ღია კარის მტვრევა

რუბრიკა: არაპროფილური აქტივები – PRO!

საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, მრავალი ეკონომიკური სტერეოტიპი არსებობს. მათ შორის, სტერეოტიპი, რომ ბანკებისთვის ე.წ. არაპროფილური აქტივების ფლობა ეკონომიკისთვის დამაზიანებელია. ფინანსური ბაზრების რეგულირების მოთხოვნით ძირითადად მემარცხენე ხედვების მქონე ადამიანები გამოდიან. იმისათვის, რომ გავიაზროთ, თუ რას ითხოვს თითოეული მხარე, საჭიროა დეტალურად მივყვეთ აკრძალვების მომხრეების არგუმენტებს.

ე.წ. “არაპროფილურ აქტივებში” გულისხმობენ ისეთ აქტივებს, რომლებიც არ უკავშირდება კონკრეტულად საბანკო საქმიანობას. სანამ მაგალითებზე გადავიდოდეთ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოცემული განსაზღვრება საკმაოდ ბუნდოვანია. მაგალითად, საბანკო საქმიანობად შეიძლება ჩაითვალოს ფულის სესხება და გასესხება, თუმცა ისმის კითხვა, არის თუ არა, მაგალითად, ვალუტის გადაცვლა, მომხმარებლებისთვის გაწეული იურიდიული კონსულტაცია ან სხვა აქტივობები “პროფილური” საქმიანობა? საბანკო საქმიანობას საქართველოში განსაზღვრავს მე-20 მუხლის 1996 წელს მიღებული კანონი “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”, რომელშიც წლების განმავლობაში ჩასწორებები შეჰქონდათ. მაგალითად, 1996 წლის კანონის ვერსიაში ბანკებს ქონების იჯარით გაცემაც კი ეკრძალებოდათ. ქონების იჯარით გაცემა და აქედან მიღებული შემოსავალი კარგი მაგალითია ე.წ. “არაპროფილური საქმიანობისა” და გაუგებარია, რატომ უნდა შევზღუდოთ ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ისეთი საქმიანობით დაკავდეს, რომელიც არავის უფლებას არ არღვევს და ორი და მეტი სუბიექტის მიერ მოგების გაზრდას უზრუნველყოფს.

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც ე.წ. “არაპროფილური აქტივების” ფლობის მოწინააღმდეგეთა ნაწილს მოჰყავს, გახლავთ მოსაზრება, რომ იმ აქტივებიდან, რომელთაც ბანკი ფლობს, რისკები დეპოზიტებზე გადადის და შესაძლოა მომხმარებელი დაზარალდეს. თუმცა საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური სექტორია და ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ერთი ბანკიც არ გაკოტრებულა, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, სამშენებლო კომპანიებზე. გაუგებარია, რატომ უნდა აეკრძალოს მოცემულ სექტორში ოპერირება ორგანიზაციას, რომელიც ბევრად დაბალი რისკებით გამოირჩევა, ვიდრე სხვა მოთამაშეები. რისკებთან დაკავშირებით ისიც აღსანიშნავია, რომ, თუ ბანკი “ზედმეტ” არაპროფილურ პორტფელს შექმნის, ინვესტორები დაბალი მულტიპლიკატორით დასჯიან, ხოლო რეგულატორი ამას ინვესტორზე უკეთესად ვერასდროს გააკეთებს.

აკრძალვის მომხრეების მეორე მთავარი არგუმენტია, რომ ბაზარზე ჩნდება “არასამართლიანი” კონკურენცია, რადგან კომერციული ბანკები ფულს განკარგავენ და მათ რესურსებზე წვდომა უფრო იაფად აქვთ, ვიდრე სხვებს. მოცემული მსჯელობა მრავალი მიმართულებით მცდარია. პირველი შეცდომა ამ მსჯელობაში ისაა, რომ დაინტერესებული კომერციული ბანკი თუ ძვირ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს სესხზე ირიბ კონკურენტს, არსებობენ სხვა ბანკები, რომელთაც მოცემულ სექტორში ინტერესი არ გააჩნიათ და მოცემული კომპანია სწორედ მათ მიმართავს. მეორე შეცდომა ეხება აკრძალვის ალოგიკურობას. იმისათვის, რომ ფინანსურად ძლიერი მოთამაშე არსებობდეს ბაზარზე, აუცილებელი პირობა არ არის, რომ იგი კომერციული ბანკის საკუთრებაში იყოს. ფინანსური სიძლიერისთვის რატომ უნდა დაისაჯონ ბანკები და სხვა ფინანსურად ძლიერი კომპანიები? ცხადია, არც ერთი მოთამაშის დასჯა გამოსავალი არ არის და მოცემულ სექტორში რაც ნაკლები იქნება მთავრობის მონაწილეობა, მით კონკურენტული იქნება ბაზარი.

მსოფლიო რეგულირების პრაქტიკა ასევე წინააღმდეგია მსგავსი რეგულაციების. მაგალითად, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორში საბანკო საქმიანობა ქვეყნების უმეტეს ნაწილში დაშვებულია. იგივე ეხება სადაზღვევო საქმიანობას და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას.

იმისათვის, რომ სრული სურათი დავინახოთ, აუცილებელია, განვიხილოთ საფინანსო სექტორი და მისი მაჩვენებლები უკანასკნელი წლების მანძილზე. 2004 წლამდე ბანკები და სხვა საფინანსო ორგანიზაციები მკაცრად რეგულირებული იყო და, შესაბამისად, მკვეთრი ზრდით არ გამოირჩეოდა. 2004 წლიდან მოყოლებული კი საფინანსო სექტორი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია მთლიან შიდა პროდუქტში. თუ მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდა 2004-2016 წლებში 5.4% იყო, საფინანსო სექტორის ზრდა საშუალოდ 16%-ს უდრიდა. იგივე ტენდენციაა უკანასკნელი 4 წლის მანძილზე. საქართველოს მშპ საკმაოდ დაბალი ტემპით – 3.4%-ით – იზრდებოდა, მაშინ როცა ფინანსური სექტორის საშუალო ზრდა 2013-2016 წლებში 9.2% იყო. აღსანიშნავია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ უამრავი საფინანსო რეგულაცია მოიხსნა და საფინანსო სექტორში ეკონომიკური თავისუფლების დონე მკვეთრად გაიზარდა. სწორედ ამის გამო მოხდა 2005-2007 წლებში მოცემული სექტორის საშუალოდ 34%-ით ზრდა, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. მოცემული სექტორი ელასტიკურობითაც გამოირჩევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ რუსეთთან ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად, როცა საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მოცემულ სექტორში კლება არ ყოფილა. ასევე საინტერესო ფაქტია ის, რომ საბანკო აქტივები 2004 წლიდან დღემდე 2,063%-ით გაიზარდა და დღეს ის 29.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქტივების უდიდესი წილი (63%) სამეწარმეო სექტორსა და შინამეურნეობებისთვის გაცემული სესხებია, რაც 2004 წელთან შედარებით 2,400%-ითაა გაზრდილი. ეს კი ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ასევე, ძირითადი საშუალებები, არამატერიალური აქტივები და სხვა წმინდა აქტივები მთლიანი აქტივების მხოლოდ 6.2%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. “არაპროფილური აქტივების” ქონის მოწინააღმდეგენი ღია კარს ამტვრევენ.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. “არაპროფილური აქტივებით” მიღებული შემოსავლის სხვა ტიპის საქმიანობებისგან გარჩევა ძალიან რთული და საკამათო საკითხია, ხოლო მათ რეგულირებას ბაზარზე სიტუაციის გაუარესება მოჰყვება. ასევე აღსანიშნავია ის, რომ საფინანსო სექტორი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, რომელსაც ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს და სექტორის დასჯა იმის გამო, რომ ის წარმატებულია, ეკონომიკურად დამაზიანებელია.

წინა სტატია

Динамика купли-продажи недвижимости в Грузии
30 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

ლოკომოტივიდან სტიმულატორამდე
03 ივლისი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა