელს პროდუქციის შეძენა, აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია, შედეგად კი კომპანიამ უარი თქვა მოლარეებსა და კონსულტანტებზე. 

23andMe $1,1 მილიარდად შეფასებული ამერიკული კომპანიაა, რომელიც საუკეთესო ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის უკვე მეორე წელია ხვდება. 23andMe  2006 წელს დაარსდა და მას დღეს მსოფლიოში 2 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.  კომპანია ალცჰაიმერის, პარკინსონისა და სხვა 8 დაავადების შესახებ მონაცემებს ონლაინ ხელმისაწვდომს ხდის. საკუთარი გენეტიკური ინფორმაციის მეცნიერული კვლევებისთვის გამოყენებაზე თანხმობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა. 

რეიტინგის ხუთეულს Alphabet ასრულებს, – 673.9 მილიარდ დოლარად შეფასებული კომპანია სიაში უკვე მეორედ მოხვდა. Alphabet-ის შვილობილი მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები არიან, მათ შორის Google. 

ათეულში 2 ჩინური კომპანიაც შედის: Tencent 350 მილიარდ დოლარად შეფასებული კომპანია ჩინეთის უმსხვილეს სოციალურ ქსელს WeChat-ს ფლობს, მას ყოველთვიურად 900 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. iFlytek  კიდევ ერთი ჩინური კომპანიაა რეიტინგში, რომლის ღირებულებაც 6,8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული – კომპანიამ გასულ წელს წარმოადგინა სისტემა, რომლის მეშვეობითაც ავტომობილის, ტელევიზორისა და საშინაო ტექნიკის ხმის მეშვეობით კონტროლია შესაძლებელი.

რეიტინგში მეცამეტე ადგილს იკავებს Intel. კომპანია 160 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის საუკეთესო ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ადგილს 2010 წლიდან იკავებს. მეთექვსმეტე პოზიციაზე მოხვდა Apple. 

Facebook სიაში 23-ე ადგილზეა, ხოლო Microsoft კი 27-ზე. წელს პირველად, სიაში მოხვდა Tesla -ც და მან 31-ე ადგილი დაიკავა. სულ მალე კომპანია ოფიციალურად წარადგენს ახალ ავტომობილს Model 3-ს, – პროექტს უკვე შეიძლება ეწოდოს წარმატებული, რადგან წინასწარმა შეკვეთებმა მსოფლიოში 400 000-ს გადააჭარბა. სიაში 38-ე ადგილს იკავებს Adidas, – კომპანია ყოველწლიურად 300 მილიონ წყვილ ფეხსაცმელს უშვებს ბაზარზე. 

რეიტინგში 39-ე ადგილზეა IBM – კომპანია აქტიურად აგრძელებს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებას, – მათ შორის ბლოკჩეინში. IBM შვიდმა უმსხვილესმა ევროპულმა ბანკმა ახალი ბლოკჩეინ  პლატფორმის შესაქმნელადაც დაიქირავა, რომელიც მათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში წლის ბოლოდან დაეხმარება.

მსოფლიოს ყველაზე “ჭკვიანი კომპანიები”

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *